22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

გამჟღავნებული კადრების მისტიკით დაწყებული დიალოგი საკუთარ თავთან

spot_img

პროფესიით ჟურნალისტის, გვანცა თვარაძის ინიციატივით, ახალი სოციალური ფოტოპროექტის – „მასწავლებლის ისტორია ფოტოგრაფის დღიურიდან“ განხორციელება დაიწყო.

პროექტი, საქართველოში ერთ-ერთ არაპოპულარულ – მასწავლებლის პროფესიას ეხება. პროექტის მონაწილეები ის მასწავლებლები არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, მაღალმთიან  და საზღვრისპირა რეგიონებში ასწავლონ. უმეტესობამ დატოვა ქალაქის სკოლები და უფრო რთული, თუმცა საინტერესო გზად, კარიერის გასაგრძელებლად, რეგიონის სკოლები მიიჩნია, სადაც ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ განათლების მაღალი ხარისხი და კვალიფიციური პედაგოგები.

მაღალმთიან რეგიონებში მკაცრ კლიმატურ პირობებთან შეგუება არც ისე მარტივია. სოფლის მასწავლებლებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და მუშაობა.ზამთარში, დიდთოვლობის გამო, ხშირად ჩაკეტილ გზაზე გადაადგილება მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს, საცხოვრებელი პირობები საკმაოდ მძიმეა, მასწავლებელს კი იმ მცირე რესურსით უწევს მუშაობა, რასაც განათლების სისტემა სთავაზობს.

როგორც გვანცა ამბობს, ფოტოკადრებად რეალობის ასახვა თემის აქტუალობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რადგან რეგიონებში და არა მარტო იქ, განათლების თემა საკმაოდ სერიოზულ გამოწვევად რჩება. მაღალმთიან სოფლის სკოლაში სამუშაოდ წასულ მასწავლებელს  ყველასგან განსხვავებული, საკუთარი ისტორია აქვს. ჩემთვის, და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც, საინტერესოა მათი დანახვა არა მარტო პროფესიული, არამედ ყოველდღიური რაკურსითაც.  პროექტ საშუალებით წარმოვაჩენ არა მხოლოდ მათ ვიზუალურ მხარეს  და ყოველდღიურობას, არამედ ტექსტური ისტორიებით, მცირე ჩანახატებით თითოეულ მასწავლებელზე მოგითხრობთ“. დღეს გვანცა ჩვენი სტუმარია და პროექტის შესახებ უფრო დაწვრილებით გვიამბობს.

პირველ რიგში, გაგვეცანი… როგორც ვიცი, პროფესიით ჟურნალისტი ხარ. როდის დაინტერესდი ფოტოგრაფიით?

? ფოტოგრაფიით ბავშვობიდან დავინტერესდი, ჩემს მეზობელს ჰქონდა ძველი, საბჭოთა ფოტოკამერა და თავად ამჟღავნებდა ფირებს. მოგეხსენებათ, როგორი პოპულარული იყო ეს მეთოდი 80-იან წლებში. ყოველთვის მაინტერესებდა პროცესი და მომწონდა ქაღალდზე აღბეჭდილი სახეები, რაც მისტიკას, ჯადოქრობას ჰგავდა ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში.

ჩემი პირველი სტატიის ჰონორარით, მშრალ ხიდზე, ძველი ფირის კამერა შევიძინე და ასე დაიწყო ახალი აღმოჩენების პერიოდი. რამდენიმე წლის შემდეგ, მივხვდი, რომ არ მყოფნიდა კამერის შესაძლებლობები და ცოდნა, ამიტომ დავიწყე ფოტოსკოლის ძებნა, სადაც  თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მივიღებდი. ასე აღმოვაჩინე იური მეჩითოვის და მაიკო დეისაძის ფოტოსახელოსნო, სადაც ფოტოგრაფიის შესახებ ჩემი შეხედულებები სრულიად შეიცვალა და სხვა რაკურსით დავიწყე ამ პროფესიაზე ფიქრი. ფოტოსკოლის დასრულების შემდეგ კი, უკვე ვთანამშრომლობ სხვადასხვა კერძო კომპანიასთან და მედიასაშუალებასთან.

✅ ფოტოგრაფიაში კადრი  რეალობას ასახავს. დამეთანხმები, ხშირად, რეალობაზე მეტად შთამბეჭდავი ფოტოკადრია?  რა არის შენი ფოტოების მთავარი თემა და შენი სათქმელი?

? გააჩნია ჟანრს. ფოტოგრაფია აქვს უნარი, ერთი შეხედვით არარეალური, წარმოსახვითი სამყაროს ნაწილიც გაგვხადოს, წარმოდგენა შეგვიცვალოს და სხვა კუთხით დაგვანახოს უკვე ნაცნობი ობიექტი. ჩემთვის გადაღება ემოციის გამოხატვაა, დიალოგი საკუთარ თავთან და სამყაროსთან, თემატიკაც იცვლება იმის მიხედვით, როგორ გარემოშიც ვიმყოფები.

✅ ფოტოებში ხშირად შავ-თეთრ კადრებს იყენებ. ძირითადად, რის გადასაღებად?

? ემოციის გასამძაფრებლად ან სხვადასხვა ობიექტების ხაზგასმის მიზნით, ვიყენებ შავ-თეთრ ფოტოს, ფოკუსის გადასატანად ობიექტზე.

✅ ერთი კადრი, რომელიც განსაკუთრებულია ან გამორჩეულად ემოციურია შენთვის, მოგვიყევი მისი ისტორია

? ვფიქრობ, მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები მაძლევს სიახლის დანახვის და შეგრძნების საშუალებას, ერთგვარი აღმოჩენების დროა ხოლმე. ამ მხრივ, ჩემთვის, ამერიკა იყო განსაკუთრებით საინტერესო და ვფიქრობ, გამიმართლა, როცა გრანდ სენტრალ სთეიშენზე ცნობილი კლასიკური ქუჩის ფოტოგრაფი ლუის მენდესი გადავიღე. ის, დღესაც, ვინტაჟური ძველი კამერებით იღებს  გამვლელებს და ესაა მისთვის შემოსავლის წყარო.

✅ გვიამბე, შენი ახალი პროექტის „მასწავლებლის ისტორია ფოტოგრაფის დღიურიდან“ შესახებ, რა გახდა ამ ფოტოპროექტის ინსპირაციის წყარო?

? სოციალურ ქსელში გვერდი „ფოტოგრაფის დღიური“ საკუთარი ფოტოების და მათი ისტორიების მოსათხრობად შევქმენი, ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის. პირველი პროექტი, რომელიც განვათავსე, რეგიონში სამუშაოდ წასულ მასწავლებლებს ეხება, რომლებმაც თავიანთი კარიერის სოფლად გაგრძელება გადაწყვიტეს. პროექტის ინსპირაციის წყარო იყო ჩემი მეგობარი, რომელმაც სოფლის სკოლაში სწავლების გადაწყვეტილება მიიღო. ჩემი აზრით, მათი მხარდაჭერა, ხაზგასმა იმისა, რომ ისინი საჭირონი არიან საზოგადოებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში განათლება ყბადაღებული თემაა ქვეყანაში, ყველამ ვიცით, რომ პრობლემები ნამდვილად ბევრია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სამაგალითოდ ცდილობენ, თავიანთ პროფესიას და ქვეყანას ემსახურონ, იცხოვრონ და განვითარდნენ გარემოში, სადაც მათი საჭიროება დგას.

✅ რა არის პროექტის მიზანი, რამდენი მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას და რომელი რაიონებიდან?

? ჩემი მიზანია, ეს ადამიანები საზოგადოებას გავაცნო, წავახალისო და სტიმული მივცე. კრიტიკა ისედაც ბევრი ისმინეს, დამსახურებულად და დაუმსახურებლად. ვფიქრობ, დროა, ყველამ რეალურად შევაფასოთ და დადებითი მხრიდან შევხედოთ  მასწავლებლის პროფესიას. ფოტოკადრებით მოთხრობილი ისტორიებით ყველას შეეძლება ნახოს ამ ადამიანების ყოველდღიურობა, მათი ყოფა, რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა მიზნები აქვთ,  მათი თვალით დაინახონ ის გარემო, სადაც ისინი სირთულეებს უმკლავდებიან. მარტში დაგეგმილი იყო რამდენიმე მაღალმთიანი რეგიონის მასწავლებლების გადაღება, ჯამში, 15-მდე მასწავლებლის ფოტოამბავი მოიყრის თავს, თუმცა, ამ ეტაპზე, კოვიდ-19-მა სრულად შეგვაცვლევინა გეგმები, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე საუბარი მიჭირს.  ჩემი ინტერესის სფეროა, ძირითადად, მაღალმთიანი რეგიონები. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

✅ ვინ არის პროექტის პირველი მონაწილე, როგორია ფოტოგრაფის თვალით დანახული ერთი სოფლის სკოლის ისტორია და მასწავლებლის ყოველდღიურობა?

? სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, პროექტისთვის მხოლოდ ერთი მასწავლებლის გადაღება მოვასწარი, გადადებული სასწავლო პროცესის გამო. ეს არის ქართულის მასწავლებელი ფიქრია ხაჩიძე – 34 წლის, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროექტის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეა. ფიქრია, საზღვრისპირა რეგიონში, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლის. პირველ რიგში, ჩემთვის საინტერესო იყო, თუ რამ განაპირობა ახალგაზრდა ქალის რეგიონში სამუშაოდ წასვლა. მე ვცხოვრობდი მასთან ერთად, რადგან მინდოდა მისი პირადი სივრცე მენახა და ფოტოებით გადმომეცა. ფიქრია ის ადამიანია, რომელსაც უყვარს თავისი პროფესია. გამაოცა გაკვეთილის მომზადების პროცესმა, თუ როგორ გეგმავს მომდევნო დღისთვის, როგორ ამუშავებს საკითხებს, ადგენს ტესტებს, წიგნებსა და ინტერნეტში ეძებს დამატებით რესურსებს და ამ ყველაფერს სჭირდება შრომა, ენერგია და რაც მთავარია, ძალიან დიდი დრო. რეალურად, სხვა არაფრის დრო არ გრჩება. ასე ავითარებს ფიქრია თავის გამოცდილებას და იმკვიდრებს თავს პროფესიაში.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი მაღალმთიანი არ არის, პირობები საკმაოდ რთულია. თავად სკოლის შენობა ჩემთვის საინტერესო იყო, თავისი ძველი ინვენტარით, მაგრამ ყოველდღიურად არაკომფორტულ გარემოში ყოფნა არც მოსწავლისთვის და არც მასწავლებლისთვის სახარბიელო ნამდვილად არ არის. გამაკვირვა ფაქტმა, რომ ზამთარში შენობის გათბობა ჯერ კიდევ შეშის ღუმელით ხდება, რადგან სოფელს არ მიეწოდება გაზი. სასკოლო ინვენტარი, რომელიც სკოლაშია შემორჩენილი, საბჭოთა ეპოქის დროინდელია, ძველი რუსული წარწერები და პლაკატები კვლავ „ამშვენებს“ საკლასო ოთახის კედლებს, თუმცა, სხვა არჩევანი არ არის. რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა ქალაქისა და რეგიონის სკოლებს შორის. სათანადო პირობებს რეგიონისთვის ორმაგად დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი აზრით, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში, ისედაც ჩაკეტილ გარემოში, რთულია, ბავშვს მსგავს პირობებში ასწავლო და დააინტერესო. სკოლაში, მასწავლებლის მიმართ, ყველა დადებითადაა განწყობილი. ის არის სინათლე და მისი სახით სიახლე შედის სკოლის ცხოვრებაში, რასაც მოსწავლეების განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

✅ პროექტის ფარგლებში, რა აქტივობების განხორციელებას გეგმავ?

?სამომავლოდ, მინდა პროექტის ფარგლებში გადაღებული სურათები საგამოფენო სივრცეში მოხვდეს, ჰყავდეს ბევრი დამთვალიერებელი და საზოგადოების ყურადღება მიიპყროს, ამ ყველაფერმა დადებითი გავლენა იქონიოს რეგიონის მასწავლებლების და მოსწავლეების ცხოვრებაზე.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები