22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

გამარჯობა, ნათია, მახსოვს, რომ მელოდები!

spot_img

თუკი ქუჩაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვერ ვხედავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ, ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ჩვენ არ ვუქმნით სათანადო პირობებს, გარეთ რომ გამოვიდნენ, არ ვაგრძნობინებთ მათ, რომ ისინიც ჩვენი სოციუმის წევრები არიან. საქართველოში საკმაოდ ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია, სამწუხაროდ, ისინი ძირითად დროს სახლის პირობებში ატარებენ. დამეთანხმებით, ალბათ, რომ მათი საზოგადოებაში ინტეგრირება, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, რატომღაც წლებია, სათანადოდ მაინც ვერ ხერხდება.

საინტერესოა, არის თუ არა რეალურად მათთვის დასაქმების სპეციალური პროგრამები და თუ ასეა, რატომ არის ეს მხოლოდ ვიწრო წრისთვის ცნობილი?

რატომ არ უზრუნველვყოფთ გარემო პირობებს, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ? და საერთოდ, რა რეაქცია გვაქვს, როდესაც მათ ქუჩაში ვხედავთ? უამრავი კითხვა არსებობს, რომელიც შეიძლება სხვებსაც დაუსვა და საკუთარ თავსაც, თუმცა ვიცი, რომ პასუხი ერთია – „ქვეყანაში ყველაფერი კეთდება მათ დასახმარებლად“. ამიტომ, არავისთვის არაფერი მიკითხავს და გადავწყვიტე, „ერთი გოგოს ისტორია“ გიამბოთ, რომელსაც ჩვენი თანადგომა სჭირდება.

გამარჯობა, მაკა, ხომ არ დაგავიწყდა, რომ გელოდები?

„მე ნათია ვარ, პირველი ჯგუფის ინვალიდი და ძალიან მინდა შენთან მეგობრობა. ჯერ  ჩემი ფოტოები ნახე და მერე მომწერე – შეგიძლია, იმეგობრო ჩემნაირ ადამიანთან?..“

„…რომ იცოდე, როგორ გამახარე, რომ დამთანხმდი. ყოველთვის მინდოდა მეგობარი მყოლოდა, რომელსაც გულწრფელად მოვუყვებოდი ჩემზე, მომისმენდა და გამიგებდა. სამწუხაროდ, ჯერ ასეთი მეგობარი არ მყოლია, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი ვარ და არაფერი ვიცი. თუმცა ეს ასე არ არის,

მეც ისევე ვგრძნობ, ვხედავ, განვიცდი, მესმის, როგორც სხვები. დედამ ყველაფერი გააკეთა ჩემთვის, რომ თავი განსხავებულად არ მეგრძნო.

შენ, შეგიძლია გამიგო ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები უგებენ და ესაუბრებიან ერთმანეთს? მითხარი, ოღონდ ძალიან გთხოვ, არ მომატყუო. მე არაფერი მინდა, ხანდახან, რომ მომწერო და მომიკითხო ხოლმე. ჩემთვის მთავარია, ადამიანმა მომისმინოს და გამიგოს. მეტი არაფერი. როცა ვგრძნობ, რომ ჩემი განსხვავებულობის გამო ადამიანები ჩემთან ურთიერთობაზე, მეგობრობაზე უარს ამბობენ, ძალიან მტკივა გული. ასეთი ადამიანები ოცნებას მიკლავენ“.

ადვილი მისახვედრია, ალბათ, რას გრძნობს ადამიანი, როცა ასეთ წერილს კითხულობს. სლოგანი „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!“ ჩვენს საზოგადოებაში კარგად შეფუთული მითია. არა, ბატონებო, არა, შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! დიახ, არსებობს… თვალი გავუსწოროთ რეალობას. ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ასოცირდებიან გონებაშეზღუდულ ადამიანებთან, რის გამოც ისინი სოციუმში იწვევენ სიბრალულს, აგრესიას… მაგრამ არასდროს თანასწორობის შეგრძნებას. ალბათ ბევრ ჩვენგანს გვყავს ირგვლივ ისეთი ნაცნობი, მეგობარი, შეიძლება ოჯახის წევრიც კი, რომელიც მიიჩნევს, რომ შშმ პირების სრულფასოვანი ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაუშვებელია, ისინი არიდებენ თავს მათთან ურთიერთობას და ქმნიან ერთგვარ უჩინარ ბარიერს, რომელიც ყველა სხვა ბარიერზე მტკიცე და გადაულახავია. სოციუმში დამკვიდრებული ამგვარი დამოკიდებულება, რასაკვირველია, ზიანს აყენებს მათ სულიერ და ფსიქიკურ მდგომარეობას. არადა, სულაც არ არის ძნელი, რომ აღვიქვათ ისინი ჩვენს ნაწილად, ვიმეგობროთ მათთან, შევიყვაროთ და საშუალება მივცეთ, იცხოვრონ არა ჩვენში, არამედ ჩვენთან ერთად.

 ყველას გვაქვს ოცნება, მათ შორის ნათიასაც

„ჩემი ოცნება იყო, მქონოდა სამსახური, ხელფასი და შეგროვილი ფულით პატარა სახლი მეყიდა, რომელსაც ისე მოვაწყობდი, როგორც მე მინდოდა. ამიტომ კომპიუტერის კურსები გავიარე. მინდოდა, სადმე მემუშავა, სადაც მიმიღებდნენ. გარეთ გავსულიყავი და მთელი ცხოვრება სახლში არ ვმჯდარიყავი. მაგრამ უკვე 28 წლის ვარ და ჯერ არსად მიმუშავია. პატარაობიდან სცენაზე და სიმღერაზე ვოცნებობდი, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა არასდროს მითქვამს. მინდოდა, მუსიკალური განათლება მიმეღო, მაგრამ ის წლები, როცა ამის შესაძლებლობა მეტ-ნაკლებად მქონდა, ვერ გამოვიყენე და დღემდე ძალიან მწყდება გული. მიყვარს ძველი ქართული სიმღერები, სადაც ბევრი ემოცია და სევდაა – გულთან უფრო ახლოა. საყვარელი მომღერალი ნატო გელაშვილია, მასთან ვმეგობრობ კიდეც. ძალიან მინდა რუსა მორჩილაძის გაცნობა. მიყვარს მისი სიმღერები, განსაკუთრებით „იასამანი“ მომწონს. 5 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვცადე მასთან შეხვედრა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ნუთუ ასე ძნელია საყვარელ მომღერალთან ახლოს მისვლა იმისთვის, რომ ვუთხრა – მიყვარხარ?

ძალიან მიყვარდა ეთერ კაკულია და გიო ხუციშვილი. ისინი ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, მათი გაცნობა ვერ მოვასწარი. ეთერ კაკულიას საფლავზე მარტო წავედი და ვუთხარი: ძალიან მიყვარხართ-მეთქი. არ ვიცი, გაიგო თუ არა, მაგრამ ღმერთმა ხომ დაინახა“.

როცა ნათიას წერილებს ვკითხულობ, სადაც ის თავის ცხოვრებაზე მიამბობს, უხერხულობის გრძნობა მეუფლება, ამ ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გამო, სხვის ნაცვლად მრცხვენია… არ გვაქვს უფლება, ვთქვათ, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად ჩვენც ვზრუნავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მაშინ, როცა ნათიასთვის მსგავსი სურვილებიც კი ოცნებებად რჩება. დამეთანხმებით ალბათ, რომ სანამ თითოეული ჩვენგანი არ იზრუნებს მათზე, მათი ცხოვრება ვერ შეიცვლება. თუ რამდენადაა დაცული შშმ პირთა უფლებები და არიან თუ არა ისინი აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეს ყველამ კარგად ვიცით და ვხედავთ. პასუხი ერთია – არა! მრავალი ფაქტი არსებობს იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში პრობლემაა არა მარტო ამ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა, არამედ მათი უფლებების აშკარა შეზღუდვა. ამის მაგალითად ნათიას ნაამბობი ისტორიებიც კმარა.

„…იცი, რამდენი რამ გადავიტანე – მიამბობს ნათია და მიუხედავად ყველაფრისა, ის იბრძვის, ცდილობს სოციუმში ინტეგრირებას. მას არ აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, არ ერიდება საზოგადოებაში გამოჩენის და თავის მდგომარეობას რეალურად აფასებს. მიუხედავად ფიზიკური თუ ინტლექტუალური დარღვევებისა,  ცდილობს, აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში – მინდ მქონდეს ჩემი საქმე, სადაც წავალ.

მინდა, ასევე, რომ ყველასგან სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდე და არა შეცოდებას“.

ნათია მუშკუდიანი 28 წლისაა, დედასთან და უმცროს დასთან ერთად, 25 წელია, თბილისში ქირით ცხოვრობს. მცირებიუჯეტიანი ოჯახი, თვეში – 300 ლარს, ბინის ქირაში იხდის. ნათიას მხოლოდ ინვალიდობის პენსია ეძლევა და მისი მკურნალობისთვის ოჯახს საკმარისი თანხა არ აქვს. ნათიას მდგომარეობა ქრონიკულია. ვარჯიშები საჭიროა იმისთვის, რომ მდგომარება კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

„დედამ მითხრა: თუ რაიმე დამატებით საარსებო არ გამოჩნდება,შეიძლება კახეთში დავბრუნდეთო. მე ძალიან გამიჭირდება იქ ყოფნა. მთელი ჩემი ცხოვრება თბილისში გავატარე. 4 წლიდან 17 წლამდე იაშვილის კლინიკაში დავდიოდი ვარჯიშებზე. 17 წლის შემდეგ არაფერი გამიკეთებია და არსად აღარ მივლია იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა, ფინანსურად, ოჯახს აღარ ჰქონდა. მყავს უმცროსი და, რომელსაც ოჯახის ხელშეწყობა სჭირდებოდა. რადგან საკმარისი შემოსავალი არ გვქონდა, ამიტომ 17 წლისამ ყველაფერზე უარი ვთქვი და ყველაფერი ჩემს დას დავუთმე. თავდაპირველად, გურჯაანის სკოლა-ინტერნატში დავდიოდი, სადაც ჩემნაირი ბავშვები სწავლობდნენ. თანაკლასელებთან ყველასთან ერთნაირად ვმეგობრობდი. შემდეგ თბილისში ჩამოვედი. ვსწავლობდი და დავამთავრე კიდეც 105-ე საჯარო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ კომპიუტერული პროგრამების კურსი გავიარე იმ იმედით, რომ სადმე დავსაქმდებოდი…

სანამ კიდევ დრო მაქვს, მინდა მქონდეს სამსახური, შემეძლოს ადამიანებთან ურთიერთობა და მცირე შემოსავალი, რომ ჩემი თავის მიხედვა შევძლო“.

ნათია შშმ პირია, პირველი ჯგუფის ინვალიდი, დიაგნოზით: რეფერალური დამბლა, დიქონეზური ფორმა G80.3, ნერვული-კიდობანი სქოლიოზი Mu1.4. თავის დროზე, ჩაუტარდა მკურნალობა – ინტერნეტ კინეზოთერაპია RUR160; ხერხემლის მიდამოს სამკურნალო მასაჟი N10. RUR160; ჰიდროკინეზოთერაპიაN10 RUR 160. მას ეს მკურნალობა სჭირდება მუდმივად, წელიწადში სამჯერ – 12 დღის განმავლობაში, ერთი კურსის ღრებულება – 600-700 ლარია. მის ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს, რის გამოც ნათიას მდგომარეობა, წლებთან ერთად, უფრო და უფრო მძიმდება. „17 წლამდე მკურნალობის კურსს გავდიოდი. ჩემთან ერთად ძალიან ბევრი ბავშვი იყო, ჩემზე ბევრად მძიმე მდგომარეობაში. იმ ბავშვების მდგომარეობა, ვინც მაშინ მკურნალობის კურსის ბოლომდე ჩატარება ვერ შეძლეს, დღემდე მძიმეა. მე კი დედას თითქმის ყოველდღე დავყავდი პროცედურებზე და

თუკი დღეს სიარული და თითქმის ყველაფრის კეთება შემიძლია, ეს დედას დამსახურებაა. მან ბოლომდე იბრძოლა, რომ ფეხზე დავეყენებინე, შემძლებოდა დამოუკიდებლად გადაადგილება, მქონოდა უნარ-ჩვევები. უზომოდ მადლიერი ვარ მისი“.

17 წლის შემდეგ, ნათიამ დანიშნული, აუცილებელი ვარჯიშების კეთება, უსახსრობის გამო, მხოლოდ ერთხელ შეძლო. დედა, რომელიც მისი ერთადერთი და ყველაზე საიმედო მეგობარიცაა, დღემდე ყველაფერს აკეთებს მის დასახმარებლად, თუმცა, ეს მისი მდგომარეობისთვის საკმარისი არ არის: „დედა, ფიზიკურად, ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ თანხა შეაგროვოს ჩემთვის. თუმცა, უამრავი ყოფითი პრობლემებიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ძალიან მინდა, დედას შრომა შევუმსუბუქო. ის 57 წლისაა. დრო რომ გადის და წლები ემატება, ძალიან განვიცდი… სანამდე მეყოლება? იცი, როგორ ვნერვიულობ? ამიტომ მინდა, ჩემთვის სადმე სამსახური გამოინახოს, რათა ჩემი თავის მოვლა შევძლო. მე არავის ვიცნობ, რომ დამეხმაროს. კომპიუტერული პროგრამები კარგად ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც დამავალებენ. შემიძლია მოლარე-ოპერატორადაც ვიმუშაო.“

 ნათიას ყოველდღიურობა ერთფეროვანია. როცა დედა სამსახურში მიდის, სახლში მარტო რჩება, ერთგულ მეგობარ ძაღლთან – ბაბისთან ერთად. უსმენს საყვარელ მუსიკას და კომპიუტერის საშუალებით სოციალური ქსელით სარგებლობს, „ახალ ამბებს“ ეცნობა.

„ადრე ბევრს ვკითხულობდი, ბოლო სამი წელია, არაფერი წამიკითხავს. გულს ვეღარ ვუდებ. ახლა, სულ ჩემს თავზე ვფიქრობ და ვნერვიულობ, რომ ისეთი აღარ ვარ, როგორც წლების წინ ვიყავი. არა, ჩემი თავი არასდროს მომწონდა, უბრალოდ ნელ-ნელა შესაძლებლობებს რომ ვკარგავ, ამას განვიცდი. ჩემი საყვარელი საქმიანობა დღეს უკვე მართლა აღარ ვიცი რა არის. ეს შეკითხვა 3 წლის წინ რომ დაგესვათ, აუცილებლად გიპასუხებდით.

აღარ ვოცნებობ… რეალურად ვუყურებ ცხოვრებას…

მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრა: ნუ მომატყუებ, ნუ დამპირდები

აი, სულ ეს არის ჩემი ამბავი – „ერთი გოგოს ისტორია“.

 ნათიას დავპირდი, რომ მის შესახებ აუცილებლად დავწერდი. მას ჩვენი თანადგომა სჭირდება.

 გამარჯობა, ნათია, მახსოვს, რომ მელოდები!

 მაკა ყიფიანი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები