ჰარმონია დავკარგე და გეგმები ამებურდა…

965

მარიტა გოგიჩაიშვილი

საფრანგეთის université clermont auvergne-ის ფრანგულენოვანი პროგრამის – ტურიზმი/სცენის ხელოვნების პირველი კურსის სტუდენტი

🔶 ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ჩემს მდგომარეობას? – ჰარმონია დავკარგე, გეგმები ამებურდა და ჰაერში ვარ გაკიდებული!

🔶 პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ ჩვენ გვითმობთ სივრცეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სტრესის ქვეშ ვარ ამ წამს, მაინც მგონია, რომ ჩემზე უარეს სიტუაციაში ბევრი იმყოფება. თავიდანვე ისე მოხდა, რომ „სტუდენტური ფოიეს“ ნაცვლად ბინა ვიქირავე, რომელსაც 2 სხვა ადამიანთან ვიყოფ. ნეტა, იცოდეთ, როგორ გამიმართლა „ფლეთმეითებში“, ამას მეც ამ გაჭირვების ჟამს უფრო მივხვდი. მოკლედ მარტო არ ვარ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ განვიცდი იმ ბავშვების მდგომარეობას, ვინც მარტოა დაცარიელებულ სტუნდეტურ საცხოვრებელში 4 კედელში გამოკეტილი.

🔶 თვითიზოლაციის შემდეგ, პირველივე, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ, პარკში გავალ და მთელი დღე მზეს მივეფიცხები, მერე აუზზე წავალ და ბევრს ვიცურავებ.

🔶 ეს პერიოდი ყველასთვის რთულია, მაგრამ უცხოეთში მყოფი სტუდენტებისთვის, განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა, უამრავი ახალი საზრუნავი და პასუხისმგებლობა დაგევკისრა. სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავედით, ლექტორები გვაწვდიან ინსტრუქციებს და ჩვენით უნდა მივხვდეთ, რა როგორ უნდა გავაკეთოთ (ძლივს სისტემაზე ადაპტირებული თავები ახალ სხვა რეჟიმზე უნდა გადავიყვანოთ);

🔶 ვერ მოვდივართ უკან და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირადად ჩემთან მარტივადაა, უბრალოდ, არ არის რეისები საფრანგეთიდან. არანაირი, ჯერჯერობით. სხვების შემთხვევაში, შეიძლება საქმე უფრო რთულად იყოს – მაგალითად, ბილეთის ფასს ბინის ორი თვის ფასი აქვს და ამიტომ ვერ ყიდულობენ. ჩემი წამოსვლა იმის გამოც ყოვნდება, რომ არ ვიცით გამოცდები როგორ ჩატარდება ან აღდგება თუ არა სწავლა. სრული ქაოსია – არ ვიცი როგორ ავღწერო ასეთი გაუგებრობა რას იწვევს ჩემში.

🔶 ჩემს ცხოვრებაში ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა ადაპტირების ეტაპი გადავლახე და აქტიურად ვცდილობდი სამსახურის შოვნას. მინდოდა, ზაფხულშიც მემუშავა და ფული დამეგროვებინა შემდეგი წლისთვის. ბაკალავრის დაფინანსებები საერთოდ არ აქვს საქართველოს მთავრობას –  სპეციფიკურ ფაკულტეტებს აფინანსებენ ხოლმე, რაზეც ძალიან იშვიათად აბარებენ სტუდენტები. არადა, უცხოელი სტუდენტისთვის ნამდვილად არ არის ადვილი სამსახურის შოვნა. მაგრამ ყველაზე მეტი სადარდებელი მაინც ის არის, რომ ოჯახისგან ძალიან შორს ვარ. ამ კრიზისულ პერიოდში, რომელიც ღმერთმა იცის როგორ შემობრუნდება მდგომარეობა და რამდენ ხანს გაიწელება ეს პროცესები ან რა პოსტ-ეკონომიკურ მდგომარეობას მოგვიტანს ყველას, ყველაზე მეტად მაინც ოჯახთან ყოფნა მაღელვებს – მინდა ოჯახის წევრებს შორის ვიყო, რადგან ყველაზე დაცულად და მშვიდად თავს იქ ვიგრძნობ – ნებისმიერი სირთულე ასჯერ უფრო იოლია, როცა გვერდით საყვარელი ადამიანები გყავს.

🔶 რაზე დამაფიქრა შექმნილმა სიტუაციამ? – არ ვიცი, დეპრესია და ნევროზი რომ დამმართა, ეს ვიცი, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერს გავუმკლავდე. ხელოვნების მიმართულების სტუდენტი ვარ, შესაბამისად, დავალებების სახით ბევრ ფილმს ვუყურებ, ახლახან ჩემს საყვარელ სერიალს – „ცხენ ბოჯაკს“ მოვრჩი. მუსიკას ვუსმენ იმავეს, რასაც ვუსმენდი, უბრალოდ, რადგან მეტი დრო მაქვს და ძველი ფლეილისთებიც ამოვქექე, სპექტრს ვაფართოებ -ანუ ჩემს ძვირფას 60-იანებს! ცოტა დისტრესი რომ მიმეღო, ჩარლზ ბუკოვსკის „ქალები“ წავიკითხე, უფრო სწორად, აუდიოწიგნი მოვისმინე. ამას წინათ, სადღაც სტატია წავიკითხე, რომ კორონავირუსის გამოჩენასთან ერთად, კამიუს „შავი ჭირის“ გაყიდვაზე ბუმი გაჩნდაო. მაგ ხალხს გაუმარჯოს, ახლა ვისაც ამ წიგნის წაკითხვა შეუძლია. მე რომ ვერ შევძლებ, ზუსტად ვიცი.

🔶 ქუჩაში, კვირაში ერთხელ, მხოლოდ პროდუქტების საყიდლად მიწევს გასვლა, მაგრამ ისეთი ატმოსფერო ტრიალებს სრულიად დაცარიელებულ ქუჩებში, რომ კიდევ უფრო ისტრესები. მოსახლეობის დიდი ნაწილი საკმაოდ ზერელედ ეკიდება ყველაფერს და ამიტომ, თითქმის ყოველდღე, ცვლიან წესებს. ფორმულარს პუნქტები დაამატეს და ქუჩაში გასვლის დროის მითითებაც აუცილებელი გახდა. კარანტინის დაუმორჩილებლობის გამო, ბევრი მოქალაქე დაჯარიმდა.

🔶 მინდა, ჩემს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოვეხმაურო – მესმის იმ ადამიანების, ვისაც გულწრფელად სწამს, რომ ეკლესიაში დაინფიცირება ვერ მოხდება, მაგრამ მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, რადგან ის მაინც უნდა გაიგონ, რომ ეკლესიაში თუ არა, ეკლესიის გზაზეც კი შეიძლება ვირუსის გავრცელება. თავიანთ თავზე თუ არ ფიქრობენ, სხვებს მაინც ნუ ჩააგდებენ საფრთხეში.

ხელისუფლებაც და სინოდიც პირდაპირი პასუხისმგებლები არიან, რადგან ადამიანებს მისცეს საშუალება, სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანა გაერთულებინათ. სამწუხაროა, რომ ეკლესიას ამხელა ძალაუფლება აქვს. სწორედ მაგ ძალაუფლებაში იკარგება მათი ქრისტიანობა.

მარნეულში განვითარებული მოვლენების შესახებ კი ვიტყოდი, რომ იქ რაც მოხდა, ეს არც დღევანდელი და არც გუშინდელი პრობლემა არ არის, სახელმწიფოს დიდი ხნის წინ უნდა დაელაგებინა რეგიონებს შორის ურთიერთობა! იმედია, სამომავლოდ მაინც ვისწავლით რამეს. საზოგადოების დამოკიდებულებასაც ხომ სწორი პოლიტიკა ქმნის!

🔶 და მაინც, წამოსვლა მინდა, მაგრამ, ერთი მხრივ, ველოდები სპეცრეისის დანიშვნას, რომელიც ბინის ქირის ფასი არ დამიჯდება, მეორე მხრივ, უნივერსიტეტისგან პასუხს – ამით ხომ არ შემექმნება პრობლემები სწავლის დასრულებასთან დაკავშირებით.

 

დატოვეთ კომენტარი