ხანგრძლივი და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგი

2110

მიმდინარე წლის თებერვალში საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი ცვლილებების თაობაზე საზოგადოება არასათანადოდაა ინფორმირებული, რასაც ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა  მსოფლიო პანდემიამ შეუწყო ხელი. თუმცა საზოგადოება თანდათან გამოდის შოკური მდგომარეობიდან და შეგვიძლია, განათლების სისტემაში პოზიტიურ ცვლილებებზეც ვისაუბროთ.

გვესაუბრება კახაბერ ერაძე, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

✅ რა გარემოებებით იყო განპირობებული პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ცვლილების აუცილებლობა?

ავტორიზაციის დებულებაში ზემოაღნიშნული ცვლილებების შეტანის საკითხი თითქმის სამი წლის განმავლობაში მზადდებოდა. ასეთი ტიპის მასშტაბური ცვლილებების სწორად გააზრებას და დაგეგმვას დრო სჭირდებოდა. ცვლილებები ამჯერად, მთლიანად პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფას ეხებოდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ დარჩენილა ქვეყანაში პროფესიული განათლებით დაინტერესებული მხარე, რომელთანაც აღნიშნული საკითხები წინასწარ არ იყო განხილული. ამასთან, აღნიშნული ცვლილებებით შესრულდა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი მნიშვნელოვანი ვალდებულება და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩვენი სისტემა, პროფესიული განათლებისა და ტრენინგისთვის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ჩარჩოსთან მოვიდა სრულ შესაბამისობაში, რაც საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების ევროპულ სივრცეში სრული აღიარების აუცილებელი წინაპირობაა. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სრულად ორიენტირებული გახდა კოლეჯის განვითარებაზე. ხარისხის უზრუნველყოფის დღემდე არსებულ სისტემას პროფესიულ განათლებაში ათი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და იმ პერიოდისათვის არსებულ გამოწვევებს ის სრულად პასუხობდა. ათი წლის განმავლობაში, კოლეჯებმა ორჯერ გაიარეს ავტორიზაცია, დაიწყეს თვითშეფასება, ანუ თანდათან პროფესიული განათლების სისტემაში შემოვიდა ხარისხის კულტურის ელემენტები. თუმცა, ბევრი რამ გაუცნობიერებლად კეთდებოდა იმიტომ, რომ ასე ითხოვდა კანონმდებლობა და სულ უფრო ხშირად ისმოდა კრიტიკა ავტორიზაციის სადამსჯელო ხასიათის თაობაზე. ათი წლის თავზე, არსებული სისტემა უკვე ვეღარ პასუხობდა სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებს. მოთხოვნა ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე გაიზარდა. საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ამის გარეშე ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი შეუძლებელია. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმაც სხვაგვარად გადააფასა საკუთარი მისია, როლი და განათლების სისტემამაც ავტორიზაციის განახლებული დებულებით უკეთესი ინსტრუმენტი შექმნა არა მხოლოდ ხარისხის კონტროლის, არამედ ხარისხის განვითარების ხელშეწყობისათვის.

✅ კონკრეტულად რაში მდგომარეობს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ახალი მიდგომების არსი?

კონკრეტულად, ჩვენ პროფესიული განათლების სისტემაში უარი ვთქვით აკრედიტაციაზე, ანუ პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმზე და ის ავტორიზაციის პროცესთან გავაერთიანეთ. ავტორიზაციის პროცესმა მოიცვა პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის ელემენტები. შედეგად მივიღეთ ის, რომ ავტორიზებული სასწავლებელი ავტომატურად ნიშნავს ხარისხიან საგანმანათლებლო პროგრამას. ამასთან, ავტორიზაციის პროცესში თითოეული პროგრამა ცალკე ხდება შემოწმების ობიექტი და დაწესებულება მხოლოდ იმ პროგრამების განხორციელებაზე მიიღებს თანხმობას, რომლებიც დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

ეს მიდგომა ძველისაგან არსებითად განსხვავდება. წინა რეგულაციის პირობებში, თუ ათი პროგრამიდან ერთი მაინც იყო ხარვეზიანი, დაწესებულებას მთლიანად ერთმეოდა ავტორიზაცია. ახლა ის მხოლოდ იმ პროგრამების განხორციელების უფლებაზე მიიღებს უარს, რომლებიც სტანდარტებთან შეუსაბამოა, ხოლო დანარჩენ, სტანდარტებთან შესაბამის პროგრამებს ჩვეულებრივ რეჟიმში განახორციელებს, რაც ასევე ინსტიტუციურ და სისტემურ მდგრადობასაც უწყობს ხელს.

მეორე ინსტრუმენტი, რითაც განვითარებაზე მეტად გავხდით ორიენტირებულნი, გახდა დიფერენცირებული შეფასების შემოღება. ძველი დებულებით დაწესებულება სტანდარტის მოთხოვნებს ან შეესაბამებოდა, ან არა, რაც საკმაოდ ხისტი მიდგომა იყო. შესაძლოა სხვა ყველა დადებითი გარემოების პირობებში მცირე, ნაკლებ მნიშვნელოვანი შეუსაბამობაც კი, მაგალითად, ერთი დასახელების სახელმძღვანელოს არქონაც კი გამხდარიყო ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძველი. ახალი მიდგომით შესაბამისობასა და შეუსაბამობას შორის ორი დამატებითი შეფასება ჩნდება: მეტწილი შესაბამისობა და ნაწილობრივი შესაბამისობა. ამ შეფასების დროსაც დაწესებულება მიიღებს ავტორიზაციას, მხოლოდ გარკვეულ ვადაში სტანდარტებთან სრულად შესაბამისობაში მოსვლის პირობით. თუმცა ეს პირობა არ უზღუდავს კოლეჯს უფლებას, სრულფასოვნად განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა.

✅ იქნებ მეტად დააზუსტოთ მეტწილი და ნაწილობროვი შესაბამისობის კრიტერუმები?

მეტწილი ან ნაწილობრივი შესაბამისობის შეფასების დადგომისათვის ორი მნიშვნელოვანი წინაპირობა არსებობს. ერთი, რომ შესაძლებელი უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში მოსვლა, შესაბამისად, 6 ან 18 თვემდე ვადაში და მეორე, რაც სრულად ახლებურ და სწორ ხედვას ნერგავს ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომებში – შესაბამისობის გეგმის არსებობა. რომ დავაზუსტოთ: თუ დაწესებულებას თვითონვე არ აქვს ნაპოვნი საკუთარი ხარვეზები და მათი გამოსწორების რეალისტური გეგმა არ გააჩნია, ვერ დადგება მეტწილი ან ნაწილობრივი შესაბამისობის გარემოება.

ეს, რა თქმა უნდა, ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს კოლეჯებს – ისინი სწორ თვითშეფასებას უნდა მიეჩვიონ, თვითკმაყოფილებიდან თვითკრიტიკულობაზე  გადაეწყონ და საკუთარი ხარვეზების დანახვა ისწავლონ. სწორედ ესაა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩვენეული ფილოსოფიის ქვაკუთხედი. ავტორიზაცია უნდა მიიღოს არა იმ კოლეჯმა, რომელსაც ხარვეზები არ აქვს (დამერწმუნეთ, ასეთი დაწესებულება მსოფლიოში არ არსებობს), არამედ იმ კოლეჯმა, რომელსაც ამ ხარვეზების აღმოჩენისა და მათთან გამკლავების ძლიერი იმუნური სისტემა – ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები აქვს. სწორედ ამ შემთხვევაში ვიქნებით მშვიდად. ასეთი სასწავლებელი თვითონვე, წარმატებით გაუმკლავდება შემხვედრ გამოწვევებს.

✅ ახალ ინიციატივებს შესაბამისი მხარდაჭერაც უნდა მოჰყვეს თქვენი მხრიდან. რას აკეთებთ ამისათვის?

ამისათვის ჩვენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვახორციელებთ როგორც საკუთარი ძალებით, ისე დონორების  დახმარებით. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში, გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის ქვეყნებთან – ესტონეთთან და გერმანიასთან დაძმობილების პროექტის მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ღონისძიებებს შორის უნდა აღვნიშნოთ: ავტორიზაციის ახალი სტანდარტების გზამკვლევების შემუშავება, რაც დაწესებულებებს სტანდარტების სწორად ინტერპრეტაციასა და თვითშეფასებაში უნდა დაეხმაროს; ხარისხის სპეციალისტთა სერტიფიცირების კონცეფციის შექმნა და დანერგვა, რამაც, ერთი მხრივ, ავტორიზაციის ექსპერტთა და, მეორე მხრივ კი, დაწესებულებების ხარისხის მენეჯერების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს; ავტორიზაციის საბჭოების ტრენინგები, ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული მასალების, ტიპური ფორმების გადახედვა და დახვეწა, რამაც ტექნიკურად უნდა შეუწყოს ხელი პროცესის ეფექტურ წარმართვას; ხარისხის უზრუნველყოფის ელექტრონული პლატფორმის შექმნა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დახმარებით, რამაც დაწესებულებებს უნდა გაუადვილოს თვითშეფასება, ექსპერტებს – შეფასება და ცენტრს კი – შედეგების ანალიზი; სიმულაციური ვიზიტების განხორციელება კოლეჯებში, მათი ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის ობიექტური შეფასების უზრუნველსაყოფად. ყველა აქტივობის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

✅ როგორ შეხვდა პროფესიული განათლების საზოგადოება ამ სიახლეებს?

ზოგადად, ყველამ ვიცით, რომ სიახლეს საზოგადოება ერთგვარი სიფრთხილით, უფრო ხშირად – შიშითაც კი ხვდება. ავტორიზაციის ახალი დებულების ძალაში შესვლას ყველა დაინტერესებული მხარის მხრიდან, ერთმნიშვნელოვნად, პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. დებულების გამოქვეყნების დღეს ყველა ერთმანეთს ულოცავდა: კოლეჯი, ექსპერტი, საბჭო, ცენტრი, სამინისტრო ერთსულოვანი იყო. ეს იყო სწორედ იმ ხანგრძლივი და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგი, რა გზითაც მოხდა ამ ცვლილებების ინიცირება. ყველა კარგად ითავისებს ახალი მიდგომების პოზიტივსაც და გამოწვევებსაც, რაც მოკლე ვადებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის საფუძვლიან მოლოდინს გვიჩენს.

✅ დღეს, ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული სირთულეები რამდენად აისახება ცენტრის საქმიანობაზე?

ცენტრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან სწრაფად მოახერხა და უწყვეტ რეჟიმში ყველა სერვისის დისტანციურ მიწოდებაზე გადაერთო. ეს ეხება როგორც ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ წარმოებებს, როგორიცაა: ავტორიზაცია, აკრედიტაცია, სხვადასხვა პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება თუ სხვა, ასევე განვითარების საკითხებს. სხვადასხვა მიზნით შექმნილი კომისიები, ავტორიზაციის, აკრედიტაციის, სააპელაციო თუ დარგობრივი საბჭოები, დისტანციურ რეჟიმში, შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას. ასევე დისტანციურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს დაწესებულებათა კონსულტაციები, ექსპერტთა ტრენინგები და ყველა დაგეგმილი ღონისძიება. ასე რომ, საზოგადოებას თითქმის არ უგრძვნია რაიმე სახის დისკომფორტი ამ მიმართულებით. მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება მუშაობის ჩვეულ ფორმატში დაბრუნებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პოსტკორონავირუსული რეალობა ამ ფორმატის ერთგვარ ცვლილებასაც გამოიწვევს.

ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი

დატოვეთ კომენტარი