ყველა სოფელი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინტერნეტით – დისტანციური სწავლებისთვის აუცილებელი პირობა

2068

დისტანციურ სწავლების მიმართ საზოგადოების ნაწილი, გასაგები მიზეზების გამო, სკეპტიკურადაა განწყობილი, მით უმეტეს, როცა საუბარი რეგიონის სკოლებს ეხება. საინტერესოა, როგორ მოემზადნენ რაიონის საჯარო სკოლები დისტანციური სწავლებისთვის, რამდენად შესაძლებელია ახალი მეთოდის გამოყენება მაღალმთიან რეგიონებში, კონკრეტულად, რა პრობლემების წინაშე დგანან საჯარო სკოლები და რა სირთულეებს აწყდებიან სწავლების პროცესში? რა სჭირდება რაიონის (სოფლის) სკოლას ყველაზე მეტად, დისტანციური სწავლება, შეძლებისდაგვარად, ხარისხიანად რომ წარიმართოს? საინტერესოა იმ მოსწავლეების ბედი, რომლებსაც არა თუ ინტერნეტი, კომპიუტერიც კი არ აქვთ, ასევე, თუ განიხილება დისტანციური სწავლების ალტერნატიული გზები, რათა არ მოხდეს რეგიონებში სასკოლო განათლების სრული პარალიზება. – გვესაუბრებიან საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები.

ხათუნა ხმალაძე, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

დღევანდელი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის, დისტანციური სწავლება და პროექტი „ტელესკოლა“ სრულიად მისაღები რეალობაა.

ქალაქ ახალციხეში და ახალციხის მუნიციპალიტეტში  38 საჯარო და ერთი კერძო სკოლა ფუნქციონირებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლები, როგორც დანარჩენი სკოლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დისტანციური სწავლება და სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი – „ტელესკოლა“ სრულიად მისაღები რეალობაა.

ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მოსწავლეები Teams-ის პროგრამით და ქართული აპლიკაციით – Feedc Edu სარგებლობენ (აღნიშნული ქართული პლატფორმა სრულყოფილად მუშაობს და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი). Feedc Edu-მ უფრო გაზარდა ახალციხის მუნიციპალიტეტში მომხმარებელი სკოლების რაოდენობა და თითქმის სრულად გაუმჯობესდა დისტანციური სწავლება თითოეულ სკოლაში.

სისტემატიური კომუნიკაცია გვაქვს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის სტრუქტურირებულად და ნაყოფიერად წარმართვაში განსაკუთრებულად გვეხმარება პოზიტიური, დროული ინიციატივა – „ტელესკოლა“, რომლის მრავალფეროვანი ფორმატი გვაძლევს საშუალებას, დღის მნიშვნელოვანი ნაწილი საინტერესოდ, ხალისიანად და ეფექტურად წარიმართოს. აღსანიშნავია, რომ დისტანციური სწავლების ფორმატი და პროექტი „ტელესკოლა“ ავსებს ერთმანეთს.

მნიშვნელოვანია, რომ სწავლების პროცესის დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნა მოსწავლეთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე წვდომა და შესაბამისად,  სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე, ალტერნატიული საკომუნიკაციო ფორმა შეირჩა.

აღნიშნული პროცესების წარმატებით წარმართვაში გვეხმარება გამოცდილება, რომელიც ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით გვაქვს. მოგახსენებთ, რომ სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა, სწავლა-სწავლების შედეგების გასაუმჯობესებლად, ყოველთვის იყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი დანერგვის უზრუნველყოფა. ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლის მასწავლებელს აქვს გავლილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემოთავაზებული ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგები.

გვაქვს გამოცდილება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ციფრული რესურსების პორტალის გამოყენების (http://ict.tpdc.ge/), რომელიც, ვიდეოგაიდების საშუალებით, მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც კომპიუტერული პროგრამების, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, 2016 წლიდან, აქვს დისტანციური სკოლა, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებიც არის ჩართული და ვასწავლით სხვადასხვა საგანს დისტანციურად.

„ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩართულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ორი საჯარო სკოლა, სადაც, ტექნოლოგიების მიმართულებით, გამართულად წარმართავენ სწავლა-სწავლების პროცესს, იყენებენ ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნოლოგიებს და კოლეგებსაც უზიარებენ. ჩვენი სკოლების დიდი ნაწილი, 2012 წლიდან, წარმატებით იყო ჩართული G-PriEd-ის პროექტში, რომელმაც მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს ელექტრონულ რესურსზე წვდომის და ონლაინ რეჟიმში მუშაობის გამოცდილება შესძინა. აღნიშნული რესურსები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა 2017 წლიდან და დღესაც წარმატებულად იყენებს თითოეული სკოლა (http://kargiskola.ge/parental/parental.php)

დაგროვილმა გამოცდილებამ და ზემოაღნიშნულმა საშუალებებმა მასწავლებლებს და მოსწავლეებს შესძინა გამოცდილება, სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურად გამოეყენებინათ საგანმანათლებლო ინტერნეტსივრცე და მათ ელექტრონული რესურსების გამოყენებისა და ონლაინ რეჟიმში მუშაობის უნარებიგამოუმუშავა, ეს კი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა დღეს, თითოეულ სკოლაში, დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესშიც. მოზარდებს ვთავაზობთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დავალებებს, ვღებულობთ შესაბამის უკუკავშირს, აღნიშნული პროცესები საინტერესოა, შემეცნებითი და შემოქმედებითი ძალების განმავითარებელიც.

ბუნებრივია, დისტანციური სწავლების ფორმატი სრულად ვერ ჩაანაცვლებს სწავლა-სწავლების სასკოლო ფორმატს (დღეში 4-6-საათიან განრიგს), მოსწავლეებს შორის კომუნიკაციას, საგაკვეთილო პროცესს, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ინტერაქციას, თუმცა მზაობა და რეაგირება მყისიერად ხორციელდება და წარმატებით ვართმევთ თავს არსებულ გამოწვევას.

სკოლები დისტანციური სწავლებისთვის მოდიფიცირებულ ცხრილს იყენებენ. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების მოტივაცია, ონლაინ სწავლების მიმართ, მაღალია, სკოლების ადმინისტრაციამ, დამრიგებლებმა და საგნის მასწავლებლებმა მოსწავლეს/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ელექტრონული პლატფორმების და „ტელესკოლის“ შესახებ. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათის, რომ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიონ მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას აღნიშნულ პერიოდში.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხელმისაწვდომობის ჭრილში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მართვის საინფორმაციო სისტემა ძალიან აქტიურად მუშაობს. ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მოსწავლეებისთვის შესაბამისი კონსულტაციები, ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია მიმართოს სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს ან/და სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს, IT სპეციალისტს, ტექნოლოგიების ექსპერტებს და EMIS-ის წარმომადგენლებს; თითოეულმა მასწავლებელმა, მშობელმა მიიღო პროგრამის გამოყენების გზამკვლევები, ვიდეოინსტრუქციები, სადაც დეტალურადაა ახსნილი პროგრამის შესაძლებლობები. შექმნილია ჯგუფი, რომელიც ონლაინ, 24-საათიან რეჟიმში, პასუხობს ნებისმიერ კითხვას. სამინისტროს ცხელი ხაზი 24 საათი მუშაობს.

ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები, სკოლის ადმინისტრაცია, ყოველდღიურ რეჟიმში, ადევნებენ თვალყურს თითოეული მასწავლებლის, მოსწავლის აქტივობას საკლასო ჯგუფებში, ძირითადად, ყველა მასწავლებელი ართმევს თავს. შეიძლება ერთეული შემთხვევა იყოს, როდესაც რომელიმე მათგანის გაკვეთილი თუ დავალება არ იყოს საკმარისად დატვირთული და მრავალფეროვანი, მაგრამ სკოლებში არსებული მაღალი თანამშრომლობითი კულტურა იძლევა იმედს და საშუალებას, რომ წარმატებით გავართმევთ თავს არსებულ გამოწვევებს.

იყო გარკვეული ხარვეზები, მოსწავლე, ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ ჩაერთო ელექტრონულ ფორმატში, საგნის მასწავლებელმა დაუყოვნებლივ უზრუნველყო ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალების მიწოდება და შესაბამისი კონსულტირება სატელეფონო კომუნიკაციით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მშობლებიც აქტიურად არიან ჩართული სწავლების პროცესში. სამინისტრო სისტემატურად აწვდის შესაბამის მეთოდოლოგიურ გზამკვლევებს, ვიდეო და ტექსტურ რეკომენდაციებს, მშობელთა ჩართულობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის  სწავლა-სწავლების პროცესში. თუმცა, მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უბრალოდ მნიშვნელოვანი კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა დისტანციური სწავლების პროცესში. მშობლების დიდი ნაწილი წარმატებითაა ჩართული, ბევრი სწავლობს შვილისგან ან პირიქით, მშობლები და შვილები ერთობლივად ერთვებიან ონლაინ გაკვეთილებში.

დისტანციური სწავლების გარდა, სხვა ალტერნატივა არ განიხილება, რადგან ჩვენ შემთხვევაში ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სადაც საჯარო სკოლებია განთავსებული, ინტერნეტის დაფარვის ზონა 100%-ს შეადგენს.

დღეს, საგანგებო ვითარებაში, საგანგებო ზომების მიღებაა გახდა საჭირო. ვერც ერთ ქვეყანაში, მათ შორის, ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, დისტანციური სწავლება ჩვეულებრივ სასწავლო პროცესს ვერ ჩაანაცვლებს, რადგან სწავლება ხომ სხვა რამეცაა – ადამიანური ურთიერთობა, ემოცია…

საგანგებო მდგომარეობის ვადაში, ვხელმძღვანელობთ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N 205 დადგენილებით „საგანგებო  მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ და თითოეული სკოლა ვალდებულია, სასწავლო პროცესი  აღნიშნული წესის შესაბამისადგანახორციელოს. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ წარმატებით ვართმევთ თავს. მინდა, გავამხნევო ის ადამიანები, ვინც დღეს ცდილობენ მაქსიმუმი გააკეთონ და წარმატება ვუსურვო მათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, განათლების სამინისტროს მიერ გაცემული დავალებებისა და რეკომენდაციების გავრცელებას და შესრულებას ყოველდღიურ მონიტორინგს უწევს ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. თვალყურს ვადევნებთ ონლაინ სწავლებაში ჩართული პირების დინამიკას და ეს ციფრი ყოველდღიურად მზარდია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა მოსწავლემდე მივიდეს, გარკვეული ფორმით, საგაკვეთილო პროცესი და ეს უწყვეტობა იყოს შენარჩულებული.

სამინისტრო, თავის მხრივ, სისტემატიურად ახორციელებს მონიტორინგს აღნიშნულ პროცესებზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პედაგოგიური ურთიერთობა შენარჩუნდეს და სწავლა-სწავლების პროცესი წარმატებით განხორციელდეს.

კახაბერ რეხვიაშვილი, ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლები გადასული არიან დისტანციური სწავლების რეჟიმზე. აღნიშნული სწავლების რეჟიმი ხორციელდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მაგალითად: სოციალური ქსელით, ვიდეოზარებით, სატელეფონო კომუნიკაციით, ელექტრონული ფოსტით.

დისტანციური სწავლების ხარისხიანად წარმართვისთვის საჭიროა, მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად იყოს დაფარული ინტერნეტით და მასწავლებლები და მოსწავლეები – შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილნი. სამწუხაროდ, არის სოფლები, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ იჭერს, ხოლო ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს შესაბამისი ტექნიკა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სკოლების მასწავლებლების უმრავლესობას ონლაინ სწავლების გამოცდილება არ ჰქონია, არიან მასწავლებლები, რომელთაც პირველად უწევთ დისტანციურ სწავლებასთან შეხება, მათ აქტიურად ეხმარებიან სკოლის IT სპეციალისტები, სკოლის საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლები და ის მასწავლებლები, რომლებთაც ამ კუთხით მეტი გამოცდილება აქვთ.

განათლების სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება ტელეპროექტი „ტელესკოლა“, რომელიც, ამ ეტაპისთვის, ხელმისაწვდომია თითქმის ყველა მოსწავლისთვის და კარგ ალტერნატივად განიხილება. თუმცა, არის მოსწავლეთა მცირე ნაწილი, რომელთათვისაც არ არის ხელმისაწვდომი ტელევიზია (წვდომა აღნიშნულ არხზე) და თანამედროვე კომუნიკაციები. მათთვის ხელსაყრელია ტესტების მატერიალური სახით მიწოდება ისე, რომ დაცული იყოს მთავრობის მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა.

აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა. ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობლის მიერ დასმულ კითხვებს, აუცილებლად დავამყაროთ მასთან უკუკავშირი და ნათლად ავუხსნათ, რა ფორმით ვმუშაობთ მის შვილთან, კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ბავშვმა ამ ფორმით უნდა მიიღოს ის აუცილებელი ცოდნა, რომელიც საჭიროა, მოდიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ამა თუ იმ კლასის პროგრამის დასაძლევად.

ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პროცენტი სარგებლობს ინტერნეტით, არ მოგვეპოვება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს ინტერნეტით, ხოლო ქალაქი ამბროლაური სრულად არის დაფარული ინტერნეტით.

ეთერ დავითაშვილი, დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ვფიქრობთ, რომ ახალი მეთოდის გამოყენება შესაძლებელია. რთულია, მაგრამ ყველას ესმის რა ფორსმაჟორული  მდგომარეობითაა გამოწვეული არსებული რეალობა და ყველა მაქსიმალურად ცდილობს, სწავლების ამ მეთოდს აუწყოს ფეხი, მით უმეტეს, რომ მასწავლებელთა გარკვეულ ნაწილს მანამდეც ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, ვინაიდან  სხვადასხვა სახის ტრენინგები ჰქონდათ გავლილი ვებინსტრუმენტების გამოყენებაზე სწავლებაში. ორი სკოლა (გამარჯვების და ზემო ქედის N2 ) ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, ამდენად ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

 სირთულე მოსწავლეების აქტივობაა. ინტერნეტთან წვდომა ყველას არ აქვს, არც კომპიუტერებიც აქვთ, უფრო ხშირად ტელეფონით სარგებლობენ და კავშირის ხარისხი დაბალია. ჩვენს რაიონში, დაახლოებით, მოსახლეობის 50-60% სარგებლობს ინტერნეტით. ეს ძალიან პრობლემური საკითხია. მოსწავლეებს, რომლებსაც არა თუ ინტერნეტი, კომპიუტერიც კი არ აქვთ, მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციით აწოდებენ მარტივ დავალებებს, ასევე მათთვის ძალიან სასარგებლოა „ტელესკოლის“ გაკვეთილები.

რა თქმა უნდა, გვყავს მასწავლებლები, რომლებსაც პირველად მოუწიათ დისტანციურ სწავლებასთან შეხება, თუმცა ვფიქრობ, გაართმევენ თავს, უფრო კომპეტენტური მასწავლებლების დახმარებით. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, სადაც მათი დახმარების გარეშე შეუძლებელია სწავლების ამ ფორმის განხორციელება. მშობელთა ჩართულობა ზრდის მოსწავლის მოტივაციას, ასევე იზრდება მოსწავლეთა მზაობაც, მაქსიმალურად ჩაერთონ დისტანციურ სწავლებაში და ონლაინ რეჟიმში გაიარონ კონკრეტული პროგრამები.

სასკოლო განათლების სრული პარალიზება, რა თქმა უნდა, არ მოხდება, რადგან ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, დისტანციური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებს წარმატებით იყენებენ.

ზურაბ აზარიაშვილი, თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

თეთრიწყაროს სამოქმედო ტერიტორიაზე 28 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, მათ შორის – 2 არაქართული; 4 საჯარო სკოლასთან  მიერთებული გვაქვს სკოლები და არაქართული სექტორი. საჯარო სკოლებში ინტერნეტის დაფარვის ზონა 100%-ს შეადგენს.

სოფელ კოდის საჯარო სკოლა ჩართული იყო G-PriEd-ის პროექტში, რომელმაც მასწვლებლებს საშუალება მისცა, წვდომა ჰქონოდათ მათთვის საინტერესო ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსებზე, რომელთაც აქტიურად იყენებდნენ ბავშვებთან ონლაინ რეჟიმში.

დღეის მდგომარეობით, მასწავლებლები, მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, გაკვეთილებს ატარებენ teams-ის, zoom-ის, edu.feedc.com-ის პროგრამებში, ასევე, სოციალური ქსელების chat-ით. ეტაპობრივად მიმიდინარეობს ონლაინ კონსულტაციები სსიპ მასწავლებელთა სახლის მოხალისე კონსულტანტთან. ვისაც კომპიუტერი არ აქვს, ახალი პროექტით – „ტელესკოლით“ ისმენს გაკვეთილებს, ხოლო ვისაც ელექტრონულ რესურსებთან არ აქვს წვდომა, მათ ტელეფონის საშუალებით ან მატერიალურად აწოდებენ საკითხებს, დავალებების სახით.

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ჩართულია სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა, რომლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები კარგად ფლობენ ისტ ტექნოლოგიებს, პროგრამას: ვსწავლობ თამაშით, ყველა მოსწავლე მუშაობს თავისუფლად, ადვილად იყენებენ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში და შექმნილი აქვთ არაერთი სავარჯიშო, ნაწილობრივ ფლობენ scratch-ში მუშაობის უნარ-ჩვევებს, იყენებენ სასწავლო პროცესში და რამდენიმე სავარჯიშოც აქვთ შექმნილი. მასწავლებლებს, რომელთაც პირველად უწევთ დისტანციურ სწავლებასთან შეხება,  სკოლის IT სპეციალისტები და კოლეგებიეხმარებიან.

მოამზადა მაკა ყიფიანმა

დატოვეთ კომენტარი