უმაღლესები 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღების გამოცხადებას ელექტრონულად შეძლებენ

470

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბიზნესის ანალიზისა და პროექტების მართვის სამუშაო ჯგუფის, პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, შეიქმნა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების ელექტრონული ანკეტა-კითხვარი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მიღების გამოცხადებას ელექტრონულად შეძლებენ. ამ მიზნით შექმნილ ელექტრონულ ანკეტა-კითხვარში შევსებულია მათ მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის დიდი ნაწილი. განახლებული საგამოცდო ფორმატის გათვალისწინებით, ელექტრონულ ანკეტა-კითხვარში უზრუნველყოფილია დაწესებულებების მექანიკური და ტექნიკური შეცდომებისგან დაცვა.

21 და 22 ნოემბერს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით, ჩატარდა ელექტრონული ანკეტა-კითხვარის პილოტირება. საინფორმაციო შეხვედრებზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა სიახლე პროგრესულ მოვლენად შეაფასეს.

რა დადებითი მხარე აქვს განახლებულ მიდგომას, ამის შესახებ საუბრობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის სამუშაო ჯგუფის უფროსი სალომე ჯაფარიძე:

– ელექტრონული გახდა ანკეტა-კითხვარების წარდგენის, დადასტურების, ხარვეზის დადგენის, ხარვეზის აღმოფხვრის, საბოლოო ინფორმაციის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მოწოდების პროცესები. რა პლუსები აქვს ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას?

 – წლების განმავლობაში, ამ პროცესის ადმინისტრირებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებდა და დაწესებულებებსა და ცენტრს შორის პროცესი ჩვეულებრივი მატერიალური დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით წარიმართებოდა. უმაღლესებს ფურცლებზე აწყობილი განაცხადები შეჰქონდათ, რომელსაც შემდეგ ცენტრი ახარვეზებდა. უამრავი შეცდომის გამო, ხანდახან ექვსჯერ ხარვეზდებოდა და უკან ბრუნდებოდა, ამიტომ წარმოებისთვის დაწესებული იყო ერთთვიანი ვადა, რომ 10 იანვრამდე ანკეტა-კითხვარების დადასტურება მოსწრებულიყო. ახლა, ერთი მხრივ, შეიცვალა ეროვნული გამოცდების ფორმატი და, მეორე მხრივ, ეს სისტემაც შეიცვალა. პროცესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას გადმოეცა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწავლო დაწესებულებებისთვის შეგვემსუბუქებინა ტვირთი – შევიმუშავეთ და შევქმენით ელექტრონული ანკეტა-კითხვარის ფორმა, რომელიც დაერთებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრზე.

ამდენად ანკეტაში უმაღლესებს ახლა მცირე ნაწილის შევსება მოუწევთ. დაწესებულების შესახებ ინფორმაცია, ავტორიზაციის ფარგლებში პროგრამების ჩამონათვალი, მთელი თავისი მახასიათებლებით, აკრედიტაციის სატატუსი და ვადა, განხორციელების ხანგრძლივობა, ენა, კრედიტები და ა.შ. – ეს გრაფები დაწესებულებას ავტომატურად შევსებული დახვდება, შესაბამისად, მათ მხოლოდ იმის ჩაწერა მოუწევთ, რამდენ ადამიანს იღებენ კონკრეტულ პროგრამაზე, როგორ ანიჭებენ ეროვნული გამოცდებისთვის კოეფიციენტებს ამა თუ იმ საგანს, ასევე, როგორ ანიჭებს საგნებს პრიორიტეტებს – მხოლოდ ამას განსაზღვრავს უმაღლესი სასწავლებელი, დანარჩენი ინფორმაცია თითქმის მზა ხვდება ელექტრონულ ანკეტაში. უმაღლესი მიუთითებს იმ არჩევით და სავალებულო საგნებსაც, რომელიც ასევე შეტანილია ანკეტა-კითხვარში, უბრალოდ, ირჩევს სივრციდან (ესეც მარტივია მენეჯმენტისთვის) და უკვე შევსებულ სრულყოფილ ინფორმაციას ელექტრონულად წარადგენს მართვის სისტემაში.

შემდეგ ჩვენ ელექტრონულად ვადევნებთ თვალს ამ ინფორმაციას. ძალიან მარტივია სისტემებს შორის შედარება, წარმოდგენილი უზუსტობის შემთხვევაში, ხარვეზის დადგენაც ელექტრონულად ხდება. რეალურად კოეფიციენტების ჯამს, პრიორიტეტების რაოდენობას და ა.შ. პროგრამა თავისით ითვლის. შესაბამისად, აჯამებს გამოცხადებული ადგილების რაოდენობას, რაც ყველაზე რთული პროცესია იყო ხოლმე და, რაც მთავარია, აღარ არსებობს შანსი ფიზიკურად მასზე მეტი მიღების გამოაცხადების, რისი უფლებაც, უმაღლეს დაწესებულებებს, რეალურად, ავტორიზაციით აქვს მინიჭებული. ვფიქრობთ, ეს ყველაზე დიდი მიღწევაა იმიტომ, რომ ხარვეზის პირველი წყარო სწორედ ეს მათემატიკური და ტექნიკური უზუსტობები იყო, რომლის კალკულაციასაც, წარმოიდგინეთ, მაგალითად,   ჯავახიშვილის პროგრამების შემთხვევაში, უნივერსიტეტის რომელიმე თანამშრომელი ხელით ასრულებდა. შესაძლოა მას კიდევ გაპარვოდა შეცდომა. მოკლედ რომ ვთქვა, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით, სისტემურად, მაქსიმალურად უზრუნველყოფილია დაცულობა და გათვალისწინებულია საკანონმდებლო მოთხოვნებიც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მართლა კარგი და საჭირო პროდუქტი შეიქმნა. ახლა ველოდებით მინისტრის ბრძანებაში ცვლილებებს და, პირველი დეკემბრიდან, დაწესებულებები შეუდგებიან საქმიანობას.

ვადებს მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს. წესით, 1-დან 14 დეკემბრის ჩათვლით,   უმაღლეს დაწესებულებებს ექნებათ ანკეტა-კითხვარის ორკვირიანი შევსებისა და წარმოდგენის ვადა.

საინფორმაციო ცენტრისთვის კი, განხილვის, ხარვეზის დადგენისა და საბოლოოდ დადასტურების ვადად განსაზღვრულია 10 იანვარი. 10 იანვრის შემდეგ ინფორმაცია ნაეკს გადაეგზავნება, რის შემდეგაც ცენტრი ადგენს შესაბამის ცნობას აბიტურიენტებისთვის, რომ   მათ შეიტყონ 2020 წელს ეროვნულ გამოცდებზე რომელი დაწესებულება, რა პროგრამაზე, რომელი საგნებით აცხადებს მიღებას.

– ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი მოგვიანებით ხდება ცნობილი, საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ შემთხვევაშიც თქვენ აწოდებთ ინფორმაციას ნაეკს?

– რაც შეეხება პრიორიტეტულ პროგრამებს (ე.წ. უფასო ფაკულტეტებს), ამ პროცესთან კავშირში არ არის, რადგან, პრიორიტეტული პროგრამები მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება – უკვე ავტორიზებული აკრედიტებული პროგრამების ნუსხა, თავის მხრივ, მოწმდება სამინისტროს მხრიდან. ეს ცალკე სისტემაა, თუმცა, ნაეკს ჩვენ ისევ ელექტრონულად მივაწვდით ინფორმაციას, ფინანსდება თუ არა ესა თუ ის პროგრამა. ჩვენ შორის სერვისი აეწყო და ამიტომ, როგორც კი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება, მაშინვე გადავუგზავნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

– როგორ მიიღეს უმაღლესებმა ეს სიახლე?

– გულწრფელად გეტყვით, რომ უმაღლესები მართლა აღფრთოვანებულები იყვნენ, როცა სიახლეს ვაცნობდით. ჩვენ მოვაწყვეთ საინფორმაციო შეხვედრები როგორც რეგიონების, ისე თბილისის უნივერსიტეტებთან, მართლაც ძალიან კარგი პრეზენტაცია იყო. შემდეგ, 11 უნივერსიტეტი დავპატიჟეთ პილოტირებაზე და მათი მხრიდან არც ერთი შენიშვნა არ ყოფილა. 1 დეკემბრამდე გახსნილია საიტი, რომ საპილოტე რეჟიმში შეავსონ ანკეტა-კითხვარები და დავტესტოთ ეს ყველაფერი, რეალურად ვნახოთ შედეგები, როგორ იმუშავებენ ახალი სისტემით. საერთო ჯამში კი, ძალიან პოზიტიური განწყობაა, ამის მიზეზი რეალურად აქვთ, რადგან გამესამედებულია მათი შრომა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, ბუნებრივია, მუდმივად ვითანამშრომლებთ და, ანკეტა-კითხვარის წარმოდგენის მერე, თუ პროგრამის სტატუსათან ან დაწესებულების სტატუსთან დაკავშირებული რაიმე ტიპის ცვლილება იქნება, საბოლოო ინფორმაციას პირველ აგვისტომდე მივაწოდებთ ისევ ელექტრონულად. ვიდრე აბიტურიენტებს ცვლილებების შეტანის უფლება ექნებათ,   მანამდე მივაწოდებთ განახლებულ და სრულყოფილ ინფორმაციას, შეეცვალა თუ არა რომელიმე პროგრამას ან უნივერსიტეტს სატატუსი, მაგალითად, ვის ჩამოერთვა პროგრამის განხორციელების უფლება და ა.შ. ამდენად, მეტ-ნაკლებად დავლაგდით ვადებში და ვფიქრობ, უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობას ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა ბევრად გაამარტივებს.

 ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი