ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პანდემიის პირობებში, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტატუსი არ შეუჩერდებათ

4901

ინტერვიუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან,

დავით გურგენიძესთან

 

➡ უმაღლესი სასწავლებლები, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩასატარებელია ფინალური ამოცდები, დამამთავრებელი კურსებისთვის კი სამაგისტრო თუ საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. როგორ აპირებთ დისტანციურად შუალედური თუ საბოლოო გამოცდების ჩატარებას ან თუნდაც შეფასების განხორციელებას?

✔ გეთანხმებით, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. პანდემიით შექმნილი ვითარებისთვის არათუ მსოფლიოს რომელიმე უნივერსიტეტი, სახელმწიფოებიც კი არ იყვნენ მზად, რადგან ეს მოულოდნელი მოვლენა აღმოჩნდა მსოფლიოსთვის. ის ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მთავრობამ გადადგა, კარგად ორგანიზებული და დროული იყო. პარალელურად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის, ბატონ მიხეილ ჩხენკელის ორგანიზებით, უმოკლეს პერიოდში, შესაძლებელი გახდა, სწავლების სისტემა როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე უმაღლეს სასწავლებლებში ელექტრონულ ფორმატზე ეფექტიანად გადასულიყო. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო პანდემიის პირობებში და შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტებმა, მათ შორის საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმაც, წარმატებით გავართვით თავი. სწორედ ამის შედეგია ის ფაქტიც, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ონლაინ რეჟიმში, ტექნიკურად გამართულად ჩავატარეთ შუასემესტრული გამოცდები. საგამოცდო პროცესი 23 მაისს დასრულდა და მასში მონაწილეობის მიღება აქტიური სტატუსის მქონე უკლებლივ ყველა სტუდენტს შეეძლო. მათი რაოდენობა კი ტექნიკურ უნივერსიტეტში 23 000-მდეა.

ტექნიკური უნივერსიტეტისთვის შუასემესტრული საგამოცდო პროცესის დისტანციურად ჩატარება ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა ფინალური გამოცდებისთვის. გარდა ამისა, ასევე ონლაინ და ტექნიკურად შეუფერხებლად წარიმართა დოქტორანტთა წინასწარი დაცვის პროცესი.

უკვე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ მოვლენების განვითარების შესაბამისად, დისტანციურ რეჟიმში, წარმატებით შევძლებთ როგორც ფინალური გამოცდების, ასევე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების დაცვის წარმართვას.

რაც მთავარია, სასწავლო კურსებში სტუდენტების შეფასების სისტემაც კარგად მუშაობს. ეს ახლა იოლად სათქმელია, მაგრამ ელექტრონული სწავლების მოქნილი და გამართული სისტემის შესაქმნელად ჩვენ მასშტაბური სამუშაოები განვახორციელეთ და რაც ასევე მნიშვნელოვანია, საუნივერსიტეტო ელექტრონული პლატფორმა უმოკლეს დროში ავამოქმედეთ – ტექნიკურ უნივერსიტეტში დისტანციური სწავლის პროცესი 16 მარტიდან დაიწყო.

მას შემდეგ, რაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, დიდი დატვირთვით მუშაობს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდი. ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სტუდენტებთან ურთიერთობა, პასუხს ვცემთ მათ შეკითხვებს. ასევე, უნივერსიტეტის ელექტრონული კომპონენტით სწავლების პლატფორმაზე, ტექნიკურ და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, გარკვეული პერიოდულობით, მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაციები პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.

შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ფაზის შემდეგ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება ეძლევა არა დისტანციურად, არამედ საგამოცდო სივრცეებში მიიღო სტუდენტები. ხართ თუ არა მზად, რომ დააკმაყოფილოთ სამინისტროს რეკომენდაციებ და, გაწერილი ვალდებულებების საფუძველზე, სტუდენტებსა და პედაგოგებს უსაფრთხო გარემო შექმნათ?

✔ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გვაქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში დავაბრუნოთ.

ცხადია, ამაში იგულისხმება, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი დააკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას, რითაც შექმნის უსაფრთხო გარემოს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ნებისმიერ საუნივერსიტეტო სივრცეში, სადაც წარიმართება სასწავლო აქტივობები. ეს საპასუხისმგებლო გამოწვევაა და ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ.

➡ განათლების ანტიკრიზისული გეგმის თნახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით – უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადი გადავადებულია ან შეთავაზებულია გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი. თქვენი უნივერსიტეტი რას სთავაზობს სტუდენტებს?

✔ სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები შეექმნათ როგორც ცალკეულ ოჯახებს, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესს. გამონაკლისი არც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ კავკასიის რეგიონში. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ 23 000-მდე აქტიური სტუდენტი გვყავს და

შექმნილი რთული მდგომარეობა მათ უმრავლესობაზე ნეგატიურად აისახა – პანდემიის პირობებში, ბევრმა სტუდენტმა დაკარგა სამუშაო, უმუშევრები დარჩნენ მათი ოჯახის წევრებიც.

მეორე მხრივ, უნივერსიტეტსაც რთული მდგომარეობა შეექმნა იმის გამო, რომ სტუდენტი ვერ ფარავს ან დროულად ვერ ახერხებს სწავლის საფასურის დაფარვას.

ვფიქრობთ, შეღავათების გაწევის მიზნით, სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სტუდენტზე ვრცელდება. პირველ რიგში, ავამოქმედეთ ინდივიდუალური საგანმანათლებლო გრაფიკი, რაც ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ერთვება დისტანციური სწავლების პროცესში, შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო კურსები აღადგინოს და შესაბამისი შეფასება მიიღოს; მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვის –

სწავლის საფასურის გადაუხდელობის მიზეზით, პანდემიის პირობებში, არც ერთ მათგანს არ უჩერდება სტუდენტის სტატუსი;

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი – ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი სტუდენტისთვის ხდება სწავლის საფასურის განწილვადება და მათ თანხის დაფარვა რამდენიმე თვის მანძილზე შეუძლიათ. შექმნილ სიტუაციაში, მეორე სემესტრის სწავლის საფასურის განწილვადებით შეუძლიათ ისარგებლონ სამივე საფეხურის – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა და, რასაკვირველია, პირველკურსელებმაც. გარდა ამისა,

კრიზისული ვითარების მიუხედავად, კვლავინდებურად, წარჩინებული სტუდენტებისთვის გავცემთ დაწესებულ სტიპენდიებს.

არაერთი სხვა შეღავათიც ავამოქმედეთ, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

რაც შეეხება განათლების სიტემის ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შემოგვთავაზა, ის მაქსიმალურადაა მორგებული პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებთან.

ჩვენთვის ამ პერიოდში ყველაზე მტკივნეულ საკითხად ის პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები რჩებოდა, რომელიც თავისი სპეციფიკის გამო ონლაინ ვერ ტარდებოდა.

ანტიკრიზისული გეგმით, საშუალება გვეძლევა, ყველა სავალდებულო სასწავლო პროცესი აღვადგინოთ, რისთვისაც უნივერსიტეტი, პრაქტიკულად, მზად არის.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი