სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგი დაიწყება

360
10 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის მიერ, დამტკიცდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი უწყებების ვალდებულებებს, მათ სისტემაში არსებულ საინფორმაციო ბაზებში სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზისა და მათი ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციის მიზნით.
აღნიშნული პროგრამის განხორციელებით მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელი გახდება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, იმ მიზეზების დადგენა, რომლებიც განაპირობებს მოზარდების საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ყოფნას. შესაძლებელი გახდება, როგორც არსებული რეგულაციების აღსრულება, ისე  აუცილებელი ინტერვენციული მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და განხორციელება (სპეციალური საგანმანათლებლო სერვისები, პროგრამები, სოციალური მხარდამჭერი პროგრამები და სხვა), სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინირებული მუშაობა ქვეყანაში ბავშვების განათლების უფლების რეალიზაციისთვის.

პროგრამას  შემდეგი უწყებები განახორციელებენ: 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო);

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;

 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური;

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტო;

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დოკუმენტის მიხედვით, ინფორმაციის შენახვის ვადა ერთი წლით განისაზღვრა, ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში კი, უწყებები ვალდებული არიან, ეს ინფორმაცია წაშალონ/გაანადგურონ.

იხილეთ ბრძანება 

დატოვეთ კომენტარი