„სკოლა მუზეუმში“ – პროექტი არაფორმალური სახელოვნებო განათლების ხელშეწყობისთვის

1097

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ,  ეკატერინე დგებუაძემ განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელში“ არაფორმალური სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროექტის – „სკოლა მუზეუმში“ შესახებ საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროგრამის მასშტაბის გაფართოების მიზნით ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს არაფორმალური განათლების მიმართულებით არსებული გამოცდილება, მიღწევები, გამოწვევები და განხორციელებული პროგრამები.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სკოლების მონაწილეობა სხვადასხვა არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში უფრო საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მუზეუმების წარმომადგენლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრობლობისთვის და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და კონკრეტული საკითხების განსახილველად სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს.

სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება არაფორმალური სახელოვნებო განათლების პროექტი „ხელოვნება სკოლაში“, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერებისა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზნით შეიქმნა. იგი კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და მოიცავს შემდეგ პროგრამებს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. პროგრამა „სკოლა მუზეუმში“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების სასწავლო რესურსად გამოყენებას გულისხმობს. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის სამუზეუმო ექსპონატები საგანგებოდ ირჩევა და ისინი სამ მუზეუმში ხორციელდება: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.

დატოვეთ კომენტარი