სიახლე და ცვალებადობა ამ სამყაროს საუკეთესო ატრიბუტებია – ინტერვიუ გიორგი ლობჟანიძესთან

2220

დღევანდელი „ნომრის სტუმარია“ პოეტი, მთარგმნელი და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი   ლობჟანიძე, რომლისთვისაც თვითიზოლაციამ, პრაქტიკულად, დღის რეჟიმი ბევრად არაფრით შეცვალა – ჩვეულებრივ მუშაობს და თავს „ოპტიმისტურად ნაღვლიანად“ გრძნობს. თუმცა, კორონობის ჟამს, მის ცხოვრებაში ჩვეული სამუშაო დღეების გარდა იყო გამორჩეული დღეებიც, რომელიც ასევე გამორჩეულად იქცა არა მხოლოდ მისთვის ან ლიტერატურის მოყვარულებისა და ქომაგებისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის, რადგან მთარგმნელის სიტყვებითვე რომ ვთქვა: ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევის“ აკადემიური თარგმანი ნებისმიერ ენაზე ნამდვილად არის მოვლენა! მისთვის კი – მოვლენასთან ერთად, უმძიმესი შრომის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგი. „ბოლოს და ბოლოს რუმის თარგმანიც ზარზეიმით შემოვა თავის სამშობლოში“. ინტერვიუში წაიკითხავთ მთარგმნელის აქცენტებს პროექტის „არაპოეტურ მხარეზეც“ – რა ეტაპები გამოიარა პირველი წიგნის დაბეჭდვამდე ექვსწიგნიანი ნაწარმოების თარგმანის პროექტმა, რომელიც 12 წელიწადში უნდა დასრულებულიყო.  

 გიორგი ლობჟანიძისგან, ასევე, გაიგებთ იმ მიზეზებსაც, თუ რატომ არის საზოგადოებაში განათლების დეფიციტი და არსებულ ვითარებაში ქართული საზოგადოება, მოულოდნელად, როგორ ამჟღავნებს კარგ თვისებებს.

 

✔️გიორგი, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ – როგორ გამოვიყურებით ადამიანები ცხოვრების ამ მძაფრსიუჟეტიან მონაკვეთში? როგორი გამოჩნდა საზოგადოება დღევანდელ ვითარებაში?

➡️ არ ვიცი. დიდი ხანია, გარეთ აღარ გავსულვარ. საერთოდ კი, ადამიანი ყველგან ადამიანია: თავისუფლად მყოფიც და იზოლაციაში. სოციალური ქსელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ოდნავ ნევროზულები გავხდით, რაც სავსებით ბუნებრივია. ქართული საზოგადოება მოულოდნელად კარგ თვისებებს ამჟღავნებს. უფრო სწორად, ნამდვილი საზოგადოებისათვის დამახასიათებელ კარგ თვისებებს. ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი ორგანიზებულები და გნებავთ, კანონმორჩილები თუ აღმოვჩნდებოდით. რამდენიმე ინცინდენტი საგულისხმო არ არის. ეს ისეთი გამონაკლისია, რომელიც სწორედ წესს ადასტურებს.

✔️ რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ცხოვრებაში?

➡️ ბევრი არაფერი. ჩემი დღის რეჟიმი პრაქტიკულად იგივეა. ჩვეულებრივ ვმუშაობ და გარეთაც გული მაინცდამაინც არ მიმიწევს ამ ეტაპზე. შეიძლება, პირიქით, პანდემიამ დამასვენა კიდევაც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით საათობით მგზავრობა აღარ მიწევს: ეს დრო ნამდვილად დამეზოგა და ახლა ამ დანაზოგსაც საქმისთვის ან დასვენებისათვის ვიყენებ. ერთადერთი, ძალიან მენატრებიან ჩემი მეგობრები და ახლობლები, ჩემი დები და ნათესავები, რომლებსაც ვეღარ ვნახულობ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ესეც დამთავრდება.

✔️ ერთი ფრაზით რომ გამოხატოთ, როგორია ახლა თქვენი შინაგანი მდგომარეობა?

➡️ ოპტიმისტურად ნაღვლიანი.

✔️ ამ პერიოდში, თვითიზოლაციის დროს, გამოვიდა თქვენი ახალი თარგმანი – ჯალალ ედ-დინ რუმი „არსთა მესნევი“ – ცოტა რამ გვითხარით ამ წიგნზე.

ბოლოს და ბოლოს დასრულდა უმძიმესი შრომის წლების პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი და დავინახე ამ შრომის შედეგი – ჯალალ ედ-დინ რუმის გენიალური პოემის ქართული თარგმანის პირველი ნაწილი, რომელიც ხუთას ნაბეჭდ გვერდს მოიცავს. ამ პოემის თარგმნა, თავის დროზე, 12 წლის წინათ, ირანში მოქმედმა ორგანიზაციამ – „შამსე თაბრიზის საზოგადოებამ“ შემიკვეთა. ეს არის ჯალალ ედ-დინ რუმის მემკვიდრეობის შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც რუმის პირველხარისხოვანი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. მკაცრი წინასწარი შერჩევის შემდგომ, მათ ამ პოემის მთარგმნელად მე ამირჩიეს და გავაფორმეთ საკმაოდ დეტალური და იურიდიულად მძიმე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გარკვეული ანაზღაურების ფასად (რომელიც, მინდა გითხრათ, რომ კაპიკები იყო შესრულებული სამუშაოს მნიშვნელობასა და სიმძიმესთან შედარებით), დაახლოებით, ყოველ ორ წელიწადში მათთვის უნდა ჩამებარებინა დასაბეჭდად გამზადებული პოემის თითო წიგნი. ნაწარმოები ექვსწიგნიანია და შესაბამისად, ივარაუდებოდა, რომ თარგმნა და გამოცემა 12 წელიწადში უნდა დასრულებულიყო. ირანულმა მხარემ, ავანსის სახით, გადაიხადა პირველი წიგნის ჰონორარის ნახევარი და მპირდებოდა, რომ მეორე ნახევარს ამ პირველი წიგნის დასრულების შემდგომ მივიღებდი. თუმცა, პირველი წიგნის დასრულებისთანავე გაირკვა, რომ მათ პროექტის გაგრძელება აღარ მოინდომეს და ამის მიზეზად ფინანსური კრიზისი დაასახელეს, ისიც არაოფიციალურად, რადგან „შამსე თაბრიზის ფონდის“ ხელმძღვანელი, რომელმაც ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ამის შემდეგ ჩემთან კავშირზე აღარ გამოსულა. პოემაზე მუშაობა კი მაინც გავაგრძელე, მაგრამ ამის პარალელურად, ვინაიდან გაურკვეველი იყო ირანში დადებული ხელშეკრულების მომავალი, სხვა სპონსორების მოძიება აღარ დამიწყია. ვიჯექი ჩემთვის და ვაკეთებდი საქმეს, რომელიც პრაქტიკულად უკვე დავასრულე, რადგან ამჟამად შავად თარგმნილი მაქვს პოემის ექვსივე ნაწილი. ჩემსა და ირანულ ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე იცოდნენ საქართველოში ირანის საელჩოშიც. საელჩოს კულტურის განყოფილება რამდენჯერმე შეეცადა „შამსე თაბრიზის ფონდის“ ხელმძღვანელობასთან ამ საკითხის გარკვევას, მაგრამ როგორც მე მითხრეს, დამაიმედებელი პასუხი ვერ მიიღეს. ერთადერთი ის გამოარკვიეს, რომ ფონდი ტექსტის თარგმანის უფლებაზე პრეტენზიას აღარ აცხადებდა, ვინაიდან ხელშეკრულებას ყველანაირი ყავლი უკვე გაუვიდა. ამის შემდეგ, ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ჰამიდ მუსტაფავიმ შემომთავაზა, რომ თუკი მოვძებნიდი გამომცემლობას, რომელიც თანახმა იქნებოდა გამოეცა ჩემი თარგმანი, ირანის საელჩოს კულტურის განყოფილება მზად იყო, დაეფინანსებინა პოემის პირველი და მეორე წიგნის ჰონორარისა და გამოცემის ნაწილი. მე დავუკავშირდი „სულაკაურის გამომცემლობას“ და მისი ხელმძღვანელი თინა მამულაშვილი მართლაც დიდსულოვნად დამთანხმდა გამოცემაზე. ასე დაიბეჭდა პირველი წიგნი და თუ ირანელებმა (ამჯერად, ირანის საელჩოს კულტურის განყოფილებამ) ჩვენთვის მოცემული სიტყვა პატიოსნად შეასრულეს, წლის ბოლომდე, მესნევის მეორე წიგნიც დაიბეჭდება.

პირველი წიგნი კი დაიბეჭდა, მაგრამ ტირაჟი, კოვიდ ინფექციის მიზეზით მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, თურქეთის ერთ-ერთ სტამბაში ჩარჩა და, ჯერჯერობით, მკითხველამდე ვერ ჩამოაღწია. ისევ გამომცემლობამ იყოჩაღა, რამდენიმე ცალი თურქ პარტნიორებს ფოსტით გამოაგზავნინეს და ჩემამდე ასე მოვიდა ამდენი ხნის ნანატრი ნაშრომი. იმედია, მალე ყველაფერი დალაგდება და ბოლოს და ბოლოს რუმის თარგმანიც ზარზეიმით შემოვა თავის სამშობლოში. ვინც მიცნობს, ალბათ, გაუკვირდება ჩემგან პროექტის ფინანსურ და სრულიად არაპოეტურ მხარეზე ამდენი ლაპარაკი. ალბათ უფრო იმას ელოდნენ, მეთქვა რა დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი წიგნების თარგმნას და როგორი ბედნიერი ვარ, რომ ამხელა საქმეს გვირგვინი დავადგი. რა თქმა უნდა, ასეა! ამ ბედნიერებას მართლა არაფერი შეედრება, მაგრამ სამწუხაროდ, არც იმ ასაკში აღარა ვარ, რომ მხოლოდ ჩემი გვარ-სახელის წიგნის ყდაზე ხილვა მახარებდეს. მთარგმნელის შრომა ისედაც სრულიად შეუფასებელია და ამ ფონზე, როცა წინასწარ შეთანხმებულ კაპიკებსაც კი გამათხოვრებენ, შეიძლება ადამიანმა ყველაფერზე ხელი ჩაიქნიო; ან ეჭვი მაინც შეგეპაროს საკუთარი საქმის სისწორეში, რადგან დიდი ანგარიშით, თუ საქმე, რომელსაც აკეთებ, სწორია, იმან თავისი შემოსავალი აუცილებლად თვითონვე უნდა მოიტანოს. თუ არადა, ესე იგი ფუჭად შრომობ: ერს, რომელსაც სხვა, სრულიად მიწიერი მოთხოვნილებები აქვს, ჯალალ ედ-დინ რუმი არაფერში სჭირდება: ვერაფერში გამოიყენებს და ვერც თავს მოიწონებს, შემომხედეთ, ეს რა განძი მაქვსო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი დონის თარგმანს სულ პიროვნულ ინიციატივას ვერ შეატოვებ და, თუ ქვეყანა გქვია და მით უმეტეს, კულტურულობაზე გაქვს პრეტენზია, არც უნდა შეატოვო. მოკლედ, ამ ეტაპზე, თუ ვინმესთვის მეთქმის მადლობა, რა თქმა უნდა, „სულაკაურის გამოცმელობისთვის“, რომ პირველი წიგნი მაინც დამიბეჭდა. ნაწილობრივ, ირანის საელჩოს კულტურის განყოფილებისთვისაც, რაკიღა ამ განყოფილების ხელმძღვანელმა, ჩემთან ბოლო საუბრისას, მითხრა, რომ მას უბრალოდ პიროვნულად აწუხებდა ის ამბავი, რომ თარგმანი ამდენი ხანი „ობდებოდა“ ჩემს კომპიუტერში და ამიტომ გადაწყვიტა, რაღაცით დახმარებოდა პირველი წიგნის გამოცემის პროცესს. და რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ თარგმანის რედაქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგის, პროფესორ თეა შურღაიასი, რომელმაც (თავდაპირველი ირანელი პარტნიორების პირუმტკიცობის გამო) სრულიად უსასყიდლოდ იმუშავა თარგმანის რედაქტირებაზე, სკრუპულოზურად შეადარა ქართული ტექსტი პოემის დედანს და არაერთი ფასეული რჩევა გაგვიზიარა.

დანარჩენი რა გითხრათ? სულ არა ვარ ყალბი თავმდაბლობის გუნებაზე, ამიტომ მოდი, ასე ვიკითხოთ: არის მოვლენა ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევის“ აკადემიური თარგმანი ნებისმიერ ენაზე? ნამდვილად არის! სხვა ყველაფერი მკითხველმა შეაფასოს. მე კი ვიმედოვნებ, სიკვდილამდე მაინც მოვახერხებ იმას, რომ პოემის სრული ტექსტი შესაბამისად გამოვცე, ისევე ბრწყინვალედ, როგორც სულაკაურის გამომცემლობის წყალობით ეს პირველი წიგნი დაისტამბა.

✔️ თუ არ ვცდები, პანდემიამ ხელი შეგიშალათ ერთ-ერთ საერთაშორისო ფესტივალზე პრემიის მისაღებად გამგზავრებაში…

➡️ დიახ, ნამდვილად ასე იყო. თუმცა, ეს ამბავი მაინცდამაინც მტკივნეულად არ აღმიქვამს. იმიტომ, რომ ვერც გავიგე, რა როგორ მოხდა. საქმე ისაა, რომ იტალიაში არსებობს ყოველწლიური ძალიან პრესტიჟული პრემია მსოფლიო პოეზიაში, რომელზეც, ყოველწლიურად, ათასობით კონკურსანტი მონაწილეობს და ამ პრემიის ოცეულში გასვლა დიდ წარმატებად ითვლება. ჩემმა მეგობარმა, იტალიური ლიტერატურის ქართულად და ქართული ლიტერატურის იტალიურად მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ გადაწყვიტა, რომ ჩემი ლექსების იტალიური თარგმანებიც გაეგზავნა, ოღონდ წინასწარ მე არაფერი მითხრა და მხოლოდ მას შემდეგ შემატყობინა, როცა გაირკვა, რომ წლევანდელ მონაწილეთა საუკეთესო 10 პოეტში გავედი. წელს კი, სულ 2000-მდე პოეტის 4000-მდე ნამუშევარი იღებდა მონაწილეობას. მარტში, იტალიაში, უნდა ჩატარებულიყო პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი და პრემიის კომიტეტმა წერილით შემატყობინა, ეპიდსიტუაციის გამო, გადავდეთ ღონისძიება და ბოდიშს გიხდითო. ასე რომ, ოდესმე, კორონა რომ დასრულდება, მაინც მომიწევს იტალიაში ამ პრემიისთვის ჩასვლა. მაგრამ ყველაზე მთავარი ამ პრემიაში ჩემთვის ჩემი მეგობრის ასეთი თავგანწირვა და გულშემატკივრობა იყო. ნუნუ გელაძე რომ არა, ცხადია, არაფერიც არ იქნებოდა და კიდევ კარგი, რომ არის, რომ მყავს და ჰყავს ეს ადამიანი მთელ ქართულ ლიტერატურას, იტალიაში მცხოვრებ ყველა ქართველს, რადგან ეპიდემიის დროს ნუნუ გელაძე იქცა იქაური ქართველების ერთ-ერთ უპირველეს დამხმარედ და ნუგეშად.

✔️ დღეს საზოგადოებაში რა ფასობს?

➡️ გააჩნია, რომელ საზოგადოებაში. საზოგადოება ძალიან ჭრელია. ჩემს საზოგადოებაში ფასობს სიკეთე, გონიერება, წიგნიერება, განათლება, სიყვარული, უბრალოება და ადამიანურობა. საერთოდ, ქართულ საზოგადოებაში რა მოგახსენოთ? ალბათ, იგივე ღირებულებები, რაც ჩამოგითვალეთ, რადგან, ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანი მიდის სწორედ ამ ღირებულებების აღიარებამდე.

✔️ პოპულიზმით შეპყრობა, პირველ რიგში, რისი მანიშნებელია?

➡️ არასრულფასოვნების კომპლექსის.

✔️ ახლა უნდა გკითხოთ განათლებაზე – საზოგადოებაში განათლების დეფიციტია?

➡️ რა თქმა უნდა, არის. ჩვენი განათლების სისტემა ვერა და ვერ წავიდა წინ, რადგან საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის მთელ ისტორიაში არც ერთი მთავრობის პრიორიტეტი განათლება არ ყოფილა. გადაიდგა რაღაც ნაბიჯები განათლების სისტემის მოსაწესრიგებლად, მაგრამ, ჯერ ერთი, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ისიც, რაც გაკეთდა, უმრავლეს შემთხვევაში, თითქმის უკვალოდ დაიკარგა.

✔️ და ისევ განათლებაზე – კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ისე უმაღლესები. რას გვეტყვით, როგორ გავართვით თავი ონლაინ სწავლებას – თქვენი აზრი საინტერესოა როგორც მშობლის, ისე როგორც ლექტორის პოზიციიდან…

➡️ მე მგონია, რომ ასეთ უცაბედ გამოწვევას თავი საკმაოდ კარგად გავართვით. ჩემი გოგონა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობს და აღტაცებული ვარ ამ სკოლის მასწავლებლების პროფერსიონალიზმითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. პირველი სკოლა მაგალითად იმიტომ მომყავს, რომ უშუალო შემსწრე ვარ მათი ონლაინ გაკვეთილებისა, თორემ ისე, ეჭვი არ მეპარება, რომ მეტ-ნაკლებად ასეთი ვითარება გვაქვს ყველა სხვა სკოლის შემთხვევაშიც. არ ვიცი, რა ხდება იმ რეგიონებში, სადაც ინტერნეტის პრობლემაა. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას და კონკრეტულად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, უმოკლეს ვადაში მოხდა ყველა რესურსის მობილიზება, რათა დისტანციური სწავლებისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო. შემიძლია გითხრათ, რომ სულ რამდენიმე ლექციის გაცდენა მომიწია და ისიც ინტერნეტის ხარისხის გამო. დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივად არის – ერთგულად მივყვებით სასწავლო პროგრამას და არც ერთ ჯგუფთან ჩამორჩენა არ იგრძნობა, თუმცა, როგორც სწავლების მეთოდი, დისტანციური სწავლება, ვერასოდეს ჩაანაცვლებს უშუალო კონტაქტის, აუდოტორიაში მიღებული განათლების მთელ სიკეთეს.

✔️ თქვენთვის ვინ იყო/არის ყველაზე „დიდი“ მასწავლებელი?

➡️ ალბათ ძალიან ბანალური გამოვჩნდები, მაგრამ მაინც ასე უნდა გიპასუხოთ: ცხოვრება და ის ადამიანები, რომლებიც ბედისწერამ შემახვედრა.

✔️ სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო – ამ ფრაზას ხშრად ვისმენ კორონავირუსობის ჟამს. ნეტავ, იცის ვინმემ როგორი იქნება? თქვენ რას ფიქრობთ, როგორი იქნება?

➡️ მთავარია, სამყარო იყოს და ის, მეორე დღეს, ისედაც არ არის ხოლმე ზუსტად ისეთი, როგორიც წინა დღით იყო. სიახლე და ცვალებადობა ამ სამყაროს საუკეთესო ატრიბუტებია. კარგია, თუ ეპიდემია სასიკეთოსაც გვასწავლის რამეს.

✔️ ამ გადასახედიდან ყველაზე ძვირფასი რა არის თქვენთვის? ჩემთვის აქამდეც სიცოცხლე იყო, რადგან აფხაზეთის ომის შემდეგ, ამაზე ძვირფასი და ღირებული ჯერ ვერაფერი ვიპოვე…

სიცოცხლე და უანგარო სიკეთე. ქვაზე დადებული მადლი.

✔️  ლიტერატურა – რა გავლენას ახდენს ადამიანებზე…

➡️ მინიმალურს. ან საერთოდაც ვერავითარს. ლიტერატურამ შეიძლება იმოქმედოს ყოველ კონკრეტულ ადამიანზე, ადამიანებზე ის თითქმის ვერ მოქმედებს. მაგრამ თუნდაც ერთი კარგი ადამიანის კათარზისისათვის ღირს ლიტერატურის არსებობა.

✔️ როცა პანდემია გადაივლის (იმედია წავა!) და შეზღუდვები მოიხსნება, პირველ რიგში, რას გააკეთებთ?

➡️ მეგობრებს ვნახავ, მონატრებულ ადამიანებს.

 ესაუბრა ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი