საოკუპაციო რეჟიმი ახალგორელ აბიტურიენტებს ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს

480

საოკუპაციო რეჟიმი, ერთი შეხედვით, თითქოს გარკვეულ დათმობაზე წავიდა, როცა განაცხადა, რომ ახალგორელ აბიტურიენტებს  თბილისში სწავლის გაგრძელების უფლება მიეცემათ. მეორე მხრივ, აბიტურიენტები ე.წ. უშიშროების კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაიბარეს „გასაუბრებაზე“ და მკაცრად გააფრთხილეს, თუ ე.წ. საზღვარს გადაკვეთდნენ და  თბილისში, რომელიმე უნივერსიტეტში დაიწყებდნენ სწავლას, დაჯარიმდებოდნენ, ამასთანავე, ვეღარც უკან დაბრუნებას მოახერხებდნენ. აბიტურიენტებს მოსთხოვეს, რომ სწავლა ცხინვალის უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ და უარი ეთქვათ თბილისში გამგზავრებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ არასრულწლოვნებთან ე.წ. გასაუბრებას არ ესწრებოდნენ არც მშობლები, არც მასწავლებლები და არც სხვა მეურვეები.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებამ მშობლების პროტესტი გამოიწვია და ინფორმაციამ მედიაშიც გაჟონა, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აბიტურიენტების მშობლებს შეხვდნენ და პირობა მისცეს, რომ თბილისში სწავლის გაგრძელების მსურველებს საოკუპაციო ხაზს არ ჩაუკეტავენ. „ეს იქნება ერთჯერადი გახსნა, ჯერჯერობით, ერთი მიმართულებით – მხოლოდ თბილისი. ვიდრე ჩვენთან საკარანტინო პერიოდი არ დასრულდება, მათ უკან დაბრუნების შესაძლებლობა არ ექნებათ.“ – ამბობს თამარი.

ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის აზრით, საოკუპაციო რეჟიმმა ახალი შეზღუდვები მას შემდეგ დააწესა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის საქართველოს მთავრობამ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასო გახადა. „ადრე, ვისაც ჰქონდა ე.წ. „პროპუსკი“, სტუდენტი იყო, პენსიონერი თუ ნებისმიერი ადამიანი, ყველა გადაადგილდებოდა ნებისმიერ დროს, მაგრამ გასული წლის სექტემბრიდან ეს შესაძლებლობა ყველასთვის შეზღუდულია.“ – აცხადებს გამგებელი და იმასაც ამბობს, რომ ეს არ ყოფილა უშიშროების წარმომადგენლების მხრიდან  დაბარების პირველი შემთხვევა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორელი აბიტურიენტების უფლებების დასაცავად საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება უნდა გააძლიეროს. აბიტურიენტებს, ხშირად, ე.წ. საზღვრის კვეთა არაფორმალური გზით, ტყეების გავლით, ძნელად გასავლელი ბილიკებით უწევთ და ხშირია ფიზიკური დაზიანებებიც. „საქართველოს მთავრობამ ყველა დიპლომატიური მექანიზმი უნდა გამოიყენოს, მათ შორის საერთაშორისო მექანიზმები იმისათვის, რომ კონკრეტულად აბიტურიენტების ინტერესები ცალკე დააყენონ, ცალკე მოლაპარაკებები გაიმართოს, რომ მათ,  წინასაგამოცდო პერიოდში, საზღვრის გადაკვეთა უპრობლემოდ შეძლონ.“ – ამბობს თამთა მიქელაძე, EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.

ის, რომ საოკუპაციო რეჟიმი ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელებას, თბილისის ნაცვლად, ცხინვალში აიძულებს, გასაკვირი არ არის. ბუნებრივია, ისიც, რომ ჩვენს მოქალაქეებს  ცხინვალში ან თუნდაც რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლა არ სურთ, აბიტურიენტების უმეტესობა თბილისში სწავლას ამჯობინებს. ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს უპრობლემოდ შეეძლოთ თბილისში სწავლის გაგრძელება.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

დატოვეთ კომენტარი