საბაზო საფეხური ათწლიან სწავლებაზე გადავა

500
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსმა, მარიამ ჩიქობავამ განაცხადა, რომ სამინისტროში ფიქრობენ მეათე კლასი ჩამოვიდეს საბაზო საფეხურზე, როგორც სავალდებულო წელი, ანუ გაიზარდოს სავალდებულო განათლების წლების რაოდენობა.
მისივე განცხადებით, მე-11 და მე-12 კლასი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული უმაღლეს განათლებაზე – „ვფიქრობთ, სკოლებს უფრო მეტი დიფერენცირების შესაძლებლობა მივცეთ. მათ საკმაოდ კარგი მომზადება დასჭირდებათ იმისთვის, რომ გამოიკვეთოს პროფილი და ის მრავალფეროვანი ინტერესები, რაც შეიძლება მოსწავლეს ჰქონდეს. პროფილში ვგულისხმობ ჰუმანიტარულ ან საბუნებისმეტყველო მიმართულებებს, თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასე მკაცრად დიფერენცირებული არ იყოს და უფრო მეტი შესაძლებლობის უფლება მივცეთ სკოლებს, როგორ დაგეგმონ მე-11 და მე-12 კლასები.“
საბაზო საფეხურის 9-წლიანი სწავლებიდან 10-წლიანზე გადასვლის შესახებ, ჯერ კიდევ, წლის დასაწყისში დაიწყო საუბარი და მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, რეფორმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პრეზენტაციაზე განმარტა, თუ რატომ მუშაობს სამინისტრო ცვლილებაზე და ამით რას სთავაზობს სისტემას რეალურად:
„ცვლილებით, რომელსაც გთავაზობთ, სავალდებულო საბაზო განათლების 9-წლიანი სწავლებიდან 10-წლიან სწავლებაზე გადავდივართ (ამას ძალიან ბევრი ქვეყანა აკეთებს. არსებობს საერთაშორისო კვლევებიც, რომ ერთი წლით მეტი დაყოვნება ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში, მინიმუმ, 9 პროცენტით მაღალ შემოსავალს უდრის მომავალში). რასაკვირველია, ცვლილებას თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის, მაგალითად, 9-კლასდამთვრებულ მოსწავლეს არც ასაკობრივი და არც აკადემიური მზაობა არ გააჩნია იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს – გადავიდეს პროფესიულ პროგრამაზე თუ სკოლაში გააგრძელოს შემდეგ საფეხურზე სწავლა. ამას ისიც ემატება, რომ მას წინ გამოცდების ჩაბარება უწევს, რომლისთვისაც უნდა მოემზადოს. თუ მომზადების თავი არ აქვს, ურჩევნია, სკოლა მიატოვოს ან სცადოს ბედი. ასეთი მოსწავლე ხშირად მეთერთმეტე კლასში გამოცდაზე იჭრება და კლასის გამეორება უწევს ან რაღაცნაირად გადადის შემდეგ კლასში და მერე იქ იჭრება გამოცდებზე. საბოლოო ჯამში, შედეგად გვაქვს ის, რომ დღეს, ჩვენი მოსახლეობის საერთო ციფრიდან, მილიონამდე ეკონომიკურად პროდუქტიული ადამიანი დაუსაქმებელია. რატომ? იმიტომ, რომ ან არასრული განათლება აქვს სკოლის დონეზე, ან უმაღლესის განათლება აქვს, რომელსაც დასაქმებისთვის ვერ იყენებს და ა.შ.“
მისივე განმარტებით, საბაზო საფეხურის 10-წლიან სწავლებაზე გადასვლა ნიშნავს, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, იმ 13 პროცენტზე მეტ მოსწავლეს, რომელიც ყოველწლიურად ტოვებს სკოლას მეათე კლასში, მისცეს საფუძვლიანი ზოგადი განათლება და აუცილებლად უზრუნველყოს მისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

დატოვეთ კომენტარი