როცა საქართველოს ეროვნული ჯილდო მივიღე, მაშინ ვთქვი, რომ მე მსოფლიოს აუცილებლად ვეტყოდი ქართველი მასწავლებლის სათქმელს და ეს დავამტკიცე კიდეც

1079

„დიდი მოლოდინები ნამდვილად არ მქონია, მაგრამ იმედი მქონდა ჩემი სკოლის, კოლექტივის, ჩემი მოსწავლეების. მარტო არასოდეს მივდიოდი ამ გზაზე, მივდიოდი ჩემს თანამშრომლებთან, კოლეგებთან ერთად (ჩემი ყოფილი მასწავლებელიც მუშაობს ჩემს სკოლაში). ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს საქართველოს გამარჯვებაა, ჩემი სკოლის გამარჯვება და მთელ საქართველოს ვულუცავ.

როცა საქართველოს ეროვნული ჯილდო მივიღე, მაშინ ვთქვი, რომ მე მსოფლიოს აუცილებლად ვეტყოდი ქართველი მასწავლებლის სათქმელს და ეს დავამტკიცე კიდეც – მივდივარ გლობალურ ჯილდოზე, რათა ქართველ მასწავლებელს შრომა დაუფასდეს.

გილოცავ საქართველო!

მილიონი დოლარი პატარა თანხა არ არის და თუ გავიმარჯვებ, ეს თანხა მოხმარდება ჩემს მუნიციპალიტეტს, ჩემს გურიას, მოსწავლეებს, საგანმანათლებლო სივრცეს და თუ შესაძლებლობა მომეცემა, სხვადასხვა სკოლებში ჩავიტან სასწავლო რესურსებს, წიგნებს და დავეხმარები სტუდენტებს.“

„როდესაც მე ვიყავი პატარა, მრავალი სუპერ გმირი არსებობდა, ვინც მე მინდოდა ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, მთელი ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერ გმირები მასწავლებლები არიან – ისინი ცვლიან სამყაროს.“- განაცხადა მსახიობმა, მომღერალმა და პროდიუსერმა, ჰიუ ჯეკმანმა, სპეციალურ ვიდეო გზავნილში, სადაც მან 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტი გამოაცხადა.

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში, ლადო აფხაზავასთან ერთად, არიან: დებორა გურაფლო – ბრაზილია; დეიზი მერტენს – ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტ – დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა – ინდოეთი; მელისა სალგუერო – აშშ; მარტინ სალვეტი – არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარან – ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო – იაპონია; პიტერ ტუბიში – კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება. ჯილდო 1 000 000 დოლარია, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. ჯილდო მოქმედებს 2015 წლიდან.

„რა გზავნილია ახალგაზრდებისთვის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადოს დამსახურებული გამარჯვება? რომ მასწავლებლის პროფესია შეიძლება საინტერესო შესაძლებლობებს გიხსნიდეს, არნახული აღიარება მოჰქონდეს როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე, თუ სწორი ღირებულებები გაქვს, გიყვარს შენი პროფესია და ყველა ხელშემშლელი ფაქტორის მიუხედავად ბოლომდე იხარჯები შენი მოსწავლეებისთვის, უკვალავ მათ გზას წარმატებული მომავლისკენ!
ლადო აფხაზავა, შენ ეს ყველაფერი შენი გამარჯვებით თვალნათლივ დაანახე მათ! გილოცავ, მჯეროდა, ვგრძნობდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მაინც ამ დილას ემოციებს ვერ ვიკავებდი.
ვულოცავ ჟიურის მთელ შემადგენლობას, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა!“- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი.

 

    

დატოვეთ კომენტარი