როგორ შეიძლება სკოლაში ასწავლიდეს მასწავლებელი და ვერ შეძლოს ამ გამოცდის ჩაბარება ?!

4864

„არა მხოლოდ ტკბილ ხმებისთვის გამომგზავნა ქვეყნად ცამა“.

ჰოდა, დღეს სისტემაზე, ანდაც სრულ უსისტემობაზე უნდა გესაუბროთ, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრენდია.

განათლებაც ხომ ტრენდია – ქვეყნის ახალგაზრდების უმრავლესობამ აუცილებლად უნდა დაასრულოს უნივერსიტეტი, მაგრამ რა ცოდნას ვაძლევთ მათ ? უნდათ ნამდვილად კი მათ უმაღლესი განათლება? რა არის მათი რეალური მოწოდება ? თუმცა, ტრენდი-ტრენდია, მისი მოცილება კი ასე ადვილი არაა.

ოცდასამ ივლისს მასწავლებლის გამოცდაზე გავედი. ძირითადად ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ საგამოცდო დარბაზში ვიჯექი. რამდენ მათგანს ექნება შესაძლებლობა, დასაქმდეს გამოცდის ჩაბარების და ერთწლიანი პროგრამის გავლის შემდეგ? ან რამდენად პროფესიონალები არიან ისინი თავიანთი საქმის ?

ეს და სხვა კითხვები მანამ მაწუხებდა, ვიდრე კალამი არ დავდე და ნამუშევარი არ ჩავაბარე. ვფიქრობ, თითქმის უშეცდომოდ დავწერე, რაც პასუხებში გამოჩნდება.

მაგრამ, დავუბრუნდეთ ჩვენს კითხვებს. მაქვს შანსი სკოლაში დასაქმების? ამოწმებს ვინმე, როგორი აკადემიური მოსწრება მქონდა უნივერსიტეტში ? როგორც ახალგაზრდა, მოტივირებულ მასწავლებელს, შემიძლია მოვძებნო კონკურენტუნარიანი ადგილი სკოლაში ?

„გამოცდაზე გავედი სრულიად მოუმზადებლად, საშუალო განათლებით, რადგან პროფესიით ფილოლოგი არ ვარ და ჩავაბარე. როგორ შეიძლება სკოლაში ასწავლიდეს მასწავლებელი და ვერ შეძლოს ამ გამოცდის ჩაბარება ?! ვინც ვაბარებთ, იმათ მაინც მოგვეცეს შესაძლებლობა… რომ რკინის კარები არის ჩამოფარებული ჩვენთვის მათ გამო… “ – ეს ჩემი მეგობრის, ახალგაზრდა გოგონას პოსტიდანაა, რომელიც ერთ მზიან დღეს ბანკში გავიცანი. ამ სიტყვებიდანაც, უკვე უამრავი რამ ხდება ნათელი.

(რა თქმა უნდა, როცა ახალგაზრდა კადრებზე ვსაუბრობ, არ მავიწყდება ღირსეული ასაკოვანი კადრები, რომლებიც ნამდვილად არსებობენ და უამრავი მათგანი სიამაყით მახსენდება, რადგან სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც მათ შემაყვარეს ჩემი პროფესია.)

პრობლემის უკეთ დასანახად ჩამოვწეროთ ორი პუნქტი :

ტესტი არის საშუალო სირთულის და მიმაჩნია, რომ მან, ვისაც აქვს სურვილი, ასწავლიდეს მომავალ თაობას, ეს ტესტი აუცილებლად უნდა დაძლიოს. გაუგებარია კრედიტების სისტემა: მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ასწავლის წლების განმავლობაში, თავის საგანს ერთ კრედიტზე არ უნდა აბარებდეს. ამან წარმოშვა სახელწოდება „ერთკრედიტიანი მასწავლებლები“, წარმოშვა უხერხულობა, მაგრამ ამას ვინ დაეძებს – ასეთმა კადრებმა დაუკარგეს მომავალ თაობას სწავლის სურვილი, ინტერესი და მოტივაცია. არ გჯერათ ? მიმოიხედეთ. დააკვირდით ახალ თაობას, ნუ დავაბრალებთ ყველაფერს მათ, რომ ისინი არ არიან მონდომებულები, რომ მათ არ აინტერესებთ და ა.შ. არ იქნება ეს სწორი მიდგომა.

როგორც ვხედავ, მეც და დანარჩენ მაძიებელ მასწავლებლებს იმედი არ გვაქვს, რომ ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სკოლაში დავსაქმდებით. ეს კი საკმაოდ აქრობს მოტივაციას ადამიანში, რომ სკოლაში შესვლაზე იფიქროს. ეს კიდევ ერთი დიდი გადაუჭრელი პრობლემაა.

თუმცა, ფესვები საიდან იღებს სათავეს ? მხოლოდ მასწავლებლებზე ვერ გადავტეხავთ ჯოხს, რადგან ამ პრობლემას ღრმა სათავე აქვს – ეროვნული გამოცდების ბარიერი, რომელიც გაუგებრად დაბალია.

ისტორიის სრული ქულა: 70, გამსვლელი – 18, ქართულის სრული ქულა – 80, გამსვლელი – 21. ჩვენ უმაღლესი სასწავლებლები განათლების მისაღებად გვსურს თუ ბიზნესის საკეთებლად? იქნებ ბიუჯეტში ფული შიდა პროდუქტის გამომუშავებით და ტურიზმის აყვავებით გამოგვემუშავებინა, სანამ განათლების სისტემის დეგრადირებულ წრეს შევქმნიდით ?

როდესაც აბიტურიენტთა უმრავლესობა რამდენიმე ქულით გადალახავს ასეთ დაბალ ბარიერს, მათ ვერც უნივერსიტეტი მისცემს საკმარის ცოდნას, რომ კონკურენტუნარიანები და პროფესიონალები იყვნენ. თუმცა, ასეთ ფსევდო-პროფესიონალებს უზღვავად უშვებს უნივერსიტეტი, შემდეგ ხდება მათი დასაქმება ან არ დასაქმება და შედეგი სახეზეა: მდგომარეობა საქართველოს სკოლებში, უნივერსიტეტებში, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„რაღაც დალპა დანიის სამეფოში“ – წერს შექსპირი და დიახ, ჩვენ, ადამიანებს რომლებსაც მართლა გვიყვარს ჩვენი პროფესია, ჩვენი ქვეყანა და ამ საქმეს სერიოზულად ვეკიდებით, დიდი ხანია, გვცემს ეს სუნი.

აუცილებელია მასწავლებლების წახალისება მოსწავლეების შედეგების მიხედვით, აუცილებელია მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობის გაზრდა და ეს მხოლოდ ორი რამით მიიღწევა: 1. ღირსეული კადრებით; 2. ღირსეული ანაზღაურებით.

აუცილებელია, მიეხედოს ძირს, დასაწყისს, დავინახოთ, თუ საიდან იღებს პრობლემა სათავეს, სად არის ის სისტემა შესაკეთებელი, რომელიც აღარ მუშაობს.

იქნებ დავაკვირდეთ დასავლეთის ქვეყნების მოდელს, სადაც ფსევდო-უმაღლესი განათლება არ არის ტრენდული, როგორც ჩვენთან და ადამიანები თავიანთ კონკრეტულ მოწოდებას მისდევენ, სამაგიეროდ, ვინც განათლების სფეროს აირჩევს თავის მოწოდებად, ამ საქმეს მთელი გულისყურით ეკიდება.

ჩვენთან კი სახეზეა ადამიანები, რომლებიც განუკითხავად ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს და ვერ საქმდებიან, ან საქმდებიან და სხვებს ართმევენ მომავალს.

იქნებ გადაიხედოს ერთკრედიტიანი მასწავლებლების სისტემა, რომლებიც რკინის ფარდას უმართავს მოტივირებულ მაძიებლებს ?

ამ ბლოგს კი ილიას სიტყვებით დავასრულებ: „ვინც ლუარსაბის სახეში თავის-თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავისთავზედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დამიწყებს და „გიჟიას“ დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა. ეს კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ. ”

მომავალ ბლოგამდე.

ნატალი აბესაძე თავისუფალი სკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

დატოვეთ კომენტარი