როგორ გამოიყურება უმაღლესში ჩარიცხვა სამინისტროს გრძელვადიან პერსპექტივაში -ეროვნული გამოცდების ნაცვლად ერთი კომბინირებული გამოცდა

1438

2023-2024 წლიდან, შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად, ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრში კვლევის წარდგენისას განუცხადა. კომბინირებული გამოცდის გარდა, უნივერსიტეტები აბიტურიენტებს სამოტივაციო წერილით, პროექტებში მონაწილეობით და იმითაც შეაფასებენ, რას აკეთებდა იგი 12 წლის განმავლობაში.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ისევე, როგორც ბევრ დასავლურ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ ვენდობით სკოლებს, უნივერსიტეტები და საზოგადოება ენდობა სკოლაში მიმდინარე პროცესებს, შეიძლება წავიდეთ იქთკენ, რომ შეფასდეს მოსწავლის აკადემიური მიღწევები გრძელვადიან პერსპექტივაში, რას აკეთებდა ეს მოსწავლე 12 წლის განმავლობაში სკოლაში – რამდენად აქტიური როგორც საგანში, ასევე კლასგარეშე საქმიანობებში, იყო თუ არა ლიდერი იყო, რა არის მისი ძლიერი მხარეები. შესაძლებელია, ეს იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა – საგნისა და უნარის კომბინაცია, ასევე, სამოტივაციო წერილი, პროექტები, სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტები შეარჩევენ სტუდენტებს. თუმცა, ეს შორეული პერსპექტივაა და ცხადია, წელს ან მომავალ წელს არ განიხილება.

ჯერ მხოლოდ პრინციპის დონეზე, საუბარია იმაზე, რომ როცა სკოლების დონეზე არსებულ გამოწვევებს მოვაგვარებთ, გახდეს ერთიანი მსხვილი კომბინირებული გამოცდა. თუმცა, იქნება ეს ქართული ენისა და ლიტერატურის და უნარების კომბინირებული გამოცდა თუ სხვა საგნის, რა თქმა უნდა, ჯერ არ ვიცით. თუკი ყველაფერზე შევთანხმდით, ეტაპობრივად დავგეგმეთ და ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ჩვენი აზრით, შესაძლებელია,   2023-2024 წლისთვის, ამ მოდელზე გადავიდეთ.“ – განაცხადა ირინა აბულაძემ. 

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი