რა სახის დახმარებას სთავაზობს სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვისთვის

1133

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

კონკრეტულად კი, სამინისტროს შეთავაზება ასეთია: „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები და სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლები პედაგოგებს დაეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში.

პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლებს უკვე დაეგზავნათ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ხელსაწყოების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო, ვიდეო და ტექსტური სახით. ასევე, 19 მარტიდან ამოქმედდება მხარდამჭერი სისტემა – მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე.   საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს, დახმარება გაეწიოს დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, უნდა დაიხმაროს ის თანამშრომლები ან/და მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად შეძლებენ კონსულტაციების გაცემას.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში იდენტიფიცირებული პირი (სკოლის თანამშრომლები/მაღალი კლასის მოსწავლეები) ვერ ახერხებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით სრულყოფილი კონსულტაციის გაცემას, რეგიონის მასშტაბით მობილიზებული იქნებიან მოხალისეები (ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტები), რომლებიც პროგრამა TEAMS-ის საშუალებით უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს და გასცემენ კონსულტაციებს Microsoft Office 365-ის პროდუქტებთან დაკავშირებით.

მოხალისეები თავად შექმნიან TEAMS-ში ვირტუალურ საკონსულტაციო სივრცეს, რომლის ბმულიც რესურსცენტრების საშუალებით გაზიარდება სკოლებში დღეს დღის ბოლომდე. აღნიშნული ბმულის საშუალებით სკოლაში იდენტიფიცირებული პირები (სკოლის თანამშრომლები/მაღალი კლასის მოსწავლეები) შეძლებენ საკონსულტაციო სერვისის მიღებას.

600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა ექნებათ, სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით – Microsoft office 365-ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვ.   ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახების შექმნაზე. აღნიშნული საკლასო ოთახების ასახვა სისტემაში ეტაპობრივად მოხდება, მას შემდეგ, რაც მონაცემები სინქრონიზდება Microsoft-ის ღრუბლოვან სისტემაში.

შედეგად, პროექტში მონაწილე სკოლები წარმატებულად გამოიყენებენ შეთავაზებული დისტანციური სწავლა-სწავლების ინსტრუმენტებს და დაეუფლებიან ამ ციფრული ინსტრუმენტების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენების უნარებს.

ამის გარდა, სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქტიურად მუშაობს დისტანციური სწავლების სხვადასხვა ალტერნატიულ ფორმაზე, მათ შორის – პროექტი ტელესკოლა, დისტანციური ტრენინგები მასწავლებლებისთვის, ელექტრონული რესურსების გამრავალფეროვნება და სხვ.

 

 

დატოვეთ კომენტარი