რა ვაკეთოთ ბავშვებთან ერთად დისტანციურად?

1748

ეს კითხვა ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პირველ ხანებში განსაკუთრებით ხშირად გაისმოდა. მასწავლებლები შფოთავდნენ, ღელავდნენ ახალი და საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე. დღეს ვითარება ბევრად შეცვლილია და გაცილებით უკეთესობისკენ – ლამის ყოველდღიურად იქმნება ახალი, მრავალფეროვანი და საინტერესო რესურსები დისტანციური გაკვეთილებისათვის. მასწავლებლებმაც ალღო აუღეს ამგვარ მუშაობას, საკუთარ თავში აღმოაჩინეს და განივითარეს ახალი უნარები, ნელ-ნელა იზრდება მათი მოტივაცია, საინტერესოდ, განსხვავებული ფორმატით წარმართონ დისტანციური გაკვეთილები.

და მაინც, ზოგიერთი მასწავლებლისთვის შეიძლება კვლავ აქტუალურად რჩებოდეს შეკითხვა: რა ვაკეთოთ ბავშვებთან ერთად დისტანციურად? ამ შეკითხვაზე პასუხი, ძალიან მოკლედ, ამგვარ ფორმულირებებამდე შეიძლება დავიყვანოთ:

ყველაფერი, რისი კეთებაც მათთან ერთად აქამდე გვსურდა, მაგრამ დატვირთული საგაკვეთილო რეჟიმის გამო სრულყოფილად ვერ ვასწრებდით.

იქნება ეს ტექსტის სხვადასხვა კუთხით დამუშავება, ფილმის/ანიმაციის ყურება და განხილვა, მინი-კვლევის ჩატარება, ინტერვიუს ჩაწერა, დიორამებისა და მაკეტების დამზადება, ბავშვების სხვადასხვა ნიჭის გააქტიურება საგაკვეთილო პროცესში (სიმღერა, ცეკვა, კულინარია და ა.შ.), ამა თუ იმ აქტივობაზე, წაკითხულ თუ ნანახ მასალაზე რეფლექსიისთვის სათანადო დროის დათმობა და სხვ.

მოვიფიქროთ საინტერესო, მრავალფეროვანი, კეთებაზე ორიენტირებული დავალებები

ზოგადად, ადამიანები საუკეთესოდ ვსწავლობთ, როდესაც თავად ვაკეთებთ ამა თუ იმ საქმეს, ანუ ნასწავლსა თუ მოსმენილ თეორიას ჩვენივე ხელებით ვასხამთ ხორცს. დისტანციური რეჟიმი კარგი საშუალებაა, ბავშვებისთვის პროექტის ტიპის დავალების მისაცემად. იგულისხმება იმგვარი პროექტი, რომლის შედეგადაც ბავშვები რაიმე პროდუქტს (ვიდეო, ბუკლეტი, მაკეტი, პრეზენტაცია, ინსტალაცია, გამოფენა, პოსტერი, წიგნი, სხვ.) შექმნიან.

ონლაინ რეჟიმში ისინი მარტივად შეძლებენ:

საქმის დანაწილებას

  დამოუკიდებლად მუშაობისთვის განკუთვნილი დროის გადანაწილებას

ერთმანეთთან ონლაინ კომუნიკაციასა და ნამუშევრების გაზიარებას

მასწავლებელთან, ერთი ერთზე, წინასწარ შეთანხმებულ კომუნიკაციას გაზიარებისა და რჩევისთვის

ნამუშევრის კლასელებისთვის გაზიარებას

საგაკვეთილო აქტივობებსა და დავალებებში, შეძლებისდაგვარად, გავააქტიუროთ ყველა უნარი – ზეპირმეტყველების, აქტიური მოსმენის, კითხვის, წერის, მედიაწიგნიერების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების და სხვ.

სხვადასხვა სამიზნე ცნების (იქნება ეს ტექსტის გაგება, ინტერპრეტაცია, გაწაფული კითხვა თუ სხვა) დამუშავებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი აქტივობები და დავალებები დაგვეხმარება იმაშიც, რომ მეტ-ნაკლებად გავააქტიუროთ მოსწავლის სხვადასხვა უნარი და არ ვიყოთ ორიენტირებულნი მხოლოდ რაიმეს დასწავლაზე (ტექსტი, წესი, მათემატიკური ფორმულა თუ სხვა რამ). აქტივობების წარმართვისას მნიშვნელოვანია, მოსწავლე ხედავდეს ლოგიკურ ბმებს მათ შორის, რაც, ერთი მხრივ, დაეხმარება კონკრეტულ აქტივობაზე ფოკუსირებაში, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს თქვენ მიერ წარმართული პროცესის მთლიანობაში აღქმაში, მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვაში – რას აკეთებს, რატომ აკეთებს და როგორ. შეკითხვების დასმისას შევეცადოთ, მეტად გამოვიყენოთ „რატომ?“ და „როგორ?“ ტიპის შეკითხვები, რომლებიც საკითხის სიღრმისეულ გააზრებაზე იქნება ორიენტირებული. არ დაგვავიწყდეს ე.წ. „კაუჭები“ – პატარ-პატარა დამაინტრიგებელი დეტალები (საჭირო დროს პაუზა, ჩამთრევი ილუსტაცია თუ ტექსტი, პარალელი სხვა ტექსტსა თუ ფილმთან/ანიმაციასთან/ბავშვებისა თუ თქვენს პირად გამოცდილებასთან და სხვ.), რომლებიც დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბავშვები ძალიან   სწრაფად და მოქნილად იძენენ ICT-ისა და მედიაწიგნიერების უნარებს და ხალისით იყენებენ მათ, ადვილი მისახვედრია, რომ მასწავლებლებს შეგვიძლია ამის კარგად გამოყენება საგაკვეთილო მიზნებისთვის (მაგალითად, შეგვიძლია ვთხოვოთ მოსწავლეებს, დაამზადონ რაიმე ნივთისა თუ ელრესურსის გამოყენების ვიდეოტუტორიალი, შექმნან ონლაინთამაში, სხვადასხვა ონლაინპლატფორმის გამოყენებით დაამზადონ კომიქსები, პრეზენტაციები, ფოტოკოლაჟები, ბლოგები, გაახმოვანონ და ჩაწერონ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები, დაამზადონ ხმოვანი წიგნები, წერონ ილუსტრირებული კარანტინის დღიურები და სხვ.).

ამ უნარების გააქტიურება და შესაბამისი დავალებების შეთავაზება შეიძლება პირველი კლასის მოსწავლეებთანაც კი, რასაკვირველია, მათი მზაობის, ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

აუცილებლად გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების აქტივობები. მივაწოდოთ ბავშვებს კონსტრუქციული უკუკავშირი და ვთხოვოთ, თავადაც გაგვიზიარონ  

სათანადო დრო დავუთმოთ განმავითარებელი შეფასების აქტივობებს. ეს, ერთი მხრივ, საუკეთესო საშუალებაა, დინამიკაში დავაკვირდეთ მოსწავლეების პროგრესს, მეორე მხრივ კი, გვერდიდან შევხედოთ ჩვენ მიერ დაგეგმილი და წარმართული სასწავლო პროცესის მიღწეულ შედეგებსა და გასაუმჯობესებელ მხარეებს.

არ დაგვავიწყდეს, არ დაგვეზაროს მოსწავლეებისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება. ახლა, დისტანციურ ფორმატში, მასწავლებლის რჩევა, რეაგირება, კომენტარი (კონკრეტულად რა გააკეთე კარგად, კონკრეტულად რა ხარვეზი უნდა აღმოვფხვრათ ერთად) ორმაგად ღირებული და საგულისხმოა ბავშვებისათვის.

გაკვეთილების გარდა ჩავნიშნოთ ბავშვებთან არაფორმალური შეხვედრებიც 

ცხადია, საგაკვეთილო პროცესის მრავალფეროვანი აქტივობებისა და რესურსების გამოყენებით წარმართვა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს ბავშვების ემოციური მდგომარეობა. ქვეყანაში, მსოფლიოში არსებული სტრესული ფონი, მეგობრებისგან მოშორებით ყოფნა, რასაკვირველია, ძალაუნებურად, გავლენას ახდენს პატარა ადამიანების განწყობაზე, ხალისზე, შინაგან მოტივაციაზე.

მასწავლებელს შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს ბავშვებს ამ კუთხით. ძალიან სასურველია, რომ მან მოახერხოს, საგაკვეთილო შეხვედრების გარდა, მოსწავლეებს არაფორმალური შინაარსის შეხვედრებიც დაუნიშნოს, როგორიცაა, მაგალითად, კითხვის საათი, რომლის ფარგლებშიც უბრალოდ ერთად წაიკითხავენ ამა თუ იმ ტექსტს (ტექსტის შერჩევის პროცესში, რა თქმა უნდა, მოსწავლეებიც უნდა იყვნენ ჩართულნი) და ისაუბრებენ მის შესახებ; დამრიგებლის საათი, რომლის განმავლობაშიც ისაუბრებენ კლასის, როგორც გუნდის, ერთობის გეგმებზე, პრობლემებზე, მიზნებზე, შიდა ურთიერთობებზე (სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია თითო ბავშვს ინდივიდუალურადაც დაუნიშნოს ონლაინ შეხვედრა). რასაკვირველია, ეს არ იქნება მარტივი, რადგან მასწავლებლებისგან დამატებით ენერგიასა და ჩართულობას მოითხოვს, თუმცა, თუკი ამას წინასწარ დათქმული გარკვეული ინტენსივობით (და არა ყოველდღიურად) გააკეთებს და სწორად გადაანაწილებს საკუთარ დროსა და რესურსს, ამით უდიდეს მხარდაჭერას გამოუცხადებს თავის მოსწავლეებს, რომელთაც ყველაზე მეტად სწორედ ცოცხალი ურთიერთობები, მეგობრებთან თამაში, ხუმრობა, ერთმანეთის ამბებისა და ემოციების გაზიარება და მოსმენა აკლიათ. ერთი შეხედვით, უბრალო თემებზე საუბრით, იუმორით, ერთად მღერით, სხვადასხვა სახალისო თამაშით, ამბების მოყოლითა და მოსმენით მასწავლებელს შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს პატარა ადამიანებს.

გავააქტიუროთ მშობელთა ჩართულობის კომპონენტი

ონლაინ გაკვეთილები გამოწვევა მხოლოდ ბავშვებისთვისა და მასწავლებლებისთვის არაა. ეს სრულიად ახალი და დამაბნეველი რამაა მშობელთა დიდი ნაწილისთვისაც. მშობლებს, რომლებიც თავიანთი სამსახურეობრივი და ოჯახური საფიქრალით გადატვირთულნი არიან; მშობლებს, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ინტერნეტის საფასურის გადახდასა თუ ბავშვისთვის ტექნიკური აღჭურვილობის მობილიზებას დიდი ძალისხმევის ფასად (ან ზოგჯერ – საერთოდაც ვერ) ახერხებს, უჩნდებათ შეკითხვები, შფოთვები, ეჭვები:

ბავშვი დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან, რამდენად კარგია ეს?

სხვანაირად/სხვა მასალით სწავლობენ, მე არ ვიცი, ვერ ვეხმარები, ზოგჯერ ვერ ვიგებ, რას და რატომ აკეთებენ.

მეც და ჩემი შვილიც მუდმივად შინ ვართ. რა ვაკეთოთ ერთად?

მასწავლებლებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მშობლის სრულად ინფორმირება, მისთვის სწავლება-სწავლისა თუ მკაფიო ინსტრუქციების მიცემა, რჩევების მიწოდება, საჭირო დროს „ხარაჩოობის“ გაწევა ჩვენს ძირითად პასუხისმგებლობათაგან ერთ-ერთია. სინამდვილეში ჩვენ ამ დროს არა მხოლოდ მშობელს, არამედ ბავშვებს, მათ ჰარმონიულ განვითარებას ვეხმარებით. ამიტომაც მგონია, გარკვეული ინტენსივობით მშობლებთან ონლაინ შეხვედრების ჩატარება ძალიან სასარგებლო იქნება ყველა მხარისათვის. ამ შეხვედრებზე შეგვიძლია განვიხილოთ ყველა ის ფორმალური თუ არაფორმალური საკითხი, რომლებიც ვიცით, რომ მათ აწუხებთ ან ჩვენ გვინდა, რომ გავუზიაროთ. ეს საკითხები შეიძლება იყოს:

ამა თუ იმ სასწავლო მეთოდის, რესურსისა თუ მიდგომის წარდგენა/დემონსტრირება (რასაკვირველია, არა თეორიებითა და ბუნდოვანი ტერმინებით გაჯერებული ტექსტით, რითაც, დახმარების ნაცვლად, ფრუსტრაციას გამოვიწვევთ მათში).

სხვადასხვა ფსიქოლოგისა თუ განათლების სპეციალისტის საინტერესო ლექცია, სტატია, ტუტორიალი, რომლის გაცნობასაც მოჰყვება მისი ერთობლივი განხილვა, დისკუსია და კონკრეტული კლასის ჭრილში გაანალიზება.

კლასის საერთო გეგმებზე, საერთო მიღწევებზე საუბარი.

და არავითარ შემთხვევაში – კონკრეტული მოსწავლის მიღწევისა თუ წარუმატებლობის საჯაროდ განხილვა.

მშობლებისა და ბავშვებისათვის ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა – მაგალითად, რა გამოგვდის მე და ჩემს შვილს კარგად, რაც გვინდა დანარჩენებსაც გაგიზიაროთ და/ან გასწავლოთ (კულინარია, ერთად მღერა, მცენარეების მოვლა, აერობიკა, კითხვა, ცეკვა, ხატვა, მიწაზე მუშაობა, ველოსიპედით სიარული და სხვ.).

მოხალისე მშობლების მოტივირება სასწავლო-შემეცნებით აქტივობებში ჩასართავად – მაგალითად, მინდა ჩემი შვილის კლასელებს ვუამბო ჩემი პროფესიის შესახებ; წავუკითხო ჩემი საყვარელი წიგნი; მოვასმენინო ჩემი საყვარელი სიმღერა; ვასწავლო, როგორ დაიმუშაონ ნაკაწრი, როგორ დაიცვან ჰიგიენის წესები; გავუზიარო შთაბეჭდილება ჩემი პირველი მოგზაურობის შესახებ; ვაჩვენო, როგორ მოძებნონ რუკაზე ქვეყნები; ავუხსნა ჩემი საყვარელი სამაგიდო თამაშის წესები და სხვ.).

გავააქტიუროთ მათი ჩართულობა პროექტების მზადებისას – მკაფიოდ, კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განვუმარტოთ, კონკრეტულად რომელ აქტივობაში როგორი ფორმით უნდა ჩაერთონ; რატომ არის მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი; სად გადის ზღვარი დახმარებასა და ჩარევას შორის და სხვ.

ვასწავლოთ, როგორ იკითხონ, ხატონ, წერონ, ითამაშონ ერთად თავისუფალ დროს. როგორ შეარჩიონ სხვადასხვა ტექსტი თუ ანიმაცია ერთად, წაკითხვისას/ყურებისას რაზე გაამახვილონ ყურადღება, როგორ შეუქმნან ბავშვს მარტივად კომფორტული მიკროსივრცეები კითხვისათვის, სამეცადინოდ და ა.შ. გავუზიაროთ ამისთვის სხვადასხვა ონლაინ რესურსი, პლატფორმა თუ ტუტორიალი.

ამ ფორმატით თანამშრომლობა მშობლებთან გაზრდის მათ ინფორმირებულობას, ნდობას ჩვენდამი და თავდაჯერებულობასა და მოტივაციას სწავლება-სწავლის პროცესში ჩასართავად.

ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე, შევიძინოთ/გავიღრმაოთ მედიაწიგნიერებისა და ICT-ის უნარები. გამოვიყენოთ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ინსტრუმენტები თუ სასწავლო მასალა. ვითანამშრომლოთ კოლეგებთან, თუნდაც სრულიად უცნობებთან, გავუზიაროთ და ვითხოვოთ საჭირო „ხარაჩოები“.

სასწავლო აქტივობების საკლასო ოთახში გადანაცვლების შემდეგ, არ შევწყვიტოთ დისტანციური სწავლების ფორმატისა და რესურსების გამოყენება და ამ პერიოდში შეძენილი ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება ჩვენ მიერ დაგეგმილი სასწავლო პროცესის ორგანულ ნაწილად ვაქციოთ.

მაშასადამე, პასუხი კითხვაზე, რა ვაკეთოთ ბავშვებთან ერთად დისტანციურად, ძალიან მოკლედ, ალბათ, დაახლოებით ასეთი იქნება:

– რასაც აქამდე ვაკეთებდით – ვასწავლოთ და ვისწავლოთ, ოღონდ განსხვავებულ, საინტერესო და გამოწვევებით სავსე ფორმატში.

თათა ჭანტურია, განათლების სპეციალისტი, ფილოლოგი

დატოვეთ კომენტარი