რატომ უნდა მქონოდა უკეთესის მოლოდინი?

2075
გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2018-ის ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა, საზოგადოებაში აქტიურ განსახილველ თემად იქცა ჩვენი მოსწავლეების არასახარბიელო შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ კვლევის წინა ციკლის შედეგები, პრინციპში, არ შეცვლილა – ქართველ მოსწავლეებს ისევ უჭირთ წაკითხულიდან ნააზრევის გამოტანა, აქვთ სუსტი მათემატიკური უნარები და ჩამორჩებიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. პრინციპში, გასაკვირი და მოულოდნელიც არაფერია, რადგან ქართველი მოსწავლეები, თითქმის ისეთივე განათლებას იღებენ სკოლებში, როგორსაც 2009 ან 2015 წლებში, შესაბამისად, კვლევებში ჩართვიდან დღემდე, მათ საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ, მეტიც, 2015   წლის შემდეგ, მდგომარეობა მცირედით გაუარესდა. PISA 2018-ის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 70-ზე მეტი ქვეყნის ბოლო ათეულშია. ამიტომ ვამბობთ, რომ, პრინციპში, არაფერი შეცვლილა.
მსოფლიო რეიტინგის პირველი ათეული კი, ასე გამოიყურება: ჩინეთი – პეკინი, შანხაი, ძიანსუ და ჯეძიანი (კვლევა ჩინეთში მხოლოდ ამ ქალაქებში ჩატარდა); სინგაპური; მაკაო (ჩინეთის ავტონომიური ერთეული); ჰონგ კონგი; ესტონეთი; კანადა; ფინეთი; ირლანდია; კორეა; პოლონეთი. როგორც გითხარით, საქართველო ბოლო ათეულშია.
როდის შეიცვლება მაჩვენებლები და რა უნდა გააკეთოს სისტემამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; რა არის ის ძირითადი მიზეზები, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ქვეყანას, ასე ვთქვათ, „გაუნათლებლად“ წარმოაჩენს? – ეს საკითხები აქტიურად განიხილებოდა და საუბარი დღემდე გრძელდება. განათლების სპეციალისტების თუ უბრალოდ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისთვისაც განათლება, ღირებულებებს შორის, უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ასეთი ადამიანების პროცენტულმა წილმა, როგორც ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი კვლევით შევიტყვეთ, ქვეყნის მოსახლეობის, მხოლოდ 4% შეადგინა. სხვათა შორის, ესეც მეტყველებს არსებულ შედეგებზეც და გაუმჯობესების ბუნდოვან პერსპექტივაზეც. და მაინც, რა ძირითადი მიზეზები გამოიკვეთა? საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ განათლებაში მიმდინარე რეფორმები და პროცესები არ უნდა იყოს დამოკიდებული განათლების მინისტრების ხშირ ცვლასა და საარჩევნო ციკლებზე, რომ სფერო პოლიტიკური მოვლენებისგან დამოუკიდებლად უნდა ვითარდებოდეს და მიჰყვებოდეს სწორად შედგენილ და გრძელვადიან სახელმწიფო პოლიტიკას, იდენტიფიცირებული უნდა იყოს პრობლემები, სწორად დაისახოს მიზნები და ცნობილი იყოს მათი მიღწევის ინსტრუმენტები; ნაწილი იმასაც ამბობს, რომ მასწავლებლები მხოლოდ კრედიტქულების დაგროვებაზე არიან ფოკუსირებული და მოსწავლეებისთვის აღარ სცალიათ (იწუნებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას!), მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ 1, 2 ან 4-კრედიტიანი მასწავლებლის ადგილი სკოლაში არ არის! ნაწილი მიზეზად მასწავლებელთა დაბალ ხელფასებსაც ასახელებს, თუმცა, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ზურა ვახანია, ერთ-ერთ ინტერვიუში, ხაზგასმით ამბობს, რომ გაზრდილი დაფინანსება წყალში გადაყრილია, თუ სწორ გზაზე არ დგახარ და არ იცი რას უნდა მოახმარო თანხა. „მასწავლებელს ხელფასი მოუმატეს ორჯერ – ჯერ ორი წლის წინ და ახლა კიდევ შემოდგომაზე, მაგრამ იცით, რომ სწავლების ხარისხი გაუარესდა?! იმიტომ, რომ საშინელი ბიუროკრატიაა, რაზეც უამრავი დრო და ენერგია მიდის და ბავშვისთვის აღარავის სცალია.
პრობლემის აღმოფხვრას არ უშველის მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობა. ისე უკუღმართად მიმდინარეობდა, 40 წლის განმავლობაში, განათლების სისტემაში პროცესები, რომ ძირფესვიანად არის შესაცვლელი ყველაფერი. რევოლუცია არის ამ მიმართულებით საჭირო.“
სხვადასხვა მოსაზრებებისა და არგუმენტების მიუხედავად (ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მით უფრო, როცა თითოეულში მცირე სიმართლის დანახვა შეიძლება), ერთი მინიშნება უცვლელია: უკეთეს შედეგებს არავინ ელოდა.

მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული როგორც მეორე ენისა და ისტორიის მასწავლებელი, 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე  PISA 2018 წლის შეფასებისას ამბობს, რომ რეალურად ქართულ სკოლებში, ჯერჯერობით, საოცრადაა გამიჯნული ერთმანეთისგან ცხოვრება და სწავლება და სვამს კითხვას: რატომ უნდა ჰქონოდა უკეთესის მოლოდინი?

– როგორ ფიქრობთ, რა არის ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ქართველი მოსწავლეები ასეთ დაბალ შედეგებს აჩვენებენ როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კვლევებში?

– ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემამდე ვიკითხოთ, რა არის პიზა? პიზა არის საერთაშორისო კვლევა, რომელიც 15 წლის მოზარდებში აფასებს, როგორ შეუძლიათ „გამოიყენონ ძირითად საგნებში მიღებული ცოდნა და უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაბამისად, იგი არ შემოიფარგლება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შინაარსობრივი საკითხებით და ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრირებულად გამოყენებას აფასებს“ (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA, საქართველოს ანგარიში, თბილისი 2017).

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, დეკლარირებულად, სწავლებას ვაკავშირებთ ცხოვრებასთან, რეალურად ქართულ სკოლებში ჯერჯერობით საოცრად გამიჯნულია ერთმანეთისგან ცხოვრება და სწავლება. ანუ პიზა აფასებს იმას, რისგანაც ჩვენ შორს ვართ. იშვიათად ნახავთ 15 წლის მოზარდს, რომელიც გაგაგებინებთ, რაში სჭირდება და როგორ უკავშირდება თავის ცხოვრებას ნუკლეინმჟავები და იზოტოპები, ტროპის სახეები და გრიგოლ ხანძთელის სამონასტრო ღვაწლი, ტანგენსის ფუნქცია და თუქულთინინურთას მოღვაწეობა. შესაბამისად, ჩვენი სწავლება მიმართულია სულ სხვა მხარეს, ხოლო პიზა მოსწავლეებს აფასებს სულ სხვა კომპეტენციებში.

ჩემი აზრით, სავალალო შედეგების მთავარი მიზეზი ესაა. თორემ სხვა მიზეზიც უამრავია:   სკოლების რესურსული სიმწირე, სკოლების არაეფექტური მენეჯმენტი, მასწავლებელთა კომპეტენციის დაბალი მაჩვენებელი, სწავლების ერთფეროვანი და არაეფექტური მეთოდები, გაუმართავი და საძაგელი შეფასების სისტემა, გადაწყვეტილებების მიღების არადემოკრატიული და ცენტრალიზებული წესი, მყიფე საგანმანათლებლო პოლიტიკა და ა.შ. ანუ თუკი ჩვენი სწავლების მიმართულება დაემთხვევა იმას, რასაც პიზა ამოწმებს (ვიმეორებ: როგორ იყენებენ ძირითად საგნებში მიღებულ ცოდნასა და უნარებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.), მიუხედავად აქ ჩამოთვლილი პრობლემებისა, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა.

– როგორ უნდა წავიდეთ წინ, როგორ გავხდეთ განათლებულები, სად არის გამოსავალი? რა უნდა გავაკეთოთ უკეთესი განათლების სისტემის მისაღებად?

წინა პასუხიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ის, რასაც აფასებს პიზა: როგორ გამოიყენონ ცხოვრებაში სკოლაში მიღებული ცოდნა. ასე მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა მოვიქცეთ, რომ პიზას კვლევაში წავიწიოთ წინ, არამედ იმიტომაც, რომ ესაა სწავლების მთავარი მიზანი.

ახლა იგივე შეკითხვა დავსვათ მშობელთა გადმოსახედიდან: როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები – საგანმანათლებლო სექტორის მთავარი დამკვეთები? სადმე გინახავთ ამ კვლევის შედეგებით აღშფოთებული მშობელთა ჯგუფი, რომელიც პასუხს მოსთხოვს სახელმწიფოს: „ჩვენს შვილებს უწიგნურობისთვის იმეტებთ და ამდენ მილიარდს ტყუილად ხარჯავთო?!“ გინახავთ? არა, ხომ? ვერც ნახავთ. რადგან მშობლებმა მშვენივრად იციან, რომ საჯარო სკოლები მათი შვილების საგანმანათლებლო ადგილი არაა. სკოლის მთავარი ფუნქცია, მშობელთა მოლოდინით, არის შვილების მშვიდობიანად შენახვა ცხრიდან ორ საათამდე (უსაფრთხოებაზე ისინი საკმაოდ მძაფრად რეაგირებენ.). რაც შეეხება სწავლა-განათლებას, ეს მხარე ერთგვარ ბონუსად მოჰყვება სასკოლო ცხოვრებას: თუკი ისწავლა, ხომ კარგი და თუკი არა – არც გაემტყუნება, აბა, ვინღა სწავლობს დღეს რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე?!

არადა, როგორი უნდა იყოს ამ შედეგებზე მშობელთა დიდ-დიდი ჯგუფების რეაქცია?! მძაფრი. ოღონდ ეს სიმძაფრე ხელისუფლებამ საგანმანათლებლო თანხების კიდევ უფრო გასაზრდელად და საკუთარი გემოვნების მიხედვით დასახარჯად კი არ უნდა გამოიყენოს, პირიქით, მშობლებმა თანდათან უნდა გააცნობიერონ, რომ მათი შვილების განათლება მათი საქმეა და არა სახელმწიფოსი. მათ საკუთარ თავზე უნდა აიღონ შვილების განათლება და სახელმწიფოს უნდა მოსთხოვონ იმ ფულის გადაცემა, რასაც მათი შვილებისთვის ხარჯავს და როგორც ყველა კვლევა ადასტურებს, საოცრად არაეფექტურად (აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს გადასაცემი ფული რამდენჯერმე უნდა აღემატებოდეს იმ ვაუჩერის ფასს, როგორადაც სახელმწიფო დღეს ერთ მოსწავლეს აფასებს საჯარო სკოლაში).

შესაბამისად, ჩვენი წინსვლის ერთ-ერთი გზა უნდა იყოს სახელმწიფოსთვის იმ ფუნქციის თანდათან ჩამორთმევა, რა ფუნქციასაც იგი ჯეროვნად ვერ ასრულებს. და რაც უფრო მეტი მშობელი ჩამოართმევს სახელმწიფოს ამ ფუნქციას, მით უფრო სწრაფად წავალთ წინ, ერთი მხრივ, და სახელმწიფოსაც უფრო მეტი სახსარ-საშუალება დარჩება იმათ საგანმანათლებლო მიზნების დასაკმაყოფილებლად, ვინც ამას ვერ მოახერხებს.

მანამდე კი, სანამ მშობელთა ცნობიერება ამაღლდება და სახელმწიფოც თანდათან გაუშვებს ხელიდან იმ ფუნქციებს, რასაც თავს ვერ ართმევს და რასაც სხვა უკეთ შეასრულებს, გულხელდაკრეფილი ხომ არ უნდა ვიყოთ?! არა. ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის სწორედ ეს: ვასწავლოთ და ვავარჯიშოთ ბავშვები იმაში, რასაც პიზა აფასებს!

  1. უნდა მივაწოდოთ ბავშვებს საინტერესო ტექსტები ქართულში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ყველა საგანში და ვავარჯიშ-ვამეცადინოთ ამ ტექსტების სიღრმისეულ გააზრებაში.
  2. უნდა დავუსახოთ ისეთი ამოცანები, რომლებიც მათ უბიძგებს, იმ საინტერესო ტექსტების გააზრების პროცესში ამოღებული ცოდნა და შეძენილი უნარები გამოიყენონ ცხოვრებისეულ კონტექსტებში.

მიუხედავად ცენტრალიზებული სისტემისა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ცალსახად უარყოფითი თვისებებისა, მისი ერთი სარგებელი ის შეიძლება იყოს, რომ ასეთი ტექსტები და კონტექსტები სწრაფად და იაფად შევქმნათ და გავუშვათ სკოლებში.

– ელოდით თუ არა უკეთეს შედეგებს? წიგნიერების ასეთი დაბალი დონე რისი მანიშნებელია განათლების სისტემისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის?

– არ ველოდი უკეთეს შედეგებს. რატომ უნდა მქონოდა უკეთესის მოლოდინი? რაიმე ისეთი მოხდა ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რასაც 15 წლის მოზარდების სასწავლო შედეგები უნდა გაეუმჯობესებინა? მე ვერ ვიხსენებ ასეთ გარღვევას. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ მიმდინარე წლიდან დაიძრა ის პროცესი, რომელიც, ჩემი აზრით, ძირეულად შეცვლის ჩვენს სკოლას და, აბა 2027 წელს შეგვეჯიბრონ ესტონეთი და სინგაპური!

რაც შეეხება 2018 წლის კვლევის შედეგებს. უნდა ვთქვა, რომ ამ კვლევის სრული ანგარიში ჯერ არაა ჩემთვის ხელმისაწვდომი. ზედაპირული მონაცემებით, ჩვენი გაუარესებული შედეგები იმდენად უმნიშვნელოა, რომ სრულიად შესაძლებელია კვლევის ცდომილებად ჩაითვალოს. ანუ როგორც არსებით გაუმჯობესებას არ ველოდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ასევე შედეგების გაუარესებაც გაბუქებულად მეჩვენება. ასევე ეჭვს მიჩენს ზოგიერთი ქვეყნის (არ დავასახელებ) მონაცემების მოწინავეობა, თუ გავითვალისწინებთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივი აზრის უმწიფრობასა და არადემოკრატიულობას (რატომღა დავმალო: ქვეყანაში რომ პუტინს 70%-იანი რეიტინგი ექნება, როგორ შეიძლება იმ ქვეყანაში საგანამანათლებლო პროცესი ჯანსაღად გამოიყურებოდეს?!).

ყველა შემთხვევაში, რასაკვირველია, სამწუხარო და სავალალოა ისეთი მონაცემი, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენი 15 წლის მოზარდებიდან პრაქტიკულად არავინ გვყავს, რომელიც „ამოიცნობს ტექსტში ცხადად და შეფარვით გადმოცემულ აზრს და, ამავდროულად, ტექსტის მიღმა უკვე არსებულ ცოდნასა და წარმოდგენებზე დაყრდნობით კრიტიკულად აფასებს მათ“ (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA, საქართველოს ანგარიში, თბილისი 2017).

– რა მნიშვნელობა აქვს პიზაში ან სხვა მსგავს კვლევებში მონაწილეობას და რეალურად რას გვაძლევს ეს?

– როგორც PISA-ს კვლევა, ასევე PIRLS და სხვა საერთაშორისო კვლევები კარგი ინსტრუმენტია საერთო სურათის დასანახად. ასევე ამ კვლევებში მონაწილეობა საშუალებას იძლევა, მივიღოთ არა მხოლოდ ჩვენი მოსწავლეების შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, არამედ საშურად კვალიფიციური რეკომენდაციები, თუ სად რა გვაქვს გამოსასწორებელი და სად რა გვაქვს გასაკეთებელი.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ კვლევებისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება გაუმართლებელია. თუმცა, რასაკვირველია, მიუღებელია ის პოზიცია, რაც რამდენიმე წლის წინ დაიკავა საქართველოს მთავრობამ და უარი განაცხადა საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობაზე, ჩვენვე ჩავატარებთ კვლევებს და განვითარების მყისიერ შედეგებს დავდებთო. სხვათა შორის, ასეთი პოზიციები უცხო არ არის ზოგიერთი ქვეყნისთვის. მაგალითად, სომხეთი სულაც არ მონაწილეობს ამ კვლევებში, რაც სომეხი განმანათლებლების შეცდომად მიმაჩნია. ისე, სომხეთის რესპუბლიკის მონაწილეობა ჩვენზეც მოახდენდა კეთილისმყოფელ გავლენას – მოგეხსენებათ, ჩვენს საუკუნოვან მეზობელთან ჯიბრი ერთობ სასარგებლოდ წაგვადგებოდა ხოლმე არცთუ იშვიათად.

P.S. ესტონელი და ქართველი მეათეკლასელები ჩატაობენ:

– რა არის, მაგდა, რა საშინელი შედეგები გაქვთ წიგნიერებაში?!

– ასეთ ტექსტებზე მუშაობას არ ვართ ჩვენ მიჩვეულები… აბა, შენ შემეჯიბრე ისეთი ტექსტის გააზრებაში, რომელშიც ნახევარი სიტყვები უცნობი და გაუგებარი იქნება შენთვის…

ესაუბრა ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი