რატი ანდრონიკაშვილიც ამერიკულ ლიგაში

359

ამერიკულ კალათბურთში ქართველთა გამოჩენა უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, რადგან NBA-ს ჩემპიონიც გვყავს – ზაზა ფაჩულია, თუმცა, რადგან ამერიკული კალათბურთი მსოფლიოში დღესაც მოწინავედ რჩება, ყოველი ახალი კადრის გამგზავრება ოკეანის გაღმა მაინც საყურადღებოა. მით უფრო, როცა საქმე ახალგაზრდა ტალანტს ეხება, რადგან ეს პირდაპირ ნიშნავს ჩვენი ეროვნული ნაკრების მომავალ წარმატებას – მრავლისმნახველი ამერიკული კალათბურთის წნეხი ამ ტალანტს უფრო მეტად გამოაწრთობს და მთავარ გუნდს ახალ „გამწევ ძალას“ მოუმზადებს.

საბედნიეროდ, ამ დღეებში, სწორედ ასეთი ფაქტის მომსწრენი ვართ: მართალია, არა NBA-ს, მაგრამ იქაურ ვარსკვლავთა სამჭედლოდ ცნობილ ამერიკულ სტუდენტურ ლიგას კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი, 19 წლის რატი ანდრონიკაშვილი მიაშურებს და არც მეტი, არც ნაკლები, სტუდენტური ლიგის – NCAA-ს ლიდერ კრეიტონის უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელებს თამაშს. ინფორმაცია ამის შესახებ არა რომელიმე პროვინციულმა მედიამ, არამედ ESPN-მა გაავრცელა, რომელიც იუწყება, რომ ზემოაღნიშნულმა უნივერსიტეტმა თანხმობა განაცხადა, სრულად დააფინანსოს 19 წლის ქართველის სწავლის საფასური. ბუნებრივია, მათ ეს ქველმოქმედებისთვის არ გაუკეთებიათ – წარმატებული სპორტული პროგრამებით ცნობილ უნივერსიტეტს სურს, თავისი ისედაც ძლიერი საკალათბურთო გუნდი ქართველით გააძლიეროს.

რატი ანდრონიკაშვილი მათ გუნდს რომ გააძლიერებს, ამაში ამერიკელები დარწმუნებულები არიან. ამას  რატის სიტყვებიც მოწმობს, რომელიც ამბობს, რომ მწვრთნელის ასისტენტი ალან ჰუსი ხშირად ესწრებოდა მის თამაშებს, ხოლო მთავარი მწვრთნელი გრეგ მაკდერმოტი მას სხვებზე უკეთ იცნობს. ამის შესახებ მან ESPN-ს განუცხადა: „კრეიტონს იქამდეც კარგა ხნით ადრე ვიცნობდი, ვიდრე დამირეკავდნენ. მომწონს ამ გუნდის თამაშის სტილი. მათ დიდებული საკალათბურთო პროგრამა აქვთ. ამ უნივერსიტეტის მწვრთნელები მე ყველა დანარჩენ კანდიდატზე უკეთ მიცნობენ და ესმით ჩემი კალათბურთი. ასისტენტ ალან ჰუსს ჩემი ბევრი თამაში უნახავს, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ მაკდერმოტმა იცის ჩემი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ყოველთვის მსურდა ისეთ მწვრთნელთან თამაში, რომელიც კარგად გიცნობს და იცის, როგორ მოგამატებინოს როგორც ძალა, ასევე თამაშის ხარისხი. თითქმის ყოველდღე მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ არა მხოლოდ კალათბურთზე, არამედ ოჯახზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ გული შესტკივათ ჩემზე“.

როგორც გითხარით, რატი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, თუმცა მას უკვე აქვს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება – 7 თამაში ჩაატარა. ბუნებრივია, ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოუვლია. ეროვნულ ნაკრებში თამაშის უკვე სოლიდურ გამოცდილებაზე ყურადღებას ამერიკული მედიაც ამახვილებს – იგივე ESPN აღნიშნავს, რომ მან FIBA-ს ასაკობრივ ჩემპიონატებში 50-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ამათგან კი ორს გამოყოფს: მიმდინარე წლის თებერვალში, „ევრობასკეტ-2021-ის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამართულ შეხვედრებს შვეიცარიასა და სერბეთთან, რომლებშიც ჩვენმა ნაკრებმა იმარჯვა, ხოლო ამ მოგებებში თავისი წვლილი რატი ანდრონიკაშვილმაც შეიტანა – ორივე მატჩში 15 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ მაშინ ჯერ კიდევ 18 წლის იყო – 19-ის 19 მარტს  გახდა.

რატი ანდრონიკაშვილი საკალათბურთო აკადემიის აღზრდილია. იგი იმ გაცვლით პროექტში მოხვდა, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ესპანეთის „სასკი ბასკონია“ ერთობლივად ახორციელებენ – ნიჭიერებით გამორჩეული მოზარდი „ბასკონიას“ თბილისურ კემპზე მიიწვიეს, შემდეგ კი სულაც ამ ესპანურ კლუბში გადავიდა. იქ მან ორი სეზონი გაატარა, შემდეგ რამდენიმე კლუბი გამოიცვალა. შარშანდელი სეზონი ევროპის კიდევ ერთ სოლიდურ – ბერძნულ ლიგაში დაიწყო „პანიონისის“ შემადგენლობაში, სეზონი კი რუსთავში დაასრულა. ახლა რატი ოკეანეს მიადგა და გაისად კარიერას მის გადაღმა დაამთავრებს.

იქ ის მარტო არ იქნება, რადგან სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილი ხვდება. არაა გამორიცხული, გაისად ისინი ერთმანეთის დიდი კონკურენტებიც გახდნენ, იმ შემთხვევაში, თუ სანდრო რაღაც მიზეზით NBA-ში თუ არ გადავა და კვლავაც სტუდენტურ ლიგაში დარჩება. უკვე წარდგენილია NBA-ს დრაფტზე და ვიმედოვნებთ, რომელიმე კლუბი აიყვანს. NCAA-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თავად თუ მოხსნის კანდიდატურას დრაფტიდან ან კლუბები არ მიიწვევენ. ამ შემთხვევაში, სანდრო მამუკელაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან.

სანდრო „სეტონ ჰოლში“ თამაშობს, ეს კლუბი და „კრეიტონი“ კი, ორივენი BIG EAST კონფერენციაში გამოდიან. წელს მათ და კიდევ ერთმა კლუბმა – „ვილანოვამ“ რეგულარული ჩემპიონატი ერთნაირი შედეგებით დაასრულეს – 13 მოგება, 5 მარცხი და იქაური წესის თანახმად, რეგულარულის გამარჯვებულად სამივე გამოაცხადეს. დამატებითი მაჩვენებლებით, პლეი ოფში ადგილები ასე გაანაწილეს: „ვილანოვა“, „კრეიტონი“ და „სეტონ ჰოლი“, თუმცა პლეი ოფი ახალი კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიოს პანდემიის გამო შეწყდა. „კრეიტონს“ ქართველის დამატება ნამდვილად სჭირდება, რადგან კლუბის ორი წამყვანი მოთამაშე – ტაისონ ალექსანდერი და დეივონ მინცი NBA-ს დრაფტზეა წარდგენილი და დიდი ალბათობით, გაისად, კარიერას ამ უძლიერეს ლიგაში გააგრძელებენ. კლუბმა უკვე დაიმატა ლიტველი ფორვარდი მოდესტას კანცლერისი, რატი ანდრონიკაშვილი კი მაკდერმოტის მეორე შენაძენია.

„კრეიტონი“, რეიტინგით, ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მე-7 ადგილზეა, რაც შესანიშნავი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ ლიგაში 32 კონფერენციაა, რომლებიც 480-მდე გუნდს აერთიანებენ!

ირაკლი თავაძე

დატოვეთ კომენტარი