რას სთავაზობს სისტემა 2020 წლიდან უსტატუსო პრაქტიკოს მასწავლებლებს

11400

როგორც ცნობილია, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მომავალი წლის იანვრიდან აღარ იარსებებს. რადგან რეგულირების წესში აღარ არის გათვალისწინებული პრაქტიკოსი მასწავლებელი, იცვლება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტიც და ის მხოლოდ სამი სტატუსის – უფროსი, წამყვანი და მენტორი – მასწავლებელს განიხილავს და განსაზღვრავს რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს თითოეული. იანვრიდან კი, სკოლა, პრაქტიკოსებს, საჭიროებიდან გამომდინარე, გაუგრძელებს ხელშეკრულებას.

წლების განმავლობაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, პრაქტიკოს მასწავლებელს საშუალება ჰქონდა, კომპეტენციების დასადასტურებელი გამოცდებისა და სვალდებულო და დამატებითი აქტივობების განხორციელებით, გაეუმჯობესებინა საფეხური და სქემაში დაწინაურებულიყნენ. თუმცა, სისტემას დღემდე შემორჩა პრაქტიკოსი მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ვერ დაწინაურდა. სახელმწიფო, გამონაკლისის სახით, წელს, ნოემბერში, მათთვის სასერტიფიკაციო გამოცდები ისევ დაუშვა და კიდევ ერთხელ მისცა შანსი, გაიუმჯობესონ შედეგები – შეივსონ კრედიტქულების დანაკლისი, რომელიც უფროსი მასწავლებლის საფეხურზე გადაიყვანს.

 შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისთვის 26 ათასზე მეტი პრაქტიკოსი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი პრაქტიკოსები გამოცდით ვერ შეძლებენ სტატუსის ცვლილებას, დეკემბრის დასაწყისამდე შეუძლიათ, გააგრძელონ კრედიტქულებისთვის განკუთვნილი აქტივობების განხორციელება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი, ჩვენთან საუბრისას, ამბობს, რომ დაბალი კრედიტის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, გზა სტატუსის შესაცვლელად, ყველაზე მარტივი მაინც საშემოდგომო გამოცდაზე გასვლა და შედეგის გაუმჯობესებაა.

სტატუსის შესაცვლელად, საბოლოო ვადად, 31 იანვარი გამოცხადდა. რა ბედი ელით უსტატუსოდ დარჩენილ პედაგოგებს და რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ სახელმწიფო, რომ სისტემაში დარჩნენ – რეალურად ვინ იქნება პრაქტიკოსი 2020 წლიდან? „მათთან დაკავშირებით, ვინც 31 იანვრამდე ვერ შეძლებს სტატუსის ცვლილებას, სკოლა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას – თვითონ განსაზღვრავს დატოვებს თუ არა ყოფილ პრაქტიკოს მასწავლებელს და გაუგრძელებს თუ არა დროებით ხელშეკრულებას, – აცხადებს მანანა რატიანი.

მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუკი სკოლა ხელშეკრულებას გაუგრძელებს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ პირმა ზაფხულის სასერტიფიკაციო გამოცდაზე აუცილებლად უნდა დაადასტუროს საგნის კომპეტენცია. თუმცა, ამ დროისთვის, რადგან ისინი უკვე უსტატუსო მასწავლებლები იქნებიან, გამოცდაზეც დარეგისტრირდებიან, როგორც მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები, ისევე როგორც დანარჩენები, რომლებსაც სურთ სისტემაში შემოსვლა.

იანვრიდან, სკოლები, პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილზე, ვაკანსიას გამოაცხადებენ, თუ ვაკანსიაზე კვალიფიციური კადრი მივა, რასაკვირველია, სკოლა არჩევანს მის სასარგებლოდ გააკეთებს, მაგრამ თუ ვაკანსია არ შეივსო, მაშინ დროებით ხელშეკრულებას ყოფილ პრაქტიკოსს, სავარაუდოდ, სასწავლო წლის ბოლომდე გაუგრძელებს. ზაფხულში კი, ისევ გამოაცხადებს ვაკანსიას და შეეცდება, კვალიფიციური კადრი იპოვოს. რეალურად, პრაქტიკოსი მასწავლებელი გამოცდას, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, ნოემბერში ბოლოჯერ ჩააბარებს, მაგრამ, რადგან არსებული გამოცდა მასწავლებლობის მსურველებისთვის ზაფხულში ისევ ჩატარდება, საგნის კომპეტენციის დადასტურებას შეძლებს ნებისმიერი მსურველი, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მათ შორის ყოფილი პრაქტიკოსებიც, რომლებსაც სურთ თავიდან სცადონ ბედი და შემობრუნდნენ სისტემაში.

როგორი იქნება გამოცდა და შეიცვლება თუ არა შინაარსობრივად? ქალბატონი მანანა განმარტავს, რომ „ეს იქნება ჩვეულებრივი საგნის გამოცდა, ისეთივე, რა ფორმატსაც არიან მიჩვეულები, არც შინაარსობრივად შეიცვლება რამე ტესტში. საგნის გამოცდა ჩატარდება მათთვის, ვისაც სურს მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება და შესაბამისად, ბარიერი ყველასთვის ერთი იქნება და აღარ იარსებებს ნაწილობრივი კრედიტქულები – 1-4-7 კრედიტი. ბარიერი ყველასთვის ერთია, მნიშვნელობა არ აქვს ყოფილი პრაქტიკოსია თუ სრულიად ახალბედა, ისინი თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან, როგორც პროფესიაში შემსვლელი ადამიანები. კონკრეტულად, რამდენ პროცენტიანი ბარიერი იქნება, ჯერჯერობით, უცნობია.რაც შეეხება გამოცდას, რომელიც სტატუსის მოსაპოვებლადაა განკუთვნილი, განსხვავებული იქნება შინაარსობრივადაც და ფორმატითაც – ეს იქნება წამყვანობისა და მენტორობის სტატუსის მოპოვების მსურველების კომპლექსური შეფასება.

რამდენი პრაქტიკოსი მასწავლებელია სისტემაში, ამის საბოლოო სტატისტიკა თვის ბოლოს გახდება ცნობილი, რადგან ჯერჯერობით ისევ მიდის სტატუსის ცვლილებების პროცედურები. გამოცდის შედეგების ასახვა არ დასრულებულა, რის შედეგადაც კიდევ ბევრი მასწავლებელი გადავა უფროსის საფეხურზე. „საბოლოო სურათი სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გვექნება. თუმცა, წინასწარ იმის თქმა მაინც შემიძლია, რომ ცუდი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს, რადგან სასწავლო წელი დამთავრდა 32 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებლით, მათგან 10 ათასზე მეტ მასწავლებელს უკვე აქვს სტატუსი შეცვლილი, 6 ათასზე მეტი კი სისტემიდან გავიდა, დარჩენილი რაოდენობიდან, იმედია, ნაწილი დეკემბერში შეიცვლის სტატუსს. ასე რომ, საერთო ჯამში, მომავალი წლის სექტემბრისთვის, გაცილებით ნაკლები უსტატუსო მასწავლებელი ეყოლება სისტემას“ – ამბობს მანანა რატიანი.

რეალური დრო კრედიტების დასაგროვებლად პრაქტიკოსებს ორი თვე (ოქტომბერი და ნოემბერი) აქვთ, რადგან დეკემბერში უკვე შეფასების ჯგუფები იწყებენ მუშაობას, თუმცა, ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მრავალფეროვანი აქტივობებიდან და შესაძლებლობებიდან აირჩიონ ისეთი, რომლის განხორციელებასაც მოასწრებენ. მაგალითად, სოციალური პროექტები, ისტ-ის გამოყენებით სწავლება, და ა.შ. რაც შეეხება დამატებით შესაძლებლობას, ცენტრი მათ წლის განმავლობაში შესასრულებელ აქტივობას (მაგალითად, წრე, კლუბი) სემესტრში ჩაუთვლის. „ამის გარდა, ჩვენ მათ მივეცით სემინარებში მონაწილეობისა და სამუშაო შეხვედრების უფლებაც, რაც, ასევე მოუტანთ კრედიტქულებს. რეალურად, განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ასე რომ, 2 და 3 კრედიტის მოპოვება მასწავლებელს, დეკემბრის დასაწყისამდე, თავისუფლად შეუძლია.“ – აცხადებს მანანა რატიანი.

 ლალი ჯელაძე

 

დატოვეთ კომენტარი