პროგრესი იმისთვის გვჭირდება, რომ თავისუფალი ევროპული ქვეყანა გავხდეთ

321

რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია სოფო ხოშტარია პარიზის II პანთეონ-ასასის უნივერსიტეტის სტუდენტი

 სოფო,როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი, შენი მასწავლებლები განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?

დავამთავრე სენტ-ეგზიუპერის სახელობის ფრანგულ-ქართული კოლეჯი. დარწმუნებული ვარ, ეს სკოლა ყველა მისი მოსწავლისთვის განსაკუთრებულად თბილ მოგონებებს აღძრავს. სკოლის პერიოდი ჩემთვის დაუვიწყარია. ვთვლი, რომ სკოლამ, თითოეულმა მასწავლებელმა,  სკოლის მეგობრებმა  დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს განვითარებაში. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩემს დამრიგებელს, ფრანგულის მასწავლებელს და ახლა უკვე ძალიან ახლო მეგობარს – ირინა ტერელაძეს, რომლის დამსახურებაცაა, რომ მე და კიდევ ბევრი ჩემი თანაკლასელი, საფრანგეთში ვსწავლობთ. რა თქმა უნდა, სკოლამ გარკვეულწილად განსაზღვრა ჩემი პროფესიული მომავალი. დაწყებითი კლასებიდან ყველას გვქონდა საერთო საბოლოო მიზანი – გვესწავლა საფრანგეთში. თუმცა კონკრეტულად პროფესიის არჩევანზე სკოლას გავლენა არ მოუხდენია.

 რა გზა გაიარე საქართველოდან საფრანგეთამდე და რატომ აირჩიე განათლების მისაღებად პარიზი?

თავდაპირველად, კავკასიის ბიზნეს სკოლაში ვსწავლობდი. პირველ კურსზე გავაგზავნე პარიზში საბუთები, მაგრამ არ მიმიღეს. როგორც გაირკვა იმიტომ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში არ ვსწავლობდი. უარი ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ბევრნი მივდიოდით ერთად და ერთად გვქონდა ყველაფერი დაგეგმილი, მაგრამ “არ დავნებდი”, გადავედი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და თავიდან გავაგზავნე საბუთები. ამჯერად მიმიღეს და მაინც, ორწლიანი წვალების შემდეგ, პარიზში წავედი. თუ რატომ შევარჩიე მაინცდამაინც პარიზი, ამას მარტივი პასუხი აქვს – იმიტომ რომ ფრანგული კოლეჯი დავამთავრე, პირველი კლასიდან ვსწავლობდი ფრანგულ ენას, ლიტერატურას, ფრანგულ კულტურასა და ისტორიას; მე და ჩემი მეგობრები, სკოლიდან, რამდენჯერმე ვიყავით პარიზში სასწავლო კურსით, ამიტომ ეს ქვეყანა ჩემთვის მეორე სამშობლოსავითაა.

 მიამბე პარიზის პანთეონ-ასასის ისტორია რა პროფესიას ეუფლები და რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?

პანთეონ-ასასის უნივერსიტეტი სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტის პირდაპირი “მემკვიდრეა”, რომელიც XII საუკუნიდან არსებობდა და 1968 წელს, სტუდენტური გამოსვლების შემდეგ, დაიშალა. დღესდღეობით ეს სამართლის და ეკონომიკის მიმართულების ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია. დავამთავრე ეკონომიკის და მართვის ბაკალავრიატი საერთაშორისო ეკონომიკის განხრით. ახლა ვაგრძელებ მაგისტრატურას საერთაშორისო ეკონომიკის გეოსტრატეგიის მიმართულებით. პირველ რიგში, ჩემი არჩევანი განაპირობა იმან, რომ ბავშვობიდან მათემატიკისადმი მქონდა ინტერესი. როცა ვაბარებდი, “პერსპექტიულ” ფაკულტეტად ითვლებოდა ეკონომიკა, მენეჯმენტი, ბიზნესი… რაც შეეხება მიმართულებას, რომელიც ავირჩიე უკვე ბაკალავრიატის მესამე კურსზე, ამ შემთხვევაში უფრო გააზრებული მქონდა ჩემი არჩევანი. ვფიქრობ, საერთაშორისო ეკონომიკა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა. მით უმეტეს საქართველოში, რომელიც ახლა იწყებს მსოფლიო ეკონომიკაში აქტიურად ჩართვას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დარგში კარგი სპეციალისტების ყოლას.

 უნივერსიტეტი გასცემს თუ არა გრანტებს და სტიპენდიებს უცხოელი სტუდენტებისთვის და რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები?

რამდენადაც ვიცი, ჩემი უნივერსიტეტი არ გასცემს გრანტებს და სტიპენდიებს უცხოელი სტუდენტებისთვის. არსებობს საუნივერსიტეტო სამსახურები, რომლებიც ეხმარებიან უცხოელ სტუდენტებს სტიპენდიის მოპოვებაში, ბინის მოძებნაში და ა.შ. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველო არ შედის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლის სტუდენტებსაც ეს სამსახურები ეხმარებიან. დაფინანსების მოპოვების ერთადერთი გზა ისევ საქართველოა. თუმცა, აქაც საკმაოდ მოუწესრიგებელი სისტემაა.

 პარიზი II პანთეონ-ასასის უნივერსიტეტში, ალბათ, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდა. 

როგორც უკვე ვთქვი, პანთეონ-ასასის მთავარი პროფილია ეკონომიკა და სამართალი. შესაბამისად, ამ უნივერსიტეტიდან ბევრი ცნობილი იურისტი და ეკონომისტი გამოვიდა. მათ შორის არის საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არაერთი წევრი, ბევრი ყოფილი და ამჟამინდელი მინისტრი. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია ბევრი პოლიტიკური მოღვაწე ფრანკოფონურ ქვეყნებშიც, მაგალითად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პირველი ქალი პრეზიდენტი კათრინ სამბა-პანზა.

 რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამების, ლექციებისა და პროფესორმასწავლებლების შესახებ, რამდენად განსხვავდება ფრანგული უმაღლესი სასწავლო პროგრამები ქართულისგან?

ვერ ვიტყვი, რომ სასწავლო პროგრამა დიდად  განსხვავდება ქართული უნივერსიტეტების პროგრამებისგან. თუმცა აქაური სისტემა ბევრად უფრო მოწესრიგებული და გამართულია. მასალაც უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია. ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მოთხოვნის სტანდარტი აქ ბევრად უფრო მაღალია. რა თქმა უნდა, არსებითია ისიც, რომ პანთეონ-ასასში მსოფლიო დონის პროფესორები ასწავლიან, რომელთა ლექციების მოსმენაც, ვალდებულებაზე მეტად, სიამოვნებაა.

რა ადგილი უჭირავს საფრანგეთში, კერძოდ პარიზში, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს?

ბიბლიოთეკებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ ფრანგულ და, ზოგადად, ევროპულ უნივერსიტეტებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს უნივერსიტეტს საკმაოდ დიდი და მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს, იქ ადგილი არასდროს არის, იმიტომ რომ ყველა შეჩვეულია ბიბლიოთეკაში მეცადინეობას. გადამდები განწყობაა, ყველა მეცადინეობს და შენც იძულებული ხარ იმეცადინო.

როგორ ფიქრობ, რა უპირატესობა აქვს ევროპულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულ უნივერსიტეტებთან შედარებით?

მთავარი უპირატესობა, ალბათ, მოთხოვნა და თავად სტუდენტების დამოკიდებულებაა სწავლის მიმართ. აქ ყველა სტუდენტს გააზრებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მისი მომავლისთვის. ამიტომაც სწავლას ბევრად უფრო სერიოზულად ეკიდებიან და ეს დამოკიდებულება გადამდებია. გამოცდების პერიოდში იყო დღეები, როცა ჭამისთვისაც კი ვერ ვიცლიდი. 10-12 საათი გადაბმულად ვმეცადინეობდი, რამდენიმე ღამე გამითენებია. თბილისში სწავლის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ვსწავლობდი კავკასიის უნივერსიტეტში, რომელშიც მეტ-ნაკლებად მაღალი მოთხოვნებია, არც მიფიქრია და არც დამჭირვებია მსგავსი არაფრის გაკეთება. რა თქმა უნდა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს მსოფლიო დონის ლექტორები, რომელთა ლექციების გაცდენა უბრალოდ აზრადაც არავის მოსდის, მიუხედავად იმისა, რომ დასწრება თავისუფალია. მოწესრიგებული სისტემა, უნივერსიტეტის გარემო, მდიდარი ბიბლიოთეკა, ეს ყველაფერი “გაიძულებს”, ისწავლო და შენც ამ გარემოს და გამართული სისტემის სრულფასოვანი წევრი გახდე.

 უცხოეთში, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაწესებულებაში რეგისტრაციის შედეგად, უცხოელ სტუდენტებსსწავლის პირველივე წლიდან, უფლება აქვთ იმუშაონ ნახევარ განაკვეთზე. გაქვს თუ არა მუშაობის შესაძლებლობა სწავლის პარალელურად?

მეც, როგორც ნებისმიერ სტუდენტს, მაქვს მუშაობის უფლება. დაშვებულია სამუშაო საათების 60%. თუმცა, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, ვერ ვპოულობ სამსახურს. სამწუხაროდ, ჩემი უნივერსიტეტი (და ზოგადად, პარიზის უნივერსიტეტები) არ ეხმარება სტუდენტებს სამსახურის მოძებნაში.

 სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს? როგორია ფრანგული სტუდენტური ცხოვრება, როგორ ცხოვრობენ ფრანგი ახალგაზრდები, რა არის მათთვის პრიორიტეტული?

თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ. დავდივართ პაბებში, კლუბებში, სხვადასხვა ფესტივალებზე. ვცდილობ ვიმოგზაურო რაც შეიძლება ბევრი, რაც, რა თქმა უნდა, ევროპაში ყოფნისას ბევრად უფრო მარტივი და იაფია. მეგობრებთან ერთად ვიმოგზაურე ბარსელონაში, ვენეციაში, ბერლინში. ფრანგი ახალგაზრდები დაახლოებით ისევე ერთობიან, როგორც ქართველები და, ზოგადად, ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანები. უბრალოდ, პარიზში გართობის მეტი შესაძლებლობა და არჩევანია.

 როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს? მომავალი როგორ გესახება, სად აპირებ დამკვიდრებას?

აუცილებლად ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ პარიზში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არც ერთი წუთით არ მიფიქრია აქ დარჩენა. იმედი მაქვს, პარიზში მიღებული განათლება დამეხმარება საქართველოში კარგი სამსახურის პოვნაში, თუმცა არ მგონია, რომ `უცხოური დიპლომი~ გადამწყვეტი ფაქტორი იყოს.

 რას ურჩევ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ

პირველ რიგში ვურჩევ, საზღვარგარეთ სასწავლებლად შემართებით წავიდნენ, უნდა იყვნენ დარწმუნებულები იმაში, რომ ყველაფერს შეძლებენ. ჩემი გამოცდილებიდან ვურჩევდი, არ ინერვიულონ იმ პატარა პრობლემების გამო (მაგალითად პარიზში, ძირითადად, ბიუროკრატიული სახის პრობლემებია), რომლებიც აუცილებლად შეგხვდებათ. ბოლომდე შეირგონ სტუდენტური ცხოვრების ის ატმოსფერო, სიტუაცია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ნაკლებად არის, გაერთონ, ბევრი იმოგზაურონ. და რა თქმა უნდა, ისწავლონ და ეცადონ, მოერგონ  უნივერსიტეტის სისტემასა და მოთხოვნებს მინიმუმის დონეზე მაინც.

 როცა საქართველოდან ასე შორს ხარ, რა გენატრება ყველაზე მეტად?

მიუხედავად იმისა, რომ პარიზში მარტო არ ვარ, ვცხოვრობ და ვსწავლობ ჩემს ბავშვობის მეგობრებთან ერთად, ალბათ ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი და მეგობრები მენატრება. შემდეგ უკვე თბილისი და თბილისისთვის ჩვეული სიტუაციები. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის ერთ-ერთი მიზეზი “თბილისური სიტუაციებისგან” გაქცევა იყო, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ეს სიტუაციები მენატრება ყველაზე მეტად. თუმცა, თბილისში ყოფნისას ანალოგიური შეგრძნებები მაქვს პარიზთან დაკავშირებითაც. ზუსტად ორ კვირაში მეწყება პარიზის ქუჩების, სახლის, ცხოვრების სტილის ნოსტალგია.

 როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ალბათ მეტს და ღრმად ფიქრობს სამშობლოზე. საზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი ადამიანი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს. როგორ ფიქრობ, მიგვიღებს ევროპა ისეთებს, როგორებიც ვართ, თუ ძალიან ბევრი რამის გადახედვა და გადაფასება მოგვიწევს?

რა თქმა უნდა, უცხოეთში ცხოვრებისას სხვანაირად უყურებ, აფასებ, განიცდი ყველაფერს. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი ეკონომიკური, სოციალური თუ მენტალური პრობლემა უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ განვითარებული ქვეყანა გვერქვას. საბედნიეროდ, ეს პროცესი უკვე დაწყებულია საქართველოში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. გარკვეული “ღირებულებები” (რომლებიც სინამდვილეში სულაც არ არის ღირებული), საბედნიეროდ, უკვე გადაფასებულია. თუმცა სულაც არ მგონია, რომ ეს ყველაფერი იმისთვის უნდა მოხდეს, რომ ევროპამ “მიგვიღოს”. პროგრესი გვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოოდ ბუნებრივად გავხდეთ დემოკრატიული, ტოლერანტული, ნორმალურ ღირებულებებზე დაფუძნებული თავისუფალი ევროპული ქვეყანა.

 შენ ღირსეული წინაპრების შთამომავალი ხარ, გვიამბე მათ შესახებ

ჩემი დიდი ბებია – ანასტასია ერისთავი-ხოშტარია და ბაბუა – დუტუ მეგრელი (დიმიტრი ხოშტარია) ცნობილი მწერლები იყვნენ. მეორე მხრიდან ჩემი წინაპარი იყო მარი ბროსე – ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი, რომელმაც საფუძველი დაუდო ევროპულ ქართველოლოგიას. ალბათ ფრანგული გენეტიკის “ბრალია”, რომ ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო განსაკუთრებული ინტერესი ფრანგული კულტურისადმი. მეც სწორედ ამის გამო მოვხვდი ფრანგულ კოლეჯში და საბოლოოდ საფრანგეთში.

 ანასტასია ერისთავი-ხოშტარია იყო პირველი ქართველი  ქალი  მწერალი,  რომელმაც ქალების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თაოსნობით დაარსდა ორგანიზაცია მანდილოსანი“. დამეთანხმები, რომ იმ დროში ქართველი აზნაური ქალების ყოფაცხოვრების, ძველი ფასეულობების ცვლილებისა და ახალი ეკონომიკურმორალური წესრიგის ჩამოყალიბების შესახებ მოწოდება ნამდვილი გმირობა იყო. როგორ აფასებ მის შეუპოვრობას და შემართებას?

ცოტა ხნის წინ, წავიკითხე ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას დღიური, რომელსაც ის 22-23 წლის ასაკში წერდა. ზუსტი გაგებით, ეს დღიური არც არის. მასში ანასტასია თავისი დროის პრობლემებსა და საკუთარ გეგმებზე წერს. ამ დღიურმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. წარმოიდგინეთ, ჩემი ასაკის ანასტასია ფიქრობს გლობალურ პრობლემებზე, მსჯელობს ქალთა მდგომარეობაზე იმ ეპოქაში, როცა ამაზე ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა და, მით უმეტეს, ხმამაღლა საუბრობდა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქალების განათლების საკითხს და ეს ბუნებრივიცაა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ხომ, ამ თვალსაზრისით, განსხვავება ქალებსა და მამაკაცებს შორის ძალიან თვალშისაცემი იყო. ქალებს შორის უმაღლესი განათლება ერთეულებს თუ ჰქონდათ მიღებული. საზოგადოება “მანდილოსანი”, რომელსაც თქვენ ახსენებთ, იმ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თავისი მიზნებით, ის ევროპულ ფემინისტურ ორგანიზაციებს ჰგავდა.

 ყველა ქართველისთვის ბავშვობიდან ნაცნობი და ახლობელია ლექსი პატარა ქართველი და მოთხრობა ქინაქინა“. რა განცდაა, როცა შენი წინაპრის  დუტუ მეგრელის შემოქმედება, თუნდაც ერთი ლექსი, მრავალი წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას?

 რაც შეეხება დუტუ მეგრელს, მისი „ქინაქინა“ და „პატარა ქართველი“ ყველამ ზეპირად იცის. ბავშვობიდან მახსოვს ის პირველი, საოცრად თბილი განცდა, როდესაც „ქინაქინა“ წავიკითხე (ან წამიკითხეს) და ის ბავშვური შეგრძნება, როცა ვინმე „პატარა ქართველს“ ამბობდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საამაყოა.

 რა არის შენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი, რელიქვია, რომელიც წინაპრებისგან დაგრჩა?

არ ვიცი, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს რელიქვიად დღიური, რომელიც ზემოთ ვახსენე. დარჩა ფოტოები, რომელთა თვალიერებაც ძალიან მიყვარდა ბავშვობაში. დარჩა წერილები და სხვა საბუთები, რომლებიც ახლა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიასა და დუტუ მეგრელის არქივში. მათ შორის არის ილია ჭავჭავაძის წერილი დუტუ მეგრელისადმი, საზოგადოება „მანდილოსნის“ წესდების ხელნაწერი და სხვ. ეს ყველაფერი ჩემთვის უძვირფასესია.

 ესაუბრა მაკა ყიფიანი

 

 

დატოვეთ კომენტარი