პირველი ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის ავტორიზაცია

1478
გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ახალი ტალღა“ პირველი კოლეჯია, რომელმაც ავტორიზაციის საბჭოს მიერ ინტეგრირებულ პროგრამაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლეჯი განახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლება. გადაწყვეტილების შედეგად „…კოლეჯში შესაძლებელია, პროფესიასთან ერთად, ზოგადი განათლების მიღება, 9 კლასის დასრულების შემდეგ. ასევე ეს იყო პირველი ადმინისტრაციული წარმოება ახალი სტანდარტების საფუძველზე. ვულოცავ კოლეჯ ახალ ტალღას ამ წარმატებას, მადლობა საბჭოს, ექსპერტებს, ცენტრს და ვულოცავ ყველას, ვინც ახალგაზრდებისათვის ამ შესაძლებლობის მისაცემად უდიდესი შრომა გასწია! ვულოცავ განათლების სისტემას წლების განმავლობაში არსებული საგანმანათლებლო ჩიხის ფაქტობრივად აღმოფხვრას!“ – ასე გამოეხმაურა კახა ერაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე „ახალი ტალღის“ ინტეგრირებული პროგრამის ავტორიზაციას.
კოლეჯის დირექტორის მოადგილე კახა ბოლქვაძე კი ამბობს, რომ პილოტირებაში ჩართულ კოლეჯებს შორის პირველები აღმოჩნდნენ და კომპიუტერული ქსელის და სისტემების ინტეგრირებული პროგრამის ავტორიზება მიიღეს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოში პირველი ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების ისტორია „ახალ ტალღაში“ დაიწყო. თუმცა, კოლეჯი ამით არ წყვეტს ინტეგრირებული პროგრამების ავტორიზაციის პროცესს და წელსვე შეეცდებიან კიდევ ორი პროგრამის დამატებას, ეს პროგრამებია: სასტუმროს მენეჯმენტი და სარესტორნო მომსახეურება.
კახა ბოლქვაძე: „ინტეგრირებული პროგრამების დანერგვა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ამით სახელმწიფომ შანსი მისცა ცხრაკლასდამთავრებულებს, დაეუფლონ როგორც პროფესიულ პროგრამებს, ასევე სრულ საშუალო გაანთლებას. აღნიშნულ პროგრამაზე აქამდეც ვიყავით ავტორიზებული, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთვარებული მხოლოდ პროფესიულ დიპლომს იღებდა. აქედან გამომდინარე, სურვილის შემთხვევაში, ის ვერ შეძლებდა სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძლებას, ანუ მას რეალურად ჩაკეტილი ჰქონდა უმაღლესისკენ მიმავალი გზა. ინტეგრირებული პროგრამის შემთხვევაში, ეს გზა გაეხსნებათ.
ავტორიზაციის მისაღებად, ბუნებრივია, მოგვიწია სტანდარტით მოთხოვნილი ყველა დეტალის გათვალისწინება და ახალი მიდგომების განხორციელება. მაგალითად, ინტეგრირებული მიდგომით, პროგრამას დავამატეთ ზოგადი მოდულები, რომელიც პროფესიული განათლების დეპარტამენტმა და ხარისხის ცენტრმა შეიმუშავა. სწორედ ეს მოდულები აძლევს ჩვენს პროფესიულ სტუდენტებს საშუალებას, რომ, პროფესიულ მოდულებთან ერთად, დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას, რაც სავალდებულოა, მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, მზაობის დასადასტურებლად, რომ საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი მიიღონ.
ცხადია, არსებობს ავტორიზაციის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედეთ როგორც სასწავლო მოდულების დამატების, ისე პედაგოგების შერჩევის შემთხევაში. კონკურსით შერჩეული პედაგოგების უმეტესობა სკოლის პედაგოგია.“
ავტორიზაციის მოპოვების პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ამიტომ პროგრამის გავლა, ნაწილობრივ, შეზღუდვების დაწესებამდე მოესწრო, კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის გამო კი, ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში წარიმართა. კიდევ ორი ინტეგრირებული პროგრამის, რომელთა დამატებასაც კოლეჯი აპირებს, ავტორიზაციის პროცესი, სავარაუდოდ, სრულად ონლაინ რეჟიმში განხორციელდება. რაც შეეხება პროგრამაზე რეგისტრაციას, დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ: „რადგან წელს, კოვიდ 19-ის გამო, განსაკუთრებული სიტუაცია შეიქმნა, ზოგადად, პროცესებიც უფრო შერბილებული იქნება, რეგისტრაცია მაისის ბოლოს დაიწყება და, მინიმუმ, ორი თვე გასტანს, სწავლა კი ოქტობერში დაიწყება.ინტეგრირებული პროგრამის ხანგრძლივობა სამი წელია.“
კითხვაზე – გაზრდის თუ არა ინტეგრირებული პროგრამების დაშვება კოლეჯში სტუდენტების რაოდენობას, კახა ბოლქვაძე ამბობს, რომ ეს უკვე მოხდა და გვიამბობს, როგორ უპრეცედენტოდ გაიზარდა მსურველთა რაოდენობა მას შემდეგ, რაც ამის შესახებ შეიტყვეს: „პირველ ეტაპზე, შემოდგომისთვის ვაპირებდით, რომ ამ პროგრამაზე 15 პროფესიული სტუდენტი მიგვეღო. მაგრამ ჯერ ავტორიზაციის პროცესიც არ იყო დასრულებული, რომ უკვე 40 მსურველი/კანდიდატი გვყავდა. მსურველთა დიდი ნაკადია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წელს მხოლოდე ერთი ინტეგრირებული პროგრამა კი არა, კიდევ ორი დავამატოთ, ცხადია, ავტორიზაციის შემდეგ.“
პროგრამების არჩევისას კი, კოლეჯმა გაითვალისწინა როგორც სტუდენტთა მოთხოვნები, ისე რეგიონის სპეციფიკა და დასაქმების შესაძლებლობები. სტუდენტთა მიღების კვოტაც, ბუნებრივია, გარკვეულ გათვლებს ეფუძნება, რადგან საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი კოლეჯიც კი, ამ გათვლების გარეშე, თავისთავად, ყველას ინტერესსა და მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. „საერთო ჯამში, თუ მეტი მოთხოვნა გაჩნდა, ყველას ვერ დავაკმაყოფილებთ, რადგან კვოტა დამოკიდებულია ადამიანურ რესურსზეც, ინფრასტრუქტურულ რესურსზეც და ა.შ. რასაკვირველია, მსურველთა ინტერესს ვითვალისწინებთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ინტეგრირებული პროგრამების დანერგვა ახლა იწყება და საპილოტე რეჟიმი ბევრ რამეს დაგვანახებს. მთავარი მაინც, ხარისხიან სწავლებაზე ორიენტირება და დამსაქმებელთა ინტერესების გათვალისწინებაა.“ – ამბობს კახა ბოლქვაძე.
ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი