პანდემიის ზეგავლენა ბავშვებზე

399
საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი – ამ ინფორმაციას, გაეროს ბავშვთა ფონდი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აქვეყნებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე კრიზისის პერიოდში ყველა ბავშვმა უნდა განაგრძოს სწავლა და შეძლოს სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნება. თუმცა, მისივე მონაცემებით ირკევევა, რომ ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტერნეტზე, თამაშისა და სწავლის შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას ხელს უშლის ხარისხიანი ინტერნეტის ნაკლებობა, ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ინტერნეტის კავშირის, შინ სათანადო სასწავლო გარემოს და მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობა, რის გამოც ბავშვები ჩამორჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი

კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ბავშვებსა და მოზარდებზე, თუმცა, გაეროს ბავშვთა ფონდს, განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, განსაკუთრებით აღელვებს იმ ბავშვების მდგომარეობა, რომელთაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ძირითად მომსახურებებსა და რესურსებზე. „კორონავირუსის სწრაფად გავრცელებისადმი განსაკუთრებით დაუცველნი არიან ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, სადაც სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები – ხელსაბანი და სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები. გაეროს ბავშვთა ფონდის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. შესაბამისად, უფრო მაღალია ასეთი ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები

ღასან ხალილი, გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, ძირითად მომსახურებებისა და თითოეული ბავშვისთვის სათანადო გარემოს შესაქმნელად, „რათა მათ საკუთარი უფლებებით სარგებლობა შეძლონ. სექტემბერში ძალაში შევა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს, ბავშვთა ცხოვრებაში მათი კეთილდღეობის ხელშესაწყობად. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას კოდექსის განხორციელებაშიც მხარს ვუჭერთ.“ დღევანდელ პირობებში კი, მისთვის უმნიშვნელოვანესი უმთავრეს გამოწვევაზე პასუხია: „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბავშვებს და მათ ოჯახებს ჰქონდეთ წვდომა უსაფრთხო და  უვნებელ წყალსა და სანიტარულ პირობებზე, ინტერნეტზე, წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსზე“ – აღნიშნავს ღასან ხალილი.

                                                           ♦ ♦ ♦

ბავშვის უფლებათა კოდექსი, საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სექტემბერში მიიღო და ძალაში 2020 წლის სექტემბერში შედის. კოდექსი არის ქოლგა დოკუმენტი, სპეციალური კანონი, რომელიც აერთიანებს  ბავშვის კეთილდღეობისათვის უმნიშვნელოვანეს ყველა ძირითად პრინციპს.

ყველა სახელმწიფო უწყება, ადგილობრივი ხელისუფლება, სხვა ადმინისტრაციული უწყებები, საერთო სასამართლოები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ბავშვებთან იმუშავებენ და მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს სწორედ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე მიიღებენ.

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი