ონლაინ სწავლების კვალდაკვალ

761

სადაც არის, დამთავრდება სასწავლო წელი – უცნაური, თავისებური, ტვირთმძიმე და ჯერჯერობით გამოუცნობი. ყველაფერი დაახლოებით სამი თვის წინ დაიწყო; მაშინ, როცა კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი თავდაყირა დადგა. ბევრისგან გამიგია, დრო თითქოს გაჩერდაო. დრო როგორ გაჩერდა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთანაც და მსოფლიოშიც უცნაური ფორმისა და სახეობის სტაგნაცია რომ დაიწყო ყველა მიმართულებით, ეგ კი ფაქტია. ამ მოცემულობამ აქამდე არსებული ცხოვრების წესის შეცვლა გახადა გარდაუვალი. არც განათლების სისტემა დარჩა ვალგადაუხდელი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის რეკომენდაციები გასცა, რომლის მიხედვით, სასწავლო დაწესებულებებს დაევალა (შეძლებისდაგვარად) დისტანციური სწავლებისას უსაფრთხო არხების გამოყენება; კერძოდ, სამინისტროს რჩევით, უპირატესობა მიენიჭა არა სოციალურ ქსელებს, არამედ სპეციალურად სამინისტროს მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო არხებს; გარდა ამისა, მითითება/რეკომენდაციაში სწავლის პროცესის წარმართვაზეც იყო საუბარი.

ჩვენი ქვეყანა, სხვა სახელმწიფოების დარად, ჩაერთო ამ პროცესში და ბუნებრივია, ბევრ სირთულესაც წააწყდა. მართალია, სკოლებს უფლება მიეცათ, დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ქართულ რეალობაში, ქალაქებსა და ზოგიერთ სოფელს შორის, შეინიშნებოდა ციფრული უთანასწორობა, რაც იქ მცხოვრებ ადამიანთა სამართლიან გულისტკივილს იწვევდა. გარდა ამისა, ყველა მოსწავლეს არ ჰქონდა შესაბამისი ელექტრომოწყობილობა, ინტერნეტი, ან თუ ჰქონდათ, ერთ ოჯახში ორი და სამი შვილის შემთხვევაში, პრობლემა იყო მათი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი მასწავლებელიც აღმოჩნდა კომპიუტერული მოწყობილობის გარეშე და ა.შ. საქსტატის 2019 წლის მონაცემების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია საქართველოს მოსახლეობის 62%. ეს კი, დამეთანხმებით, სასწავლო პროცესის უმტკივნეულოდ გაგრძელებას ნამდვილად შეუშლიდა ხელს. ამ პროცესმა სოციალურ ფენებს შორის დიფერენცირება თვალნათელი გახადა და ბევრი ტყუილი და მართალი ამოატივტივა ცხოვრების ზედაპირზე.

ჯერ კიდევ 2016 წელს, ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობის დროს, აქტუალურ თემად დასახელდა დისტანციური სწავლების შემოტანა საგანმანათლებლო სივრცეში. განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას მინისტრმა ჯეჯელავამ დააანონსა ამ ტიპის სწავლების შემოტანის აუცილებლობა ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან და დასძინა, რომ 2017 წლიდან უცხოეთში მცხოვრები ათასობის ქართველი ბავშვი ჩაერთვებოდა ამ პროცესში. იგივე იგეგმებოდა მაღალმთიან რეგიონებშიც სხვადასხვა საგნის სპეციალისტის არყოლის გამო.

დისტანციური სწავლების გამართული მუშაობისთვის საჭიროა ადამიანური და ტექნიკური რესურსი, ელექტრონული ბიბლიოთეკა, ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის მუშაობა, გარდა ამისა, კოლაბორაციული (თანამშრომლობითი) სწავლების ელემენტები, ჯგუფური სავარჯიშოები ონლაინ „კლასის“ ჩამოსაყალიბებლად. სასწავლო მასალა და ინსტრუქციები ვიზუალურად ინტერაქციული უნდა იყოს; თუ მულტიმედიურ რესურსებს გამოვიყენებთ, ვფიქრობ, მეტად წახალისდებიან ვირტუალურ კლასში მყოფი „მორიდებული“, ნაკლებად აქტიური მოსწავლეები.

ის, რომ მასწავლებელი ე.წ. სკაფოლდინგის შემსრულებელი უნდა იყოს, ამას კონსერვატიული სწავლების პროცესშიც გვეუბნებოდნენ ქართველ მასწავლებლებს და სასწავლო დისციპლინების თამაშ-გართობით დაძლევისკენ მოგვიწოდებდნენ. უცხოური ქვეყნების გამოცდილებების გამოყენებაც უხვად იყო ჩვენს რეალობაში. ვეჭვობ, რომ სხვების გამოცდილება ჩვენს რეალობას თუ არ მოვარგეთ, არაფერში გამოგვადგება. ამას კვლევებიც ნათელყოფს. განათლების ცნობილი მკვლევარი გერტა ბიესტა (კომპანია „დავუბრუნოთ მასწავლებლებს თავინთი როლი“ ლობისტი) ფიქრობს, რომ მასწავლებლის აქტიური ჩართულობა გადამწყვეტია სწავლების ყველა კომპონენტში და სწავლება მხოლოდ „ფასილიტაციით“ არ უნდა შემოიფარგლოს. მასწავლებლის განუზომელ როლსა და ფუნქციაზე დღევანდელმა დღემაც დაგვაფიქრა. პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა სწავლების ალტერნატიული ვარიანტი. სხვა რელსზე მდგარ მასწავლებელს კურსისა და მიმართულების შეცვლა მოუწია.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ სწავლების ასინქრონული, სინქრონული და შერეული მოდელები არსებობს.

ასინქრონული სწავლებისას მასწავლებელი და მოსწავლეები ერთდროულად არ თანაყოფობენ. ეს პროცესი აერთიანებს ონლაინ ფორუმებს, ბლოგებს, იმეილებს, სოციალურ ქსელებს. საქართველოში გვქონდა/გვაქვს ასეთი სასწავლო კურსები, მაგ., სილქნეტის https://silkschool.ge/ სკოლა, რომელიც კლასების საგნების, თემების მიხედვით არის დაყოფილი. გარდა ამისა, მოსწავლეები და მასწავლებლებიც (განსაკუთრებით ტქნიკურ საგნებში) აქტიურად მიმართავენ ხანის აკადემიას https://ka.khanacademy.org/, რომელიც 2006 წელს არაკომერციულ საგანმანათლებლო ორგანიზაციად დაარსდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის კურსდამთავრებულის, სალმან ხანის, მიერ. აკადემიის საიტზე უამრავი მიკროლექციაა ფიზიკა-მათემატიკაში, ისტორიაში, ასტრონომიაში, ჯანდაცვასა და მედიცინაში, საბუნებისმეტყველო საგნებში, ეკონომიკაში, ხელოვნების ისტორიაში და სხვა. ამ აკადემიის საგაკვეთილო კურსის ქართული ვერსიაც არსებობს ინტერნეტსივრცეში, რომელიც ეფექტურად ეხმარება საგნის პედაგოგებსა თუ მოსწავლეებს სახალისო და მოქნილი ტესტებითა და დავალებებით. გარდა ამისა, პანდემიის დროს გამოცხადებულ კარანტინში, ქართულ სატელევიზიო სივრცეში, გამოჩნდა ახალი საგანმანათლებლო ტელეარხი „პირველი არხი-განათლება“ (tvschool.ge), რომელმაც მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ინტერნეტის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებს, მასწავლებლებს (და არა მარტო მათ).

სინქრონული სწავლების დროს სასწავლო პროცესი ონლაინ მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი და მოსწავლე ერთსა და იმავე დროს უნდა იყვნენ  ჩართული ვირტუალურ საგაკვეთილო სივრცეში. სასწავლო პროცესი დროშია გაწერილი. ამ დროს შესაძლებელია ვიდეო და აუდიომასალის გაზიარება, ელექტრონული დაფის გამოყენება, ვებინარი (ინფორმაციის რეალურ დროში განხილვის, გაგზავნის, მიღების შესაძლებლობა; ინტერაქციული პრეზენტაცია ინტერნეტში) და ა.შ.

ასევე არსებობს შერეული სწავლების მეთოდი, რომელიც აერთიანებს სინქრონული და ასინქრონული სწავლების კომპონენტებს. სკოლების მუშაობის სტილი შეესაბამება შერეული სწავლების მეთოდს. მისი უპირატესობა სასწავლო პროცესის მოქნილობაა დროსა და სივრცეში.

განათლების სფეროში აქტიურად მუშაობენ ონლაინ სწავლებისას მეთოდებისა და სტრუქტურის დახვეწასა და მრავალფეროვნებაზე. მასწავლებელს სთავაზობენ, გამოიყენოს მარკირების, დემონსტრირების მეთოდები. გარდა ამისა, შესაძლებელია კონკრეტული მედიარესურსებით სწავლება, რაც მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებას შეუწყობს ხელს. ონლაინ სწავლებისას გვთავაზობენ თანამშრომლობითი სწავლების მეთოდის გამოყენებას, ჯგუფური მუშაობის დაგეგმვასა და სწორად წარმართვას, როცა ე.წ. ჩათჯგუფებში მოსწავლეები დავალებას ოფლაინ რეჟიმში ასრულებან. გარდა ამისა, შემოთავაზებულია მოსწავლეთა წამახალისებელი აქტივობებიც, მასწავლებელს შეუძლია შეკრიბოს ჯგუფების მიერ შესრულებული დავალებები და შექმნას ვიდეოკოლაჟი და ვიდეოკლიპი, ვირტუალური გამოფენა და ა.შ. https://www.artsteps.com/).

ვფიქრობ, ეს მომავლის საქმეა, ახლა კი მასწავლებლები და მოსწავლეები ურთულესი ამოცანის წინაშე დადგნენ. ამა თუ იმ მეთოდის გამოყენებას დრო და გამოცდილება სჭირდება. ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი თუ დიდხანს გაგრძელდა და ტრადიციული სასწავლო გარემო ონლაინ გაკვეთილებმა შეცვალა, ყველას ზედმეტად მიაჯაჭვებს ტექნოლოგიებთან და ადამიანების იზოლაციას, გუნდური მუშაობისა და სხვა სოციალური უნარების დაქვეითებას გამოიწვევს; ეს კი არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანთა დესოციალიზაციის პროცესს გამოიწვევს. ცოტა რთულია, „რეალურ ადამიანად“ იგრძნო თავი ამ ვირტუალურ სამყაროში, სადაც მხოლოდ ხმა ისმის (ზოგჯერ გამოსახულებაც არის), ისიც არაბუნებრივი და ცოტა ყალბიც. მოსწავლეები დაიღალნენ ვირტუალურ სამყაროში „მეგობრობით“. მოენატრათ სკოლა, კლასელები, თქვენ წარმოიდგინეთ, მასწავლებლები. მიაჩნიათ, რომ ეს არასრულყოფილი განათლების ხელისშემწყობი იქნება და მომავალი თაობის სასიკეთოდ არ იქნება მიმართული. გაკვეთილებზე თითქმის ყოველთვის კამერები აქვთ გამორთული, რაც მასწავლებელს ხელს უშლის იმაში, რომ მოსწავლეთა განწყობა ან მასალის გაგების უნარი შეამოწმოს.

ერთხელ, ჩემს მოსწავლეს სურვილი გაუჩნდა, „Pink Floyd“-ის „I Wish You Were Here“ მოგვესმინა. სიტყვებს თუ დავაკვირდებით, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის შესაბამისიაო. მუსიკის ტექსტის შინაარსი საყვარელი ადამიანის მონატრებაზე, უიმისობით განცდილ ტკივილზეა. ასე მენატრებითო, – თქვა გოგონამ და ყველა გავჩუმდით. ეს ტკივილიანი სიხარული ჩუმი ცრემლებით გამოვხატე და დარჩენილი გაკვეთილის წუთები ამ სიმღერას დავუთმეთ.

ფაქტია, რომ სამყაროში სააზროვნო სივრცის, ღირებულებების, მიდგომების რეკონსტრუირება მოხდება. ამ პროცესში განათლების სისტემაც ისევე მოხვდება, როგორც დანარჩენი ინსტიტუციები. ვინ და რა გადაურჩება ნგრევა-შენების პროცესს, ვინ იცის? წინ საინტერესო მომავალი გველის, იმედია, უპერსპექტივო არა.

მაია მენთეშაშვილი

ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. http://platforma.ge/?p=3674
  2. http://www.inotles.eu/ka/% 8
  3. http://mastsavlebeli.ge/?p=25992
  4. https://www.youtube.com/watch?v=YasemZNLN5Y

დატოვეთ კომენტარი