ნაჩქარევად დაწყებული ონლაინ სწავლების ეფექტი – უწყება პირველ შეფასებას აკეთებს  

4762
  1. არდადეგების გახანგრძლივებამ ახალი გამოწვევები წარმოშვა, რეალურად, სისტემა დისტანციური სწავლების აუცილებლობის წინაშე დააყენა. სკოლებისთვის ონლაინ სწავლებაზე გადასასვლელად რეკომენდაციების მიწოდების თარიღად სამინისტრომ 16 მარტი დაასახელა. რეკომედაციები სკოლებს დაეგზავნა, თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა ასე ნაჩქარევად დისტანციური სწავლების ვერც დაწყებას და ვერც გამართვას ვერ უზრუნველყოფს. სამინისტროს ინიციატივის მიზანი გასაგებია – არ მოხდეს განათლების მიწოდების წყვეტა, თუმცა, როგორი იქნება ამ წამოწყების ეფექტი, ამაზე პასუხი სამინისტროს, ალბათ, ჯერ გაუჭირდება. და მაინც, როგორია მოკლე დროში ონლაინ სწავლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირველი შეფასება? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დღეს მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე შეეცადა.

მისი თქმით, რეკომენდაციები, რომელიც საჯარო სკოლებს დაეგზავნა, შეეხება იმას, თუ როგორ მოიქცნენ არდადეგების პერიოდში მასწავლებლები და სკოლები – რა ტიპის კომუნიკაცია უნდა დამყარდეს სკოლასა და მასწავლებელს, დამრიგებელსა და მშობელს, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, არდადეგების პერიოდში სავალდებულო არ არის გაკვეთლების ჩატარება – დავალებების მიცემა, ეს არის უფრო კომუნიკაციის, ინტერაქციის, ლიტერატურის გაზიარებისა და საინტერესო თემებზე საუბრის დრო.

რაც შეეხება პლატფორმას, რომლის საშუალებითაც სამინისტრო მასწავლებლებს მოსწავლეებთან კომუნიკაციას სთავაზობს, ეკა დგებუაძე განმარტავს, რომ ამ პლატფორმის შესარჩევად ექსპერტებთან და ტექნოლოგებთან ერთად იმუშავეს და იმის მიხედვით შეარჩიეს, რომელიც უფრო დაცული იქნებოდა ბავშვებისთვის.

ეკა დგებუაძე: „განათლების სისტემაში არსებობს მაიკროსოფტის ძალიან საინტერესო პროგრამა – Microsoft office 365-ის ,რომელიც მთლიანად ეხება საგანმანათლებლო პროცესის ელექტრონულ პლატფორმაზე აწყობას. ამ პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია, მასწავლებელმა დააორგანიზოს გაკვეთილი, პროცესში მთლიანად ჩართოს კლასი და დისტანციურად მართოს საგაკვეთილო პროცესი. თუმცა, ჩვენი თვალთახედვით, ეს არ არის ერთადერთი გზა გაკვეთლების ორგანიზებისთვის და არც იმისთვის, რომ სისტემამ ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოს ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემო. ამ პროდუქტზე ლიცენზია ჩვენ მაიკროსოფტისგან უკვე გვაქვს და ახლა მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ როგორ გადავამზადოთ მასწავლებლები და ადმინისტრაცია საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად, რათა მათ ონლაინ სწავლების სისტემა გამართონ. პროდუქტი მზად არის, არსებობს ტრენინგ-მოდულებიც, ახლა, უბრალოდ, ითარგმნება ვიდეომიმართვები, როგორ ჩაერთონ მოკლე პერსპექტივაში მასწავლებლები პროცესში. 

 პროექტს ორი მიზანი აქვს: მოკლევადიანი და გრძელვადიანი, თავისი გეგმებით, რასაც, ბუნებრივია, სისტემა თავისთავად განახორციელებს.“

 მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს იმ ფაქტორსაც, რომ ჩვენს ქვეყანაში სავალდებულოა დაწყებითი და საბაზო განათლება, ამიტომ სისტემა ვალდებულია, ამ საფეხურებზე ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა. ამბობს, რომ დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმები არსებობს და, ამ მიმართლებით, სისტემა გამართულია, მაგრამ, საუბარია ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ამ მიმართულებით კი, განათლების სამინისტრო ალტერნატიულ გზებზე მუშაობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებისთვის, თუ მოსწავლეს ან ოჯახს არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა იმისთვის, რომ მოხდეს იმ პროგრამების დაერთება, რომელსაც სთავაზობენ. „ჩვენ ვალდებულები ვართ, ალტერნატიული გზები შევთავაზოთ მოსწავლეებს იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. ამის პარალელურად, ვმუშაობთ ახალ შეთავაზებაზეც, რომელსაც ძალიან მალე გავასაჯაროებთ“ – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

ნაჩქარევად დაწყებულ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით კი მინისტრის მოადგილის პოზიცია ასეთია: „კარგია, რომ სისტემა მომზადებული დახვდა ამ მოვლენებს – საუბარია ელექტრონულ პლატფორმებზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამისთვის მზადება ჩვენ ერთი წლის წინ დავიწყეთ და დღეს სისტემას ეს პროდუქტი აქვს. ახლა საუბარია იმაზე, რა ხარისხით მივაწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს დისტანციური სწავლების ერთ-ერთ ფორმასაც, რასაც თიმსის პროგრამა ჰქვია,   შესაძლებლია სხვა ალტერნატიული პროგრამების გამოყენებაც. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში გვიწევს მუშაობა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ავყვეთ პროცესებს და, შესაბამისად, მზად დავხვდეთ ხვალ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც სისტემა დადგება.“

რაც შეეხება მოსწავლის მიერ დისტანციური სწავლებით მიღწეულ შედეგებს, სამინისტრო, ამ ეტაპზე, ამის მონიტორინგს არ გეგმავს, რადგან როგორც ეკა დგებუაძე აცხადებს: „ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ ეტაპზე, ვისაუბროთ მონიტორინგზე, რადგან, როგორც უკვე გითხარით, ახლა გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდია – ეს ის თავისუფალი დროა, რომელიც თითოეულ მოსწავლეს აქვს. შესაბამისად, მონიტორინგი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში,   სწავლის შედეგებზე არ გაკეთდება. ჩვენ დავაკვირდებით იმას, თუ როგორი აქტივობით არიან ჩართულები პროცესში სკოლები და მასწავლებლები, როგორ ხდება კომუნიკაცია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, როგორ ამყარებენ კონტაქტს მშობელთან და რამდენად აქტიურია ადმინისტრაცია. თუ რა დავალებას ასრულებს მოსწავლე ამ წუთას, მისი ხარისხის შემოწმება ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, არაფორმალურ განათლებაზე ვსაუბრობთ.“

 ლალი ჯელაძე

 

დატოვეთ კომენტარი