მშვიდობით, რობინზონ!

583

XXI საუკუნეა… განვითარებისა და ტექნოლოგიური საოცრებების სამყარო. ყოველდღიურად უდიდესი აღმოჩენების მოწმენი ვხდებით… დღეს წიგნის მაგივრად კომპიუტერის ეკრანს შევჩერებივართ. მოკლედ, ინფორმაციული ბუმია. თუ წინათ ინფორმაციის ერთადერთი წყარო მასწავლებელი იყო, ახლა იგი პროგრამირებულმა და დისტანციურმა სწავლებამ ჩაანაცვლა. ცოდნის ტესტებით შემოწმებაც შესაძლებელია მასწავლებლის გარეშე. თანამედროვე მოსწავლე აღიჭურვა კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების იმ საშუალებებით, რომლებიც არ არსებობდა ჩემს მასწავლებლად ჩამოყალიბების პერიოდში. ამიტომ მეტი შემოქმედებითობა, გამბედაობა და სიახლეებისკენ სწრაფვა გვმართებს, რათა „მანქანამ“ არ ჩაგვანაცვლოს. ჩვენ წინ ახალი ამოცანაა: ულევი ინფორმაციის ათვისება, ბავშვის პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება, მისი მოთხოვნილებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, ინფორმაციის თანამედროვე წყაროებთან მისაახლოებლად ახალი გზების მოძიების აუცილებლობა. დრომ მოიტანა და უეცრად აღმოვჩნდით ფაქტის წინაშე. ერთადერთი გზა მოსწავლეებთან ურთიერთობისა აღმოჩნდა დისტანციური სწავლება. ორგანიზაციული თვალსაზრისით, ასეთი ფორმატი სწავლის პროცესს ბევრად უფრო ხელმისაწვდომსა და მარტივს ხდის, ვიდრე განათლების კლასიკური მეთოდები. საკმარისია მხოლოდ ინტერნეტში შესაბამისი კურსის მოძიება.

Online გაკვეთილები, გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ონლაინრესურსის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, სრულიად ინტერაქციული პროცესია. აბსოლუტურად ცოცხალი ატმოსფეროა, ყველაფერი ზუსტად იმგვარად ხდება, როგორც ჩვეულებრივ გაკვეთილზე. სხვა სიკეთესთან ერთად, დისტანციურმა სწავლებამ ისიც მოიტანა, რომ მოსწავლე-მასწავლებლებმა როლები შეიცვალეს, რადგან მოსწავლეები უფრო გათვითცნობიერებულები აღმოჩნდენ ამ საკითხში და უფრო კარგად აუღეს ალღო დისტანციურ სწავლებას, ხოლი მოქნილმა პროგრამებმა, კერძოდ, „მაიკროსოფტის“ აპლიკაციებმა უფრო გააიოლა სწავლება.

დისტანციური სწავლებისას, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლესა და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს კომპიუტერი, ვიდეოთვალი, ხმის გამაძლიერებელი ან უბრალოდ ლეპტოპი (ეს უკანასკნელი ყველაზე მოსახერხებელია ამ შემთხვევაში). ამის გარდა, საჭიროა პროგრამული უზრუნველყოფა – ვინდოუსის უახლესი ვერსია. და გაკვეთილიც დაიწყო. ჩემთვის ძალიან მოქნილი და მოხერხებული პლატფორმაა http://www.schoolbook.ge/ და პროგრამა ZOOM https://www.youtube.com/watch?v=Yyr_OIILatM, რადგან ყველაფერი ერთ სივრცეშია განთავსებული. აქ უპირატესობა ისიცაა, რომ უფრო გამარტივებულია, თუნდაც გაკვეთილის ჩაწერის პროცესი. გაკვეთილის დაწყებამდე ღილაკზე თითის დაჭერით, გაკვეთილი მიმდინარეობის პროცესშივე იწერება, შემდეგ ავტომატურად იტვირთება, რადგან ყველაფერი დაარქივებულია. დავალებების მიცემა, ფაილების მიბმა, დისკუსიის საშუალება. მშობლებსაც კი შეუძლიათ დისტანციურად ჩაერთონ და ნახონ, რას აკეთებენ მათი შვილები. მოსწავლეებს უყვართ სიახლეები და დისტანციური სწავლების პროცესი ჯერჯერობით მათთვის სახალისოა, თუმცა ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება დისტანციური სწავლების შედეგები – მოსწავლეთა მიღწევები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით. რამდენიმე რჩევას ჩემი გამოცდილებიდან მოგაწვდით.

  1. 1. თუკი გაკვეთილი 10:00 საათზე გაქვთ, დანიშნეთ 5 წუთით ადრე, რადგან 25 ონლაინ ერთად შეკრებას ყოველთვის თან სდევს სხვადასხვა პრობლემა, მაგალითად, ინტერნეტკავშირის ხარვეზები, კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის პრობლემები და ა.შ.
  2. ვინც არ ლაპარაკობს, აუცილებლად გათიშოს მიკროფონი, რადგან მასწავლებლისთვის 3-4 ხმის ერთად მოსმენა შეუძლებელია. ყველაზე მარტივი იქნება, თუ მისი მიკროფონი, ვინც არ ლაპარაკობს, გათიშეული იქნება და მხოლოდ „ხელის აწევის“ შემდეგ დავიწყებთ საუბარს.
  3. აუცილებლად გამოიყენეთ მიკროფონიანი ყურსასმენი, რადგან პერსონალურ კომპიუტერსა და მობილურ მოწყობილობებში ჩაშენებულ მიკროფონებში ხშირად შემოდის გარე ხმა, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენია. ერთი საკითხია, თუ როგორ ვატარებთ მასწავლებლები დისტანცურ გაკვეთილებს და მეორე, თუ რას ფიქრობენ კომაროველი მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მათი აზრია. „დისტანციურ სწავლებას აქვს ბევრი დადებითი მხარე. არ ვხარჯავთ დროს სკოლამდე მისასვლელად. გვაქვს ჩვენზე მორგებული, კომფორტული, შეიძლება უფრო ფართო სივრცეც კი. არ გვექმნება წვრილ-წვრილი პრობლემები, როგორებიცაა: „საწერი კალამი სახლში დამრჩა“, „წიგნები სახლში დავტოვე, რადგან ძალიან მძიმე იყო და თუ ორი გაქვთ, ერთი მათხოვე“, „დაფიდან გაიწიე, მეფარები“, „ბუფეტის საჭმელი არ მომწონს, სახლიდან წამოღება დამეზარა“ და კიდევ სხვა მრავალი… ასეთ პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ თუ დავრჩებით სახლში, ამ მხრივ საფრთხე არ გვემუქრება და არ გავფლანგავთ დროს მსგავს ,,პრობლემებზე“. ამ დროს ხარ უფრო ორიენტირებული სწავლისთვის და არ გეფანტება ყურადღება სხვა მოსწავლეების ქცევაზე. თუ ვინმემ გაკვეთილის მსვლელობისას ხელი შეგიშალა, რამდენიმე სენსორზე თითის დაწკაპუნებით მოაგვარებ პრობლემას, ხარ შენთვის და ვერავინ შეგავიწროვებს, როგორ გამოიყურები, რადგან ისედაც არ ჩანხარ. ეს ბევრად უფრო მარტივია და მოსახერხებელი. საერთოდ მიყვარს სიახლეები ცხოვრებაში და ვფიქრობ, დისტანციური სწავლებაც ახალია, ამიტომ ვაპირებ, რომ ცხოვრებისგან ეს ახალი გამოწვევა ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენო და მივიღო უფრო მეტი სიამოვნება და დადებითი დისტანციური სწავლებისგან. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი მხარე. მაგალითად, მოსწავლეს, რომელსაც ეზარება სწავლა, უფრო გაუმარტივდება დისტანციური სწავლების ხარჯზე ამ ვალდებულებისგან თავის არიდება, ხოლო როდესაც უშუალო კონტაქტი აქვს მასწავლებელთან, ეცდება ცოტათი მაინც დაუთმოს დრო განათლებას, მაგრამ მოსწავლე, რომელიც თავისი თავისთვის სწავლობს და არა ნიშნისთვის, დედიკოსთვის, მამიკოსთვის, ბებიკოსთვის, მასწავლებლისთვის, მაინც მოახერხებს განათლების მიღებას.

ასევე, არსებობს კიდევ ერთი, არცთუ ისე პატარა პრობლემა. შეიძლება მოსწავლეს არ აქვს სახლში დისტანციური სწავლებისთვის შექმნილი საჭირო გარემო, კომპიუტერი, ინტერნეტი, მობილური, ამიტომ ვერ მოახერხებს გაკვეთილის პროცესში ჩართვას. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს დღეები, როდესაც ძალიან მეზარება დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასვლა, ახლა უკვე დამეწყო მონატრება იმ გარემოსი, რაც ჩემს სკოლას აქვს შექმნილი და ვფიქრობ, რომ ერთმანეთთან „ლაივში“ ურიერთობა მაინც უფრო საინტერესო და საჭიროა.

დისტანციური სწავლება საუკეთესო იმ მხრივაა, რომ მოსწავლეს არ აგვიანდება სკოლაში და მას მხოლოდ კომპიუტერის ჩართვა სჭირდება. ამიტომ მოსწავლეებს უფრო მეტი დრო რჩებათ, განსაკუთრებით იმ მოსწავლეებს, რომლებიც შორს ცხოვრებენ. ასევე, არ არის ბულინგი კლასელებს შორის. თუმცა, დისტანციურ სწავლებას გააჩნია პრობლემები. მასწავლებელი ვერ ამოწმებს მოსწავლის ცოდნას, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვებს შეუძლიათ სახელმძღვანელო გამოიყენონ და გადაიწერონ დავალება, რადგან ინტერნეტში საამისოდ უამრავი რესურსია. ასევე, მოსწავლეს შეუძლია არ ისწავლოს და, ცოდნის მიღების მაგივრად, გაერთოს. დისტანციური საწავლებისას დისციპლინა ყოველთვის იქნება დარღვეული. ჩემი აზრით, დისტანციური სწავლება კარგია იმ მოსწავლეთათვის, რომლებსაც ცოდნის მიღება სურთ. ასეთი სწავლება ხელს არ შეუშლის, პირიქით, დაეხმარება მას დროის მართვასა და საკუთარი განათლების მენეჯმენტში. მოსწავლე, რომელსაც სწავლა არ უნდა, ყოველთვის იპოვის მიზეზს, რომ გაკვეთილი ჩაშალოს ან გააცდინოს.

მე საზოგადოების იმ ნაწილს მივეკუთვნები, რომლისთვის ურთიერთობები მნიშვნელოვანია და დისტანციურ სწავლებას სკოლაში სიარული ურჩევნია, თუმცა, მიუხედავად ჩემი მოსაზრებისა, უნდა ვაღიარო, რომ დისტანციური სწავლებაც საკმაოდ ეფექტურია. სწავლების ორივე მეთოდს გააჩნია საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარე. დღესდღეობით საქართველოში არსებული ვითარება ბავშვებისგან სახლში ჯდომასა და დისტანციურად მეცადინეობას მოითხოვს, რათა არ შეწყდეს ცოდნის მიღების პროცესი და, ვირუსის გამო, ბავშვები არ დაზარალდნენ. დიახ, მეტი თავისუფლება გაქვს. ვესწრებით ყველა გაკვეთილს, ვმეცადინეობთ, თუმცა არ გაქვს ადამიანებთან კონტაქტი. ზოგიერთი ადამიანისათვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგს ურჩევნია მთელი დღე სახლში ჯდომა, არავინ აწუხებს და ისიც თავის საქმეს მშვიდად აკეთებს. უამრავი მაგალითია იმისა, რომ მთავარი მონდომებაა და, მიზანდასახულობის შემთხვევაში, ონლაინ სწავლებასაც „გადაიტანს კაცი“. ჩემი აზრით, სკოლა არ გაძლევს მხოლოდ და მხოლოდ განათლებას. ბავშვების უმრავლესობისათვის ეს ის ადგილია, რომელთანაც უამრავი მოგონება აკავშირებთ. ადგილი, სადაც უახლოესი მეგობრები გაიცნეს, მასწავლებლები შეიყვარეს და დააფასეს, ადგილი, სადაც ერთმანეთის „ქრაშებს“ უთვალთვალებდნენ და მერე ამის გახსენებაზე სიცილით იხოცებოდნენ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეგრეთ წოდებული „ონლაინ“ სწავლება ვერასოდეს ვერ შეცვლის იმ ყველაფერს, რასაც სკოლა გვაძლევს ყოველდღიურად. დაბოლოს, მოუსმინეთ ყველაზე პატარა რესპონდენტს, მერვეკლასელს – დღეს საქართველოში მიმდინარე ვითარების, კერძოდ, კარანტინის გამო, ბავშვებს და მასწავლებლებს მოუწიათ ონლაინ განათლებაზე გადასვლა. ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ბავშვებს გაეგრძელებინათ განათლება სკოლაში მისვლისა და მით,უმეტეს, ქუჩაში სიარულის გარეშე.ზოგ განვითარებულ ქვეყანაში კარანტინის გარეშეც არსებობს ონლაინ განათლების კურსი. იგი გამოიყურება შემდეგნაირად: მოსწავლე სწავლობს სკოლაში 4 წელი, შემდეგ სურვილისამებრ გადადის ონლაინ განათლებაზე ან რჩება სკოლაში კიდევ 8 წელი, თუ არ გაირიცხება. ონლაინ განათლებაზე გადასული ადამიანები ზოგადად არიან ინტროვერტები. ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ სხვა ადამიანებთან კონტაქტი და მთელი ცხოვრება გაატარებენ „ონლაინ“. ჩემი აზრით, ბავშვები სკოლაში არ დადიან მხოლოდ იმისათვის , რომ მიიღონ განათლება და საკმარისი ცოდნა სხვადასხვა საგანში, ისინი დადიან იმისათვის ,რომ ისწავლონ ადამიანებთან კონტაქტი, რომ მთელი მათი შემდეგი ცხოვრება არ გაატარონ ონლაინ.

და მიუხედავად ონლაინ სწავლების უამრავი დადებითი თვისებისა, ხულიო კორტასარის მოთხრობაში „მშვიდობით,რობინზონ“, მოთხრობილია, თუ როგორ გადაასხვაფერა კრუზოს კუნძული მეოცე საუკუნემ, როგორ შთანთქა ტექნიკურმა პროგრესმა ბუნება… მოსწავლეს სჭირდება მასწავლებელი, ფერადი, მზისფერი, ზღვისსუნიანი, მხიარული და მგრძნობიარე, რადგან ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა, ადამიანი, ბუნება, დედამიწაც კი, რომელიც დიდი ტექნიკური ბურთულა გახდა ყველასათვის. მანამდე კი, სანამ ძველ რეჟიმს დავუბრუნდებით, უყურეთ Silkschool.ge-ს.

ლია გოგოხია

ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

დატოვეთ კომენტარი