მოსწავლეები საკლასო ოთახში ბრუნდებიან, სტუდენტები კი, ისევ დისტანციურ რეჟიმში რჩებიან

513

მიხეილ ჩხენკელი: „აჭარაში განათლების პროცესი, ყველა საფეხურზე, დისტანციურ ფორმატში შენარჩუნდება. პირველი და ძალიან  მნიშვნელოვანი განცხადება გახლავთ ის, რომ 1 ოქტომბრიდან, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, I-VI კლასების ჩათვლით, მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პატარებისთვის, რომ სასწავლო პროცესი იყოს საკლასო ოთახში და ეს მოხდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გორსა და ფოთში, სადაც ასევე, როგორც იცით, დისტანციური ფორმატი იყო, 1 ოქტომბერს უკვე ყველა მოსწავლეს ყველა კლასში აქვს საშუალება, დაბრუნდეს საკლასო ოთახში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, აჭარის გარდა, ყველგან საშუალება ექნებათ, სკოლის ტერიტორიაზე, სპეციალურად განკუთვნილ ოთახში – რესურსოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებლებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სსსმ მოსწავლეთათვის. ეს იქნება ერთი ერთზე შეხვედრები, იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები მშობლებთან შეათანხმებენ. ესეც უკვე ნებადართულია, პირველი ოქტომბრიდან, ყველა სკოლაში, აჭარის გარდა.

ასევე მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. რას გულისხმობს ეს? იმას, რომ, თუ მშობელს, ოჯახს უჩევნია, რომ ბავშვმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ, ანუ იმ სკოლებში, სადაც დისტანციურიდან უკვე საკლასო ოთახში გადავდივართ (კიდევ ვიმეორებ, I-VI კლასების ჩათვლით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, ხოლო ფოთსა და გორში – ყველა კლასში), თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ ბავშვა სასწავლო პროცესი დისტანციურად გააგრძელოს, ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება დეტალებს, ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია და სკოლები დაუკავშირდებიან მოსწავლეთა მშობლებს, მშობლები დარეგისტრირდებიან, ასეთი სურვილის შემთხვევაში და ეს უზრუნველყოფილი იქნება. ეს მაქსიმალურად მოქნილი სისტემაა და ყველას ინტერესს ითვალისწინებს.

რაც შეეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, ამ ეტაპზე, დისტანციური ფორმატი – დისტანციური სწავლება შენარჩუნდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, ცხადია, აჭარაზე უკვე გითხარით, რომ იქ ყველა საფეხურზე დისტანციური სწავლებაა. ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას, უმაღლესებსა და პროფებში სწავლის არადისტანციურად განახლების შესახებ, უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

ყველა სკოლა, რეალურად, 15 სექტემბრისთვისაც მზად იყო. 1 ოქტომბრისთვის ყველგან მაქსიმალურად იქნება დაცული რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის. უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა ჩვენი სამინისტროსა და კოლეგა სამინისტროების მიერ, ყველა ის სკოლა სადაც მოსწავლეები შევლენ და სასწავლო პროცესი განახლდება საკლასო ოთახში,,  სრულად არის აღჭურვილი და მზაობაა იმისთვის, რომ სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული.“

 

 

 

დატოვეთ კომენტარი