მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პანდემიის ფონზე

328

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ დაიწყო სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნების პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობების საუნივერსიტეტო სივრცეში ჩატარებას. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის პროცესი, რომელიც გუშინ დაიწყო, მიმდინარეობს ძალიან მშვიდობიანად და, რაც მთავარია, სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით. რაც შეეხება არალაბორატორიული და არაპრაქტიკული მეცადინეობების, ლექციების საკითხს, უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან, ეს პროცესი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში აწარმოონ. მთავარი აქ გახლავთ ის, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში, ყველა უნივერსიტეტში, სამედიცინო პროტოკოლი არის ზედმიწევნით დაცული.

რასაკვირველია, იგივე ეხება სასკოლო სივრცეს. როგორც იცით, სრულად კონტროლდება სიტუაცია და იმ სკოლებში, სადაც ფიქსირდება კოვიდ შემთხვევები, ცხადია, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებით, სიტუაციიდან გამომდინარე, ხდება ან ცალკეული კლასის დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა, ან სართულის, ან მთლიანად სკოლის, იქიდან გამომდინარე, თუ როგორი სიტუაცია გვაქვს. აქ მთავარია, რომ ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს სასწავლო პროცესის ბალანსი და, რაც მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის საკითხი. შესაბამისად, როგორც გითხარით, სამედიცინო პროტოკოლი, სასწავლო სივრცეში, დაცულია ზედმიწევნით.

ერთი მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მინდა გითხრათ, მომავალ კვირას ეხება ეს ამბავი – როგორც იცით, საარჩევნო უბნები განთავსებულია ზოგიერთ სკოლაში და ის სკოლები, სადაც არის საარჩევნო უბანი, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, დროებით, გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე. ეს არის დროებითი, მხოლოდ იმ სკოლებისთვის, კიდევ ხაზგასმით აღვნიშნავ, სადაც საარჩევნო უბნებია და ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის იმისთვის, რომ იქ მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდეს.

ასევე, მინდა გითხრათ ძალიან სასიხარულო ამბავი, რომ ხვალ არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა. მინდა, მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტია და მისი გახსნის ცერემონია თქვენ ყველამ შეგიძლიათ, პირდაპირ ეთერში იხილოთ.“

მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. VII-XII-კლასელებთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ რაც შეეხება მათ საკლასო ოთახებში დაბრუნებას, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. „ცხადია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ჩვენი მიზანია, რომ ეს მოხდეს ამ სემესტრში, კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, რასაკვირველია, საზოგადოებას წინასწარ ვაცნობებთ. ეს დამოკიდებულია, მხოლოდ და მხოლოდ, ეპიდსიტუაციაზე.“

მინისტრმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ საჭიროა სამედიცინო სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი. „აქვე მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ განათლების სამინისტრომ ჩვენს საზოგადოებას შესთავაზა ონლაინ მეთოდის პარალელურ რეჟიმში გაგრძელება. რას ვგულისხმობ ამაში, როგორც იცით, I-VI კლასების მოსწავლეები სასკოლო სივრცეში არიან, თუმცა, თუ კონკრეტული ოჯახი, მშობელი აირჩევს ონლაინ რეჟიმს, თუ ურჩევნიათ, რომ მოსწავლემ ონლაინ გააგრძელოს სწავლა, ეს შეთავაზება აქვთ. მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა, ცხადია, უკვე დარეგისტრირებულია ამ რეჟიმში, მაგრამ ახლაც, თუ ვინმეს აქვს ამის სურვილი, ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ონლაინ რეჟიმში გააგრძელოს სწავლა. ეს ორი პროცესი პარალელურად მიმდინარეობს, შესაბამისად, ძალიან მოქნილი სისტემაა და თითოეულ ოჯახს აქვს ამ არჩევნის გაკეთების საშუალება.“

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში ლექტორები პირბადეების გარეშე არიან სტუდენტებთან, მინისტრმა დეზინფორმაცია უწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში უსაფრთხოების წესები დაცულია.

„როგორც იცით, მთელი რიგი დეზინფორმაციული ამბები გავრცელდა, როგორც გითხარით, ყველა უნივერსიტეტში დაცულია ზედმიწევნით სამედიცინო პროტოკოლი. როგორც ჩვენ, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, პარალელურ რეჟიმში, ვახდენთ უნივერსიტეტებზე დაკვირვებას და თუ დაფიქსირდება რაიმე გადაცდომა, ცხადია, იქნება შესაბამისი რეაქცია. ამჟამად, ყველა უნივერსიტეტში, როგორც გითხარით, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობებისთვის და იქაც, უნივერსიტეტებს მიეცათ დავალება, რომ მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკი ყოფილიყო გაწერილი. ამის შესახებ უნივერსიტეტებმა აცნობეს თითოეულ სტუდენტ. გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული დისტანცია, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში ყველა ადამიანი – სტუდენტი, პროფესორი, თანამშრომელი – იყოს პირბადით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია და ამას ყოველდღიურად გავაკონტროლებთ.“

დატოვეთ კომენტარი