მინისტრი ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა

573

 

განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა და ზოგადი განათლების რეფორმის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პედაგოგებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მნიშვნელობას, რაზეც მინისტრმა მათთან პირადად ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლი წარმატებული თაობების აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია. „თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ადამიანები, რომლებმაც არაერთი წარმატებული თაობა აღზარდეთ,“ – განაცხადა მინისტრმა.

შეხვერდაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება პედაგოგიური უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ „პედაგოგიური ინსტიტუტი რომ გაუქმდა, ეს იყო დანაშაული, ფაქტიურად იმ ახალ თაობებს, რომელიც უნდა გაჩენილიყო ამ პროფესიაში, დავუკეტეთ გზა.“ თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პედაგოგიური უნივერსიტეტი დაარსების მიმართლებით და შესაძლოა, პირველ ეტაპზე, ის რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნას. „არ ვიცით, ჯერ რა ფორმით. შეიძლება, რომ ასე დამოუკიდებლად არა, მაგრამ აუცილებლად სადღაც უნდა დავაბრუნოთ. ჩვენ გრძელვადიანად ვლაპარაკობთ ამ სფეროს განვითარებაზე, რაც არ უნდა სკოლები გვქონდეს და კარგად გავარემონტოთ, ყველაფერი დადის კლასზე. რეალურად, რაც კლასში ხდება თითოეულ ბავშვთან, ეს არის განათლება, ამიტომ იმედი გვაქვს, წელს აქაც სიახლე გვექნება, რომ რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზე რაღაც ნაბიჯი გადავდგათ. არის მასწავლებლის სახლი, რომელიც ბევრი რამეს აკეთებს იგივე პედაგოგთა გადამზადების კუთხით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ძალიან ბევრი რესურსი წავა ამ მიმართულებით. საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ამ ინიციატივას ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრს საპენსიო შეთავაზების ინიციატივისთვის. „სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის შემოთავაზებული ჯილდო პირადად ჩემთვის არა იმდენად ფინანსური დახმარება, არამედ უფრო მეტად მორალური მხარდაჭერის გამოცხადებაა ჩემი ქვეყნისაგან“, განაცხადა თბილისის კლასიკური გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგმა ნათელა (სვეტა) ფანგანმა, რომელმაც პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

 

საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

 

დატოვეთ კომენტარი