მინისტრის ანგარიში პარლამენტართა მწვავე რეაქციების ფონზე

154

 

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ანგარიში წარდგინა. განათლების რეფორმაზე საუბარი, როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან ემოციური აღმოჩნდა და დეპუტატების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

„თქვენ ამბობთ, რომ გამოცდები არ შეესაბამება სკოლებში მიღებულ ცოდნას, მაშინ გამოცდები შეცვალეთ! რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს?“ – ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მინისტრს.

„აღიარებთ, რომ თქვენივე გუნდის 6-წლიანი მმართველობის შემდეგ, სკოლებში კატასტროფული მდგომარეობაა, მაგრამ ამის შემდეგ იწყებთ ჯვაროსნულ ლაშქრობას რეპეტიტორების წინააღმდეგ და ამბობთ, რომ ეს არის კორუფცია. კორუფცია იყო მაშინ, როდესაც ეს რეპეტიტორები ისხდნენ გამოცდებზე და უნდა მისულიყავი მათთან, რომ მათ შენთვის ნიშანი დაეწერა, არა ცოდნის გამო, არამედ იმიტომ, რომ ფული გადაუხადე. ახლა პრობლემა არის ის, რომ ვისაც რეპეტიტორების ფული არ აქვს, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმიტომ, რომ სკოლა არ აძლევს განათლებას. დამატებითი ცოდნის მიღებაში ფულის გადახდა კი არ არის პრობლემა (ეს ნორმალურია), სამიზნე რეპეტიტორები კი არა, ის უნდა იყოს, რომ მოსწავლეები რეპეტიტორების გარეშე ვერ იღებენ ცოდნას.

 

ერთი სიტყვა არ გაქვთ ნათქვამი იმაზე, რომ ვაუჩერი უნდა გაიზარდოს, რათა სკოლებს შორის კონკურენცია იყოს და სკოლებმა კვალიფიციური მასწავლებლები მოიზიდონ. ამის ნაცვლად, რაში ხარჯავთ გადასახადების გადამხდელების ფულს? დამატებით ბიუროკრატიას ქმნით და რაღაც 8 კონსულტანტს უნიშნავთ ამ საპილოტე პროგრამებს“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს კი მინისტრის გამოსვლის შემდეგაც ბევრი კითხვა დარჩა განათლების ხარისხის გაუმჯობესებასტან დაკავშირებით. 

„ბევრი შეკითხვა დამრჩა იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად როგორ ვაპირებთ, გავაუმჯობესოთ ან საშუალო განათლების ან უმაღლესი განათლების, ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. დღეს, საერთაშორისო შეფასებებით, ქვეყანაში გამოწვევად რჩება წერა-კითხვის ცოდნაც კი, PISA-ს შეფასებას ვგულისხმობ. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა ის, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა, ვინც უმაღლესი განათლების მიღებას იწყებს, ახერხებს იმას, რომ დიპლომი აიღოს, როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 30%-ზე მეტი ვერ იღებს დიპლომს. შედეგად ჩვენ საზოგადოებაში გვყავს მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები. ეს, რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემას, რომ კიდევ რამდენიმე თაობით ვერ შევძლებთ ჩვენ სიღარიბის პრობლემის დაძლევას, ასეთი უვიცი დიპლომირებული საზოგადოების პირობებში. ამ ფონზე, რატომ მოხდა პარლამენტში კანონის ინიცირება, რომელიც გაუადვილებდა ავტორიზაციის მიღებას ისედაც ხარისხის პრობლემის მქონე უმაღლეს სასწავლებლებს და რატომ შეჩერდა შემდეგ ამ კანონის განხილვა. იყო თუ არა აქ კერძო, და შესაძლოა, კორუფციული ინტერესები?“ – მიმართა მან მინისტრს.

იმ უამრავ შეკითხვათა შორის, რომელიც მიხეილ ბატიაშვილის მიმართ დაისვა, ერთ-ერთი კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანებასაც შეეხო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი შეცდომა უწოდა და განაცხადა, რომ კულტურას ეკუთვნის, რომ საკუთარი მინისტრი ჰყავდეს: „მოხდა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ჩვენ განათლების და მეცნიერების სივრცეს მივაწებეთ კულტურა და სპორტი. ვერაფერი კარგი ამან ვერ მოგვიტანა. გავაჩეროთ ნებისმიერი ადამიანი – კულტურის მუშაკი, სპორტის წარმომადგენელი ან უბრალოდ საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც დაეთანხმება დღეს არსებულ ვითარებას, რომ რამე შედეგი გვაქვს. სამწუხაროდ, არა თუ უმცირესობაში, არამედ მარტო ვიყავი ამის მოწინააღმდეგე, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ გაურბის შეცდომის აღიარებას. ჩემი აზრით, უახლოეს ხანში, ეს უნდა გამოვასწოროთ, იმიტომ, რომ კულტურას ეკუთვნის საკუთარი მინისტრი ჰყავდეს, რადგან ის უნდა იყოს ქვეყნის ერთ-ერთი სახე. ამას, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა დავუჭიროთ მხარი,“ – განაცხადა მან.

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი