მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლებში არდადეგები გამოცხადდა – საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება

596

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2მარტს და გაგრძელდება 16 მარტამდე. შესაბამისად, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გაგრძლდება ორი კვირის განმავლობაში. ეს მოგვცემს საკმარის დროს იმისთის, რომ სკოლებში ჩატარდეს სრული დეზინფექცია პროფილაქტიკის მიზნით.

რაც შეეხება კერძო სკოლებს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მათაც ეძლევათ არდადეგების 2-მარტიდან 16 მარტამდე გამოცხადების რეკომენდაცია.

სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც აძლევს პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციას და თუ ეს მოითხოვს გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, მათ თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი.
პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, ასევე თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით გადადების საჭიროება და ვადები.
კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.”– აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.
♦ ♦ ♦

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით,  სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.

თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განმარტებით, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები. „ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ვართ სრულ კოორდინაციაში, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც, ტარდება სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვის ცენტრებში. ასევე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოცხადდეს არდადეგები ბაღებში და სახელოვნებო სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ თბილისის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

დატოვეთ კომენტარი