მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი დაიწყო

568

 

დღეს დაიწყო მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საგნობრივ გამოცდას წელს 12 000-მდე პირი ჩააბარებს.

მასწავლებლობის მსურველები პირველ გამოცდას ქართულ ენაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში აბარებენ. მათთვის საგამოცდო ცენტრები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გროში, თბილისში, რუსთავსა და თელავშია გახსნილი. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ტარდება.

22 ივლისის სესიებზე დარეგისტრირებული აპლიკანტიდან საგამოცდო ცენტრებში 89%-ზე მეტი მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა. დაიგვიანა სამმა გამოსაცდელმა.

,,დღეს დაიწყო მასწავლებელთა გამოცდა და მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. სასიამოვნო სიახლეა, რომ 2020 წელს მასწავლებლობის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა. ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ბევრ ადამიანს აქვს სისტემაში შემოსვლის სურვილი. განათლების სამინისტრო ხელს უწყობს ამ ადამიანების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. ასევე მნიშვნელოვანია დაფასებული იყოს პედაგოგის პროფესია.” – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, რომელიც ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრს ეწვია და საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად უწყებათაშორის საბჭოში შემავალმა სამინისტროებმა სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელთა დაცვითაც მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება ხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება მინიმუმ 2 მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.

მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა.
ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებით დაზუსტდა, რომ ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა. ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის გაკეთება.

კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.
კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს:
➡ ფიზიკური დისტანცია;
➡ დაცული უნდა იყოს ხელების ჰიგიენა;
➡ რესპირატორული ეტიკეტი;
➡ ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი;
➡ კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე
➡ აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია;
➡ დაუშვებელია ერთი და იგივე ჰაერის რეცირკულაცია.

👉 👉 მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლები და სისტემაში შემოსვლის მსურველები გამოცდას 2020 წლის ზაფხულში აბარებენ, რომელიც 22 ივლისიდან – 30 ივლისის ჩათვლით ტარდება.

დატოვეთ კომენტარი