მასწავლებლის პროფესია პანდემიამდე და შემდეგ, პირისპირ და დისტანციურად ⇒ ინტერვიუ სიმონ ჯანაშიასთან 

4397

დისტანცურ სწავლებაზე გადასვლამ ქვეყანაში, სხვადასხვა მოსაზრებების გარდა, პარალელური რეალობები გააჩინა: ერთი, რომელსაც გადაწყვეტილების მიმღები პირები გვთავაზობენ და მეორე, რომელშიც საზოგადოების მხოლოდ ის ნაწილი აღმოჩნდა, რომლისთვისაც ხელმისწავდომი არ არის ინტერნეტი და ტექნიკა, რის გამოც პირველ რეალობაში შეღწევა ვერ მოახერხეს. მიზეზი უთანასწორობაა. კრიზისულმა სიტუაციამ განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები წინ წამოსწია, თუმცა, ხარვეზებთან ერთად, კრიზისმა მასწავლებლის პროფესიის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტებიც გამოაჩინა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია სისტემის.

როგორ გაუმკლავდა სისტემა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევას და რა არის მასწავლებლისთვის ის ძირითადი კომპეტენციები, რომელზეც მომავალში კიდევ უფრო მეტად უნდა გაკეთდეს აქცენტები – ამ თემებზე გვესაუბრება განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია.

– რა გავლენას მოახდენს მიმდინარე პროცესები მასწავლებლის პროფესიაზე?

– ცხადია, პირველ რიგში, ამ ვითარებამ ის აჩვენა, რომ მასწავლებლები უნდა იყვნენ მზად, ასწავლონ მრავალფეროვან ფორმატში – პირისპირ თუ დისტანციურად. მეორე მხრივ, მასწავლებლებმა უცებ აღმოაჩინეს, რომ ტექნოლოგიების კარგად ფლობა სჭირდებათ და არა მხოლოდ ზოგადად კარგად ფლობა, არამედ განათლებაში მისი გამოყენების ცოდნაც. მესამე მნიშვნელოვანი, რაც ამ პირობებში გამოიკვეთა, არის სკოლის სოციალური როლის მნიშვნელობა – სკოლა უნდა ზრუნავდეს ბავშვებზე, ეხმარებოდეს მშობლებს, რომ მათ შეეძლოთ იმუშაონ და სხვა საქმეც აკეთონ, შვილების აღზრდის გარდა. სკოლა არის სოციალური ინსტიტუტი, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის განათლებას ემსახურება, არამედ, ზოგადად, საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, იმისთვის, რომ ერთმანეთთან ვიურთიერთოთ, ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და სხვ. პრინციპში, ეს იმასაც აჩვენებს, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც არა მხოლოდ პროფესიით, არამედ მოწოდებით არიან მასწავლებლები, ძალიან ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვები განათლების მიღმა არ დარჩნენ. ისინი არ ელოდებიან არც სახელმწიფოს მითითებებს და არც მშობლების თხოვნას, თვითონ იწყებენ მოსწავლეებთან დაკავშირებას, სწავლების გაგრძელებას. ამ ვითარებაში კარგად ისიც გამოჩნდა, რომ მასწავლებელი არა მხოლოდ საკუთარ კლასთან უნდა მუშაობდეს, არამედ უნდა ცდილობდეს, თავისი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს. აი, ახლა, მაგალითად, დისტანციური სწავლების მიმართულებით, უამრავი მასწავლებელი უზიარებს ერთმანეთს პრაქტიკას, ერთმანეთისგან სწავლობენ, ეხმარებიან ტექნიკური საშუალებების ათვისებაში და სხვ. გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანია გაზიარება.

კიდევ გამოჩნდა ისიც, რომ არ არსებობს რაიმე ურყევი მიზნები, ის, რომ განათლება დაკავშირებელია იმ გარემოებებთან, რომელშიც ვასწავლით, იმ პირობებთან, რაც გვაქვს სასწავლებლად. მასწავლებელი მზად უნდა იყოს, მუდმივად ცვალოს ეს მიზნები, პირობების, მოსწავლის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მასწავლებელი არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ არის შეუცვლელი მეთოდი და მიზანი და უნდა იყოს ძალიან მოქნილი თავის მიდგომებშიც და მიზნების დასახვაშიც.

– რა დამატებითი მოთხოვნები შეიძლება გააჩინოს დღევანდელობის გათვალისწინებამ, როგორც ჟიურის წევრი, რას ურჩევთ „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“, რომელიც ყოველწლიურად საზოგადეობას საუკეთესო მასწავლებლებს აცნობს?

– ჯილდოს ფარგლებში, ჟიურის წევრები, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, თუ რას აკეთებს მასწავლებელი საზოგადოებრივი საქმიანობის დროს, არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიის ფარგლებში, არამედ, რას აკეთებს ის თემისთვის, საზოგადოებისთვის ან ქვეყნისთვის. შეიძლება ის გლობალურადაც იყოს ჩართული რამე პროცესში. დღეს ეს მიმართულება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ვხედავთ იმას, რომ ადამიანი აღარ არის შეზღუდული ფიზიკური სივრცით – სკოლით და შეუძლია ასწავლოს ბევრ ადამიანს, ვისაც პირისპირ შეიძლება არც არასოდეს შეხვდეს. ასწავლოს არა მხოლოდ საგანი, რომელსაც სკოლაში ასწავლის, არამედ პედაგოგიური უნარები, ტექნოლოგიების გამოყენება, დაეხმაროს აზრის ჩამოყალიბებაში, ელემენტარულ საკითხებთან დაკავშირებით. იმასაც ვხედავთ, მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვენდობით, იგივეა ზუსტად მასწავლებლებთან მიმართებაშიც. პრინციპში, სწორედ ასეთ ადამიანებს ვეძებთ, რომლებსაც საზოგადოება ენდობა, როგორც პროფესიონალებს და რომელიც, ზოგადად, თავის საქმეს უყურებს არა მხოლოდ პირადი კონტრაქტიდან, არამედ მისი საზოგადოებრივი როლიდან გამომდინარე.

დღევანდელი გადასახედიდან, შექმნილ ვითარებაში, ჯილდოს მასწავლებლები გამოჩნდნენ, როგორც მართლა გამორჩეული მასწავლებლები?

– გეთანხმებით, ნამდვილად ასეა, მათ ვხედავთ ყველგან, ვხედავთ სოციალურ ქსელებში როგორ უზიარებენ კოლეგებს გამოცდილებას, თავიანთ პრაქტიკას, ვხედავთ „ტელესკოლის“ ფარგლებშიც და ა.შ. რაც მთავარია, ვხედავთ, რომ ამას ძალიან მაღალი ხარისხით აკეთებენ. სტუდიაში, სადაც ბავშვებს ვერც კი ხედავენ, ამ პირობებშიც კი, ძალიან მაღალი ხარისხით ახერხებენ გაკვეთილის ჩაატარებას. შეიძლება ამ გაკვეთილებმა ასე მარტივად ვერ მიაღწიოს ბავშვების გარკვეულ ჯგუფამდე, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრი მასწავლებელი უყურებს მათ და ბევრისთვის შეიძლება მისაბაძი გახდეს.

– რა ხარვეზები გამოიკვეთა დისტანციური სწავლების მიმართულებით?

– ძირითადი ხარვეზი ის არის, რომ მთელი აქცენტი გადატანილია რესურსების შექმნაზე და არა მის გამოყენებაზე. მაგალითად, იქმნება „ტელესკოლის“ გაკვეთილები, მაგრამ როგორ გამოიყენონ ეს გაკვეთილები მასწავლებლებმა ან მშობლებმა, ამის რეკომენდაციები და მეთოდური მითითებები არ არის. ვფიქრობ, ეს ძირითადი ხარვეზია. ეს არის, ზოგადად, სამინისტროს ტიპური მიდგომა, რაც ამ ვითარებაში კიდევ უფრო გამძაფრდა და კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა – ჰგონიათ, რომ გადამწყვეტი მხოლოდ რესურსებია – თუ კარგი სახელმძღვანელო იქნება, ინტერნეტში არსებული კარგი მასალები და კარგი მასწავლებელი, მაშინ მოსწავლეებს ექნებათ ყველა პირობა იმისთვის, რომ კარგად ისწავლონ. ეს ასე არ არის! ამ კარგმა მასწავლებლებმა, კარგი რესურსების გამოყენებით, კარგად თუ არ დაგეგმეს პროცესი, ისე არაფერი გამოვა.

მე მგონია, რომ კიდევ ერთი პრობლემა ისიც არის, რომ სამინისტრო გაცილებით ბევრ ენერგიას ხარჯავს საკუთარი თავის ქებაში, ვიდრე მართლა ქმედითი რეკომენდაციების შემუშავებასა და გავრცელებაში. თუ მას ამის კეთების საკმარისი რესურსი ან ცოდნა არ გააჩნია, მაშინ იმ ორგანიზაციებისთვის უნდა მიემართა, რომელთაც მეტი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით ან რომლებმაც უფრო სწრაფად აითვისეს ეს ყველაფერი. მაგალითად, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან სწრაფად გადავიდნენ დისტანციური სწავლებისა და მუშაობის ფორმაზე. სახელმწიფომ რომ თქვას, რაში სჭირდება დახმარება, ძალიან ბევრი მოხალისე და ორგანიზაცია გამოჩნდებოდა, რომელიც ამ ტვირთის ნაწილს აიღებდა.

მაგალითად, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ – charte.ge – 500-ზე მეტ ბავშვს ჩაურთო ინტერნეტი. ეს მოხალისეები ბავშვებს ყოველთვიურ გადასახადს უხდიან. სახელმწიფოს გაცილებით მეტი რესურსი აქვს იმავეს გასაკეთებლად, მაგრამ გაცილებით ნაკლები ადამიანის შესახებ ვიცით, ვისაც სჭირდებოდა დახმარება და სახელმწიფო დაეხმარა. სახელმწიფომ შეიძლება ისწავლოს საზოგადოებისგან, დაიხმაროს ის და არ ეცადოს, ყველაფრის ცენტრალიზებულად, მხოლოდ საკუთარი ძალებით კეთებას.

გაუგებარია, რატომ დახარჯა სამინისტრომ დრო და რესურსი, მაგალითად, ტელესკოლისთვის იმ გაკვეთილების გადასაღებად, რომლის მსგავსი უკვე შექმნილია. ცუდი რესურსი კი არ არის, მაგრამ, როცა შეიძლებოდა უკვე მზა რესურსის შეძენა, რა საჭირო იყო დამატებითი რესურსისა და დროის ხარჯვა. მაგალითად, ამას წინათ, ვუყურე მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, ერთ გაკვეთილს, მომეწონა, მაგრამ, როცა არსებობს კიდევ უფრო საინტერესოდ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც მრავალმხრივად განიხილავს თემას და ბავშვებისთვისაც უფრო ვიზუალურად მიმზიდველია, რა საჭიროა ამისთვის რესურსის თავიდან ხარჯვა?   ამირან ჯამაგიძის რესურსი, რომელმაც ეს გაკვეთილი ჩაატარა, ხომ შეიძლებოდა, იმავე დროში, იმისთვის გამოეყენებინათ, რომ მასწავლებლებისთვის ესწავლებინა როგორ გამოიყენონ დოკუმენტური ფილმი, რასაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი ეფექტი ჰქონოდა, ვიდრე ტელევიზორში ჩატარებულ გაკვეთილს?

ყველა პრობლემა, რაც განათლების სისტემაში არსებობდა, დღეს კიდევ უფრო გამძაფრდა. ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემა ადრეც იყო და დღესაც ვნახეთ; უთანასწორობის პრობლემა სისტემას ჰქონდა და ახლაც ვნახეთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა; სახელმწიფო რომ მოუქნელია და ნელა იღებს გადაწყვეტილებას, ამასაც ვხედავდით და დღესაც ვხედავთ.

რეალურად, დისტანციური სწავლება სპონტანურად ხორციელდება და არა სახელმწიფოს დონეზე. სკოლები ძირითადად დამოუკიდებლად ცდილობენ ამას. ხშირ შემთხვევაში, სკოლაზეც არა, მასწავლებლებზე, ზოგ შემთხვევაში კი – ინდივიდუალურ მასწავლებელზე დგას პროცესი. მე კერძო სკოლაში ვმუშაობ, რომელიც მთლიანად დისტანციურ სწავლებაზეა გადასული – ერთი თვე გავიდა, რაც დისტანციურად ვასწავლით, სახელმწიფო კი, ჯერ ისევ იმაზე მსჯელობს, რომელი პროგამებით ასწავლონ.

– დაკარგული სემესტრი უფრო საზიანო იქნება თუ ნაკლებად ხარისხიანი განათლების მიღება?

– ერთი და იგივეა. ნაკლებხარისხიანი განათლება გვექნება იმიტომ, რომ, რეალურად, ვკარგავთ დროს, ბავშვების ნაწილს უცდება გაკეთილი იმის გამო, რომ არ აქვს შესაძლებლობა ისწავლოს, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა სწავლა. ეს კიდევ ცალკე საკითხია, სწავლის მოტივაცია რომ უნდა გავუღვიძოთ. დაკარგული მეოთხედის ანაზღაურება შეიძლება, მაგრამ სახელმწიფომ ცალკე პროგრამები უნდა მოამზადოს იმისთვის, რომ ჯგუფების იდენტიფიცირება შეძლოს – ვისთვის იყო განსაკუთრებით პრობლემური, მერე ბავშვებსა და მშობლებს სხვადასხვა სახის დახმარება შესთავაზოს. მაგალითად, დაეხმაროს ზაფხულის განმავლობაში, დისტანციურად, რაღაც კურსებით. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც დილიდან საღამომდე ბავშვებს აძლევენ რეკომენდაციებს, მოსწავლეს შეუძლია ნებისმიერი კითხვით მიმართოს მათ. სხვის გამოცდილებას რომ ვუყურებთ, ისეთი გრძნობა გრჩება, რომ ჩვენთან სახელმწიფო, თითქოს, საერთოდ არ არსებობს და მასწავლებლები თავისით აკეთებენ რაღაცას.

– როგორ წარმოაჩინეს თავი ჩვენმა მასწავლებლებმა კრიზისულ ვითარებაში?

– ის მასწავლებლები, რომლებიც ჩანან, მგონია, რომ მართლა მისაბაძები და დასაფასებლები არიან იმის გამო, რასაც აკეთებენ – სწავლების ჩვეული რეჟიმიდან უცებ მოსთხოვეს საერთოდ განსხვავებულ რეჟიმზე გადართვა და სახლიდან იმის კეთება, რასაც სკოლაში აკეთებდნენ, თან ყველაფერი ისე უნდა აკეთონ, რომ მოსწავლეს შეიძლება ვერც ხედავდნენ, უბრალოდ მისი ხმა ესმოდეთ ან, საერთოდ, არც ხედავდეს, არც ხმა ესმოდეს და მაინც რაღაცნაირად უნდა ამყარებდეს მასთან კონტაქტს. კი, გარკვეული დოზით გამოთქვამენ მასწავლებლები წუხილს, მაგრამ პროტესტი, რომ ზედმეტს სთხოვენ, მათგან არ მსმენია.

– დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, უნდა ჩატარდეს თუ არა ივლისში, არსებული ფორმატით, ერთიანი ეროვნული გამოცდები?

– იმავე ფორმატში დიდი ხანია აღარ უნდა ტარდებოდეს გამოცდები. 15 წელია, ერთი და იმავეს ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ დრო შეიცვალა, მიზნები შეგვეცვალა, შეიცვალა ტექნოლოგიები და უნივერსიტეტები, ყველაფერი შეიცვალა და მარტო ეს გამოცდები არ იცვლება.

ახლაც გამოჩნდა, რომ ეს სისტემა, თავისთავად, გაუმართავია იმიტომ, რომ შეიძლება კრიზისის გამო ვერ ჩაატარო ერთი ტიპის შერჩევის რაიმე პროცედურა და მაშინ დამთავრებულია, ვეღარ ახორციელებ მიღებას. ამიტომაც უნდა იყოს სისტემა მრავალკომპონენტიანი და მრავალფეროვანი კრიტერიუმებით უნდა ხდებოდეს მიღება, თან ამას მხოლოდ ერთი ორგანიზაცია არ უნდა აკეთებდეს.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი