მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება

596

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნულმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ის როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ძალიან აქტიურად იყო ჩართული როგორც განათლების კომპლექსური რეფორმის შექმნაში, ასევე დაგეგმვასა და განხორციელებაში. შესაბამისად, განათლების რეფორმა უფრო სწრაფად და ეფექტურად გაგრძელდება.

„ეს რეფორმა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი განათლების სისტემისთვის. ყურადღება მიექცევა აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. ერთ საკითხს განსაკუთრებით გამოვყოფდი: ეს გახლავთ პედაგოგებისა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისათვის ხელფასების ზრდა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი და რასაკვირველია, ანაზღაურების ზრდის პროცესი გაგრძელდება. აქვე მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იგივე მოხდეს უნივერსიტეტების პროფესორებისთვის, ჩვენი მეცნიერებისთვის და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვის. ეს აუცილებლად გაკეთდება.

 მინდა ასევე გითხრათ, რომ სკოლების მიმართულებით დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლების ავტონომიის ზრდას და ამ მხრივაც იქნება სერიოზული ნაბიჯები გადადგმული. როგორც მოგეხსენებათ, პროფესიული განათლება, ასევე გახლავთ უაღრესად სტრატეგიული მიმართულება, რადგანაც პირდაპირ დაკავშირებულია დასაქმებასთან. შესაბამისად, ახალი იდეები და ახალი მიმართულებები იქნება განსაზღვრული იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი პოპულარიზაცია საზოგადოებაში.

 უმაღლესი განათლება და მეცნიერება ჩემთვის ძალიან მნიშველოვანი პრიორიტეტია და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეფორმებს ამ მიმართულებით.

 მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორი მეგაპროექტი, რომელიც ჩვენს საგანამნათლებლო სისტემაში მიმდინარეობს, ეს არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ 2020 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს და ახალი აკადემიური ცხოვრება დაიწყება. მეორე მეგა პროექტი გახლავთ ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც იფუნქციონირებს ამავე უნივერსიტეტში. აღნიშნული ცენტრში მოხდება სიმსივნის მკურნალობა და ასევე, წარიმართება ძალიან სერიოზული სამეცნიერო კვლევითი პროცესი მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

დატოვეთ კომენტარი