მარტში საქართველო სამ საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე წარდგება

517
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის და მწერალთა სახლის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2020 წლის მარტში, საქართველო და ქართული ლიტერატურა ლონდონის (10-12 მარტი), ლაიფციგისა (12-15 მარტი) და პარიზის (20-23 მარტი) წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე ეროვნული სტენდებით წარდგება, სლოგანითFollow the Jouurney of Georgian Charachters.
 პარიზის წიგნის ბაზრობას (Salon du Livre de Paris) მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის წიგნის ბაზრობებს შორის. ყოველწლიურად, 3000-მდე ავტორი და გამომცემელი ხვდება მკითხველს და წარადგენს ახალ წიგნებს. საქართველოსთვის პარიზის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა ქართული ლიტერატურის ფრანკოფონიულ ქვეყნებში პოპულარიზაციის საუკეთესო შესაძლებლობაა,რაც ასევე ხელს შეუწყობს ქართველ და ფრანკოფონ გამომცემლობებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ახალი, ქართული ლიტერატურისთვის განსხვავებული ბაზრის ათვისებას.
მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, ღონისძიებები გაიმართება როგორც პარიზის წიგნის ბაზრობის სპეციალურ თემატურ სცენებზე, ასევე ქალაქის ლიტერატურულ სივრცეებში. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ლანა ღოღობერიძე, ბესიკ ხარანაული, ლევან ბერძენიშვილი, ლაშა ბუღაძე, გიორგი კეკელიძე, ბასა ჯანიკაშვილი, დავით მაჭავარიანი, დავით ლორთქიფანიძე, ლაშა ბაქრაძე. ქართველ გამომცემლებს საშუალება ექნებათ, ეროვნულ სტენდზე გამართონ შეხვედრები და თავიანთი წიგნები წარუდგინონ უცხოელ გამომცემლებს.
პარიზის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტში (ინალკო) ჩატარდება კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა თემაზე ისაუბრებენ საქართველოს და საფრანგეთის ლიტერატურული და აკადემიური ინსტიტუციების წარმომადგენლები და ქართველი მწერლები: ბესიკ ხარანაული, ლევან ბერძენიშვილი, ლაშა ბუღაძე. კონფერენციაზე დაანონსდება „2021 წელს თბილისი წიგნის დედაქალაქი“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია და UNESCO.
10-12 მარტს საქართველო, ეროვნული სტენდით, მერვედ წარდგება ლონდონის წიგნის ბაზრობაზე (London Book Fair), სადაც ქართველი გამომცემლები ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ უცხოელ კოლეგებთან. სტენდზე დამთვალიერებელი ახალ ქართულ გამოცემებს გაეცნობა და ქართული ლიტერატურისა და კულტურის შესახებ მიიღებს ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ 2020 წელი ბრიტანეთში გამოცხადებულია ქართული სეზონის წლად – Georgian Season. 2020 წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ღონისძიება დაიგეგმება.
ასევე ეროვნული სტენდით წარდგება საქართველო, 12-15 მარტს, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე (Leipziger Buchmesse). ქართველი მწერლები და ილუსტრატორები: ანა კორძაია-სამადაშვილი, დავით მაჭავარიანი (კაკადუ), ლია სტურუა, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა და თეონა დოლენჯაშვილი, ბაზრობის ტერიტორიაზე და ლაიფციგის სხვადასხვა ლიტერატურულ და კულტურულ დაწესებულებაში, გამართავენ შეხვედრებს. საქართველო ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდით მეცხრედ წარსდგება.

დატოვეთ კომენტარი