ლოგიკური სივრცე კამპანიის სტარტისთვის – განათლების სისტემის თანაბარი განვითარების ხელშესაწყობად

1092

მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ 2020 წლის კამპანია, განსხავავებული ფორმატით, ჩხოროწყუს მე-10 საჯარო სკოლაში გახსნა. მეოთხე სეზონის რეგიონის სკოლაში დაწყების უმთავრეს მიზეზებს შორის, რამდენიმე მთავარი შეიძლება გამოვყოთ. ირინა ხანთაძე ამბობს, რომ: „კამპანიის აქ გახსნის უპირველესი მიზეზი ის არის, რომთუ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ეროვნული პროექტია, ალბათ, დედაქალაქში არ უნდა ჩავიკეტოთ. მეორე, ასევე მნიშვნელოვანი მიზეზი საზოგადოების გამოწვევას უკავშირდება – ჩვენ გვჭირდება ქვეყნის და განათლების სისტემის თანაბარი განვითარება. ამით გვინდა, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურად წარმოვაჩინოთ. გარდა ამისა, სკოლა არის, ალბათ, ყველაზე ლოგიკური სივრცე და ადგილი, სადაც ეს კამპანია უნდა იწყებოდეს და კარგია, რომ მეოთხე სეზონზე ამას მივხვდით. ასევე, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიმყოფებით აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში, სადაც უკვე ოც წელზე მეტია აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეები სწავლობენ. გვინდა, აქ ყოფნით მათ მიმართ სოლიდარობა, თანადგომა გამოვხატოთ. ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, გამთლიანება ყველასთვის ერთნაირი ტკივილია და, რა თქმა უნდა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის ეს თემა ყოველთვის პრიორიტეტული და აქცენტირებული იქნება.“

ეროვნული ჯილდოს მესვეურები აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლიდან კამპანიის დაწყების მიზეზად 2019 წლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრის, მელორ ცქვიტაიას ფაქტორსაც ასახელებენ, რომელიც ამ სკოლის პედაგოგია. „ის არა მხოლოდ კარგი მასწავლებელია, გამორჩეული მოქალაქე და თემის ლიდერია. ვფიქრობ, მის საქმიანობაში ძალიან კარგად ჩანს, როგორ შეიძლება იყოს სინერგიული რეგიონის განვითარებაზე ზრუნვა და საგანმანათლებლო საქმიანობა. თავისი პროფესიული საზოგადოებრივი საქმიანობით, ის ამის დემონსტრირებას ახდენს და ბევრისთვის ეს კარგი მაგალითია.“ – ამბობს ირინა ხანთაძე და განსაკუთრებულ მადლობას უხდის სკოლას, მთელ კოლექტივს – მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სკოლის ხელმძღვანელს, ბატონ ნუგზარს მხარდაჭერისთვისა და მიღებისთვის, იმისთვისაც, რომ ამ სკოლაში მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი ნიჭი და უნარები განავითარონ, მაქსიმალურად დაიხარჯონ მოსწავლეებისთვის.

ჯილდოს ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ წელს ამ პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება საზოგადოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აპლიკანტისთვის – ერთია, როდესაც მასწავლებელი თავად წარადგენს თავს, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც სხვა ადამიანები ფიქრობენ, რომ ის, თავისი საქმიანობით, იმსახურებს იყოს ამ პროცესის მონაწილე. ამიტომ მოუწოდეს საზოგადოებას, მისცენ მასწავლებლებს სტიმული, ჩაერთონ ჯილდოს კონკურსში და აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები.

ეროვნულ ჯილდოზე რეგისტრაციის პროცედურებში არაფერი შეცვლილა, ერთი რამის გარდა – ძალიან მკაფიო საკითხზე იქნება აქცენტი: „ვიცით, რომ გამოწვევები გვაქვს განათლების სფეროში და ქართული სკოლა მხარდაჭერას საჭიროებს. ახალი ენერგია გვჭირდება, რომ ეს წრე გავარღვიოთ – გვჭირდება არა მხოლოდ განვითარება, არამედ სწრაფი განვითარება. ამისთვის კარგია, თუ სკოლაში ახალ სახეებს ვიხილავთ და უფრო მეტ ახალგაზრდა მოტივირებულ, მონდომებულ ადამიანს მოუნდება პროფესიაში შესვლა. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი წლევანდელი აქცენტი ახალგაზრდა კადრების წახალისება იქნება, რომ ჩაერთონ განათლების სისტემის განვითარების მარათონში, შეუერთდნენ მასწავლებელთა კორპუსის დიდ არმიას. ამ მარათონის გახსნას 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს, გიორგი ჭაუჭიძეს გადავაბარებთ. 18 დეკემბერს ამ კამპანიის ნაწილს მისი საჯარო ლექციით – 13 მიზეზი, რატომ უნდა გავხდე მასწავლებელი – გავხსნით. ვფიქრობ, ის ხედვა, რომელსაც გიორგი ახალგაზრდებს შესთავაზებს, საინტერესო, დამაფიქრებელი იქნება და დაგვეხმარება, ეს დისკუსია ქვეყანაში უფრო გავაფართოვოთ, გავაძლიეროთ და ეროვნული ჯილდო ამ დისკუსიის პლატფორმად გამოვიყენოთ.

კამპანია დღეიდან იწყება, პლატფორმა ღიაა, ნომინირების პროცესი უკვე დღესვე შეიძლება დაიწყოს, ასე რომ, ყველამ, თუ გულში გეგულებათ თქვენი რჩეული, არ დაიზაროთ, წარმოადგინეთ იგი და ამ სახით დაუჭირეთ მხარი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს და, ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანასაც, იმიტომ, რომ მომავალი განათლებაშია.“ – ამბობს ირინა ხანთაძე.

ჯილდოს გახსნის ცერემონიალი, ბუნებრივია, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სახეების გარეშე ვერ ჩაივლიდა. სცენა დაუთმეს წლევანდელ გამარჯვებულს, „თავისუფლების გაკვეთილების ქართულ სიმბოლოს“, გიორგი ჭაუჭიძეს. მან ამჯერადაც განსხვავებული მოსაზრებით მიიქცია ყურადღება: „როდესაც ყველა ქართველს (შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ გადავაჭარბო, მერე რა, ცუდს ხომ არ ვამბობ), ქალაქ სოხუმში და, ზოგადად, აფხაზეთში, მასწავლებლის სახით, გვეყოლება ისეთი თუნდაც ორი ადამიანი, რომელიც ძალიან გვეყვარება, ალბათ, ჩვენთვის გაიხსნება ჩარაზული კარი და მოგვეცემა იმის საშუალება, რომ სოხუმშიც დაიწყოს ასეთი კამპანია. თითქოს ამოცანად მინდა დავისახო, მერე რა, რომ საზღვრები ჩაკეტილია, დღეს ადამიანებს შორის სხვაგვარად დაკავშირებაც შესაძლებელია. ჩემი დიდი სურვილია, ამით ერთგვარი ხიდის გადება შევძლოთ.“

კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა: „ეს ადამიანი ყოველთვის რაღაც ისეთს იტყვის, რომ სხვა კუთხით დაგანახებს მოვლენებს, ამჯერადაც მოახერხა სხვა კუთხით დავეფიქრებინეთ ბევრ თემაზე. მადლობა გიორგის ამისთვის. ამ ინიციატივით, გარკვეულწილად, მან მოვლენებსაც გაასწრო.“

პირველი ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, ლადო აფხაზავამ კი მოუწოდა მასწავლებლებს, შეავსონ აპლიკაცია და პრაქტიკის გასაზიარებლად გამოიყენონ ეროვნული ჯილდოს საუკეთესო პლატფორმა: „ერთი თანამშრომელი მყავდა, რომელსაც ხშირად მოჰქონდა ამბები იმის შესახებ, მაგალითად, ქელეხში როგორი უმარილო საჭმელი ჰქონდათ ან გადამეტებული წიწაკით. ბუნებრივია, ვუსმენდით და ვხალისობდით. მყავდა მეორე კოლეგა, რომელიც ხშირად დადიოდა ტრენინგებზე, სკოლაში დაბრუნებული კი, მთელი დღე დაგვდევდა და გვიხსნიდა, რას ნიშნავს პროექტული სწავლება, რომ თანამშრომლობა ამას ჰქვია, ინიციატივა – ამას… და ა.შ. მოსვენებას არ გვაძლევდა. სამი წელი გვსდია ამ მასწავლებელმა და ამ სირბილში დაიღალა. ერთ დღეს სხვა სკოლაში გადავიდა და, თითქოს, ობლები დაგვტოვა, რადგან მივხვდით, რომ პროფესიული გაზიარება ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა ჩვენთვის. მერე მოვიწყინეთ და დავაფასეთ კოლეგა, რომელიც ზრუნავდა სკოლის განვითარებაზე, მასწავლებლების განვითარებაზე. ჩვენ დღეს, კოალიციის სახით, გვაქვს პლატფორმა, სადაც შეიძლება ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. არ ვიცი, დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ სახლში გათენება მენატრება, მენატრება ყოფნა იმ პატარა „ქუხნა-სახლში“, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ. იმიტომ, რომ სულ დავდივარ. ბევრი სიხარული და შრომა ახლავს ეროვნული ჯილდოთი მოტანილ აღიარებას, გადატვირთული გრაფიკით მუშაობა, მაგრამ ეს ძალიან სასიამოვნო და საჭირო საქმეა, რომელსაც, პირველ რიგში, ბავშვებისთვის ვაკეთებთ.

წელს ველოდები, რომ სამეგრელოდან ძალიან ბევრი აპლიკაცია შეივსება, იმიტომ, რომ სამეგრელოდან იწყება სწორედ 2020 წლის კამპანია, რაც რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ მელორმა, ჩემი შექეზებით, შეავსო აპლიკაცია, წელსაც მყავს სამეგრელოში ჩემი რჩეული მასწავლებელი, რომელსაც აუცილებლად წარვადგენ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბში, ჩემსავით, არიან მასწავლებლები, რომლებსაც ის კი არ უნდოდათ, რომ ვიღაცას შეექო, არამედ მათი უპირველესი მიზანი იყო პრაქტიკის გაზიარება. აი, მაგალითად, აქ გვესწრებიან თამარ ადამია, გიორგი ჭაუჭიძე, რომლებიც უკვე მასტერკლასებს ატარებენ და, შესაბამისად, დაიწყეს თავიანთი პრაქტიკის გაზიარება. ძალიან მიხარია, როცა კოლეგები სხვადასხვა სკოლაში გვიწვევენ ჯილდოს მონაწილეებს პრაქტიკის გასაზიარებლად. წელს ჩვენ თავისუფლების გაკვეთილების მასწავლებელი ავირჩიეთ და დიდი მადლობა მას ასეთი თავისუფლებისთვის – ბავშვებს, სკოლას, მასწავლებლებს, ადმინისტრაციას – ყველას სჭირდება თავისუფლება, რომ თავისი საქმე ხარისხიანად აკეთონ.

მოგიწოდებთ, აპლიკაცია იმიტომ კი არ შეავსოთ, ვინმესთან თავი მოიწონოთ, არამედ იმისთვის, რომ სხვას გაუზიაროთ. ათეულთა კლუბში უკვე ოცდაათი მასწავლებელია და დარწმუნებული ვარ, თავის დროზე, ოცდაათივე აპლიკაციას სწორედ ამ მიზნით ავსებდა. ძალიან პატარა აქტივობამ, რომელსაც თქვენ უმნიშვნელოდ მიიჩნევთ, შეიძლება მსოფლიოც კი მოგაგებინოთ. ჩემს პრაქტიკაში იყო ასეთი რამ, ბავშვებს, რომლებიც არ სწავლობდნენ, ხშირად ვეუბნებოდი – იცი, რა მაგარი მასწავლებელი გამოხვალ, მაგალითად, ფილოლოგი ან მათემატიკოსი. გაოცებული მპასუხობდნენ, მასწავლებელო, მე და ფილოლოგი? ხშირად ასეთ პატარა მესიჯებს ვაძლევდი მათ დასაფიქრებლად. აქედან გამომდინარე, ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ, მასწავლებლებმა, არ ვიფიქროთ საიდან მოდიან მოსწავლეები, არამედ ვიფიქროთ იმაზე, სად მიგვყავს. იფიქრეთ, საით მიგყავთ თქვენი მოსწავლეები, რა გზებით ატარებთ და ეს გზები გაგვიზიარეთ.“

ჩხოროწყუს რესურსცენტრის უფროსი ლია ჯალაღონია, მიუხედავად იმისა, რომ მე-10 საჯარო სკოლა მის რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სკოლებში არ შედის, ღონისძიებას ესწრებოდა და მადლობა გადაუხადა ეროვნული ჯილდოს წარმომადგენლებს, კამპანიის ჩხოროწყუში გახნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის და ჯილდო მაღალი ხარისხის კონკურსად შეაფასა: „მე გარედან, ამ პატარა ქალაქიდან, მაყურებლის თვალით ვიტყვი, რომ ეს არის ხარისხიანი ბრენდი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ძალიან მაღალია საზოგადოების ჩართულობა და არ ვგულისხმობ მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცეში მოღვაწე საზოგადოებას. ამის დასტურია თუნდაც ის, როდესაც ყაბალახიანი ლადო აფხაზავას ფოტოებმა მოიცვა სრულიად საქართველოს მოსახლეობის სოციალური ქსელები. ეროვნული ჯილდოს ხარისხზე მეტყველებს, ისიც, რომ ერთგვარად სახელმწიფოსაც გადაედო მათგან ეს პათოსი. იცით, როგორი კონკურსი იყო, ცოტა ხნის წინ გახსნილ, მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში მიღებაზე? წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი დაინტერესდა. საკრებულოს თანამშრომლები და სოფლის რწმუნებულებიც კი მოვიდნენ კონკურსზე, ღიად აცხადებდნენ, რომ უნდოდათ სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყება. რაც მთავარია, ახალგაზრდები მოვიდნენ, ძალიან ნიჭიერები, მოტივირებულები – ყველაზე სწავლებადი რესურსი. ესეც იმის მანიშნებელია, რომ ყინული დაიძრა და ეს, თითქოს არაფრით მიმზიდველი, პროფესია, რომელიც მოდური არ იყო, პოპულარული გახდა ახალგაზრდებში. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ამ პოპულარიზაციას ეროვნული ჯილდოს კონკურსმა ბევრად შეუწყო ხელი. საერთოდ, კონკურსს ისეთი თვისება აქვს, რომ თუ   არასწორად ჩატარდა, ნეგატიური შედეგები გაცილებით მეტი მოჰყვება, ვიდრე პოზიტიური. ამ შემთხვევაში კი, პოზიტიურმა მთლიანად გადაფარა ნეგატიური მხარე.“

2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის გახსნა სკოლის მოსწავლეების გამოსვლით დასრულდა, ბიჭუნათა გუნდმა სტუმრებისთვის იმღერა, თუმცა, მათი კარგი გამოსვლა აღარავის გაკვირვებია, რადგან სკოლის ეზოში შევადგით თუ არა ფეხი, ბავშვების სიმღერა გაისმა. სტუმრებს „თვითორგანიზებული კონცერტით“ გვხვდებოდნენ – სკოლის წინ, შუა ეზოში შექუჩებული ბავშვები გიტარას უკრავდნენ და, თითქოს არაფერი, ისე მღეროდნენ თავისთვის, ერთი პატარა ბიჭი კი თავგამეტებით უკრავდა დოლს. აშკარად იგრძნობდი მოსწავლეების მოჭარბებულ მუსიკალურობას, რაც არც ღონისძიების ორგანიზატორების ყურადღების მიღმა დარჩენილა.

„დაახლოებით ერთი თვის წინ, პირველად რომ ჩამოვედით, გამაოცა ამ სკოლის მოსწავლეების მუსიკალობამ, არა მარტო იმან, რომ ბავშვები ფლობენ საკრავებს და მღერიან, არამედ უფრო იმან, თუ როგორ უყვართ მუსიკა – ეს ბავშვები, შეიძლება ითქვას, თვითორგანიზებული მუსიკალური ჯგუფია. ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ჩვენთვის. მუსიკა და, ზოგადად, ხელოვნება პიროვნების განვითარების და თავისუფალი ადამიანის ფორმირების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ არ გვინდოდა აქედან ისე წასვლა, რომ ამ მუსიკის მოყვარული ბავშვებისთვის რაიმე საჩუქარი არ გაგვეკეთებინა, ჩვენ მათ ელექტრონული პიანინო ჩამოვუტანეთ“ – აღნიშნა ირინა ხანთაძემ.

თითქოს არაფრით გამორჩეულ სკოლაში დიდი ემოციური მუხტი ტრიალებს. 2002 წელს დაარსებულ მე-10 საჯარო სკოლას სათავეში უდგას აფხაზეთიდან დევნილი ნუგზარ ჯომიდავა, რომელიც აფხაზეთშიც დირექტორად მუშაობდა –   მერხეულის ლაკერბაიას სახელობის საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც ორი სექტორი ფუნქციონირებდა – სომხურ-ქართული. როგორც ყველა დევნილი, ბატონი ნუგზარის ოჯახიც შემთხვევით აღმოჩნდა საცხოვრებლად ჩხოროწყუს რაიონში, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამას მხოლოდ შემთხვევითობას ვერ დავარქმევთ, რადგან მისი წინაპრებიც სწორედ ამ რაიონიდან იყვნენ წარმოშობით. გარკვეულწილად, მათი სურვილიც იყო, აქ დასახლებულიყვნენ. ბუნებრივია, დიდი ხნის პედაგოგიური გამოცდილების მქონე ადამიანისთვის განათლების სფეროში მუშაობა ყველაზე სასურველი იყო. „სკოლაში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება მქონდა და, ბუნებრივია, დაინტერესებული ვიყავი აქ სკოლის გახსნით. შენობის მესაკუთრე ძალიან ქველმოქმედი ადამიანი აღმოჩნდა და ჩემს ოცნებას – გაგვეხსნა სკოლა – ფრთები შეასხა, შემომთავაზა, ამ შენობაში აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლა გაგვეხსნა. მაშინ განათლების განყოფილების გამგედ გოგი ახალაია მუშაობდა, რომელმაც ხელი შეგვიწყო და, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, დაგვითმეს შენობა.

სკოლა, ძირითადად, დევნილი ოჯახების მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა. ამჟამად 272 მოსწავლე გვყავს და თითქმის ნახევარი დევნილი ოჯახებიდანაა ისევე, როგორც მასწავლებლების ნახევარი. შენობა, რომელშიც მე-10 სკოლა ფუნქციონირებს, ჩვენი საკუთრება რომ გახდეს, მხარდაჭერა გვაქვს სამინისტროსგან, სწორედ ახლა მიდის ამ საკითხის განხილვა და მოლაპარაკებები. დარწმუნებული ვართ, საკითხი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება.“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

         

 

ყოველწლიურად, სკოლას, საშუალოდ, 30-მდე მოსწავლე ამთავრებს, მათგან უმრავლესობა, მხოლოდ მცირე გამონაკლისის გარდა (შეიძლება 1 ან 2 მოსწავლე იყოს), უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს სწავლას. გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტების რიცხვიც დიდია, მეტიც, ასპროცენტიანი გრანტის მფლობელი კურსდამთავრებულებიც ჰყავთ. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლეთა მიღწევებს პროფესიონალი მასწავლებლები განაპირობებენ. 26 მასწავლებლიდან, თითქმის, ყველა სერტიფიცირებულია, მხოლოდ 3 პრაქტიკოსი იყო დარჩენილი და მათაც, შემოდგომის ტესტირებისას, ჩააბარეს გამოცდები, ახლა შედეგებს ელოდებიან. „მე ჩემი მასწავლებლების იმედი ყოველთვის მაქვს და მათი მიღწევებიც არ აყოვნებს. დღევანდელი ღონისძიების აქ ჩატარებაც ამის ერთგვარი დასტურია – ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი მელორ ცქვიტაია. ამ ეტაპზე, მარტო სკოლის შენობის შესყიდვა გვჭირდება, დანარჩენს, ჩვენი ძალებითაც შევძლებთ ისე, როგორც აქამდე შევძელით ბევრი რამ.“ – ამბობს ბატონი ნუგზარი.

დირექტორისთვის სკოლას, საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, სხვა ემოციური, მორალური და პოლიტიკური დატვირთვაც აქვს – ერთგვარი ბმაა აფხაზეთთან, რომელიც ისეთივე აქტუალურია სკოლაში თითოეული მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის, როგორც პირადად მისთვის. „ეს სკოლა ჩემთვის ერთგვარი სიამაყეა, გაუწყვეტელი კავშირია ჩემს აფხაზეთთან. მერწმუნეთ, არც ერთი დღე და გაკვეთილი არ ჩაივლის ისე, რომ ბავშვებს აფხაზეთის შესახებ არ შევახსენოთ. აფხაზეთი ჩვენს სკოლაში მუდმივად აქტუალურია, ჩვენ სიყვარულს ვასწავლით, ჩვენი ქვეყნის სიყვარულს, რომელიც აფხაზეთის გარეშე არასრულყოფილია.“

სკოლაში რომ აფხაზეთი ემოციური თემაა და ნოსტალგია ძლიერია, ეს მოსწავლეებისგანაც ვიგრძენი. ეზოში შეკრებილ ბავშვებს გამოველაპარაკე, უფროსები არ მოვაცდინე, რადგან წრე ჰქონდათ შეკრული და, როგორც გითხარით, გიტარაზე უკრავდნენ და მღეროდნენ. უფრო პატარები თვითონ შემომესივნენ. ვისაუბრეთ, მერე ვთხოვე, თქვენი ოცნებები მითხარით-მეთქი. ჯერ თავი შორს დაიჭირეს, მერე ჩვენი კომუნიკაცია იოლად შედგა.

7 წლის მათე კაჭარავა მიმხელს ოცნებას, რომ მზარეული უნდა გამოვიდეს და მეორე ოცნებას – უნდა, რომ ცეკვა იცოდეს; მეოთხეკლასელი მაკა სორდიასთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ მშობლები იყვნენ ჯანმრთელები, ძალიან უნდა სხვებიც ჯანმრთელები იყვნენ; მეექვსეკლასელი ანა ესართია საფრანგეთში მოგზაურობაზე ოცნებობს და აფხაზეთის დაბრუნება სურს, მომავალ პროფესიად კი ორთოდონტობას ირჩევს; ლიზი მირცხულავა რომ გაიზრდება, სტომატოლოგი გახდება, მისი მთავარი ოცნება აფხაზეთის დაბრუნებას უკავშირდება. ლიზის ოჯახი სოხუმიდანაა, ამბობს, რომ დედა, მამა, ბებია და ბაბუა სოხუმში ცხოვრობდნენ, მერე გამოაძევეს. ოჯახმა ჯერ თბილისში იცხოვრა, მერე ჩხოროწყუში გადმოსახლდნენ. ლიზი მიყვება: „აქ გავიზარდე, ორი ძმა მყავს. ჩემს ოჯახში აფხაზეთზე ხშირად ლაპარაკობენ, მე უფრო სახალისო ისტორიებს მიყვებიან, მაგრამ ხანდახან სევდიანსაც. ძალიან შემაყვარეს აფხაზეთი და ვოცნებობ სოხუმში ჩასვლაზე“; ლიკა კორსანტიას ოჯახიც აფხაზეთიდანაა, კერძოდ გალიდან. ის აჩიგვარას სკოლაში ორი წელი სწავლობდა, მაგრამ რადგან მხოლოდ რუსულ და აფხაზურ ენებზე სწავლობდნენ, ოჯახმა აქ გადმოსვლა გადაწყვიტა, რომ შვილებს ქართულად მიეღოთ განათლება. „იქ ცხოვრება როგორია? – ფიქრობს ლიკა – რა ვიცი, ჩვეულებრივი, უფრო სწორად, თუ არ შეაწუხე ვინმე, არც შენ შეგაწუხებენ.“ სკოლაში ყველაზე კარგად მათემატიკას სწავლობს, თუმცა, უნდა, რომ მომღერალი გამოვიდეს, პარიზში მოგზაურობაზე ოცნებობს; ლადო დარსალია მეუბნება, რომ აფხაზეთიდან არ არის წარმოშობით, მაგრამ ყველაზე მეტად აფხაზეთის დაბრუნებაზე ოცნებობს, და კიდევ, უნდა, რომ საქართველოს მოსახლეობა ჯანმრთელად იყოს: „მე მინდა, აფხაზეთი დავიბრუნოთ და ჩემი ქვეყანა ისევ იყოს გადაჭიმული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“; თეკლე კაჭარავა აუცილებლად არქეოლოგი გახდება, რადგან იზიდავს ისტორია და სიძველეების შესწავლა. მისი ოჯახი აფხაზეთიდან არ არის, ადგილობრივი მკვიდრია, მაგრამ სწავლა მაინც აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში გადაწყვიტა, რადგან ეს სკოლა გამორჩეულია ჩხოროწყუში. სოფო მასწავლებელმა და მელორი მასწავლებელმა კი მას სახელი კიდევ უფრო გაუთქვეს; მეთორმეტეკლასელი საბიანა კაჭარავა ამბობს, რომ ეს სკოლა, სადაც ბევრი წელი გაატარა, გარდა იმისა, რომ კარგი განათლება მიიღო, ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ იქცა ადგილად, სადაც ისწავლა როგორ გაიჩინოს მეგობრები, როგორ იყო თავისუფალი და როგორ მიიღოს ადამიანები ისეთებად, როგორებიც არიან. „აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლა იქცა სივრცედ, რომელმაც კონკრეტული საგნების სწავლების გარდა, ცხოვრებისთვის მომამზადა, პირველ რიგში, დამანახა რისი გაკეთება მსურს –   პროფესიის არჩევაში დამეხმარა, მინდა მასწავლებელი გავხდე. დღევანდელმა დღემ ჩემი არჩევანი კიდევ უფრო განამტკიცა. მეც მინდა მალე შევუერთდე ამ ადამიანებს, მასწავლებლებს და მათთან ერთად ვემსახურო ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროფესიას. მინდა ზუსტად ისეთი მასწავლებელი ვიყო, როგორებიც ჩემი მასწავლებლები არიან, განსაკუთრებით გამოვყოფდი მელორის და სოფო მასწავლებლებს. ისინი ის ადამიანები არიან, რომლებმაც ჩემში გარდატეხა მოახდინეს, ბევრი რამ მასწავლეს, რამაც ცხოვრებაში გეზი მომცა. სოფო ის ადამიანია, რომელმაც დამარწმუნა, რომ ის, რაც მსურს და გულით ვაკეთებ, აუცილებლად გამომივა. ეს ერთგვარი მოტივაცია გახდა გავხდე მასწავლებელი.“

მელორ ცქვიტაია აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში დაარსების დღიდან მუშაობს, ამბობს, რომ სკოლა და ბავშვები მისთვის ყველაფერია. „ისინი სტიმულს მაძლევენ ვიყო, ვიარსებო, ვიმუშაო და რაიმე სასარგებლო ვაკეთო, ვიფიქრო ხვალინდელ დღეზე“.

ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოხვედრამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა მის პროფესიულ განვითარებაში. „ამ კონკურსში მონაწილეობა, ალბათ, ყველა მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაპირველად, როცა სააპლიკაციო ფორმას ავსებ, უხერხულობას განიცდი იმიტომ, რომ იცი შენ გვერდით ძალიან ბევრი ღირსეული მასწავლებელია, რომელსაც შეიძლება უფრო მეტად ეკუთვნოდეს იქ წარდგენა. მაგრამ ესეც ერთგვარი გამოხატულებაა – იდგე შენს პროფესიაში კიდევ ერთი საფეხურით მაღლა და სხვებს მისცე იმის მაგალითი, რომ სცადონ. ჩვენ გარშემო მართლაც არაჩვეულებრივი მასწავლებლები არიან, მაგრამ ნაჭუჭში იკეტებიან. ჯილდო გაძლევს იმის შანსს, რომ გაიხსნა, არ გაჩერდე და იმოქმედო.

კონკურსმა ბევრი რამ შეცვალა ზოგადად ჩემს ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საკეთებელი ძალიან ბევრია. თავდაუზოგავად უნდა იშრომო იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცე. ყველაზე მეტი კი, ალბათ, რაც კონკურსმა მომცა, არის ის, რომ მოვხვდი საუკეთესო მასწავლებელთა სივრცეში, სადაც ძალიან ბევრს ვსწავლობ.“

ჯილდოს კამპანიის მე-10 საჯარო სკოლიდან დაწყებას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს, რადგან ფიქრობს, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიების რეგიონის ერთი პატარა, ვიზუალურად არაფრისმთქმელი, ფასადშელახული სკოლიდან დაწყება ახლა სხვა დატვირთვასაც იძენს – ეს აფხაზეთის სკოლიდან ერთგვარი ანტისაოკუპაციო აქტივობაა, რომელიც ძალიან საჭირო და აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის.

ლალი ჯელაძე

           

 

დატოვეთ კომენტარი