ლიზი კილაძის მორიგი წარმატება

952

ხორვატულ ოსიეკში მიმდინარეობს ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატი ტყვიის სროლაში, სადაც ახალგაზრდებში დიდი წარმატებით გამოვიდა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი, ქუთაისელი ლიზი კილაძე – პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ევროპის მესამე პრიზიორი გახდა.

ის ფინალში ბოლო, მერვე ადგილით შევიდა – 564 ქულა დააგროვა და მეექვსე-მერვე ადგილებს იყოფდა დანიელ მიშელე ლეტ ვენაგესა და გერმანელ ლეა კლეესატელთან ერთად, თუმცა ჩვენებური მათ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა – იმათ მეტი 10-იანები ჰქონდათ. თავის მხრივ, კილაძემ სწორედ ამ მაჩვენებლით გაუსწრო   ბელარუს ლიუბოუ სტრალჩონაკის, ვინც ასევე 564 ქულა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ შარშან კილაძე მსოფლიოს მესამე პრიზიორიც გახდა ასევე ახალგაზრდებში.

ჩვენგან გოგონებში ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი სპორტსმენი გამოვიდა, თუმცა მათ წარუმატებლად იასპარეზეს: ქუთაისელი ნინო ხუციბერიძე 551 ქულით 42-ე ადგილზე დარჩა, თბილისელი მარიამ ქობულაშვილი კი 547-ით 48-ზე გავიდა.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 1662 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე დარჩა. დასანანია, რომ ისინი სულ ორი ქულით ჩამორჩნენ პლეი ოფში ბოლო, მერვე ადგილით შესულ პოლონეთს.

ბიჭებში იასპარეზა თბილისელმა აკაკი მოსულიშვილმაც. მართალია, ის უმედლოდ დარჩა, მაგრამ მაინც საყურადღებო   გამოსვლა ჰქონდა: ფინალში შევიდა და თანაც გააუმჯობესა პირადი შედეგი – საკვალიფიკაციოში 574 ქულა დააგროვა. ოფიციალურ ტურნირზე ფინალში გასვლა პირველია მის კარიერაშიც და არც ვაჟთა შორის გვყოლია ოდესმე ფინალისტი. ფინალში ის საბოლოოდ მეშვიდეზე გავიდა. ბოლო პერიოდში მან შედეგებსაც მოუმატა და უკვე სტაბილურად ხვდება მოწინავეთა შორის.

ირაკლი თავაძე

 

 

დატოვეთ კომენტარი