არდადეგები თავისუფლების შეუზღუდავად- უნდა მივცეთ თუ არა ბავშვებს არდადეგებზე დავალებები

737

 

ზაფხულის არდადეგები ბავშვებისთვის ყველაზე სასურველი დროა და მას განსაკუთრებული სიხარულით ელიან, რადგან ის თამაშსა და გართობასთან ასოცირდება. თუმცა, ბოლო დროს, ზაფხულის არდადეგებზე, განსაკუთრებით დაწყებითი კალასის მოსწავლეებისთვის, დავალების მიცემა – მაგალითად, წაკითხულის მოკლე შინაარსის დაწერა, მათემატიკაში მაგალითებისა და ამოცანების ამოხსნა და ა.შ. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. არადა, არდადეგები სწორედ ის პერიოდია, როცა ბავშვები თავისუფლად, ყოველგვარი ძალდატანების, აუცილებლად წასაკითხავი ტექსტებისა თუ ამოცანის პირობების გარეშე, არაფორმალურ გარემოში ლაღად ატარებენ  დღეებს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არც წიგნი წაიკითხონ, არც ხატონ, არც წერონ და არც იანგარიშონ…  მაგრამ ეს თავიანთ სურვილსა და მისწრაფებებზე უნდა იყოს დამოკიდებული – ითამაშოს როცა უნდა და იკითხოს როცა უნდა, ყოველგვარი დადგენილი წესებისა და დოგმების გარეშე, თავისუფლების შეუზღუდავად.

ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილ მშობლებს ასეთ რჩევას აძლევს: ზაფხული, ეს არის თავისუფლება. ეს არის ადგილისა და გარემოების გამოცვლის პერიოდი. ჩვენ ამას ჰაერზე წაყვანას ვეძახით. სინამდვილეში, ჰაერი კი არა, სივრცეა მთავარი ბავშვის განვითარებისთვის, რომელიც ქალაქის ტიპის დასახლებაში შეზღუდულია. სულ რომ 10 ოთახიანი ბინა გქონდეთ, ის მაინც ჩაკეტილი სისტემაა. შესაბამისად, ზაფხული, თავისუფლება, მინდორი, სივრცეძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. ასევე, კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა. ეს ანტიპედაგოგიკაა. მშობლებსაც უხარიათ, რომ ერთორი საათი დასვამენ და ამეცადინებენ ბავშვებს. არაფერი უნდა გააკეთონ, უნდა ირბინონეს განვითარებაა და მიეცით საშუალება, რომ განვითარდნენ.“.

საზაფხულო არდადეგებზე ბავშვებისთვის დავალებების მიცემას არ ეთანხმება პროფესიული განვითარების კონსულტანტი ირინა სამსონიაც, მისი აზრით, ეს ის დროა, როცა ბავშვს აქვს შესაძლებლობა დაიბრუნოს სილაღე და თავისუფლება:„ამ ბოლო დროს მგონი ძალიან ტრენდული გახდა საზაფხულო დავალებების მიცემა ბავშვებისთვის, ხშირად გამიგია და სულ ვაპროტესტებ. ჩვენც ვყოფილავართ ბავშვები და გვახსოვს, რომ სასკოლო პერიოდი თავისი ყოველდღიური რუტინით და ვალდებულებებით გარკვეული თვალსაზრისით სტრესს იწვევდა ჩვენში. რა თქმა უნდა, გააჩნია სკოლას, მასწავლებელს და თვითონ ბავშვს, მაგრამ სკოლაში სიარული მაინც ბევრისთვის დაკავშირებულია რაღაცნაირი „შეუსრულებელი მისიის” ყოველდღიურ განცდასთან… ასე ვიყავი მეც, როცა ორგანულად ვერ ვიტანდი ბოტანიკას… ნუ განსაკუთრებით მძულდა ეს საგანი. არდადეგების დროს კი ბავშვს აქვს შესაძლებლობა, დაივიწყოს ეს სტრესები, დაიბრუნოს სილაღე და თავისუფლება, რაც არათუ ხელს უშლის, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს მის განვითარებას. ვისაც ჰგონია, რომ ფორმალური განათლება არის ბავშვის ინტელექტუალური განვითარების ერთადერთი და შეუცვლელი საშუალება, ძალიან ცდება. ბუნებაში ყოფნა, მოგზაურობა, თამაშები, თანატოლებთან ურთიერთობა, მისთვის საინტერესო წიგნების წაკითხვა არანაკლებ უწყობს ხელს მის განვითარებას. ამას ემატება სილაღე და იმის განცდა, რომ სულ ცოტა ხანი მაინც არავისი არაფერი მართებს, არავინ მისცემს შენიშვნას, რომ რაღაც მწვერვალები უნდა დაეპყრო და ვერ დაიპყრო. ჰოდა, რას ვერჩით ბავშვებს? ვაცალოთ ბავშვობა! ნუ წავართმევთ მათ მთავარს – ბედნიერების განცდას, სილაღეს, თავისუფლებას!“.

საინტერესოა რას ფიქრობენ პედაგოგები ამის შესახებ, თვითონ აძლევენ თუ არა მოსწავლეებს საზაფხულო დავალებებს და როგორ აფასდებენ ბაკურ კოტეტიშვილის მიერ „ანტიპედაგოგიკად შეფასებულ საზაფხულო დავალებებს. ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ ეკატერინე წულუკიძე და ნათია ფურცელაძე.

ეკატერინე წულუკიძე, ფარის საჯარო სკოლის ქართლი ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ხშირად უფროსები, მათ შორის მეც, ჩვენ შვილებთან მიმართებაში ვცდილობთ ჩვენ მიერ გამოჭრილ თარგს მოვარგოთ ისინი, ჩვენ ვურჩევთ როგორ, რა გააკეთონ, მათ შორის როგორ გაატარონ საზაფხულო არდადეგები, რაც ალბათ არ არის გამართლებული. ბატონ ბაკურ კოტეტიშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბავშვს სჭირდება თავისუფლება და განვითარება თამაშითა და  სირბილით, სავსებით ვეთანხმები. თამაშიც ბავშვის განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა, მას როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური განვითარებაც სჭირდება და ერთგვარად უნდა დაბალანსდეს ეს ორი რამ. ბავშვებს ხშირად აქვთ სამართლიანი შენიშვნა, რომ მათ დასვენება სჭირდებათ და არდადეგების გამოყენებას დასვენებისთვის აპირებენ. რომ დავუფიქრდეთ, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ისინი დატვირთული არიან სასწავლო რუტინით, ამას ემატება სხვადასხვა წრეები, აქტივობები და მართლაც თამაშისთვის მათ დრო ფაქტობრივად არ რჩებათ, მხოლოდ ზაფხულია ის პერიოდი, რომლის განკარგვაც შეუძლიათ – სათამაშოდ და დასასვენებლად გამოიყენონ.

მე პირადად, ზაფხულში დავალებებს არ ვაძლევ, არასოდეს მქონია მსგავსი პრაქტიკა, რომ ზაფხული ბავშვებისთვის დავალებით დამეტვირთოს, მხოლოდ  რჩევას  ვაძლევ, რომ  აუცილებლად გამოიყენონ დრო  საინტერესო წიგნების წასაკითხად. ხშირად თავად მოდიან და რჩევას მეკითხებიან, რომელი წიგნი წიკითხონ. ეს სხვა შემთხვევაა,  მათი სურვილია და ის, რაც მათ სურთ კარგადაც ასრულებენ.

რაც შეეხება იმას, რომ საზაფხულო დავალებების მიცემა, ანტიპედაგოგიკაა, ამ მოსაზრებასაც ვეთანხმები. მებადება კითხვა – რატომ, რა მიზნით აძლევს პედაგოგი დავალებას ზაფხულში? რა მიზანს ემსახურება განვლილი მასალის განმეორება, ახალი ცოდნის შეძენას თუ დროის რაციონალურად გამოყენებას? ვფიქრობ, არცერთს. სასწავლო პროცესის დასრულებისას, მოსწავლეს უკვე კარგად უნდა ქონდეს გათავისებული  ნასწავლი და უნდა შეეძლოს მისი რეალურ  სიტუაციებში გამოეყენება. ახალ ცოდნას უკვე ახალ სასწავლო წლიდან უნდა ეზიაროს, ხოლო ზაფხულში თავისუფალი დროის გამოყენება  და დაგეგმვა  მათ მივანდოთ.

ზოგადად, დავალებების პრობლემა მართლაც არსებობს ჩვენს სასკოლო რეალობაში. მასწავლებლები ცდილობენ ძალინ ბევრი დავალება მისცენ მოსწავლეს, ეს ერთგვარად სახელმძღვანელოებში მოცემული ძალინ ბევრი დავალებითაც არის განპირობებული, ყველა საგნის პედაგოგი თავის წილ  დავალებას აძლევს, ჯამში მოსწავლეს, დღის განმავლობაში, ძალინ ბევრი დავალება უგროვდება,რაც მათში დემოტივაციას და სწავლისადმი  ინტერესის დაკარგვას იწვევს. ვფიქრობ, არათუ ზაფხულის არდადეგებს ჩამოვაშოროთ დავალებები, არამედ სასკოლო პროცესშიც უნდა მოხდეს განტვირთვა და სწავლა სიამოვნებად უნდა ექცეს ბავშვს.ზაფხული კი უნდა იყოს ბავშვებისთვის მეტი თავისუფალი დრო თამაშისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ძალინ მნიშვნელოვანია მათ არჩევანის საშუალება მივცეთ იკითხონ დღის განმავლობაში მათთვის საინტერესო და ასაკზე მორგებული წიგნები, მაგრამ ესეც სასიამოვნოდ უნდა იყოს შეთავაზებული მშობლების მხრიდან.“

ნათია ფურცელაძე, სკოლა „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი: „ბავშვს აუცილებლად სჭირდება თავისუფალი დრო თამაშისთვის, მან თუ არ ითამაშა,  განვითარების უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას კარგავს. რაც შეეხება ჩემი და ჩემი მოსწავლეების ურთიერთობას, წიგნებს ერთად ვკითხულობთ ხოლმე. წასაკითხი ლიტერატურის ნაწილს მოსწავლეებს მე ვთავაზობ, მაგრამ, ამავდროულად, მათ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობასაც ვაძლევ. 

ჩემი აზრით, სასურველია,ზაფხულის განმავლობაში ერთი კლასის მოსწავლეებმა ერთი, ორი ან სამი საერთო წიგნი წაიკითხონ.  ეს მათთვის ურთიერთობისა და მეგობრობის ერთგვარი საშუალებაა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს მხოლოდ  წასაკითხი წიგნების სტანდარტული სიის გადაცემას არ უნდა დაემსგავსოს. რასაკვირველია, ძალდატანებით კითხვის წინააღმდეგი ვარ, წიგნის კითხვა ბავშვებითვის სასიამოვნო და სასურველ პროცესად უნდა ვაქციოთ.

რაც შეეხება ზაფხულში დავალებების მიცემას, მეც არასწორად მიმაჩნია, რადგან არდადეგები დასვენების პერიოდია. თუმცა, ასეთი მაგალითიც შემიძლია მოვიყვანო – შარშან ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში საზაფხულო ლიტერატურული კლუბიმოვაწყვე აგვისტოში. თავისთავად, კლუბში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და იმ ბავშვებს შეეძლოთ ჩართვა, რომლებიც კონკრეტულ წიგნს წაიკითხავდნენ. თუმცა, ესეც მათ არჩევანზე იყო დამოკიდებული. 30-მდე ადამიანი შევიკრიბეთ – ვთამაშობდით, ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს, მაგალითად, რომელია ჩვენი ცხოვრების მთავარი წიგნი, რა მუსიკას ვუსმენთ;  ერთ-ერთი შეხვედრა მოვაწყვეთ თემაზე, როგორ ყალიბდება თანამშრომლობითი კულტურა. უკუკავშირმა დამარწმუნა, რომ ეს პროცესები ბავშვებისთვის სახალისო იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც მოვიდოდნენ არაფორმალურ სივრცეში. საზაფხულო ლიტერატურულმა კლუბმა რომ გაამართლა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ბავშვებს წელსაც უნდათ მსგავსი კლუბის მოწყობა.

ნებისმიერი აქტივობა რა დროსაც არ უნდა განახორციელო,  მორგებული უნდა იყოს ბავშვის თავისებურებებსა და ინტერესებს, გათვლილი მათ გემოვნებასა და ასაკზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არდადეგებზე მეცადინეობას და მერხთან ჯდომას არ მივესალმები, თუმცა, ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის სასურველი და საინტერესო აქტივობებით შესაძლებელია, რომ ზაფხული კიდევ  უფრო სასიამოვნოდ და საინტერესოდ ვაქციოთ. მე, ჩემი შვილები, მათი მეგობრები და მშობლები ახლა ერთად ვკითხულობთ წიგნს. პატარები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ, თამაშებს ვიგონებთ, ვაფერადებთ, ლექსიკაზე ვმუშაობთ და ამით ვხალისობთ. რაც მთვარია, ეს ყველაფერი ხდება მათი თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. ფორმალური განათლების სივრცეშიც ასე უნდა ხდებოდეს. უმნიშვნელოვანესია საგაკვეთილო პროცესი ბავშვის ინტერესებს ისე მოვარგოთ, რომ მოსწავლეს თავისუფლების განცდა არ ჩავუკლათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ფორმალური განათლების შედეგი აღმოჩნდება ნაყოფიერი.“ 

რადგან მასწავლებლების რჩევაც ასეთია, რომ  ბავშვებს არდადეგებზე მივცეთ, რაც შეიძლება  მეტი თავისუფლება და არჩევანი თავად შეარჩიონ წასაკითხად სასურველი წიგნიც და კითხვისა და თამაშისთვის განკუთვნილი დროც, იმედია, მშობლების მცირე ნაწილი მაინც გაითვალისწინებს მათ აზრს. ალბათ, არც ნევროლოგის რჩევას დატოვებენ ყურადღების მიღმა – რაც შეიძლება მეტი ირბინონ და ითამაშონ, რადგან ეს მათი განვითარებაა, მაშინ მიეცით საშუალება, რომ განვითარდნენ.
ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი