კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული ახალი რეგულაციები  

179

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების სისტემაში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა, რაც პროფესიული განათლების სისტემას ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოებს.

გატარებული ცვლილებებით, პირველად საქართველოში, საბაზო განათლების მქონე პროფესიულ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ინტეგრირებულად მიიღონ პროფესიული და ზოგადი განათლება, შესაბამისად სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომები აიღონ. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში შერჩეული პედაგოგების გადამზადება. 13 თებერვალს, პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“, აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლებისთვის შერჩეული პედაგოგებისთვის გაიმართა ტრენინგი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი დაესწრო.

პროფესიულ კოლეჯებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საშუალო პროფესიული პროგრამების ავტორიზაციისთვის და საბაზო განათლების (მე-9 კლასი) მქონე სტუდენტებს, პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ.

ჩვენი გაზეთისთვის მოცემულ ინტერვიუში, თამარ ქიტიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ინტეგრირებული პროფესიული პროგრასმების მასშტაბური დანერგვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს მოხსნის წლების განმავლობაში არსებულ ჩიხს და შესაძლებელს გახდის, პროფესიულმა სტუდენტებმა სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში.

პროფესიული განათლების ნაწილში მთლიანად გადამუშავდა ავტორიზაციის დებულება და დაინერგა ახალი სტანდარტები – დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან ერთად, ახალი რეგულაციით, შეფასდება კოლეჯის სტრატეგიული ხედვა, სტუდენტური სერვისები, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები და მეტი აქცენტი გაკეთდება პროგრამის ხარისხზე.

როგორც თამარ ქიტიაშვილმა გვითხრა, პროგრამების მიღება და დამატება, შემოსვლა სივრცეში ხდება ახალი სტანდარტით, ავტორიზაციის გზით, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. ახალი სტანდარტი გაზრდის ახლად დამატებული პროგრამების ხარისხს, ვინაიდან გულისხმობს: დამსაქმებლის ჩართულობას, რეგიონულ პოლიტიკასთან თავსებადობას, წინასწარ დასაქმებისა და თვითდასაქმების შესახებ არგუმენტაციას და სხვ. „ჩვენ მივიღებთ ხარისხობრივად და თვისებრივად განსხვავებული ხარისხის პროგრამებს, რაც, ცხადია, საბოლოოდ, კურსდამთავრებულების დასაქმებაზე და მათი საქმიანობის სტატუსზე აისახება“.

ამასთანავე, შეიცვლება ექსპერტთა მიდგომა კოლეჯებთან მიმართებაში, გახდება კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული. ნაცვლად ხისტი, ორდონიანი შეფასებისა, დაინერგება მოქნილი და კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული ოთხდონიანი შეფასების სისტემა, რაც სტანდარტებთან ნაწილობრივ ან მეტწილ შესაბამისობასაც ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები წელიწად-ნახევრის განმავლობაში მზადდებოდა და მასში ყველა დაინტერესებული მხარე მათ შორის კოლეჯები, ავტორიზაციის საბჭოები, ექსპერტთა კორპუსი, არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზეციები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.

დატოვეთ კომენტარი