კლასგარეშე საკითხავი

700

ჩემს ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე ასე ეძახიან იმ ლიტერატურას, რომელსაც სკოლის მოსწავლეებს თავაზობენ ხოლმე ზაფხულის არდადეგების დროს წასაკითხად, ერთგვარი პედაგოგიური რეკომენდაციის სახით.

არასდროს მომწონდა ეს ტერმინი, არის მასში რაღაც ინსტრუქციის მსგავსი. თითქოსდა მავალდებულებენ, რომ რაღაც „კლასში“, ანუ სწავლის პერიოდში ვიკითხო, რაღაც კი „კლასის გარეთ“, ანუ სკოლისგან თავისუფალ დროს.

არადა კითხვა ყოველთვის კარგია. თუმცა ზაფხულში მაინც სხვაა…

ერთი ჩემი მეგობარი წერდა ფეისბუქში, სოფელში ვარ ბავშვებთან ერთად ზაფხულის არდადეგებზე, ჩვენს დროს აკლებული გვექნებოდა აქაურობა ჟივილ-ხივილით, ესენი კი უზიან კომპიუტერს, გაუკეთებიათ ყურსასმენები და მთელი დღე ხმას არ იღებენო.

ტიპიური სურათია, თუმცა, ჩემს ბავშვობაში რომ კომპიუტერი ყოფილიყო, ალბათ ჩვენც ასე ვიქნებოდით. გამოვტყდები და ამ ხანდაზმულობაშიც ძალიან მიყვარს კომპიუტერული თამაშები. განსაკუთრებით სადაც ბევრი სროლაა და უცხოპლანეტელი მონსტრები დარბიან. ის კი არა, პირველად რომ ვნახე 90-იანების დასაწყისში ანიმაციური Prince of Persia, კინაღამ გავგიჟდი, იმდენად ფანტასტიკად მომეჩვენა ის ამბავი, რომ მულტფილმში ხარ ფაქტობრივად და პერსონაჟს მართავ.

თუმცა, როგორადაც არ უნდა განვითარდეს კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია, ის ცხადია ვერასდროს შეცვლის წიგნს, რადგან წიგნი არ არის თამაში.  წიგნი, ეს არის სრულიად უნიკალური შერწყმა სასარგებლოს და სასიამოვნოს, გასართობის და სერიოზულის, შემეცნებითის და აღმზრდელობითის, წიგნის კითხვა ერთდროულად დასვენებაცაა და საქმიანობაც.

არიან წიგნები, რომელიც პრაქტიკულად ყველა ასაკში შეიძლება წაიკითხო და ყოველთვის რაღაც ახალს და საშენოს აღმოაჩენ მასში, არიან წიგნები, რომელთა წაკითხვაც მოწიფულობაში სჯობს, როცა უკვე გარკვეული ცოდნის ბაგაჟი გიმაგრებს ზურგს (მე მაგალითად „ვეფხისტყაოსანი“ რომ გენიალური ნაწარმოებია, საკმაოდ გვიან გავაცნობიერე, როცა უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებდი) და არიან ბავშვობასა და ყრმობის ასაკში აუცილებლად წასაკითხი წიგნები. ცხადია, ამ ბავშვობაში წასაკითხებს შეგიძლია მერეც მოუბრუნდე და ისიამოვნო, მაგრამ პირველ შთაბეჭდილებას, შესაბამის ასაკში, მაინც ვერაფერი ცვლის.

აქ თავს უფლებას მივცემ და რამდენიმე რეკომენდაციასაც გავცემ იმის თაობაზე, თუ რომელი წიგნების წაკითხვაა ბავშვობა-ყრმობის ასაკში ასე უკიდურესად სასურველი.

დავიწყებ ალბათ ყველაზე დიდი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის წიგნებით.

„პეპი გრძელი წინდა“, „კარლსონი“,ლიონებერგელი ემილი“ „კალე ბლუმკვისტი“, „ყაჩაღის ასული რონია“, „მიო, ჩემი მიო“ „ბიულერბიუელი ბავშვები“ და სხვა და სხვა და სხვა. ფაქტობრივად, ამ შვედი მწერლის ნებისმიერი ნაწარმოები არის პატარა შედევრი. საოცრად ახლობელი და შინაური ნებისმიერი ბავშვისთვის, თუნდაც მან სულაც არ იცოდეს რა ქვეყანაა შვედეთი. მის მიერ მოთხრობილი საოცრად თბილი, მხიარული და შიგადაშიგ სევდიანი ამბები შეუძლებელია გულზე არ მოგხვდეთ და მისი პერსონაჟები ბავშვობის საუკეთესო მეგობრებად არ გაგყვნენ მთელი ცხოვრების მანძილზე.

ასტრიდ ლინდგრენის გარდა ბავშვობაში აუცილებლად წასაკითხ წიგნთა ნუსხაში შევიტანდი აგრეთვე  შემდეგ ნაწარმოებებს:

➡ ანე-კატერინე ვესტლი: „დედაა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. მხიარული ფათერაკების დაუვიწყარი  ფეირვერკი. მე პირადად წრიპა მორტენის ოინებზე ვგიჟდებოდი.

➡ მონტეირუ ლობატუ: „ყვითელი კოდალას ორდენი“. კიდევ ერთი შედევრი. აქ პირველად გავიგე ფა-ს ენაზე დაშიფრული ლაპარაკი, როცა ყოველ მარცვალს ფ-ს უმატებ შესაბამისი ხმოვნით და მაგალითად სიტყვა „მაგალითად“ გამოითქმება როგორც „მაფაგაფალიფითაფად“.

➡ ალექსანდრ მილნი: „ვინი პუჰი“. ქრისტოფერ რობინის, დათუნია ვინის, გოჭუნია დრუნჩას და სევდიანი ვირუკელა იო-იოს არაჩვეულებრივი თავგადასავალი. ისე, იცოდით სათამაშო რომაა, იო-იო, ამ ზღაპრის პერსონაჟის გამო რომ  ჰქვია ასე?

➡ კარლო კოლოდი: „პინოქიოს თავგადასავალი“. როგორ გადაიქცა ხისგან გამოთლილი ბიჭუნა ნამდვილ ბავშვად. ისე, მისი  რუსული „რიმეიკი“, ალექსეი ტოლსტოის „ბურატინოს თავგადასავალიც“არაა ცუდი.

➡ ჯანი როდარი: „ჩიპოლინოს თავგადასავალი“. პატარა ხახვი და მისი მეგობრები, ლიმონების დინასტიის, სენიორ პომიდორის და გამყიდველ ადვოკატ მუხუდოს წინააღმდეგ.

➡ ედმუნდ ნიზიურსკი: „მარეკ პეგუსის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“. რომანი-დეტექტივი მეექვსეკლასელი მთავარი გმირით, მუდამ დათარსული რომაა და სულ რაღაც ხათაბალაში ებმება და აქვე აუცილებლად მოსახსენიებელი, გენიალური გამომძიებელი იპპოლიტ კვასსი. აი ეგრე სწორედ, ორი პ და ორი ს უნდა.

➡ მარჩელო არჯილი და გაბრიელა პარკა: „ლურსმანას თავგადასავალი“. რკინეულობით აწყობილი ბიჭუნა, რომელსაც ოქროს გული აქვს. მერე კიდევ მაფია ერთვება საქმეში და მთელი ამბებია.

➡ ლუის კეროლი: „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ და „ელისი სარკისმიღმეთში“. ეს ის წიგნებია, ყველა ასაკში რომ აქტუალური და გენიალურია.

➡ ფრენკ ბაუმი: „ოზის საოცარი ჯადოქარი“.  კიდევ ერთი მსოფლიო კლასიკა. პატარა გოგონა თავისი ძაღლით და მისი მეგობრები: უტვინო საფრთხობელა, რომელიც სინამდვილეში ძალიანაც ჭკვიანია, უგულო რკინის შეშისმჭრელი, რომელსაც კეთილი გული აღმოაჩნდება და მშიშარა ლომი, რომელიც ძალიანაც მამაცი გამოდგება.

➡ არჩილ სულაკაური: „სალამურას თავგადასავალი“. ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესო ქართული ლიტერატურული ზღაპარი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება უცხოურ შედევრებს.

➡კლაივ ლუისი: „ნარნიის ქრონიკები“. ნაწარმოებთა მთელი ციკლი. ზღაპრული სამყარო ზღაპრული პერსონაჟებით, სადაც მთავარ გმირ ბავშვებთან ერთად აღმოჩნდებით ტანსაცმლის კარადიდან გასასვლელის მეშვეობით.

აქვე შეიძლებოდა გვეხსენებინა კლაივ ლუისის მეგობრის, ჯონ როუალდ ტოლკიენის „ბეჭდების მბრძანებელი“, მაგრამ ვფიქრობ ეს ეპიკური საგა, ზღაპრული სიუჟეტის მიუხედავად, მაინც უფრო მოზრდილი ასაკისთვისაა, რათა მთელი სისავსით აღიქვა მწერლის სიმბოლიკა და ლიტერატურულ-კულტურული ალუზიები. თუმცა, ბავშვობაშიც თუ წაიკითხავს ვინმე, არა მგონია უკმაყოფილო დარჩეს. განსაკუთრებით ამ ციკლის ერთგვარ პრიქველს, რომელსაც ჰქვია „ჰობიტი ანუ მოგზაურობა აქეთ და იქით“.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა ვახსენო მეოცე საუკუნის ბოლო და ოცდამეერთე საუკუნის პირველი დიდი წიგნი, „ჰარი პოტერი“. შვიდი რომანი, რომელიც პრინციპში ერთი დიდი წიგნია სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაზე, სადაც  თვალისმომჭრელ ჯადოსნურ სამყაროში იმარჯვებს არა ის, ვინც ყველაზე მაგარი ჯადოქარია (ასეთები ბევრნი არიან) და ყველაზე მომაკვდინებელ ჯადო-ილეთებს ფლობს, არამედ  ის, ვინც არის კეთილი, სამართლიანი, უანგარო, მოსიყვარულე და ვისაც აქვს უნარი ახლობელი ადამიანისთვის თავგანწირვის. ეს არის საოცრად კეთილი წიგნი, ალბათ ყველაზე დიდი წიგნი სიკეთის ყოვლისშემძლეობაზე, თან მოთხრობილი უაღრესად საინტერესოდ და დინამიურად.

⤵️ ⤵️ ⤵️

ჩამონათვალი შეიძლებოდა კიდევ გამეგრძელებინა, მაგრამ ვგონებ საკმარისია და არა მარტო ერთი ზაფხულისთვის. დასასრულ კი, მხოლოდ ერთს ვიტყვი: რა ირონიულადაც არ უნდა შევხედოთ იმ თემას, რასაც ჰქვია მხატვრული ლიტერატურის აღმზრდელობითი მნიშვნელობა, ერთ რამეში ვარ სრულიად დარწმუნებული: ბავშვი, რომელიც წაიკითხავს ზემოთ ჩამოთვლილ წიგნებს, უბრალოდ შეუძლებელია არ გახდეს ცოტათი მაინც უფრო კეთილი, ცოტათი მაინც უფრო შემწყნარებელი და ცოტათი მაინც უფრო სამართლიანი, ვიდრე მანამდე იყო, მათ წაკითხვამდე.

და სხვა მრავალ ღირსებებთან ერთად, ამაშია ამ მართლაც ჯადოსნური წიგნების ერთგვარი ჯადო და ხიბლი.

დათო ზურაბიშვილი

დატოვეთ კომენტარი