კერძო პროფესიულ კოლეჯში ჩარიცხული სტუდენტების სწავლა დაფინანსდება, პროფესიული მასწავლებლის ხელფასი კი 30%-ით გაიზრდება

112

„სახელმწიფოს მხრიდან აქამდე მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები ფინანსდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო საუკეთესო პრაქტიკა. ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაფინანსდებიან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები.“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გასატანი იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში ხორციელდება და პროფესიული განათლების კუთხით არის დაგეგმილი.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ისეთი პროფესიული სასწავლებლები, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების მყისიერ დასაქმებას მას შემდეგ, რაც ისინი პროფესიულ სწავლებას გაივლიან. უფრო და უფრო მეტი კერძო კომპანია ცდილობს, აქტიურად ჩაერთოს პროფესიულ სწავლებაში, რაც სასიხარულოა. განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ეს სასწავლებლები მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას და აქედან გამომდინარე, კერძო სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტებიც, რომლებიც გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხებიან, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას.“

ამასთან ერთად, იგეგმება პროფესიული მასწავლებლების ანაზღაურების 30%-ით ზრდა. საუბარი უკაბელო ინტერნეტის სკოლებისთვის მიწოდების დაფინანსების ზრდასაც შეეხო.

დატოვეთ კომენტარი