იძულებითი დასვენების პერიოდში მიღებული დისტანციური სწავლების გამოცდილება

2456

ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ განათლების სისტემა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. საკლასო გაკვეთილები იზოლირებულმა გარემომ და დისტანციურმა სწავლებამ შეცვალა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობამ, გაუთვალისწინებელ ექსტრემალურ სიტუაციაში, კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა  ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას განათლების სისტემა. საყოველთაო ინტერნეტიზაციის არქონა, ტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობა, კომპიუტერული უნარ-ჩვევების არცოდნა… – ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რის გამოც დისტანციური სწავლების ახალ მოდელს საზოგადოების გარკვეული ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. მიუხედავად ყველაფრისა, პირველი ნაბიჯები უკვე იდგმება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს პირველად რეკომენდაციებს უზიარებს. ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ Microcoft office 365-ის  პროდუქტების საკომუნიკაციო არხებად გამოყენებაა. სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) თითოეულ სკოლას უკვე გაუგზავნა სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების მომხმარებლის პროფილები (user) და ერთჯერადი პაროლები, რომლის მეშვეობითაც შეეძლებათ Office 365-ის შემდეგ პროგრამებში ავტორიზება (შესვლა): Email, Microsoft Teams, Class Notebook, PowerPoint, Forms, OneDrive და ა.შ. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა, საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის, პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახების შექმნაზე. აღნიშნული საკლასო ოთახების ასახვა სისტემაში ეტაპობრივად მოხდება, მას შემდეგ, რაც მონაცემები სინქრონიზდება Microsoft-ის ღრუბლოვან სისტემაში. ყველა ზემოაღნიშნული ინსტრუქცია ასევე განთავსებულია საიტზე: https://email.mes.gov.ge/ ინსტრუქციების განყოფილებაში. ჯგუფის მიზანია, სასკოლო საზოგადოებას გაუმარტივოს ინფორმაციის გაცვლის პროცესი, ასევე, თავიდან ავირიდოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება.

თეორიული რეკომენდაციები, როგორ განხორციელდეს პრაქტიკულად ქართული საგანმანათლებლო სისტემის დისტანციურ სწავლებაში ჩართვა – გვესაუბრება და მრავალწლიან გამოცდილებას გვიზიარებს, სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ტექნოლოგიების ექსპერტი ნადია დაბრუნდაშვილი.

წლებია, რაც ჩართული ვარ Microsoft-ის eTwinning-ის საგანმანათლებლო პროგრამებში, ჩემს მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული მაქვს საკმაოდ ბევრი წარმატებული პროექტი და მათგან არაერთი გამარჯვებული პროექტი უცხოეთშიც მაქვს კონფერენციებზე  წარდგენილი. მაქვს გამოცდილება და საკმაოდ ბევრი ელექტრონული რესურსი დისტანციური სწავლებისათვის, არც სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირებისა და გამოყენების გამოცდილება მაკლია და, მიუხედავად ამისა, დისტანციურ სწავლებაზე სრულად გადასვლა ურთულესი პროცესია. ახლა ჩვენ ყველანი – მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც და მათი მშობლებიც დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ერთია შენ რამდენად კარგად ფლობ და იყენებ ტექნოლოგიებს და მეორეა, როგორ იყენებს მოსწავლე, რამდენად უზრუნველყოფილია ყველა იმ რესურსით, რაც დისტანციური სწავლების დროს სჭირდება.

შესაძლოა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ სკოლები დროებით დახურულია და ამ დროს მასწავლებლები ისვენებენ, გეტყვით – თუ წინათ მთელი დღე ვმუშაობდი,  ახლა ჩემი სამუშაო გაორმაგდა და ასე მხოლოდ მე არ ვარ, ასე მუშაობს ბევრი ჩემი ნაცნობი მასწავლებელი. ყოველდღიურად ვქმნით ელექტრონულ რესურსებს, ვიდეოგაკვეთილებს, ვიდეოინსტრუქციებს ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ, შესაძლებლობის ფარგლებში ვახორციელებთ დისტანციურ სწავლებას და ა.შ.

ჩართული ვარ „ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამაში, როგორც ტექნოლოგიების ქოუჩი. ერთი წლის წინ დაწყებულმა ამ პროექტმა დისტანციური სწავლებისათვის ნიადაგი ასე თუ ისე შეამზადა. იმ სკოლებში, სადაც ტექნოლოგიების ტრენინგებს ვატარებდით, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული მასწავლებლები, სხვებთან შედარებით, ბევრად უკეთ არიან დაუფლებულები Microsoft-ის ინსტრუმენტების გამოყენებას, ქმნიან ვიდეოგაკვეთილებს და შეუძლიათ მათი მოსწავლეებთან გამოყენება როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული სწავლებისას.

რამდენად ახერხებენ მასწავლებლები ტექნოლოგიების დაუფლებას და ონლაინ სწავლების დაწყებას?

აშკარაა, რომ როცა რეალურად დაგვჭირდა ონლაინ სწავლება, მასწავლებლების დიდმა ნაწილმა სასწრაფოდ დაიწყეს Teams, Zoom, Google Classroom შესწავლა და პარალელურად, იყენებენ ყველაზე მარტივს – Facebook chat-ს და ჯგუფებს, რაც მათთვის უფრო ნაცნობი და მოსახერხებელია. ნამდვილად აღსანიშნავია მასწავლებელთა მონდომება ტექნოლოგიების სასწრაფოდ დაუფლებისათვის ონლაინ სწავლების დასაწყებად. ამ რთულ ვითარებაში კარგად დავინახეთ ტექნოლოგიების მნიშვნელობა, რადგან ბევრი ადამიანისათვის  სახლში გამოკეტვის ეს პერიოდი, ფაქტობრივად, ტექნოლოგიების უკეთ შესწავლის, დაუფლების და გამოყენების შესაძლებლობად გადაიქცა.

არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში, როცა საკლასო ოთახებს და ჩვეულ  სასწავლო პროცესს დავუბრუნდებით, სკოლებში დაინერგოს პრაქტიკა, რომ გაცდენილი გაკვეთილების აღდგენა ონლაინ გაკვეთილებით იყოს შესაძლებელი. დღეისათვის დისტანციური სწავლების  პროცესი საკმაოდ ქაოტურია და ეს არცაა გასაკვირი, რადგან უამრავი პრობლემა ახლავს მას, პირველ რიგში, ტექნიკური უზრუნველყოფა, ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს არ აქვს კომპიუტერი, უფრო მეტიც, ზოგიერთ ადგილას ინტერნეტის მიწოდების პრობლემაა და მხოლოდ ტექნიკის ქონა ვერ გადაწყვეტს პრობლემას, ინტერნეტი რომც იყოს, ფასიანი ინტერნეტის შეძენის საშუალება ყველას არ აქვს.

არსებობს თუ არა საგნობრივი რესურსების ერთიანი ბაზა, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება და გაუმარტივებს დისტანციური სწავლების პროცესს?

მასწავლებელს ინტერნეტში საძიებო სისტემით არ უნდა სჭირდებოდეს რესურსების ძებნა, ერთი რომელიმე პორტალიდან უნდა შეეძლოს კონკრეტულ საგანში, თემატიკით დალაგებული, რესურსების გამოყენება. თუმცა, დღემდე რატომღაც ვერ მოხერხდა ეს. გასაგებია, რომ სასურველია ყველაფერი ხარისხიანი, მაგრამ  სულ არარაობას ხომ აჯობებდა, ახლა რომ საგნობრივი რესურსების საერთო ბაზა გვქონოდა, მით უმეტეს, როცა ეს ყველაფერი უკვე შექმნილი გვაქვს.  უამრავი მასწავლებელი მოხალისეობრივად ქმნის საკმაოდ ბევრ და ძალიან კარგ რესურსს სხვადასხვა ინსტრუმენტებით  და ეს ყველაფერი გაფანტულია ინტერნეტში. საჭიროა მხოლოდ მათი თავმოყრა და ორგანიზება, უნდა შეიქმნას  ერთი საიტი, თემატურად დალაგდეს ჩანართები  და მათში მასწავლებლები ჩაალაგებენ მათ მიერ მომზადებულ რესურსებს. ასე შეიქმნება საუკეთესო ელექტრონული ბიბლიოთეკა და რესურსების არარსებობის პრობლემაც უმარტივესად გადაიჭრება. მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი გამოიყენებს მათგან საუკეთესოს და, მოხმარების რაოდენობების მიხედვით, ბუნებრივი გადარჩევაც თავისთავად მოხდება.

ძალიან კარგი იქნება, თუ გამომცემლობები რაიმე ფორმით საჯაროს გახდიან სასწავლო წიგნების ონლაინ ვერსიებს, რათა მუშაობა უფრო გაუმარტივდეს მასწავლებლებს. მესმის რომ ეს მათი საკუთრებაა და მათი ნებაა, გაასაჯაროებენ თუ არა ამ წიგნებს, მაგრამ ახლა ის პერიოდია, როცა ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, როგორც შეგვიძლია.

აღსანიშნავია, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ტექნოლოგიების ქოუჩების დიდი შრომა, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც რაიონების მიხედვით, დისტანციურად, ეხმარებიან მასწავლებლებს Microsoft ინსტრუმენტების დაუფლებაში, პასუხობენ შეკითხვებზე, უგზავნიან რესურსებს, ქმნიან ვიდეოგაიდებს და ვიდეოინსტრუქციებს, ატარებენ ონლაინ შეხვედრებს და ა.შ.

დამეთანხმებით, ალბათ, რომ ბევრი ადამიანი სკეპტიკურადაა განწყობილი დისტანციური სწავლების  მიმართ, როგორ ფიქრობთ, რატომ?

მათი განწყობა სრულიად გასაგებია, ჩვენ კი არა, ზესახელმწიფოებს შეექმნათ პრობლემები ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ სასწავლო პლატფორმებიც მზად ჰქონდათ და რესურსებიც ბლომად აქვთ თავმოყრილი, მაგრამ ძალიან რთულია მთელი სისტემის ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა. ამიტომაც, არავინ ითხოვს ამ პროცესის მკაცრ რეგულირებას და კონტროლს, მხოლოდ რეკომენდაციების დონეზეა თხოვნა, რომ მოსწავლეებმა თავი მიტოვებულად არ იგრძნონ და მასწავლებლებისგან მინიმალური დავალებები მაინც მიიღონ. ახალი მასალის სწავლა საკმაოდ ძნელია, მაგრამ იმდენს უნდა ვეცადოთ, რომ იძულებითი სახლში ყოფნის პერიოდში ადრე შესწავლილი მასალა მაინც არ დაივიწყონ ბავშვებმა. თუ მასწავლებლები ამას მოვახერხებთ, ძალიან კარგი იქნება.

კარგი იქნება, თქვენს პირად გამოცდილებას კოლეგებს უფრო დეტალურად თუ გაუზიარებთ

დისტანციური სწავლებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული სწავლების მოდელები. ეს რთული პერიოდი, სანამ სიტუაცია დალაგდება შეიძლება გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მასწავლებლები და  მოსწავლეები დარეგისტრირდნენ  და კარგად გავერკვეთ Microsoft Teams-ში მუშაობის ნიუანსებში, კარგი იქნება, მოსწავლეებს, პერიოდულად, მივაწოდოთ სასწავლო რესურსები, სახალისო ტესტები, სასარგებლო ლიტერატურა იმისათვის, რომ, მინიმუმ, შესწავლილი მასალა არ დააავიწყდეთ. ამისათვის მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა სოციალური ქსელი, პლატფორმა, პორტალი, ბლოგი თუ ინსტრუმენტი,  როგორიცაა, მაგალითად: Microsoft Onenote, Padlet.com,  learningapps.org და ა.შ.

სინქრონული სწავლებისათვის შეუძლიათ გამოიყენონ Microsoft Teams, Zoom, Google Classroom, Skype for business, Google Hangouts პროგრამები;  ბევრი მასწავლებელი იყენებს ფეისბუქის ჩათს, დასაწყისისთვის, რა  თქმა უნდა, ესეც მისაღებია, თუმცა ხარისხიანი ონლაინ გაკვეთილის ჩატარების საშუალებას არ იძლევა.

Microsoft Teams მორგებულია მოსწავლისა და მასწავლებლის საჭიროებებს და მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული სწავლების განხორციელება, აქ შეიძლება ონლაინ გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება, დავალებების შექმნა  ან წინასწარ შექმნილი დავალებების გადაგზავნა მოსწავლეებთან, შემდეგ კი შესრულებულ დავალებებზე, ინდივიდუალურად, უკუკავშირისა და შეფასებების მიწოდება.

Teams-ში შეიძლება თავი მოვუყაროთ ყველანაირ სასწავლო რესურსს, შესაძლებელია საჭირო აპლიკაციების ჩაშენება და მათზე მუშაობა. Microsoft Teams უზრუნველყოფილია  Microsoft-ის ყველა საჭირო ინსტრუმენტით, მათ შორის თეთრი დაფით – Microsoft Whiteboard და Microsoft Onenote-ით, რომელიც შესაძლებელია თითოეული მოსწავლისათვის, საგნისთვის თუ პროექტისთვის ცალ-ცალკე შექმნათ და ამუშაოთ მოსწავლეები როგორც ინდივიდუალურ სივრცეში, ასევე კოლაბორაციულ რეჟიმში.

აღსანიშნავია, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა – Emis ძალიან ოპერატიულად და აქტიურად ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მასწავლებლებს გაუმარტივდეთ Teams-ში მუშაობა. თითოეულ მასწავლებელს Teams ჯგუფებში გამოუჩნდა მათი საგნობრივი კლასები თავისი მოსწავლეებით, რომელთა დარეგისტრირება მოხდება ან თავად მოსწავლის, ან კლასის ხელმძღვანელის მიერ და, რაიმე პრობლემის შემთხვევაში, მათ დახმარების მიღება შეეძლებათ რაიონების  დისტანციური მხარდამჭერი ჯგუფებისგან.

„ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ქოუჩების მიერ შეიქმნა და ახლაც ყოველდღიურად იქმნება  ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენების უამრავი საჭირო გზამკვლევი თუ ვიდეოინსტრუქცია, რომლებიც დევს გვერდზე – emis.mes.gov.ge, ასევე, ფართოდაა გავრცელებული სოციალურ ქსელებში და ხელმისაწვდომია ყველასთვის.

რომელი პლატფორმის და ინსტრუმენტის გამოყენებას ურჩევთ პედაგოგებს?

პირადად მე, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან გაკვეთილების თუ ტრენინგებისთვის,  სხვადასხვა პლატფორმას და ინსტრუმენტს ვიყენებ. მასწავლებლებთან ტრენინგებისთვის სრულად გადავედი Teams-ის შეხვედრებზე, ხოლო მოსწავლეებთან ჯერ კიდევ არის პრობლემები – ტექნიკის, ინტერნეტის, დარეგისტრირების, დროის, ჩართვის გაძნელების და ა.შ.

Microsoft Team-ის ინსტრუმენტთან ერთად, ძალიან კარგად მუშაობს Zoom პროგრამაც, რომელიც Covid-19-თან დაკავშირებით უფასო გახდა. მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტებში ჩაშენებული თეთრი დაფის გამოყენება, მოსწავლეებთან ონლაინ გაკვეთლებზე Whiteboard-თეთრი დაფის გამოყენებისას ძალიან მეხმარება Microsoft Georgia-ს მიერ წლების წინ ნაჩუქარი გრაფიკული ტაბლეტი.  მისი საშუალებით უპრობლემოდ შემიძლია მოსწავლეებისათვის ნებისმიერ გეომეტრიული ამოცანის თუ  დიდი ალგებრული გამოსახულებების ჩვენება და  განხილვა.

თეთრი დაფის გამოყენებისას, დაფას  რამდენიმე მოსწავლეს ვუნაწილებ, მაგალითად 4-ს,  ვწერ მაგალითს ან ამოცანას დაფის ერთ მხარეს და ყველა მოსწავლე თავის რვეულში მუშაობს  დამოუკიდებლად, შერჩეული 4 მოსწავლე დაფის მის კუთვნილ ნაწილში წერს ამოხსნას ან პასუხებს, შემდეგ სხვები ამოწმებენ მათ ნამუშევრებს და, შეცდომების შემთხვევაში, ხსნიან და ასწორებენ, პარალელურად, სხვა მოსწავლეები თვალს ადევნებენ პროცესს და სვამენ კითხვებს.

შეიძლება ასეთი აქტივობის განხორციელებაც – მოსწავლეები,  ერთმანეთის  კუთვნილ არეში,  განვლილი ან ახალი მასალიდან უწერენ ერთმანეთს დავალებებს,   შემდეგ კი შესრულებულ დავალებებს უმოწმებენ და კომენტარებს უწერენ. ასეთი აქტივობები ძალიან სახალისოა, მოსწავლეთა ჩართულობა მაღალია  და, რაც მთავარია, მოსწავლეებსაც  მოსწონთ. თუმცა ცუდია, რომ ყველა მოსწავლის ჩართვა  პრობლემურია ზემოთ აღნიშნული და კიდევ სხვა მიზეზების გამო.

რამდენწუთიანი უნდა იყოს ონლაინ გაკვეთილები?

მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, პროცესის  მკაცრი რეგულირება და მოთხოვნა  დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, როგორც კოლეგებისგან გავიგე, ზოგიერთ სკოლაში 45-წუთიანი ონლაინ გაკვეთილების ცხრილიც გაწერეს უკვე, რაც არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, საწყის ეტაპზე, როცა ინსტრუმენტების გაცნობა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია შეხვედრა გახანგრძლივდეს თუნდაც იმის გამო, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის შეხვედრაში ჩართვაც კი პრობლემურია. მას შემდეგ, რაც კლასი შედგება და მასწავლებლები გაკვეთილების ჩატარებას სისტემატურ სახეს შესძენენ, მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილების ხანგრძლივობა შეზღუდონ, რადგან თუ წარმოვიდგენთ, რომ მოსაწავლეს, დღეში,  45 წუთის ხანგრძლივობის 6 online გაკვეთილი უტარდება, შემდეგ მიცემული დავალებების შესრულებაც კომპიუტერთან მოუწევს, გამოვა, რომ მან მთელი დღე კომპიუტერთან უნდა გაატაროს, რაც მავნებელი იქნება მისი ჯანმრთელობისთვის.  სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია,  დავიცვათ ზომიერება როგორც გაკვეთილების ხანგრძლივობაში, ასევე მიცემული დავალებების მოცულობაშიც.

როგორც ვიცით, ჯერჯერობით,  დისტანციური სწავლება მხოლოდ რეკომენდაციების დონეზეა. ვფიქრობ, ამ პერიოდს მასწავლებლები  კარგად გამოიყენებენ  პროფესიული განვითარებისათვის, სხვების გამოცდილების გაზიარებისათვის და  დაეუფლებიან დისტანციური სწავლების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. სოციალურ ქსელებში ვხედავთ, რომ ბევრმა მასწავლებელმა უკვე საკმაოდ კარგად დაიწყო მათი პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება, რაც გასახარია, თუმცა ონლაინ გაკვეთილების სურათების და ვიდეოების გაზიარების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოვერიდოთ მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას.

რამდენად მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა დისტანციურ სწავლებაში?

მშობელთა ჩართულობა და მხარდაჭერა დისტანციური სწავლებისას უმნიშვნელოვანესია. მათ ეძლევათ საშუალება  დააკვირდნენ  და ჩაერთონ  შვილების სასწავლო პროცესში. ამ მხრივ, ონლაინ გაკვეთილები ძალიან საპასუხისმგებლოა მასწავლებლისთვის, საჭიროა მეტი სახალისო აქტივობა, ახლებური მეთოდები თუ საინტერესო ინიციატივები. ჩვენ შეგვიძლია ეს მომენტიც დადებითი მიმართულებით გამოვიყენოთ, მშობელი უკვე თავად ხდება პროცესის მონაწილე და პასუხისმგებლობას იღებს შვილის მიერ დავალებების კარგად შესრულებაზე.

ქალბატონო ნადია, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად რა არის საჭირო იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყოს დისტანციური სწავლება და ხარისხიანად განხორციელდეს?

მინდა ვთხოვო მათ, ვისაც ეს ეხება:

  • გაასაჯაროვეთ ონლაინ სასწავლო ლიტერატურა, მათ შორის, სასკოლო წიგნებზე წვდომა.
  • მოგვეცით მასწავლებლებს და მოსწავლეებს თუნდაც ლიმიტირებული უფასო ინტერნეტი.
  • უახლოეს მომავალში შექმენით პლატფორმა, სადაც განთავსდება საგნობრივი, თემატურად დალაგებული ელექტრონული რესურსები, რომელთა გამოყენებასაც მასწავლებლები შეძლებენ.

ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, ამ რთული პერიოდის სწრაფად და უდანაკარგოდ გადავლას და  ვისურვებ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ჩვეული სასწავლო პროცესი და იძულებითი დასვენების  პერიოდში მიღებული დისტანციური სწავლების გამოცდილება გამოვიყენოთ, როგორც ალტერნატიული და არა აუცილებელი სწავლების მეთოდი.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი