იქ, სადაც განათლება თანხვედრაშია დემოკრატიასთან – eTwinning-ის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია

588

ქართველმა მასწავლებლებმა, 24-26 ოქტომბერს, ქალაქ კანში (საფრანგეთი), eTwinning-ის ყოველწლიურ შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც „დემოკრატიულ ჩართულობას“ მიეძღვნა.

„იქ, სადაც განათლება თანხვედრაშია დემოკრატიასთან“ – ამ სახელწოდების მქონე კონფერენციას 500-მდე მონაწილე, მათ შორის, 4 ქართველი მასწავლებელი ჰყავდა. ნინო თამარაშვილი („სკოლა ოპიზა“, ინგლისური ენის მასწავლებელი), მაკა მარჯანიძე (ქარელის #2 საჯარო სკოლა, ინგლისური ენის მასწავლებელი), ციცი ჭანტურია (წალენჯიხის #2 საჯარო სკოლა, ინგლისური ენის მასწავლებელი), ინგა გოგალაძე (დაბა სურამის #4 საჯარო სკოლა, ინგლისური ენის მასწავლებელი).

როგორ საზოგადოებაში იცხოვრებენ ჩვენი შვილები ხვალ? როგორ შეძლებენ მომავალში საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში სრულად ჩართვასა და მონაწილეობას? – ეს ის კითხვებია, რომლებიც კონფერენციაზე განხილულ თემებს დაედო საფუძვლად.

კონფერენციის პირველ დღეს 2019 წლის ევროპის პრიზის მფლობელები გამოვლინდნენ. მეორე დღეს, მასწავლებლები სხვადასხვა სამუშაო შეხვედრასა და სემინარებში მონაწილეობდნენ. eTwinning-ის ელჩებმა კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და გამოცდილება გაუზიარეს.

სასწავლო აქტივობის დასრულების შემდეგ, სპეციალისტთა და ექსპერტთა მონაწილეობით, გაიმართა მსჯელობა საკითხზე: „როგორ შეიძლება ზემოქმედება მოვახდინოთ სასკოლო სისტემაზე, მათი დემოკრატიულობის ხარისხის ამაღლების მიზნით?“. აღნიშნული მსჯელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად უნდა ჩაითვალოს ბელგიელი მოსწავლის, ბერკან ალჩის მიერ გამოთქმული თამამი მოსაზრება, რომელმაც განაცხადა: „თუ თქვენს მოსწავლეებს ავტონომიასა და მოქმედების თავისუფლებას მისცემთ, აღმოაჩენთ, რომ ყველაზე პასიური მოსწავლეც კი მოტივირებული გახდება“.

კონფერენციის მეორე დღეს ჩატარდა მრავალფეროვანი და საინტერესო სამუშაო შეხვედრები, სადაც პედაგოგებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, მცირე ჯგუფებში იმუშავეს და სწავლების სხვადასხვა მეთოდებზე იმსჯელეს – სწავლა კეთებით, საჯარო საუბრების ტექნიკა, ასევე სკოლებში არსებულ დემოკრატიულ ორგანოებზე, რა აქტივობებითაა შესაძლებელი, დაეხმარონ მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რას ნიშნავს დემოკრატია. კონფერენციის მესამე დღე მთლიანად დაეთმო საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარებას. მონაწილეები აქტიურად ჩაებნენ ინტერაქტიულ სასწავლო აქტივობაში, რომელიც დემოკრატიის თემას ეძღვნებოდა. ისინი, სხვა მონაწილეების წინაშე, საკუთარი იდეებით წარდგნენ, ცდილობდნენ კოლეგების დარწმუნებას, განხილვებშიც მიიღეს მონაწილეობა და, საბოლოოდ, კენჭისყრის საფუძველზე, საუკეთესო იდეა აირჩიეს.

კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული, სახალისო და მრავლისმომცველი ეტაპი იყო მუშაობა პროექტზე, სახელწოდებით – „ითვინლანდია“, რომელიც სამივე დღეზე განაწილებულ აქტივობებს მოიცავდა. მისი შინაარსი დემოკრატიის თემას უკავშირდებოდა და, ამასთანავე, სახალისოდ და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა.

მონაწილეები სხვადასხვა ჯგუფებში გადანაწილდნენ. მათ ერთნაირი დავალება მიეცათ, რომლის პრეზენტაციაც კონფერენციის დასკვნით ნაწილში მოაწყვეს. ხმის მიცემის სისტემით კი, გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი.

სამდღიანი კონფერენცია ნაყოფიერი იყო eTwinning Plus ქართული სკოლების წარმომადგენლებისთვის, მათ შეძლეს საკუთარი პრაქტიკის გაზიარება და ევროპელი კოლეგების ინტერესის გაღვიძება, ასევე, პირდაპირი კონტაქტის გზით, იდეებიც მოიძიეს ახალი პროექტებისთვის.

 

eTwinning Plus-ის პროგრამის კოორდინატორი ხატია მატკავა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პროგრამა ჩვენს მასწავლებლებში ძალიან დიდ ინტერესს რომ იწვევს და დღეის მონაცამებით, უკვე 1200 მასწავლებელია ჩართული. მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების რაოდენობა კი, ყოველწლიურად, რამდენიმე ასეულით მდიდრდება.

„2019 წელს eTwinningის ყურადღების ცენტრში დემოკრატიული ჩართულობა მოექცა. ჩვენც შევუერთდით პროგრამის ინიციატივას და მთელი წელი აღნიშნული თემის გარშემო დავგეგმეთ სხვადასხვა ტიპის აქტივობები. მაგალითად, გამოვაცხადეთ პროექტების კონკურსი დემოკრატიის თემაზე. მასწავლებლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ კონკურსში და მათ მიერ განხორციელებული პროექტები წარმოადგინეს, წახალისებისა და მოტივაციის მიზნით, საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის საშუალება მივეცით.

წელს უკვე 13-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში, მათ შორის, საფრანგეთში, შემაჯამებელ კონფერენციაში, რომლის მონაწილე პედაგოგები eTwinningის აქტიური წევრები არიან, უკვე რამდენიმე წელია, პროგრამასთან ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობენ. წლის შემაჯამებელი კონფერენცია, ტრადიციულად, ძალიან მასშტაბურად ტარდება და იქ იყრიან თავს პროგრამის მონაწილეები და განათლების სფეროს წარმომადგენლები, ევროპის 44 ქვეყნიდან. თუ მასწავლებლები, მთელი წელი, ევროპელ კოლეგებთან დისტანციურად თანამშრომლობენ, ამ ტიპის ღონისძიებებზე უკვე პირისპირ შეხვედრების საშუალება ეძლევათ. ზოგადად, უცხოელ კოლეგებთან პირისპირ შეხვედრა და კომუნიკაცია ქართველი მასწავლებლებისთვის ერთგვარი მოტივატორია.“

პროგრამა, თავისი არსით, ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიული კულტურის მისაღწევად, როგორიცაა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, მოსმენა და დაკვირვება, თანაგრძნობა, თანამშრომლობა და კონფლიქტების მოგვარება. ამ უნარების საშუალებით, eTwinning ხაზს უსვამს აქტიური მოქალაქის უპირატესობებს და აჩვენებს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის შექმნის საქმეში. „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობს ამ თემის გარშემო და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული გვაქვს კონკურსი დემოკრატიის თემაზე. გამარჯვებული ნამუშევრების გამოვლენა და მოსწავლეთა დაჯილდოება დაგეგმილი გვაქვს წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, დეკემბერში ჩატარდება.“ – ამბობს ხატია მატკავა.

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი