ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი – მსოფლიო ბანკი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

825

საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისთვის, მსოფლიო ბანკი 102.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს. „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ – ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.

 4 მარტს პროექტის განხორციელების დეტალები განიხილეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა: გლობალური განათლების მენეჯერმა, ჰარი პატრინოსმა, სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის ლიდერმა, ლირე ერსადოსმა, განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, სორენ ნელემანმა, განათლების უფროსმა სპეციალისტმა, ნინო ქუთათელაძემ.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, ყველა განხორციელებული და მიმდინარე პროექტისთვის. მისი თქმით, 102.7 მილიონიანი ექვსწლიანი პროექტის მდგრადი განვითარებისათვის შეიქმნება საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც დაფინანსებას საქართველოს განათლების წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად წარმართავს. ამგვარი გამოწვევები კი, განათლების ყველა საფეხურზე არსებობს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით.

მინისტრმა უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრა, კერძოდ, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების ახალ მოდელს შეეხო, რომლის დახვეწა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს.

სებასტიან მოლინეუსის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორცილების პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს როგორც მთავრობის, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართულობით. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებას ადამიანური კაპიტალის განვითარებით შეუწყობს ხელს.

5 მარტს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, დონორებთან კოორდინირებული მუშაობისთვის, გაიმართა კონფერენცია, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ პროგრამას „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ მიეძღვნა. აღნიშნული პროგრამა ხუთ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

♦ სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

♦ სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

♦ უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება;

♦ სისტემაში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება;

♦ პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად განაცხადეს ახალი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ დაწყების შესახებ.

მიხეილ ჩხენკელი: „ბოლო წლებში განათლებისა და მეცნიერების სისტემის რეფორმირებაში ჩვენმა სამინისტრომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა მიზნად ისახავს განათლების შედეგების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანას და ადამიანური კაპიტალის განვითარების უზრუნველყოფას, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. ამ პროცესში კი საერთაშორისო მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება სამინისტროს სახელით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებს მიმართ, მდგრადი შედეგების მიღწევის მიზნით მათი უზარმაზარი მხარდაჭერისთვის.

დღევანდელი ღონისძიება არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმ თანამშრომლობისა, რომელსაც სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. განსაკუთრებული ყურადღება მსურს გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფი 1992 წლიდან არის საქართველოს წამყვანი პარტნიორი. მსოფლიო ბანკის ჯგუფის პარტნიორობის ჩარჩო ითვალისწინებს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას შემდეგი სამი მიმართულებით: ინკლუზიური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, ინვესტირება ადამიანური კაპიტალის მიმართულებით და ქვეყნის მდგრადობის გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულებები კი ზედმიწევნით პასუხობს ქვეყნის ძირითადი საჭიროებებს.“

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი ამბობს, რომ ინოვაციური, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის განათლება აუცილებელია ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. „გვჯერა, რომ ეს შესაძლებელს გახდის იმ სხვაობის შემცირებას, რომელიც სწავლის შედეგებსა და შრომის ბაზრის მოლოდინებს შორის არსებობს კადრების კვალიფიციურობის თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის განვითარებას.“

პრეზენტაციაზე მსოფლიო ბანკის გლობალური განათლების მენეჯერმა ჰარი პატრინოსმა განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობით ახალ პროექტს ვიწყებთ, რომელიც განათლების ხარისხის ზრდას და უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზაციას, ზოგადად, ადამიანური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ პროექტის დაფინანსებით ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელებაში განათლების ყველა საფეხურზე.“

იმავე დღეს, განათლების მინისტრმა იმ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს უმასპინძლა, რომლებიც, სამინისტროსთან ერთად, განათლების სფეროს განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), USAID-ის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ბრიტანეთის საბჭოს, ფრანგული ინსტიტუტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა, სორენ ნელმანმა ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ საქათველოში განათლების სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას: „ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული განათლების რეფორმაში. შეხვედრაზე განვიხილეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ვახორციელებთ. ამ პროექტის ფინანსური ნაწილი 102 მილიონ დოლარს შეადგენს და იგი მოხმარდება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ხარისხის ამაღლებას განათლების ყველა საფეხურზე.

 შეხვედრაზე დონორ ორგანიზაციებს შევთავაზეთ, პროდუქტიული თანამშრომლობა მრგვალი მაგიდის ფორმატში გავაგრძელოთ, რაც მათ საშუალებას მისცემს, თავიანთი საქმიანობა საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისათვის კოორდინირებულად წარმართონ.“

 სებასტიან მოლინეუსი ამბობს, რომ ეს პროექტი შეუწყობს ხელს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით, დაეხმარება სამინისტროს საშუალო და გრძელვადიანი რეფორმების განხორციელებაში. „მოხარული ვარ საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით ახალი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ იწყება. ჩემი აზრით, ახალ პროექტს სამი საკვანძო კომპონენტი აქვს: პირველი, იგი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს განათლების ხარისხი, მეორე, გაზარდოს პედაგოგთა კვალიფიკაცია, მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური და მაღალი მოტივაციის მქონე პედაგოგების როლი განათლების სისტემაში, რომლებსაც საერთაშორისოდ აღიარებული პედაგოგიური მიდგომებით შეუძლიათ სწავლება. და მესამე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვა. ჩვენ განვაახლებთ 60 სკოლას თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. აგრეთვე, ავაშენებთ ახალ სკოლებსაც. პროექტის ფარგლებში ყურადღება მიექცევა სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასაც.“

 პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება პედაგოგიკასა და სასწავლო პროცესში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაზე, ხარისხსა და ინოვაციებზე სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტის უშუალო ბენეფიციარებს შორის არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

განათლების სისტემის განვითარების მხარდამჭერი აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის მომზადებას 21-ე საუკუნის შრომითი ბაზრისა და ეკონომიკისთვის. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროექტის ინფრასტრუქტურული კომპონენტი უზრუნველყოფს ხუთი ახალი სკოლის მშენებლობას, დაახლოებით 60 არსებული სკოლის რეაბილიტაციას, ასევე, სკოლისთვის მოსამზადებლად ბავშვზე ფოკუსირებული და თანამედროვე სკოლამდელი განათლების 150-ზე მეტი პროგრამის დანერგვას. მთლიანობაში, პროექტი სარგებელს მოუტანს სკოლამდელი ასაკისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის, დაახლოებით, 116 000 მოსწავლეს.

პროექტი, ასევე, უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის პრინციპებით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების (სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობებისა და განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას. შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი განახლებული აკადემიური პროგრამებისათვის გამოყოფილი 45-მდე გრანტის მეშვეობით, პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის საქართველოსთან პარტნიორობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას, 2018-2023 წლებში, განათლების რეფორმის განხორციელებაში. პროექტი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა და დაფინანსების ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა იმავე წლის 18 ივნისს.

დატოვეთ კომენტარი