იმედია, ამას არ მოჰყვება პოლიტიკური სპეკულაციები – მიხეილ ბატიაშვილი

270

მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით, პირადი მიზეზების საფუძველზე დატოვა.

„მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ მისი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც შეუქცევადი პროცესია.

ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები მთელი სისტემის, განათლების ყველა მიმართულებით და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პროფესიონალების იმ გუნდთან ერთად, რომელიც სამინისტროში მუშაობს, იმ სტრატეგიისა და გეგმის საფუძველზე, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და, რეფორმის ფარგლებში, განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება! ამ ეტაპზე, როდესაც განათლების რეფორმა სისტემურად მიმდინარეობს, იმ ფონზე, როდესაც სისტემა სწორ გზაზე დგას, დარწმუნებული ვარ, პირადად ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი.

ჩემი როლი და ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად! უფრო მეტიც, ვგეგმავ, რომ ჩემი ენერგია უკვე სისტემის გარედან, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიმდინარე რეფორმას და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მეტ განვითარებას.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთიან სამთავრობო გუნდს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩემს დიდ გუნდს სამინისტროში, თითოეულ თანამშრომელს, მათ გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ და რაც მთავარია, უზარმაზარია მათი როლი იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს და გაგრძელდება.

დიდი მადლობა ყველას, მასწავლებლებს, ლექტორებს, მეცნიერებს, ექსპერტებს… დიდი მადლობა თქვენ, მედიას, იმისათვის, რომ მუდმივად აშუქებდით ჩვენს პროექტებს.

მინისტრი ამბობს, რომ მისი შემდგომი საქმიანობა ისევ განათლების სფეროსთან იქნება დაკავშირებული, უფრო კონკრეტულად რას აპირებს საზოგადოებისთვის რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. მის სიტყვაში მთავარი მინიშნება ის იყო, რომ არსად წასვლას არ აპირებს, განათლების სფეროში მნიშვნელოვან პროექტებს საქართველოში განახორციელებს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, დაიყოფა თუ არა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექს-მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები და რამდენიმე ვერსია განიხილება როგორც გაყოფის, ასევე უცვლელად დატოვების. სავარაუდოდ, პროცესი მომავალი წლიდან განხორციელდება: „ამიტომ საკმაო დროა იმისთვის, რომ წლის ბოლომდე ჩამოყალიბდეს სწორი ხედვა გაყოფასთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლომდე ამ ინფორმაციას ვერ გიდასტურებთ.“

 

დატოვეთ კომენტარი