ითანამშრომლეთ მშობელთან და ერთმანეთთან, დისტანციური სწავლება მხოლოდ მასწავლებლისა და სპეციალისტების ბავშვთან კომუნიკაციას არ გულისხმობს – ინკლუზიური განათლება დისტანციურ სწავლებაში

3608

როგორც ვიცით, გავრცელებული კორონავირუსის პრევენციისა და დამარცხების მიზნით, სკოლებში სწავლა შეწყვეტილია, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არდადეგებია. იმისთვის, რომ მოსწავლეები სასწავლო შედეგებს არ ჩამორჩნენ, განათლების სამინიტრომ დისტანციური სწავლების ფორმის დანერგვა დაიწყო. ბუნებრივია, სისტემის სრულიად ახალ რელსებზე გადაწყობა გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება, რადგან ასე ერთბაშად ჩვეული საგაკვეთილო პროცესიდან ონლაინრეჟიმზე გადასვლა კომპეტენციების, ტექნოლოგებისა და ინტერნეტის გარდა, სულ მცირე, გამოცდილებასა და რესურსებს მოითხოვს. სამინისტრო მაქსიმალური მობილიზებით ქმნის რესურსებს, დისტანციური სწავლების პლატფორმას და ონლაინსწავლებაში ნელ-ნელა ერთვებიან მასწავლებლები და მოსწავლეები. ბუნებრივია, პროცესს ხარვეზები ახლავს, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ის დაიძრა. როგორ მიმდინარეობს პროცესი, ეს თემა ხშირად მოექცევა ჩვენი ინტერესის ქვეშ, თუმცა, ამჯერად, ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე – როგორ ხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების (სსსმ) ჩართვის ხელშეწყობა დისტანციური სწავლების რეჟიმში. რა გეგმა აქვს სამინისტროს ამ მიმართულებით, ამის შესახებ გვესაუბრება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს, მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინატორი თამარ ისაკაძე.

– ქალბატონო თამარ, დისტანციური სწავლების ფორმატი ითვალისწინებს თუ არა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებას, რა გეგმა შეიმუშავა ამ მიმართულებით სამინისტრომ?

– სამინისტროს ხედვა ასეთია: საგნის მასწავლებელი, როდესაც ახორციელებს დისტანციურ სწავლებას, სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს ონლაინ ჩართვა, დავალებების მიცემა, ახალი მასალის ახსნა თუ სხვა, ამ პროცესში ჩვეულებრივ უნდა ჩართოს სსსმ მოსწავლე. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი პირობის გათვალისწინებით – საგნის მასწავლებელმა, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოახდინოს დისკრიმინაცია დავალებების მიცემის თუ ახსნის პროცესში და სსსმ მოსწავლეს, ასევე, მის საჭიროებებზე მორგებული დავალება უნდა მისცეს.

მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა, მშობელმა, სპეციალურმა მასწავლებელმა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულმა სკოლის სხვა სპეციალისტმა, ერთობლივად განახორციელონ თითოეული სსსმ მოსწავლის გადაფასება იმ მიმართულებით, რომ შეიმუშაონ სსსმ მოსწავლეთა ჩართულობის გრაფიკი დისტანციური სწავლების რეჟიმზე, მაგალითად, აქ საჭირო იქნება მიზნების, აქტივობების, ხანგრძლივობის და ა.შ. ადაპტაცია, როგორც ეს ხდებოდა უშუალოდ სკოლაში სწავლის პირობებში.

რაც შეეხება სპეციალური მასწავლებლებლების და ინკლუზიური განათლების სხვა სპეციალისტების მუშაობას, მათი მუშაობის ფორმატიც შეიცვალა. რა თქმა უნდა,   მათი ჩართულობის გაზრდა პრიორიტეტულია,   მათ უნდა მოახერხონ დისტანციურად მოსწავლეებთან ემოციური და სოციალური კავშირის შენარჩუნება და სსსმ მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობა.

როგორ უნდა იმუშაოს სპეციალურმა მასწავლებელმა დისტანციურად, ამისთვის შემუშავდა გარკვეული რეკომენდაციები:

სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები ეხმარებიან სპეცმასწავლებლებს თითოეული სსსმ მოსწავლისთვის აქტივობების დაგეგმვაში, რომლებსაც გადაუგზავნიან მოსწავლეებს. ეს აქტივობები უნდა იყოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან შერჩეული, შესაძლებელია, საგნის მასწავლებლებთან და მშობლებთან თანამშრომლობით, ახალი, მოკლევადიანი მიზნებისა და აქტივობების დაგეგმვაც;

 ეფექტური იქნება, თუ სპეციალური მასწავლებლები დაიცავენ ბალანსს აკადემიური და კოგნიტური უნარების განმავითარებელი აქტივობების შერჩევისას, მაგალითად, დისტანციურად მოწოდებულ დავალებებში გათვალისწინებული იქნება როგორც მათემატიკის, თხრობის, წერის, კითხვის და კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობის, ასევე სახალისო, მოძრავი აქტივობებიც, ასევე აქტივობები, რომლებიც ჭრას, ძერწვას და ა.შ. მოიცავს. შესაძლოა, დავალება იყოს გაკვეთილის თემის შესაბამისი ანიმაციის ნახვა და, იმის მიხედვით, ნახატის შექმნა, ასევე ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ძველი გამოუსადეგარი ნივთებით სათამაშოების დამზადება და ა.შ.;

სსსმ მოსწავლეთა დისტანციური სწავლების ფორმატით მუშაობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და მოტივაცია, რათა ერთგვარი ასისტირება გაუწიონ მოსწავლეებს. ასევე, დავალების შესრულებისთვის, რა ტიპის დახმარება უნდა გაუწიოს მშობელმა (ასისტირება, ინსტრუქციის გამარტივება, დროის აკომოდაცია თუ ა.შ.), ეს სპეციალისტმა უნდა უთხრას, ამიტომ ფსიქოლოგების და სპეციალური მასწავლებლების როლი აქ ძალიან დიდია.

სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები, პერიოდულად, უკავშირდებიან სპეციალურ მასწავლებლებს და სთხოვენ უკუკავშირს, უწევენ კონსულტირებას.

– რამდენად შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ონლაინ გაკვეთილში ჩართვა და რა პრობლემები ახლავს, ძირითადად, ამ პროცესს?

ამ შემთხვევაში, ყველაფერი არის ინდივიდუალური. აქამდე არსებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სკოლებს აქვთ კიდეც დისტანციური მუშაობის გარკვეული გამოცდილება იმ სსსმ მოსწავლეების შემთხვევაში, რომლებიც შინ სწავლებაზე იყვნენ ან, საჭიროებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური გრაფიკით დადიოდნენ სკოლაში. თუმცა, არსებობს გამოწვევები, რომლებიც გამკლავებას და ბევრ მუშაობას მოითხოვს:

მძიმე და ღრმა ინტელექტუალური განვითარების დარღვევის შემთხვევაში, დავალებების ადაპტირება სწორედ სპეციალური მასწავლებლის კონსულტირების შედეგად უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში, განვითარებაზე შედეგი მოაქვს სწორედ უშუალო შეხებას, ფიზიკურ ჩარევას, სენსორულ და ტაქტილურ მასალებს, პირისპის კომუნიკაციას, მიბაძვით სწავლებას და სხვ., რაც ონლაინ ფორმატში შეუძლებელია. თუმცა, ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის ვიზუალური და სმენითი გადაცემის კარგი შესაძლებლობაა, ამიტომ გამოწვევაა სწორი დაგეგმვა – რამდენი ხანი ჩაერთვება მასწავლებელი, რა ტიპის დავალებას შესთავაზებს, როგორ შეძლებს მისი ყურადღების მობილიზებას. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობელთა კონსულტირებას, რომ მათ უზრუნველყონ ბავშვებისთვის შესაბამისი აქტივობები და რესურსები.

დისტანციური სწავლების პირობებში, დავალებების ელექტრონული ფორმატით გადაგზავნა ხდება. ამიტომ, აქ, უფრო მეტად, ტექნიკური პრობლემები იჩენს თავს. მაგალითად, დავალების ამობეჭდვა, კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა. საქართველოში ყველა ოჯახს არ აქვს ეს შესაძლებლობა, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, დავალების მიცემა აუცილებლად უნდა განხორციელდეს ოჯახში არსებული პირობებისა და რესურსების გათვალისწინებით. მაგალითად, თუ ოჯახს არ აქვს კომპიუტერი, დავალების გადაგზავნა აზრს მოკლებულია. ამიტომ, ჯერ უნდა   გამოვკითხოთ ბავშვი და ოჯახი, რა ტიპის რესურსები აქვს და იმის მიხედვით მივცეთ დავალება, ეს შესაძლოა იყოს, მაგალითად, თემაზე: „მცენარეები“ კოლაჟის თუ ნახატის შექმნა, წერითი დავალების მიცემა. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დავალების სწორად მიცემას, დავალების მიცემის პროცესში დახმარების სტრატეგიების შესახებ მშობლისთვის კონსულტაციის გაწევას, რათა თავიდან ავირიდოთ მოსწავლის და ოჯახის იმედგაცრუება.

ზოგადად, მასწავლებლებს ბევრი აქვთ საფიქრალი იმაზე, თუ როგორ გავიდნენ შედეგებზე არა მხოლოდ სსსმ მოსწავლესთან, არამედ ყველა მოსწავლესთან დისტანციური სწავლებისა და, მათ შორის, ონლაინ გაკვეთილების პირობებში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის დაგეგმვა, მიზნები და აქტივობები უფრო მეტად იყოს მორგებული მის ფორმატზე.

– დისტანციური სწავლების კიდევ ერთი ახალი ფორმატი გაჩნდა „ტელესკოლის“ სახით,  რამდენად ითვალისწინებს ეს პროექტი სსსმ მოსწავლეთა ინტერესებს და საჭიროებებს?

– საგნამანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. ბუნებრივია, „ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

ტელეგაკვეთილების აუდიტორიის ნაწილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს წარმოადგენს, ისინი და მათი მშობლები დიდი ინტერესით და მონდომებით ელოდებიან გაკვეთილების ტელეეთერით დაწყებას, ზოგიერთ მათგანს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და კომპიუტერთან, შესაბამისად, შესაძლოა, გარკვეული ნაწილი, ამ ეტაპზე, არ არის ჩართული ონლაინ გაკვეთილებში ან ჩართულია ნაწილობრივ დისტანციური სწავლების პირობებში და მასწავლებლისგან და სპეცმასწავლებლისგან, პერიოდულად, ღებულობს გადაგზავნილ ფაილებს, ამოცანებს, დავალებებს, საკითხავ მასალას და ა.შ. შესაბამისად, შესაძლოა, ისინი მოკლებულნი იყვნენ ინფორმაციის ზეპირ ახსნას, ამიტომ ეს პროექტი მათ ძალიან დაეხმარებათ ახალი მასალის ათვისებაში.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სპეციალური საჭიროებები ძალიან მრავალფეროვანია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არის მოსწავლე, რომელსაც აქვს მხედველობის, სმენის, ინტელექტუალური, ფიზიკური, მეტყველების, კოგნიტური და სხვა პრობლემა. ტელესკოლის პროექტი, თავისებურებიდან გამომდინარე, დიდ დახმარებას გაუწევს უსინათლო ან მცირე მხედველ მოსწავლეებსაც, რომლებიც გაკვეთილებს მოისმენენ, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის პროცესში ნაჩვენები ვიდეორგოლები, სურათები, თვალსაჩინო მასალები, პარალელურად, მასწავლებლის მიერ, ზეპირადაც იყოს ახსნილი (აუდიო აღწერა). სმენის დარღვევის შემთხვევაში, ყრუ მოსწავლეებისთვის გაკვეთილებს, პარალელურად, თარგმნის ჟესტური ენის თარჯიმანი.

ტელეპროექტი, ასევე, ძალიან სასარგებლო იქნება მიუსაფარი ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე დროის უმეტეს ნაწილს დღის ცენტრებში ატარებენ, ტელეეთერით გადაცემული გაკვეთილები, მათ დაეხმარება დაეწიონ პროგრამას. ასევე, ძალიან სასარგებლო გახდება ტელეპროექტი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ცხოვრებისეული პირობებიდან გამომდინარე, სკოლას ხშირად აცდენდნენ და ამის გამო, მათ პროგრამული ჩამორჩენა აქვთ; მათთვის, რომელთაც ახასიათებთ სწავლის უნარის დარღვევა (დისლექსია, დისკალკულია), რადგან გაკვეთილების მეთოდოლოგია იქნება როგორც ზეპირი გადმოცემის, ისე თვალსაჩინო მასალების ჩვენებაზე მიმართული. ასე რომ, ტელესკოლის აუდიტორია საკმაოდ დიდია და მოსწავლეთა საჭიროებები კი – მრავალფეროვანი.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო ისიც, რომ გაკვეთილების დაგეგმვის და გადაღების პროცესში ინტენსიურად არიან ჩართულები ფსიქოლოგები და ისინი გასცემენ რეკომენდაციებს პროექტისთვის, რათა ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპი – განათლების ყველასათვის მისაწვდომობა იყოს უზრუნველყოფილი. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება, გაკვეთილის ჩაწერისას, სასარგებლო იქნება ყველა მოსწავლისთვის, ანუ ტიპური განვითარების მქონე ბავშვებსაც მოუტანს სარგებელს, რადგან ეყრდნობა ხარისხიანი განათლების ცნებას, რომელიც ინფორმაციის გადაცემის მრავალფეროვან მულტიმედიას გულისხმობს. მასწავლებლებს ვაძლევთ რეკომენდაციებს, ტელეგაკვეთილებზე გამოიყენონ სხვადასხვა რესურსი, თვალსაჩინო მასალა, თემის შესაბამისი სახალისო აქტივობები, ძალიან გვინდა, რომ გაკვეთილები არ იყოს ლექციური ხასიათის, არამედ იყოს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული, მარტივი ენით გადმოცემული, მაგალითებით ახსნილი, პრაქტიკასთან დაკავშირებული და ა.შ

ზოგადი რეკომენდაციები ონლაინ სწავლების ფორმატთან დაკავშირებით, სსსმ მოსწავლეების ჩართულობის გაზრდისთვის, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს:

♦ ონლაინ სწავლების ფორმატში, იმის მიხედვით, თუ რომელ პლატფორმას იყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ სსსმ მოსწავლის ჩართულობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია;
♦ თუ ის პლატფორმა, რომელსაც თქვენ იყენებთ, რთულ ინსტრუქციებს შეიცავს და მოსწავლეს, ამა თუ იმ საჭიროებიდან გამომდინარე, უჭირს მისი გამოყენება, გამოყავით დრო მასთან დისტანციურად ინდივიდუალური მეცადინეობისთვის. ამ შემთხვევაში, დაგჭირდებათ მშობელთან თანამშრომლობა, რათა მოსწავლემ მშობლის დახმარებით ისარგებლოს შესაბამისი, მისთვის ნაცნობი პლატფორმით;
♦ ამოსავალი წერტილი, დისტანციური სწავლების პირობებში ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებისთვის, არის ის, რომ წინასწარ მოხდეს ბავშვის საჭიროებების შეფასება, თუ როგორია მისი კოგნიტური, აკადემიური, მოტორული და ქცევითი უნარები და ამის მიხედვით ადაპტირდეს პროგრამის გამოყენების ფორმატი, იქნება ეს რაოდენობრივი თუ თვისობრივი აკომოდაცია. ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ, ამ შემთხვევაში, რთულია პირდაპირი რეკომენდაციების მიცემა, რადგან ეს დამოკიდებულია მოსწავლის შესაძლებლობებსა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მოთხოვნებზე. ამ პროცესში, თქვენ ძალიან გამოგადგებათ ის გამოცდილება, რაც უკვე გაქვთ, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, კონკრეტულ სსსმ მოსწავლესთან მუშაობის პროცესში. შესაბამისად, გექნებათ ინფორმაცია, თუ რა ტიპის აკომოდაცია სჭირდებოდა მოსწავლეს გაკვეთილზე ჩართულობის დროს. მაგალითად, თუ თქვენ ინსტრუქციის აკომოდაციას ანიჭებდით უპირატესობას, აქაც იგივე დაგჭირდებათ, კომპიუტერული პროგრამის გამოყენებისთვის მოსწავლეს შესაძლოა მშობლის ასისტირება დასჭირდეს, ინსტრუქციის გამეორება, წაკითხულის სიტყვიერად გახმოვანება და სხვ.;
♦ კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა, ინდივიდუალური მუშაობაც ეფექტიანი იყოს, ამ მიზნით, წინასწარ შეათანხმეთ ონლაინ ჩართვის დრო მშობელთან, წინასწარ დასახეთ გაკვეთილის თემა, მიზანი, აქტივობა, მოიმარაგეთ რესურსები ჩართვის პროცესისთვის – მაგალითად, თვალსაჩინო მასალები, ფოტოები ან უშუალოდ ნივთები, რის დემონსტრირებასაც კამერის საშუალებით მოახდენთ;
♦ პირველი ორი ან სამი ჩართვა უფრო საპილოტე ხასიათის იქნება, სწავლების პარალელურად, აუცილებლად დააკვირდით პროცესს, არ იჩქაროთ, დააკვირდით ბავშვს, თუ გისმენთ, გიყურებთ, გაიმეორეთ საკითხი რამდენჯერმე, ჩართეთ დიალოგში, გამოიყენეთ ალტერნატიული კომუნიკაციის ფორმები, გამოიყენეთ უკუკავშირი;
♦ მოამზადეთ მისთვის ადაპტირებული დავალებები, რომლებსაც გადაუგზავნით, დაუთქვით ვადა, როდისთვის უნდა მოამზადოს დავალება და შემდეგ, შეთანხმებისამებრ, ჩაიბარეთ წერილობით გადმოგზავნილი ან ზეპირად, ისევ კამერისა და მიკროფონის გამოყენებით;
♦ არ იჩქაროთ, უშუალო კონტაქტის გარეშე კომუნიკაცია, შესაძლოა, იმ მხრივ იყოს რთული, რომ ბავშვს ყურადღება გაეფანტოს, ამიტომ მოკლე და მკაფიო ინსტრუქციები შესთავაზეთ მას, წაახალისეთ;
♦ რეკომენდაციები, სსსმ მოსწავლეებთან დისტანციური და ონლაინ მუშაობის მხრივ, შესაძლოა დავყოთ მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით, მაგალითად, მცირე მხედველი მოსწავლისთვის, რა თქმა უნდა, შრიფტის გადიდება იქნება საჭირო, ნატიფი მოტორული და ვიზუალურ-სივრცითი სირთულეების მქონე მოსწავლესთან – დამატებითი დროის მიცემა, კლავიატურაზე ორიენტირებისთვის;
♦ მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რა ტიპის უნარებს მოითხოვს კომპიუტერთან მუშაობა და ამ მხრივ აღიწეროს სსსმ მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები. ეს უნარებია: ნატიფი მოტორიკა, ვიზუალურ-სივრცითი უნარები, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება და სხვ.;
♦ კოგნიტური უნარების შეფასებაში, რომლებიც უშუალოდ დისტანციურ სწავლებას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის ჩართულობა, სწორედ მათ უნდა შეაფასონ და ისგ-ს გუნდს მიაწოდონ შეფასების შედეგები და რეკომენდაციები, კონკრეტულ მოსწავლესთან დისტანციური სწავლების რეჟიმის დროს რა ტიპის მხარდაჭერა დასჭირდებათ. შესაბამისად სპეცმასწავლებლებს, ფსიქოლოგებს და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს, ასევე, დასჭირდებათ ონლაინ რამდენიმე ჩართვის განხორციელება მოსწავლესთან. ჩართვის პროცესში თქვენი ამოცანაა, დააკვირდეთ კამერასთან მყოფ მოსწავლეს, როგორ შემოდის თქვენთან ონლაინ კომუნიკაციაში, რა ტიპის სირთულეები და ძლიერი მხარეები ვლინდება ამ ახალი გამოწვევის დროს. დაკვირვება ბუნებრივად უნდა წარიმართოს, ამიტომ მიეცით გარკვეული დავალება, წინასწარ მოამზადეთ აქტივობა. შემდეგ კი, თქვენი დაკვირვების შედეგების შესახებ გააკეთეთ ჩანაწერები. დაგეგმეთ შემდეგი ჩართვა, სადაც დამატებით დააკვირდებით იმ უნარებს, რაც პირველი ჩართვის დროს, შესაძლოა, გამოგჩრათ ან არ გამოვლინდა;
♦ ონლაინ ჩართვა განახორციელეთ სსსმ მოსწავლესთან არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ მოსწავლეთა წყვილთან, მცირე და შედარებით დიდ ჯგუფთან, თავის თანაკლასელებთან. ზემოთ აქცენტი სსსმ მოსწავლესთან ინდივიდუალურ ჩართვაზე მხოლოდ იმიტომ იყო გაკეთებული, რომ შესაძლებელია ეს, მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში, უფრო ეფექტური იყოს თავდაპირველ ან საჭიროებით განსაზღვრულ ეტაპებზე. ამის მიგნებაში ისევ გამოცდილება დაგეხმარებათ, თუ რა სიხშირით სარგებლობდა მოსწავლე სკოლის რესურსოთახით;
♦ ითანამშრომლეთ მშობელთან და ერთმანეთთან, დისტანციური სწავლება მხოლოდ მასწავლებლისა და სპეციალისტების ბავშვთან კომუნიკაციას არ გულისხმობს, აქ ეფექტურია მასწავლებლებს შორის დისტანციური ურთიერთობა ერთმანეთთან, ჯგუფური შეხვედრის დანიშვნა – ქეისების განხილვის მიზნით, მასწავლებლებისა და მშობლის მოსაზრებებისა და იდეების ერთმანეთთან გაზიარება, თუ რა წარიმართა კარგად და რისი გაუმჯობესებაა საჭირო ბარიერების შესამცირებლად.

ესაუბრა ლალი ჯელაძე 

 

დატოვეთ კომენტარი