თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო 1 აპრილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას

155

26 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. უწყებები ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების შემჭიდროებულ ვადებში მოგვარების გეგმაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, 2020 წლის 1 აპრილიდან, თბილისის მასშტაბით, არასრულწლოვანთა სამმართველო ამოქმედდება, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას სოციალური მუშაკების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2020 წლის პირველი აპრილიდან, თბილისის მასშტაბით, ექნება არასრულწლოვანთა სამმართველო, სადაც იმუშავებენ სპეციალიზებული გამომძიებლები. როგორც გამომძიებლებს, ასევე მენეჯმენტსაც, ამ მიმართულებით, გავლილი ექნება შესაბამისი გადამზადება. ეს სამმართველო აღჭურვილი იქნება ვიდეოკამერებით, რომლებიც ზუსტად ასახავს სამმართველოში ბავშვის შესვლის, გასვლის და, ზოგადად, იქ ყოფნის პროცესს. გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებში, როგორ უნდა მოხდეს ბავშვებზე მორგებული გარემოს დანერგვა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტრო ამასთან დაკავშირებითაც წარმოადგენს გეგმას“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, შსს ასევე წარმოადგენს სახელმძღვანელოს გამომძიებლებისთვის, რომელიც გამომძიებელს კარნახობს, როგორ მოიქცეს არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, მან უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემის აღმოსაფხვრელად.

განათლების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან ერთად, ფსიქოლოგთა ბაზას შექმნის. ვინაიდან ამ ნაწილში ადამიანური რესურსები სერიოზული გამოწვევაა, მთავრობას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის გარდა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა, უახლოეს დღეებში, შეიმუშაოს დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი პროცესი, ცალკეული შემთხვევის დაფიქსირებიდანვე, რას გააკეთებს მასწავლებელი, სოციალური მუშაკი, მანდატურის სამსახური; წესის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება თითოეულ მიმართულებას. დოკუმენტში კონკრეტულად გაიწერება მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმებიც.

იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე. ამ მიზნით, უწყება იმუშავებს საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც პროცესში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობას გულისხმობს. საკანონმდებლო ინიციატივას, ფინანსური მხარის გაანგარიშებით, იუსტიციის სამინისტრო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე წარადგენს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში 10 იანვარს გაიმართება.

 

დატოვეთ კომენტარი