თბილისის საჯარო სკოლების შშმ, სსსმ და ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურება  

567

 

2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, თბილისის საჯარო სკოლების შშმ, სსსმ სტატუსის მქონე და ეტლით მოსარგებლე 300-ზე მეტი მოსწავლეს, რომელიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ გადაადგილებას და ამ მიზეზით, ხშირად, გაკვეთილებს ვერ ესწრებიან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურებათ. სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროებიდან გამომდინარე, მათ ტრანსპორტირებაში ჩართული არიან სპეციალურად გადამზადებული გამყოლებიც.

ტრანსპორტით უზრუნველყოფილნი არიან ის მოსწავლეებიც, რომელთა სკოლებსა და დასახლებებს შორის დიდი მანძილია და მოსწავლეები, რომლებიც, სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების გამო, დროებით, გადაყვანილი არიან სხვადასხვა სკოლაში (სულ 2600-მდე მოსწავლე).

საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამას, თბილისის მასშტაბით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება და ასევე საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე, და პირიქით, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება.

„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 1 259 790 ლარის მოცულობის ელექტრონული ტენდერი 2019 წლის 18 დეკემბერს გამოცხადდა.

„2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ტრასპორტით უზრუნველყოფილი იყო 21 სკოლის 1000 მოსწავლე (აქედან 215 შშმ და სსსმ სტატუსის მქონე მოსწავლე)“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

№198 საჯარო სკოლა სწორედ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, აქ სრულად აკმაყოფილებენ სსსმ ბავშვთა მოთხოვნებს. სკოლაში ფუნქციონირებს ლეგოტეკა-სათამაშოების ბიბლიოთეკა, თამაშთერაპიის ოთახი, შრომის კაბინეტი, ფსიქოსოციალური ლაბორატორია, ყოფითი უნარების შესასწავლი კაბინეტი, ადაპტირებული სასადილო და სხვ.

198-ე საჯარო საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი ამბობს, რომ მათ სკოლაში, გაკვეთილების შემდგომ, ბავშვები, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, იღებენ ჯგუფურ ან ინდივიდუალურ სერვისს. მას მიაჩნია, რომ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა ძალიან საჭირო პროექტია, განსაკუთრებითეს მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, სადაც სსსმ, შშმ ან ეტლით მოსარგებლე ბავშვები ჰყავთ. ტრანსპორტით უზრუნველყოფამ მშობლებს დიდი დრო გამოუთავისუფლა, ბევრმა მუშაობაც კი დაიწყო და როგორც თვითონ აღნიშნავენ, ოჯახები გაძლიერდნენ.

198-ე საჯარო სკოლის უფროსი აღმზრდელის, ივანე საათაშვილის აზრით, მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან: „9 საათზე იწყება გაკვეთილები, რომლის დროსაც ბავშვები აკადემიურ განათლებას იღებენ. გაკვეთილების შემდეგ კი იწყება გახანგრძლივებული ჯგუფი, რომელიც, შედარებით, უფრო გართობაზე და გართობით სწავლაზეა ორიენტირებული. სხვადასხვა მოტორული და მხიარული აქტივობებით ვასრულებთ სხვადასხვა დავალებებს, რის შედეგადაც გარკვეულ უნარებს ვხვეწთ.“

8 წლის, აუტისტური სპექტრის მქონე, მოსწავლის მშობელი აღნიშნავს, რომ 198-ე საჯარო სკოლაში ძალიან თბილი გარემოა და კარგი მასწავლებლები არიან. რაც შეეხება ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამას, ამბობს, რომ „ძალიან კომფორტულია, როცა ტრანსპორტი სახლის კართან ჩერდება და ბავშვი სკოლაში მიჰყავს, იქ ასისტენტი ხვდება და კლასშიც შეჰყავს. ამიტომ ძალიან იმედიანად ვართ. პროგრამა დიდ დახმარებას გვიწევს.“

გაკვეთილების შემდეგ, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სახლებში ისევ ადაპტირებული ტრანსპორტით ბრუნდებიან. 2019-20 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 24 სკოლის 2550 მოსწავლე, აქედან 308 შშმ და განსაკუთრებული საჭიროების სტატუსის მქონე მოსწავლეა.

განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე ამბობს, რომ განათლების სამინისტროს უმთავრესი მიზანია განათლების ხელმისაწვდომობა თითოეული მოსწავლისთვის. „ამ პროგრამაში ჩართულია ასევე სკოლები, რომლებიც არ არის მძიმე და ღრმა ინტელექტუალური დარღვევის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი, ეს არის სივრცე, სადაც ეს კონკრეტული ბავშვი იღებს განათლებას და მისი საცხოვრებელი ადგილი საკმაოდ მოშორებული კონკრეტული სკოლიდან. ამ შემთხვევაშიც, პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ბავშვს საცხოვრებელ ადგილას აკითხავს ტრანსპორტი, მიჰყავს სკოლაში და უკან აბრუნებს.“

ამ დროისთვის მოსწავლეთა უსაფრთხო ტრანსპორტირებას 47 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ემსახურება, აქედან 5 ადაპტირებულია.

დატოვეთ კომენტარი