ზე­მო­ხე­თის სკო­ლამ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ნა­ახ­ლა

542

გურია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი და მდინარე ხევისწყალას სათავე… სწორედ აქ, გურია-იმერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე, გურიის ლამაზ მთათა (გურიის მთებს კი, მოგეხსენებათ, თვით გალაკტიონიც „მღერდა გრძნობით“) ქვაბულში ჩიტის ბუდესავით ჩადგმული პატარა სოფელი ზემოხეთი, რომელიც გურამ და იური თევზაძეების, თამაზ და ოთარ ჭილაძეების და მის მსგავს მოღვაწეთა ახლო თუ შორეული შთამომავლებით იწონებს თავს… ოდესღაც საკურორტო, დღეს კი ყველა დროის ხელისუფალთაგან მივიწყებული სოფელი… აქ რომ ოდესღაც კურორტი იყო, ამას სოფლის ყველაზე ცნობილი და სარიტუალო მთის სახელწოდებაც ადასტურებს – აგარაკი, თუმცა მისი ნამდვილი სახელწოდებაა ორკე. წლების წინ სოფლის უხუცესი მცხოვრები თავად მიამბობდა, რომ ახსოვს მის ბავშვობაში იქ მდგარი ხიმინჯებიანი სახლები, სადაც თურმე დამსვენებლები ადიოდნენ… მას მთის გარშემო შემოვლებული ღრმა და განიერი თხრილიც ახსოვდა. როგორც ბაბუას მონათხრობით იცოდა, ეს საფორტიფიკაციო თხრილი ყოფილა, რომელსაც თურმე მტრის შემოსევისას წყლით ავსებდნენ… უცხოეთში ასეთ ადგილებს ხელოვნურად ქმნიან და რეკრეაციულ ზონებად აქცევენ, რაც ქვეყნისთვის მრავალმხრივ მომგებიანი ინვესტიციაა – წმინდა ფინანსური მოგების გარდა, ხელს უწყობს მოსახლეობის გაჯანსაღებას. ჩვენთან კი, უპატრონოდაა მიტოვებული. ჰაერის გარდა, სამკურნალო თვისებებით აქაური წყლებიც გამოირჩევა – ლაბორატორიულადაც დამტკიცებულია, რომ მათი ნაწილი საკმარის იოდს შეიცავს, ანუ ჩიყვის მკურნალობისთვის უებარია, ხოლო ნაწილს რომ არაერთი ბავშვი სხვადასხვა გართულებებისგან განუკურნავს, ამის მაგალითი სოფლის ცხოვრებაშიც ბევრია.

8 სექტებრის საღამოს ამ წყნარი სოფლის მონოტონური სიმშვიდე მოულოდნელმა ამბავმა დაარღვია – ბათუმიდან მშობლებთან სტუმრად ამოსულ ქალბატონს კორონავირუსი დაუდგინდა! ამით ზემოხეთი გურიაში მეხუთე სოფელი გახდა, სადაც ეს ვირუსი დაფიქსირდა. შესაბამისად, ბოლო ერთი წლის ყველაზე აქტუალური კითხვაც მოიხსნა დღის წესრიგიდან, ხომ არ დადასტურდა ვირუსი სადმე მათ სიახლოვეს. გურია, ლამის მთელი წელიწადი, ჩვეული შეუვალობით ინარჩუნებდა „მწვანე ზონის“ სტატუსს, თუმცა, ეს რომ უსასრულოდ არ გაგრძელდებოდა, ყველა ხვდებოდა, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი თავსატეხი ასე უჩუმრად და ასე უბრალოდ, სტუმრად ამოსულ ქალბატონთან ერთად თუ გვესტუმრებოდა, ვერავინ იფიქრებდა… საბედნიეროდ, კონტაქტების რაოდენობა მინიმალურია, მაგრამ ფაქტი მაინც არასასიამოვნოა.

ბუნებრივია, ეს ამბავი ზემოხეთის საჯარო სკოლაზეც მოახდენს გავლენას, თუმცა არა იმდენად დიდს, 15 სექტემბერს სწავლის დაწყება რომ შეაფერხოს ან დაგეგმილ პროცესში რაიმე არსებითად შეცვალოს. სოფლის იმ უბნიდან, სადაც ინფიცირებულის ოჯახი ცხოვრობს, ზემოხეთის არასრულ საჯარო სკოლაში ერთი მოსწავლე დადის, მაგრამ მის ოჯახს დაინფიცირებულებთან კონტაქტი არ ჰქონია. ამის მიუხედავად, ყველაფერს გააკეთებენ არა მხოლოდ იმ ერთ, არამედ ყველა მოსწავლეზე სრულყოფილი დაკვირვებისთვის, რადგან სკოლას საამისო რესურსი აქვს და აქამდეც ემზადებოდა როგორც ახალი სასწავლო სეზონისთვის, ისე ვირუსის პრევენციისთვის.

     

ზემო ხეთის არასრული საჯარო სკოლა მცირეკომპლექტიანია, რაც, როგორც სკოლის დირექტორი ვასილ ნიკოლაიშვილი ამბობს, პანდემიის პირობებში კარგიცაა, რადგან სოციალური დისტანციის დაცვა გაცილებით იოლია. თან, სკოლას ერთი შესასვლელი აქვს, რაც ამ ექსტრემალურ პირობებში ასევე მოსახერხებელია და იზოლაციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარების საჭიროება არაა. სკოლა აღჭურვილი და მომარაგებულია პანდემიასთან საბრძოლველად საჭირო ყველა საშუალებით – სათანადო ორგანოებმა უკვე გადასცეს თერმოსკრინინგის უახლესი აპარატები, დეზობარიერები, პირბადეები; მოტანილია ანტისეპტიკური სითხე თავისი კონტეინერებით, რომლებიც დამონტაჟებულია როგორც სკოლის შესასვლელთან, ასევე თითოეულ საკლასო ოთახთან, კონტეინერების სიახლოვეს, ასევე, დამონტაჟებულია ხელსახოცების კოლოფი; შენობას უტარდება ჰიგიენური ღონისძიებები, ანტისეპტიკური სამუშაოები და ვენტილაცია… სკოლას ანტისეპტიკური სითხის სათადარიგო მარაგიც გადაეცა, თუმცა, მათი ნაწილი ჯერ კიდევ შარშან შეიძინეს საკუთარი სახსრებით. გამოყოფილია სანიტარიული ოთახიც, სადაც ექიმების მოსვლამდე, იზოლაციის მიზნით, გადაიყვანენ მათ (ღმერთმა დაიფაროთ), ვისაც დასაშვებზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება. ასეთ შემთხვევაში გამოიძახებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ხოლო მოსწავლის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ აცნობებენ მშობელსაც და დაელოდებიან ექიმთა მოსვლას. სკოლამ, პანდემიის პირობებში მუშაობისთვის, აუცილებელი რეკომენდაციებიც მიიღო და ექსტრემალურ სიტუაციაში მოქმედებისაც, რომელიც ყველა მასწავლებელს გააცნეს. ამ რეკომენდაციათა შესაბამისად, გამოიყვნენ პირები, რომლებიც გააკონტროლებენ სკოლის შენობაში შემსვლელ ნებისმიერ პიროვნებას (თუმცა, საჭიროების გარეშე, უცხო პირთა შესვლა სასტიკად იკრძალება) – გაუსინჯავენ სიცხეს, მოსთხოვენ პირბადეს და ა.შ. ცალკე პიროვნება იქნება მიმაგრებული თერმოსკრინინგზე, სოციალური დისტანციის დაცვაზე და ა.შ. მასწავლებლები გაკვეთილზე მხოლოდ პირბადით დაიშვებიან, მოსწავლეებს კი, იმავე რეგულაციებით, ამის ვალდებულება არ აქვთ. სკოლა, პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით, უკვე შეამოწმა რაიონის გამგეობამ და ჩატარებული სამუშაოები მიზანშეწონილად მიიჩნია.

მოწესრიგებულია სველი წერტილები, თუმცა, ისინი სკოლის ეზოშია განთავსებული. ეს სკოლა 2007 წელს აშენდა, მაშინდელი საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში და პროექტი არ ითვალისწინებდა სველი წერტილების შენობის შიგნით განთავსებას. თანაც, ხის შენობაა, რის გამოც სველი წერტილების შიგნით მოწყობა არ ხერხდება. ამას ფართის სიმცირეც ემატება – ოთახების არც რაოდენობა და არც მოცულობა ნამდვილად არ იძლევა ამდენის საშუალებას. სკოლის ხელმძღვანელობა კი ფიქრობს დამატებითი საჭიროებებისთვის გარკვეული ფართის მიშენებას, სადაც სველი წერტილებიც იქნება გათვალისწინებული, მაგრამ, მოგეხსენებათ, მშენებლობა ძვირი სიამოვნებაა და, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ.

წყალი სკოლას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, ხოლო ჰიგიენური საშუალებები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომარაგებული აქვთ. საპირფარეშოს რაც შეეხება, ამ დღეებში, მისი გადაკეთება მიდის – მონტაჟდება ჩამრეცხი სისტემა და ეს სამუშაოებიც სწავლის დაწყებამდე დასრულდება.

ერთი სიტყვით, სკოლა მზადაა სასწავლო პროცესის გასაახლებლად და დისტანციური რეჟიმის საჭიროება არ ჩანს, თუმცა კოვიდ-19 რომ ფრიად არაპროგნოზირებადი ვირუსია და მთელ მსოფლიოში მყისიერად შეუძლია ვითარების რადიკალურად შეცვლა, ყველამ კარგად იცის. ამიტომ წინასწარ ვერავინ იტყვის, რა მოხდება უახლოეს დღეებში, რა შედეგს მოიტანს სოფელში დაფიქსირებული თუნდაც ის ერთი შემთხვევა ან როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში, მეზობელ მუნიციპალიტეტებში, მთლიანად ქვეყანაში… მით უფრო, ამის შემდეგ შემაშფოთებელი ჭორები მეზობელ სოფლებზეც გავრცელდა. ამიტომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, მაგრამ ჯერჯერობით დისტანციურ სწავლაზე გადასვლის საჭიროება არ დგას.

ირაკლი თავაძე

დატოვეთ კომენტარი