რა ცვლილებები განხორციელდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში

786

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში პრიორიტეტულ თემებს დაემატა – „ადამიანის უფლებები“. გარდა ამისა, ცვლილების მიხედვით, საჯარო სკოლებს უფლება ექნებათ, განათლების სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, საათობრივი ბადე სამი მოდელის მიხედვით სურვილისამებრ განსაზღვრონ.

ცვლილების თანახმად, ეროვნული სასწავლო გეგმაში გამოყოფილია შემდეგი პრიორიტეტული თემები:

ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

ბ) გარემოს დაცვა;

გ) ჯანსაღი ცხოვრება;

დ) სამოქალაქო უსაფრთხოება;

ე) კონფლიქტების მართვა;

ვ) ფინანსური წიგნიერება;

ზ) კულტურული მრავალფეროვნება;

თ) ადამიანის უფლებები.

♦ ♦ ♦ ბრძანების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საათობრივი ბადე, სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეადგინოს სამი მოდელის მიხედვით:

მოდელი I – საათობრივი ბადე, რომელიც მიყვება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კვირეულ საათობრივ დატვირთვას;

მოდელი II – საათობრივი ბადე, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნის წლიურ ჯამურ საათებს და რომელშიც კვირეული დატვირთვა გადანაწილებულია სკოლის შეხედულებისამებრ სემესტრების/წლის მანძილზე; ამასთანავე:

  1. საჯარო სკოლამ თავისი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს და წარმოადგინოს სამინისტროში;
  2. სკოლა უფლებამოსილია, მეორე მოდელი გამოიყენოს ერთ კონკრეტულ კლასში (და არა ყველა პარალელურ კლასში), მინიმუმ ერთ და მაქსიმუმ ყველა საგანში, ერთი სემესტრის ან მთელი აკადემიური წლის მანძილზე.
  3. მოდელი III – საათობრივ ბადეს შეიმუშავებს თავად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება თავისი შეხედულებისამებრ და სამინისტროში წარმოადგენს შესაბამის დასაბუთებას, თუ როგორ შეუწყობს ხელს სკოლის მიერ განსაზღვრული საათობრივი დატვირთვა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სტანდარტის შედეგების მიღწევაში.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების სანახავად გადადით ბმულზე

 

დატოვეთ კომენტარი